x
image
ზოგადი განათლება
ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ნომინანტია
ქართველი პოეტი, ზვიად რატიანი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის European Poet of Freedom Award-ის ნომინანტია. კონკურსი წელს მეექვსედ ტარდება და მისი ორგანიზატორი პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერიაა.


რატიანი რვა პოეტს შორის მოხვდა. პრემიის ნომინანტებს ევროპაში მოღვაწე პოეტებს შორის არჩევენ, რომლებიც თავისუფლებაზე წერენ. ფესტივალი 2020 წლის მარტში გაიმართება. კონკურსის ჟიური მწერლებისა და კრიტიკოსებისგანაა დაკომპლექტებული.

image

ნომინანტებს შორისაა, ლუქსემბურგელი, ლიტველი, ირლანდიელი, ბოსნიელი, მალტელი, ლატვიელი, მონტენეგროელი პოეტები.

პოეტის რამდენიმე გამორჩეული ლექსი:

* * *

სულ მინდა შენზე ისე ვწერო,

თითქოს არსებობ.



და ყოველთვის ისე გამომდის,

თითქოს თვითონ გამოგიგონე.


* * *

ტადეუშ დობროვსკის


მე და ჩემი მეგობარი დღემდე ვწერთ ლექსებს.

ეს არ არის სასაცილო. არც ჩვენ გვიხარია,

რომ ასე სულელურად გავიმეტეთ ჩვენი ერთადერთი

(ან გინდაც არ იყოს ერთადერთი) ცხოვრება. ზოგჯერ


მე ვცდილობ თავის გამართლებას, დავუშვათ, ასე:

“ვიდრე ადამიანმა არ იცის, როდის მოკვდება,

იარსებებს პოეზიაც” – ვეუბნები ჩემს მეგობარს,

ის ფიქრდება. მე მივდივარ მივლინებაში,


ძილი მიტყდება სასტუმროში. წიგნის წამოღება

ამჯერადაც დამავიწყდა. აღარ მიყვარს ტელევიზორი,

მაგრამ რადგან სხვა გზა არ მაქვს, ნერვიულად გადავდივარ არხიდან

არხზე. აი ისიც – ქალი და კაცი


მოლაპლაპე, ზეთოვანი სხეულებით, მოლაპლაპე

ტყავის ჩექმებით, მბზინავი ტუჩებით

და ძუძუსთავებით, და სავარაუდო გენიტალიებით

იმეორებენ ერთმანეთს. “სექსი,


დეკორატიული სექსი; და მაშინ რაღა დააშავა

პოეზიამ?” – ვეკითხები ჩემს მეგობარს, როცა ვბრუნდები.

“ვიდრე ადამიანმა არ იცის, როგორ მოკვდება,

დაიხვეწება პოეზიაც” – თავს იმართლებს მეგობარი


და ეს არ არის სასაცილო.


* * *

შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,

მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ

ერთი კოლეგა თანამსმელის დაკრძალვაზე; და მან თავი დამამახსოვრა

საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,

რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,

რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,

მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა

და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ

და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება

და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც

არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ

და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,

რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,

დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,

რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში

და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,

რომელიც ჩვენთვის, ცოცხლებისთვის, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა –

თუნდაც წერისას.


* * *

ხშირად მეღვიძება უფსკრულში,

სადაც სიზმარში ჩავიჩეხე,


და ვიდრე სინამდვილე აენთება,

ლოდი, რომელსაც დამენსხვერი,

მახორცდება ზურგზე სამუდამოდ.



* * *


ესეც თქვენი უკეთესი მომავალი.

ზუსტად ისეთი, როგორიც გვთხოვეთ.

მცირედი დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაგვიგეთ:

მოთხოვნილება მაღალია, ყველა გვაჩქარებს.

ეს მოხმარების წესებია. გადაიკითხეთ.

საგარანტიო ფურცლის ასლი თქვენთან რჩება.

აქ ხელს მოაწერთ.


თითქოს მართლაც ისეთი ჩანს, როგორიც ვთხოვეთ,

მაგრამ მაინც ეჭვიანად ვათვალიერებთ.

შენ ქალი ხარ – მოხმარების ბუნდოვანი წესები გაფრთხობს,

მე – საგარანტიო ვადების სიმცირე.


შენ ქალი ხარ – ფანჯრებს აღებ

და მომავლის თვალისმომჭრელ შუქში ლივლივებ,


მე კი ჯერაც კართან ვდგავარ

და კურიერს დაბნეული ვართმევ ფურცელს,

ერთხანს უაზროდ ვაკვირდები, ვითომ ვკითხულობ,

და ხელს ვაწერ მითითებულ სვეტში:

მ ა პ ა ტ ი ე თ.


* * *


ეგრე სადაა:

რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,

და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.


შევინიღბე.

არ იყო სხვა გზა.

ჩემ თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,

სხვები – გარედან.


სიმართლე თითქოს გათანაბრდა.

საწყენია, ლექსები გაქრნენ.


* * *


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0