x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბერძნული მითოლოგია: ღმერთების დაბადება
ნაწილი II

image

ზევსი ისეთი ღონიერი იყო, რომ მისი ტირილი მთებს სწვებოდა, ამიტომაც მზრუნველი ნიმფები ღრუბლებში ახვევდნენ მის ხმას, რათა კრონოსის ყურებამდე არ მისულიყო. ისინი გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, ბიჭს ტკბილად უმღეროდნენ და თაფლითა და რძით კვებავდნენ. რეა, როცა კი შეეძლო, ვაჟს ნახულობდა და უყვებოდა ბებია-ბაბუის ამბებსაც და მამამისის საქციელსაც. ზევსი სწრაფად გაიზარდა. როგორც კი, იმდენად მოღონიერდა, რომ სამალავი დაეტოვებინა, გამოვიდა გამოქვაბულიდან და მამაისის სანახავად გასწია.

-ვინ ხარ? -ჰკითხა კრონოსმა ჭაბუკს, რომელმაც სიტყვის უთქმელად აძგერა მუშტები კუჭში და წააქცია. გიგანტმა წაქცევისთანავე გადაყლაპული ლოდი და ხუთივე შვილი ამოანთხია. ისინი მუცელში დაზრდილიყვნენ. ზევსმა მათი დახმარებით დაამარცხა მამა. კრონოსი დედამიწიდან განდევნეს. გიგანტის შვილები საკუთარი თავის შესწავლას შეუდგნენ. აღმოაჩინეს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ძალა ჰქონია. ეს იმხელა ძალა იყო, რომ ყველა ცოცხალ არსებაზე მაღლა აყენებდა. ზევსი და მისი დედმამიშვილები პირველი ღმერთები გახდნენ.


image

ზევსს ზეცაში თამაში უყვარდა. ელვის ღრუბლებს აგროვებდა და მთელ ტატნობზე გატყორცნიდა ხოლმე. მისმა ძმამ პოსეიდონმა, მჩქეფარე ოკეანე რომ დაინახა, ტალღები გასწი-გამოსწია, რომ ფსკერი დაენახა. ამით მან ზღვის სიღრმეებში მცხოვრები არსებები შეაშინა. მათმა დამ, დემეტრამ, აღმოაჩინა, რომ მწვანე თითები ჰქონდა, ამიტომაც მცენარეებს დაუმეგობრდა და დაარწმუნა, რომ ხეებს ნაყოფი მოესხათ, ყვავილები კი აყვავებულიყვნენ.

მათი ბებია, გეა, მშვიდად უცქეროდა ახალგაზრდა ღმერთების საქმიანობას. "იქნებ შენ მაინც გაათავისუფლო ჩემი შვილები!", - სთხოვა ზევსს და გაუმჟღავნა ცალთვალა ციკლოპებისა და ორმოცდაათთავა და ასხელება ურჩხულების ამბავი, რომლებიც მის წინაშე იყვნენ დატყვევებულნი. "ცხადია, გავათავისუფლებ", -მიუგო ზევსმა.

გეამ ჭიშკარი გახსნა, რათა ზევსს ქვესკნელში ჩაღწევა შესძლებოდა. ზევსმა თავის ძმებთან - პოსეიდონსა და ჰადესთან ერთად ბიძების გათავისუფლება გადაწყვიტა.

ქვესკნელში მათ სულ სხვა სამყარო იხილეს, რაც მიწის ზევით არ არსებობდა: ყველაფერი მზის სხივების მაგივრად, შემაძრწუნებელი სინათლით იყო გაცისკროვნებული, იქაურ ველებზე ყვავილების ნაცვლად ძვირფასი თვლები კიაფობდა.

"რა სილამაზეა! - შესძახა ჰადესმა, - აქ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახლში ვიყო. მოდი აქაურობას ქვესკნელი ვუწოდოთ".

კიდევ უფრო დაბლა, ღრმულებში, უკუნი სიბნელე იდგა. იქ მათ ასხელიანი და ორმოცდაათთავიანი ბუმბერაზები იპოვეს, რომლებმაც იქ დარჩენა გადაწყვიტეს. ზევსმა ეს ადგილი დილეგად აქცია, სადაც ის მოხდებოდა ვინც ავს ჩაიდენდა. ამ ადგილს ტარტაროსი უწოდეს.

ამის შემდეგ ზევსი და მისი ძმები ციკლოპების მოსაძებნად წავიდნენ. ციკლოპებს ბინა ქვესკნელის მოელვარე ლითონებით მდიდარი მთების გამოქვაბულებში დაედოთ, მაგრამ იქ მეტად უბედურნი და სასოწარკვეთილნი იყვნენ. რომ გაიგეს, გვათავისუფლებენო, სამ ღმერთს სიხარულით ამოჰყვნენ დედამიწის ზედაპირზე.

image

საქმეები რომ დაასრულა, ზევსმა მამის სამეფოს გაყოფა გადაწყვიტა და-ძმებს შორის. თავის საბრძანებლად ზეცა აირჩია და ყველაზე ერთგულ დას - ჰერას სთხოვა თანაცხოვრება. ჰერა ქორწინებისა და ნაყოფიერების ქალღმერთად იქცა. პოსეიდონს ზევსმა ზღვები უბოძა, ჰადესს - ქვესკნელი, დემეტრას ცოცხალ არსებებზე ზრუნვა დაავალა, უმცროს დაიკოს კი, ჰესტიას, რაკი სიმშვიდე და წესრიგი უყვარდა, ოჯახური კერის მფარველობა მიანდვეს.

ციკლოპები იმდენად მადლიერნი იყვნენ ღმერთებისა, რომ მათი დასაჩუქრება გადაწყვიტეს: პოსეიდონმა სამკაპი მიიღო, ჰადესმა - უჩინმაჩინის მუზარადი, ზევსმა - ელვისმტყორცნელი კვერთხი.

image

ღმერთთა სამფლობელო ღრუბლებში იყო, მსოფლიოში უმაღლესი მთის მწვერვალზე - მას ღმერთებმა ოლიმპო უწოდეს.

დემეტრამ მთის მწვერვალი ღრუბლების სუდარაში გაახვია, რათა მხოლოდ რჩეულ სტუმრებს შესძლებოდათ თვალის შევლება.

ამასობაში კი ქვემოთ, დედამიწაზე, მოკვდავი მამაკაცები და ქალები იბადებოდნენ და ცხოვრობდნენ. ისინი ღმერთების ძლევამოსილ თვალში პაწაწინა მწერებივით იყვნენ.

1
144
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
144
  
2019, 8 აპრილი, 9:13
ძალიან მომეწონა
0 1 1