x
ზვიად ტომარაძე: მიტაცებული ტერიტორიები რომ დაიბრუნო, მტერი ან უნდა დაამარცხო, ან მოელაპარაკო!

ზვიად ტომარაძე: მიტაცებული ტერიტორიები რომ დაიბრუნო, მტერი ან უნდა დაამარცხო, ან მოელაპარაკო!

image

ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე მოსახლეობის აზრი თითქმის თანაბრად არის გაყოფილი. გამოკითხულთა 44 პროცენტის აზრით, რუსეთი საქართველოს მეზობელი, ერთმორწმუნე სახელმწიფოა, რომელთანაც ისტორიულად ბევრი საერთო ფასეულობა გვაკავშირებს და მიუხედავად ოკუპაციისა, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს. გამოკითხულთა 46 პროცენტი კი ფიქრობს, რომ რუსეთის ფედერაცია არის საქართველოს ოკუპანტი. მიუთითებს თუ არა კვლევის შედეგები, რომ საქართველოს მოსახლეობის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია იცვლება? ვესაუბრებით ორგანიზაცია "ერი და სახელმწიფოს" ლიდერს, ზვიად ტომარაძეს:

- ამ კვლევის დასკვნაში ყველაფერი სიმართლეა. დიახ, რუსეთი საქართველოს მეზობელია; დიახ, რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნეა; დიახ, რუსეთს და საქართველოს ისტორიულად ერთმანეთთან მართლაც აკავშირებს უამრავი ფასეულობა, იმის მიუხედავად, რომ ქართველებს მათგან ბევრი სიმწარეც გვახსოვს. ნორმალურ ადამიანს, შეგნებულ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქე რატომ არ უნდა იყოს კეთილმეზობლური ურთიერთობის მომხრე უზარმაზარ სახელმწიფოსთან, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები გააჩნია! სადაც მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, სადაც იყიდება ყველა ის პროდუქტი, რომელიც საქართველოში იწარმოება, საიდანაც, დიპლომატიური ურთიერთობის არარასებობის მიუხედავად, საქართველოში ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი შემოედინება! სხვათაშორის, კითხვა იმგვარად არის დასმული, გამოკითხულებს არ ავალდებულებს დასძინონ, რომ რუსეთი ოკუპანტია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამაში ეჭვი არ ეპარება და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაც, მხოლოდ ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრის შემდეგ წარმოუდგენიათ.

- ამის პერსპექტივა არსებობს?


- დიახ, ეს შესაძლებელია რუსეთსა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკების შედეგად, რასაც რატომღაც, საქართველო გაურბის. ჩვენმა პატრიარქმაც არაერთხელ მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენა მხოლოდ რუსეთის მხრიდან ჩვენთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ შეიძლება მოხდეს. მანამდეც არსებობს კეთილი ჟესტის გამოვლენის საშუალება - რუსეთმა უნდა გადმოდგას პირველი ნაბიჯი და საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

- მაგრამ ეს კვლევა მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ 80-იანი წლების მიწურულიდან საქართველოში მყარად ფეხმოკიდებული ანტირუსული და უაპელაციო პროადასავლური ორიენტაცია მოირყა და მოძველდა?

- ამის ნიშნები ნამდვილად არის, ოღონდ კვლევის შედეგები, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, თვალსაჩინო მაგალითად ვერ გამოდგება. მოსახლეობის განწყობა ანტიდასავლური რომ გახდა, ამაში წვლილი საერთაშორისო დასავლურ ორგანიზაციებს მიუძღვით მიუძღვით, რადგან მათ ვერ შეძლეს საქართველო რუსეთის აგრესიისგან დაეცვათ! ქართველმა ულტრალიბერალებმა არანაკლები როლი შეასრულეს, რადგან ტრადიციების მიმდევარ ქართველ ხალხს დასავლეთი გააცნეს როგორც გაუკუღმართებული, უზნეო ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანების სამკვიდრო . სინამდვილეში ასე ნამდვილად არ გახლავთ - დასავლეთი, კერძოდ ევროპა - ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოებაა, რისი დასტურიც გახლავთ ჩვენს თვალწინ მიმდინარე, ევროპის გამოღვიძებად წოდებული პროცესი - მატეო სალვინის და ვიქტორ ორბანის კურსი, რომელსაც მილიონობით ევროპელი თანაუგრძნობს.

- საქართველო დამპყრობლებს შორის მუდამ ლავირებით ცდილობდა გადარჩენას. რამდენად სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ სუპერსახელმწიფოსთან "ხანგრძლივად გაბუტვის" პოლიტიკა, როგორიც რუსეთია?

- ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა თვით სააკაშვილის მხრიდან რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვით, სააკაშვილი ტერიტორიების შენარჩუნების სანაცვლოდ, მზად იყო უარი ეთქვა ნატოში გაწევრებაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო მისი გულწრფელი პოზიცია, თუმცა საკითხი მკვეთრად მართლაც რომ ასე დადგეს და ნატოში გაწევრების კურსზე უარის სანაცვლოდ რუსეთმა დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნება შემოგვთავაზოს, არ მგონია ჭკუათმყოფელი რომელიმე მამულიშვილი ამ წინადადებას სიხარულით არ დათანხმდეს. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს გვყვავს ხელისუფლება, რომელიც ამ პერსპექტივის განხორციელების მიზნით ყურს არ იბერტყავს, უფრო სწორად, ამ ინიციატივის გამოვლენას კი არა, ვენეციის კომისიასთან და სხვა ევროპულ ინსტიტუტებთან შეთანხმების გარეშე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასაც ვერ ბედავს. არადა, არც ევროპული ინსტიტუტები და არც ამერიკის შეერთებული შტატები რუსებთან ჩვენი მოლაპარაკების წინააღმდეგნი არ არიან, პირიქით, არაერთხელ გვირჩიეს დიალოგის დაწყება. მოტივაცია, რომ რუსეთი მტერია და მასთან დალაპარაკება არ შეიძლება - აბსურდულია. მიტაცებული ტერიტორიები რომ დაიბრუნო, მტერი ან უნდა დაამარცხო, ან მოელაპარაკო, ხოლო რადგან რუსებს ძალით ვერ მოვერევით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია. ყველა წინაპირობა არსებობს, უმთავრესი კი, ქართველის ტოლერანტული ხასიათია - ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შესანიშნავად გრძნობენ თავს რუსი ტურისტები, რაზეც მათი სიმრავლეც მეტყველებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მტრები ან მეგობრები, არამედ არსებობს მოცემულ დროში სახელმწიფოს ინტერესები და ყველა ხელისუფლება ცდილობს, ამ ინტერესებს შეასხას ხორცი. სწორედ ასეთი მიდგომის შედეგია, რომ საბჭოთა კავშირთან დამარცხების 80 წლის შემდეგ გემანია და რუსეთი ამჟამად, პოლიტიკური პარტნიორები არიან, ხოლო ხიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების ჩამოყრის მიუხედავად, იაპონიაში გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონელი მაყურებელი გულწრფელად გულშემატკივრობდა ამერიკის გუნდს და ამერიკის დროშებსაც აფრიალებდა.

- სად არის გამოსავალი? ოდემე ასრულდება მოსახლეობის ნება და რუსეთთან ურთიერთობების გარკვევა და მოგვარება დაიწყება?

- დარწმუნებული ვარ, საქართველოს თუ ეროვნული, საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება მოევლინება, ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მოსკოვთან მოლაპარაკებას და პოზიტიურ კონკრეტულ შედეგებსაც დადებს. რუსეთშიც მრავლად არიან ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარ ხელისუფლებას საქართველოს მიმართ დაუნდობლობის გამო აკრიტიკებენ. მაქსიმ შევჩენკო პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოსთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ამასვე ღაღადებდა რუსი ერის ყველაზე დიდი წმინდანი სერაფიმ საროველი - არასოდეს ეომოთ საქართველოს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ომი თვით ღვთისმშობელთან მოგიწევთ, რაც თავად რუსეთს დააზიანებს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა.დავითაია
ზაზა.დავითაია
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0