x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
ზაზა დავითაია: ნამის წერტილი ქართულ პოლიტიკაში ანუ, რა ვიღონოთ, რათა ჩვენმა სახლმა აღარ იტიროს
ზაზა დავითაია: ნამის წერტილი ქართულ პოლიტიკაში
ანუ, რა ვიღონოთ, რათა ჩვენმა სახლმა აღარ იტიროს

image

ზნეობა და უზნეობა, პოზიტივი და ნეგატივი, სიკეთე და ბოროტება, სითბო და სიცივე - ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლუსებად ითვლება, მათ შორის კი, მკვეთრი, ნულოვანი ზღვარი არსებობს. აი, თუნდაც, საზოგადოებაში რისი გაკეთება არ შეიძლება - მორალი და კანონი განსაზღვრავს, ამ ზღვარის დამღვრევი კანონის ენაზე დამნაშავედ, ხოლო მორალის ენაზე - უზნეოდ ითვლება. ძალზე საინტერესოა სიცხესა და სიცივეს შორის შეპირისპირება იმ სახლში, რომელშიც ბუხარი გუგუნებს, ხოლო გარეთ ცივა. ამ დროს ტემპერატურათა სხვაობა პირველ რიგში, ყველაზე თხელ ადგილზე - ფანჯრის შუშებზე აისახება, ისინი იორთქლებიან...
***

image


კედლები შუშებზე სქელია, მაგრამ თუ კედლის გარეთ ყინავს, კედლის შიგნით კი 20 გრადუსი სითბოა, მაშინ, ნული გრადუსი სადღაც, კედლის წიაღში იქნება. ასეთ დროს კედლის შიდა ზედაპირი ვერასოდეს გათბება ოთახის ჰაერის ტემპერატურამდე, ამიტომ ჰაერსა და კედელს შორის ტემპერატურათა სხვაობის გამო ოთახის ჰაერში არსებული ორთქლი კედლის შიდა ზედაპირზე წყლად კონდესირდება და ნამის წვეთების სახით დარჩება. მშენებლობაში ცნება "ნამის წერტილი" იმ ტემპერატურას ნიშნავს, რომელზეც ჰაერში არსებული ორთქლი წყლად გადაიქცევა. ზოგჯერ კედლები ისე "ტირიან, " რომ წვეთები ნაკადულებად ჩამოედინება, ავეჯს ანადგურებს და სახლის ბინადრებს მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის.
@@@

თურმე, ნამის წერტილი პოლიტიკაშიც არსებობს. ის ჩნდება იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს წინაშე არსებულ პრობლემებში ხელისუფლება ვერ ან შეგნებულად არ ერკვევა და თავისი ქმედებით, მოგვარების ნაცვლად პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.
@@@

ძალზე საინტერესოა მეთოდი, რომლითაც მშენებლები ნამის წერტილით გამოწვეულ დისკომფორტს უმკლავდებიან - არც მეტი არც ნაკლები - ისინი სახლს თბილად აცმევენ!
თუ ადამიანმა თბილი ქურთუკის ჩაცმით შეიძლება სხეულის ზედაპირი ყინვიან გარემოს მოაშოროს, რატომ არ შეიძლება, სახლიც ამგვარად დავიცვათ სიცივისგან? საქმე იმაშია, რომ არსებობს შენობის შესაფუთი სპეციალური მასალა - პოლისტიროლი. იგი შეიძლება იყოს პენოპლასტი, რომელსაც ხმაურისგან საიზოლაციო დანიშნულებაც გააჩნია. ამ მასალით შეფუთული სახლის კედლები სრულიად სხვა თვისებებს იძენენ. თუ შეფუთვამდე ოთახს გარეთ არსებულ ყინვასა და ოთახს შიგნით არსებულ სიცხეს შორის ზღვარი კედლის წიაღში გადიოდა, შეფუთვის შემდეგ ეს ნულოვანი საზღვარი კედლის გარე ზედაპირს მიღმა გადავა, თანაც, გარე ზედაპირი ყინვაში აღარ იქნება მოქცეული, ამიტომ, ოთახის თბილ ჰაერსა და კედლის შიდა ზედაპირს შორის დამოკიდებულებაც იმდენად შეიცვლება, რომ ჰაერში არსებული ორთქლი კედელზე არ კონდენსირდება, ამიტომ კედელი აღარ იტირებს!

image

***
მშენებლებმა გამოსავალს მიაგნეს, მაგრამ რა უნდა იღონოს ხელისუფლებამ, ნამის წერტილი სახელმწიფოს შიგნით რომ არ წარმოიქმნას და სამშობლოს საზღვრებმა აღარ "იტირონ?" რა თქმა უნდა, იგივე, რაც მშენებლებმა გააკეთეს - ნულოვანი ტემპერატურის მიჯნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც შეიძლება შორს გადაიტანოს! სიცივეში ადამიანები პალტოს იცვამენ, ომში - აბჯარს! მხოლოდ უგუნური, ან მტრისგან მოსყიდული ხელისუფლება თუ შეეცდება, ნამის წერტილი ქვეყნის გარეთ კი არ გაიტანოს, პირიქით - შიგნით შემოიტანოს! თუ თბოსაიზოლაციო მასალას სახლის კედელზე გარედან კი არა, შიგნიდან მივაკრავთ, მაშინ სახლის გარეთ ყინვასა და სახლის შიგნით სიცხეს შორის ნულოვანი ზღვარი ამჯერად, კედლის წიაღიდან შიდა ზედაპირისკენ გადმოინაცვლებს. შედეგად, თბოსაიზოლაციო მასალასა და კედელს შორის ნამის წერტილები მდინარეებად გადაიქცევა! იგივე მოხდება სახელმწიფოშიც, თუ ხელისუფლება დაძაბულობის მიჯნას ქვეყნის საზღვრის გარედან შიგნით შემოიტანს.
***

image

2008 წლის აგვისტოს ომს, რამაც სამაჩაბლო და აფხაზეთი დაგვაკარგვინა - ზუსტად ასეთი პროცესი - დაძაბულობის ეპიცენტრის საზღვრებს შიგნით შემოტანა უძღოდა. იმის მაგივრად, საქართველოს ფაქტობრივ საზღვრებში ცხინვალი დაებრუნებინა, სააკაშვილის რეჟიმმა "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" გააფართოვა, ახალგორის რაიონი მიუერთა, რომელიც არასოდეს არ ყოფილა სამხრეთ ოსეთის ავტონომიის შემადგენლობაში... იქ თავისი რეზიდენტი, სანაკოევი დასვა და გამოაცხადა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვიწყებ, თვითაღიარებული პრეზიდენტი კოკოითი ძალაუფლებიდან უნდა განვდევნო და მის მაგივრად სანაკოევი მოვიყვანოო. ჯერ "კოკოითი ფანდარასტ" - გამომწვევად იმღერა, შემდეგ უფრო შორსაც წავიდა და ცხინვალში ქართული შეიარაღებული ჯარები შეიყვანა. კრემლის რეაქციამ რა თქმა უნდა, არ დააყოვნა. ცხინვალში რუსული ტანკები შემოვიდნენ, არამხოლოდ ქართული ჯარი, არამედ იმ მხარეში მცხოვრები ქართველი მოსახლეობაც გამოდევნეს, რამდენიმე ასეული ადამიანი იმსხვერპლეს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა მანამდეც არსებობდა, თუმცა მას არავინ, მოსკოვიც კი არ აღიარებდა. 2008 წლის ომის შემდეგ კი, მოსკოვმა არა მხოლოდ "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა აღიარა, მისი საზღვრები ზუსტად იქამდე გადმოწია, სადამდეც აგვისტოს ომამადე სააკაშვილმა "სამხრეთ ოსეთს" მიუზომა! აი, ასე გაჩნდა ნამის წერტილი შუა საქართველოში, ხოლო ჩვენი სამშობლოს ნამდვილ საზღვარს ცხარე ცრემლი დაედინა! სააკაშვილის რეჟიმის ნაშთები არ სჯერდებიან გარემოებას, რომელიც თავად შექმნეს და საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციებს, ოკუპანტის გამოწვევას განაგრძობენ. საზოგადოება აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, თუ რა შედეგზეა გათვლილი ასეთი ქმედება - ოკუპანტი ადრე თუ გვიან გახელდება, იმ ფარგლებსაც გადმოლახავს და ჩვენი ქვეყნის სიღრმეში შემოიჭრება, შესაბამისად, პოლიტიკური ნამის წერტილიც საქართველოს სიღრმეში გადმოინაცვლებს და ცრემლის ახალი მდინარეები გაჩნდება! სააკაშვილის რეჟიმი ანალოგიურად მოიქცა აფხაზეთშიც - კოდორის ხეობა, რომელიც სვანეთის ნაწილი იყო და არასოდეს არ ითვლებოდა აფხაზეთის შემადგენლობაში - ზემო აფხაზეთად გამოაცხადა, იქ შეიარარება შეიტანა, აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლება გადაიყვანა და ამგვარად, დაძაბულობის კერა საკუთარ ფაქტობრივ საზღვართან შექმნა! შედეგი? - ტერიტორიული მთლიანობა ქართველბმა კი არა, აფხაზმა სეპარატისტებმა "აღადგინეს" - თუ კოდორის ხეობა აფხაზეთია, მაშინ ის აფხაზეთის სემადგენლობაში უნდა იყოსო და საქართველომ ტყვიის გასროლის გარეშე დაკარგა კუთხე, რომელსაც სოხუმის დაცემიდან 15 წლის განმავლობაში უპრობლემოდ აკონტროლებდა, თანაც კოდორის ხეობიანად აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების პროცესი და იქ ნამის წერტილის გაჩენა გამოიწვია!
***

image

ბუნების კანონი ყველა სფეროში ერთნაირია. დიახ, ბიძინა ივანიშვილზე ხალხი განაწყენებულია, რადგან წინასაარჩევნო დაპირებები არ შეასრულა, ქვეყანაში სამართლიანობა არ აღადგინა და დამნაშავეები არ დასაჯა, მაგრამ საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს მისი მთავარი დამსახურება - ჩვენი ქვეყანა ომის ცეცხლში გახვეული არ არის! სამხედრო დაპირისპირების კერები საქართველოს იურიდიული თუ ფაქტობრივი საზღვრებიდან იმდენად შორსაა, რომ ჩვენს საზღვრებზე ნამის წერტილი გამქრალია! სამაგიეროდ, გულამოსკვნით იცრემლებიან უზნეობის უკიდეგანობით შეძრწუნებული, პლანეტის უძველესი ერის - საქართველოს ბებერი კედლები! ამ ცრემლებს მომშრალება არ უშველის... უზნეობა და სიმყრალე კედლებს მიღმა, თანაც, რაც შეიძლება შორს - სასწრაფოდ გასატანია!

ზაზა დავითაია

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა.დავითაია
ზაზა.დავითაია
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0