x
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება.

imageimageimageimageimage




თბილისის საკრებულოში, სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ დედაქალაქის ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გამართა. განხილვას კომისიის წევრებთან ერთად თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, 9 აპრილის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევის დროს დაზარალებულები დაესწრნენ.

სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კომისიის ინიციატივა 9 აპრილს დაღუპულთა ღვაწლის უკვდავყოფას ემსახურება.

„ამ ადამიანების თავდადებამ შეცვალა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია და მოგვიტანა თავისუფლება. მათი თავგანწირვა დაედო საფუძვლად საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობის შექმნას. ვფიქრობ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლისთავზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ადამიანების ღვაწლი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ მათი სახელები, "- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მადლობა გადაუხადა სახელდების და სიმბოლიკის კომისიას ასეთი ინიციატივისთვის.

"ჩვენ დღეს გვეძლევა საშუალება, რომ დაღუპულთა სახელებს ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ. დავამატებ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და 9 აპრილს ყველა დაღუპულის სახელობის ქუჩები თბილისში აუცილებლად იქნება. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო 9 აპრილის როლი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს იყო, ერთის მხრივ დიდ ტკივილი, მაგრამ ამავე დროს, ჩვენი ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო, “- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მეექვსე მოწვევის საკრებულოს დროს დასრულდება.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირა ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში, 6 ქუჩისთვის, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება. ესენი არიან: მზია ჯინჭარაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, მანანა ლოლაძე, ელისო ჭიპაშვილი და თამარ მამულაშვილი.

როგორც ცნობილია, 21 დაღუპულიდან 4 სახელობის ქუჩები თბილისში უკვე არსებობს. მომავალ წელს კიდევ 6 დაღუპულის სახელი მიენიჭება თბილისის ქუჩებს. დარჩენილი 5 დაღუპულის შემთხვევაში, ვინაიდან ისინი რეგიონებიდან არიან, თბილისის საკრებულო იშუამდგომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან, რომ მათი სახელდება მოხდეს საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით.

საჯარო განხილვაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისში 9 აპრილს დაღუპულთა სახელობის სამახსოვრო სკამები დაიდგას.

საჯარო განხილვის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, პარლამენტის შენობასთან 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.




0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკო კიზივაძე
ეკო კიზივაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0