x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ლექსებს კი მოგცემთ, ბატონო ვლადიმერ, მაგრამ..", - რატომ არ მისცა თავისი ლექსები ტერენტი გრანელმა ვლადიმერ მაიაკოვსკის რუსულად სათარგმნელად


imageimage



"..ჩემს ლექსებში არ ჩანს წითელი აგიტაცია-პროპაგანდა.." - ტერენტი გრანელი

"..არც მე მოვსულვარ სააგიტაციოდ.." - ვლადიმერ მაიაკოვსკი





ტერენტი გრანელი აშკარად ხედავდა, რომ ათეისტურ ეპოქაში მისი პოეზია არ დაფასდებოდა, მაგრამ არც კი უცდია, დროს მორგებოდა, ეწერა სოცრეალისტური პრინციპებით, მოესხა საბჭოთა პოეტის მანტია და შერიგებოდა საბჭოთა ხელისუფლებას. სწორედ თავისი პრინციპულობის გამო გახდა ტერენტი გრანელი შერისხული, დევნილი და ამავე დროს, პოპულარულიც.

სიცოცხლეშივე სახელგანთქმული ტერენტი გრანელის საოცარი ლექსების, მისი შედევრების შესახებ ვლადიმერ მაიაკოვსკისაც გაუგია. საქართველოში (ქუთაისი, სოფელი ბაღდათი) დაბადებულს, წარმოშობით რუს პოეტს განუზრახავს, თავის მშობლიურ ენაზე (რუსულად) აემეტყველებინა "მგლოვიარე სერაფიმის", ტერენტი გრანელის პოეზია. ამ აღიარებას "პოეტი ბავშვი" სიმშვიდით, ღირსების გრძნობით შეხვედრია, თუმცა ტერენტი გრანელსა და ვლადიმერ მაიაკოვსკის შორის ასეთი დიალოგი გამართულა:

" - მე თქვენს პოეზიაზე, - უთხრა ტერენტის ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, - ბევრი საინტერესო მიამბეს ქართველმა პოეტებმა: ტიციან ტაბიძემ, პაოლო იაშვილმა, ვალერიან გაფრინდაშვილმა, კოლაუ ნადირაძემ და სხვებმა. ამიტომ გადავწყვიტე თქვენი ნახვა, როგორც პოეტის. ხომ არ მომცემთ ლექსებს, რომ გადავთარგმნო და დავბეჭდო რუსულ პრესაში?

- ლექსებს კი მოგცემთ, ბატონო ვლადიმერ, მაგრამ ჩემს ლექსებში არ ჩანს წითელი აგიტაცია-პროპაგანდა, ანუ უკაცრავად, ცხოველური აღტყინება, ბიოლოგიური პათოსი, არც და ვერც იქნება, გამორიცხულია. ჩემს ლექსებში სულიწმინდის მადლია განფენილი, სტრიქონებში ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატებია ჩაწნული, მისტიკური ხედვითაა გაცნობიერებული ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარსული და მომავალი, ღვთიური სულის განკაცებისა და ადამიანის უკვდავი სულის განღმრთობის საფეხურები... არამცთუ მთარგმნელი, არამედ ქართველი წამკითხველიც (შემგრძნობი, გამგები) მისტი უნდა იყოს; უფრო მეტიც, განდობილი... ასე რომ... მარადისობას - პოეზიას არ ეჩქარება... პოეტებიც ნუ ავჩქარდებით. ოდესღაც, როცა ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეული რიცხვის და სულიერება აღორძინდება, "ვიცი, დრო მოვა ჩემი გაგების".

"ეს სიტყვები ისეთი ხმით წარმოთქვა, გეგონებოდათ, საკურთხეველთან იდგა და ლოცულობდა. როცა მონოლოგი დაამთავრა, გაეღიმა: ასე რომ, შეწუხებად არ ღირს, მადლობას მოგახსენებთ..."

"მაიაკოვსკი ააფორიაქა ასეთმა პასუხმა. ეტყობა, არ ელოდა ასეთ ფინალს.უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ისევ მაიაკოვსკიმ მოხსნა ეს დაძაბულობა:

- პოეტო, არც მე მოვსულვარ სააგიტაციოდ" [სორდია, 2011, 119].

ეს შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ ტერენტი გრანელი შეურიგებელი, უკომპრომისო იყო საბჭოთა მმართველობისადმი და მხოლოდ ამ მოტივით არ მისცა კოლეგას თავისი ლექსების რუსულად თარგმნის უფლება, სხვა მხრივ, დიალოგშიც ჩანს, თუ როგორი კეთილგანწყობილი, პატივისცემით გამსჭვალულია იგი ვლადიმერ მაიაკოვსკისადმი. უფრო მეტიც, მოგვიანებით, როცა ჯერ ესენინმა, ხოლო შემდგომ მაიაკოვსკიმ თავი მოიკლა, ტერენტი გრანელს ძალიან განუცდია მათი ტრაგიკული აღსასრული. ეს ორი შემთხვევა საზოგადოების განსჯის საგნად ქცეულა, ზოგი ამართლებდა მაიაკოვსკის თვითმკვლელობას, ზოგიც კიცხავდა პოეტს ამის გამო. ცნობილია, რომ ტერენტი გრანელი ჩარეულა ტრამვაის მგზავრებს შორის კამათში და უთქვამს: " ესენინმა თავი რომ მოიკლა, ეს შეიძლება, გაამართლოს კაცმა, მაგრამ მაიაკოვსკის თვითმკვლელობას არავითარი გამართლება არა აქვს" [სორდია, 2011, 118].

0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0