x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნავთი, მდოგვი, ალოე, კოტოშები და სხვა - როგორ მკურნალობდნენ საბჭოთა კავშირში

თითქმის ყოველდღიურად მესმის ახლობლებისა და ნაცნობებისგან ჩივილი, რომ ბავშვები ავად ჰყავთ გრიპით ან ვირუსით და ვერა და ვერ გამოიყვანეს მდგომარეობიდან. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინა დღეს გაცილებით უფრო განვითარებულია, ვიდრე ასი წლის წინ იყო, გარემოს, ჰაერის და საკვების დაბინძურების გამო ვირუსები გაორმაგებული ძალით გვიტევენ და მათი დამარცხება არც ისე იოლი საქმეა.



image


და რა ხდებოდა ათეულობით წლის წინ? - რა თქმა უნდა, მაშინაც ავადმყოფობდნენ ბავშვები, გრიპი და ვირუსები მაშინაც იყო (თუმცა არა ასეთი სიხშირით), ექიმების მიერ გამოწერილ წამლებს ჩვენი დედები ხალხურ, ბებიების მიერ გამოცდილ მკურნალობის მეთოდებსაც უმატებდნენ. მაინც რა იყო ყველაზე პოპულარული საბჭოთა ხალხური მედიცინიდან?



მდოგვის საფენები


image


ვისაც გახსოვთ, მდოგვის საფენები - ეს იყო სქელი ქაღალდის მართკუთხა ნაჭრები, რომლის ერთ მხარეზე დატანილი იყო მდოგვის ფხვნილი. ქაღალდს ასველებდნენ წყალში და შემდეგ მდოგვიანი მხრით აფენდნენ გულმკერდის არეზე, ზურგზე ან ფეხისგულებზე. მკურნალობის ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენებოდა ძლიერი ხველების, ბრონქიტის, გაციების დროს. საფენების აღების შემდეგ აუცილებელი იყო ამ ადგილების თბილად შეხვევა და ოფლის მოდენა.



ცხელი ინჰალაცია


image


ალბათ დღეს იშვიათია ბავშვიანი ოჯახი, რომელსაც ინჰალატორის აპარატი არ ჰქონდეს სახლში. აი ჩვენ ბავშვობაში კი სურდოს ან ხველების დროს თავზე პირსახოცგადაფარებულს უნდა გესუნთქა მდუღარე ქვაბის თავზე, რომელშიც ჩაყრილი იყო სამკურნალო ბალახები ან ახლადმოხარული კარტოფილი. ყურის ტკივილის დროს ახლადმოხარშული კვერცხი უნდა დაგედო მტკივან ყურზე და გაცივებამდე გაგეჩერებინა. როცა კვერცხი გაცივდებოდა, ყურის ტკივილიც გაივლიდა.

ან კიდევ სითბური პროცედურების ასეთი ვარიანტი: ტაშტში ასხამდნენ ცხელ წყალს და ავადმყოფს ფეხებს აწყობინებდნენ შიგ; თუ ავადმყოფს სიცხე ჰქონდა, ცხელ წყალში მდოგვს ყრიდნენ მეტი ეფექტის მისაღწევად.



კოტოშები


image


საბჭოთა კავშირში მინის პატარა ქილებს-კოტოშებს ფართოდ გამოიყენებდნენ ბრონქიტის და პნევმონიის მკურნალობის დროს. გამოყენების წინ ქილებს აუცილებლად გაწმენდნენ სპირტით, შემდეგ მათ აცხელებდნენ სპირტიანი ფითილით და სვამდნენ წინასწარ ვაზელინწასმულ ზურგზე. ქილების მოხსნის შემდეგ ავადმყოფს თბილად აფარებდნენ საბანს და აუცილებელი იყო ის გაუნძრევლად წოლილიყო 30 წუთის განმავლობაში. კოტოშებდასმული ადამიანი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ზურგზე ცხენმა გადაუარაო. ზოგიერთი მუქი ლაქა ზურგზე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი რჩებოდა. სამაგიეროდ, კოტოშების დასმა ძალიან შველოდა პნევმონიის ან ბრონქიტის დროს.

აღსანიშნავია, რომ კოტოშებით მკურნალობა დღესაც გამოიყენება. მაგალითად, სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული ანტიცელულიტური ვაკუუმური მასაჟის აპარატი.


image


იოდის ბადე


image


იოლდის ბადე ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სურდოსა და გაციების, ასევე რადიკულიტის და სხეულის რომელიმე ნაწილის დაზიანების დროს.

რატომ მაინც და მაინც ბადე? - იოდის ბადე ბაქტერიებს ერთმანეთისგან აცალკევებს და ასეთ მდგომარეობაში ისინი უფრო სწრაფად იხოცებიან. ბადის გასაკეთებლად საჭირო არის მხოლოდ იოდის ხსნარი და ბამბის ჩხირები.



რძე, თაფლი, ჟოლო


image


გაციების და მაღალი ტემპერატურის დროს დედები აუცილებლად გვასმევდნენ თაფლიან ცხელ რძეს ან ჩაის ჟოლოს მურაბით. ამის შემდეგ აუცილებელი იყო თბილად ჩაწოლა და ბლომად ოფლის მოდენა (რაც მაინდამაინც დიდად არ მოგვწონდა). ეს მეთოდი არც ისე გამართლებულია, რადგან ამგვარად შეიძლება ორგანიზმი ზედმეტად გადახურდეს. განსაკუთრებით საშიშია ასეთი "მკურნალობა'' მაშინ, როცა ტემპერატურა 38 გრადუსს ზევითაა, თუმცა იმ დროს ეს პროცედურა სასარგებლოდ მიაჩნდათ.



კალიუმის პერმანგანატი (მარგანცოვკა)


image



საკვებით მოწამვლის შემთხვევაში კალიუმის პერმანგანატის იასამნისფერი ხსნარი შეუცვლელი მშველელი გახლდათ. მას გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები და შესანიშნავი საშუალება იყო კუჭის ამოსარეცხად. ამ პრეპარატს დღესაც გამოიყენებს ზოგიერთი ადამიანი, თუმცა აფთიაქებში მისი მოხელთება ფაქტიურად შეუძლებელია.



ბრილიანტის მწვანე


image



ალბათ თითქმის ყველა თქვენგანმა გადაიტანა ბავშვობაში წითელა. ის, რომ გამონაყარზე დედა მწვანე სითხეს გისვამდათ და მწვანე კოპლებით სასაცილოდ გამოიყურებოდით, ალბათ ბავშვობის ერთ-ერთ არასასიამოვნო მოგონებადაა დარჩენილი თქვენს ხსოვნაში. ხასხასა მწვანე ფერის სითხეს გამოიყენებდნენ ჭრილობებზეც, კოღოების ნაკბენზეც, წყლულებზე... ბრილიანტის მწვანეს დღესაც აქვს გამოყენება, თუმცა არა ისე აქტიური, როგორც წინა საუკუნეში. სხვათა შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში ბრილიანტის მწვანეს არ გამოიყენებენ, რადგან მისი მოქმედების ეფექტურობა დამტკიცებული არაა.



ძაფი მეჭეჭების წინააღმდეგ


image


იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს სხეულის რომელიმე ადგილზე მეჭეჭი გამოეზრდებოდა, დედა ან ბებია მეჭეჭის ძირას მჭიდროდ მოუჭერდა ძაფს. რამდენიმე დღის შემდეგ მეჭეჭი ან ხორცმეტი ხმებოდა და ძვრებოდა... და კიდევ: ბავშვებს სასტიკად უკრძალავდნენ გომბეშოსთვის ხელის შეხებას, რადგან ცრურწმენის მიხედვით, სწორედ გომბეშოს შეხებით ჩნდებოდა მეჭეჭები. არც ეს მეთოდია მაინდამაინც გამართლებული : სავსებით შესაძლებელია, ასეთი მეჭეჭი ან ხორცმეტი კანის უბრალო წარმონაქმნი კი არ იყოს, არამედ ავთვისებიანი სიმსივნის წინა პირობა, ამიტომ მისი ხელოვნურად გაღიზიანება მიზანშეწონილი არაა.



ნავთი ტილების წინააღმდეგ


image


მოგეხსენებათ, წინა საუკუნეებში ბავშვებში საკმაოდ ხშირი იყო ტილიანობა (არც დღესაა ეს პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი) . უმეტეს შემთხვევაში ამას თმების გადაპარსვით შველოდნენ, მაგრამ თუ ნაწნავებთან გამოთხოვება არც ისე სასურველი იყო, მაშინ საშველად ნავთს მიმართავდნენ. ტილებიან ბავშვს თავზე ნავთს წაუსვამდნენ და პირსახოცს ან ტილოს შემოახვევდნენ ზედ. სამწუხაროდ, ძალიან ხშირი იყო ამ მეთოდის გამოყენებისას ბავშვის ინტოქსიკაციის შემთხვევები, თუმცა ნავთი ტილებს (და თავის კანსაც) ნამდვილად ანადგურებდა.



ალოე


image


თითქმის ყველა საბჭოთა ოჯახში ფანჯრის რაფაზე იდო ქოთანი ალოეს ყვავილით. ის ლამის ყველა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებოდა. რას აღარ აკეთებდნენ ალოეს ტოტებით: წურავდნენ მისგან წვენს, ხეხავდნენ, ატარებდნენ ხორცსაკეპში, აკეთებდნენ მისგან მალამოებს, კომპრესებს, მიქსტურებს... მოკლედ, ალოე ლამის ნებისმიერი დაავადების პანაცეა იყო.



მრავალძარღვა


image

ბავშვობაში ალბათ ბევრ თქვენგანს გქონიათ შემთხვევა, რომ ქუჩაში ან მინდორზე სირბილის დროს დაცემულხართ, მუხლი გადაგიტყავებიათ, იქვე მრავალძარღვას ფოთოლი მოგიწყვეტიათ და გადაყვლეფილ მუხლზე დაგიდევთ. ჰო, მართლა, მუხლზე დაფენამდე ზედ აუცილებლად დააფურთხებდით მეტი ეფექტის მისაღწევად. კარგად ნაცნობი სურათია, არა?- მრავალძარღვა მართლაც ფლობს ანტისეპტიკურ თვისებებს, თუმცა შიშველ ჭრილობაზე მტვრიანი ბალახის ფოთლის დადება არც ისე გამართლებული იყო.

დიახ, ეს ხალხური საშუალებები გასულ საუკუნეში საკმაოდ პოპულარული იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანი დღესაც საკმაოდ ხშირად გამოიყენება. გარდა ამისა, ფართოდ იყო გავრცელებული ნივრით, დაფნის ფოთლით, ხახვის ფოჩვებით, კალანჰოეს და ქრისტესისხლას წვენით, თხისა და ღორის ქონით მკურნალობის მეთოდები...


და თქვენ როგორ გმკურნალობდნენ ბავშვობაში?

2
273
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
273
  
მართლაც რომ შველოდა ეს მეთოდები, ან მშინ გრიპის ვის ეშინოდა? ფეხზე გადავიტანდით ხოლმე, განუმეორებელი იყო საბჭოთა ცხოვრებაა
8 აპრილი, 20:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2