x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დეკანოზი ნიკოლოზ ლომსაძე – 50; სულიერი მოძღვარი ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიიდან
image


ყველასათვის საყვარელი მოძღვარი, სწორედ ასე შეიძლება დაახასიათო დედოფლისწყაროში მოღვაწე დეკანოზი ნიკოლოზი (ლომსაძე), რომელიც ამჯერად იუბილარია. 2 აპრილს ის 50 წლის გახდა. ნახევარი საუკუნე ცოტა არ არის, მით უმეტეს, თუ ამ ხუთ ათეულ წელში იმდენი სასარგებლო და სასიკეთო საქმის კეთება მოასწრო, რამდენიც მამა ნიკოლოზმა.


მინი დოსიე: ის 1969 წლის 2 აპრილს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გურგენიანში დაიბადა თამაზ ლომსაძის და ემილია მელიქიძის ოჯახში. უფროს დასთან, ირმასთან და უმცროს ძმასთან, დავითთან ერთად ლაღი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. დაამთავრა ნინიგორის საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემია. მოღვაწეობა დაიწყო სიღნაღის ეპარქიაში 1997 წელს, როდესაც ის სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დიაკვნად აკურთხეს. ერთი წლის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში მისი მღვდლად კურთხევის ცერემონია შედგა. 1999 წლის სექტემბერში დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო სახლში დაინიშნა და, აგერ უკვე 20 წელია, ის ჩვენს ეპარქიაში მოღვაწეობს.


მის სახელს უკავშირდება ის პროგრესი, რაც ჩვენი რაიონის მოსახლეობამ მასთან ერთად გაიარა სულიერი გაძლიერების გზაზე. მაშინ, სამლოცველო სახლის ნახევარსაც კი ვერ ავსებდა მრევლი. წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, სწორედ იმ გუნდმა, რომელიც მაშინ გალობდა და ლოცვებს კითხულობდა, შემოგვინახა სამლოცველო სახლიც და იქ არსებული დიდი მნიშვნელობის ძვირფასი ხატები თუ სარიტუალო ნივთები. ისე აგიხდეთ ყველა ნატვრა, როგორც იქ მდგომ ქართველ მრევლს აგვიხდა სურვილი, ქართულ ენაზე და ტაძარში მოგვესმინა წირვა-ლოცვა და გალობა. მაშინ ქალაქის ცენტრში დაწყებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის საძირკველი იყო მხოლოდ. სწორედ მამა ნიკოლოზის დიდი ძალისხმევით, ტაქტით და მოხერხებულობით, მრევლის მხარში დგომით გახდა შესაძლებელი, ტაძრის დასრულება.



imageimageimageimage


imageდღეს ამ ტაძარში მოხატვის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ბევრმა ახალგაზრდამ აირჩია უფლის სამსახურის გზა, მიიღეს წოდებები და დღეს ბევრი მოქმედი ტაძარი გვაქვს, სადაც წირვა-ლოცვას ჩვენი თანამემამულე მღვდელმსახურები აღასრულებენ. გარემონტდა და ფუნქცია დაუბრუნდა ეკლესიებს სოფლებში: წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას – ზემო მაჩხაანში, წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარს _ არბოშიკში, წმინდა სერაფიმე საროველის ეკლესიას _ სამრეკლოში, სამთაწყაროში შეკეთდა სამლოცველო სახლი, რომელიც დღეს უკვე სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს, აშენდა გამარჯვების სამების სახელობის ტაძარი, მშენებლობის პროცესშია არხილოსკალოს ხარების ეკლესია, მრავალ სოფელში გაიხსნა სამლოცველო სახლები და ამ ყველაფრის გვირგვინი ელიას მთაზე აღდგენილი წმინდა ილია თეზბიტელის სახელობის ეკლესია, რომელიც მერცხლის ბუდესავით აჰკვრია მთის კლდოვან, ციცაბო კალთას და ულამაზესია. ამ ყველაფერში ლომის წილი სწორედ მამა ნიკოლოზს მიუძღვის. მან გამოაცოცხლა და ახალი სული ჩაჰბერა ჩვენს სასულიერო ცხოვრებას, გაამრავლა და რწმენა განუმტკიცა მრევლს, მოიპოვა მათი ნდობა, პატივისცემა და დიდი სიყვარული. სწორედაც დამსახურებულად მიიღო მან დეკანოზის წოდება 2006 წელს, როგორც დამსახურებული დეკანოზი 2010 წელს დაჯილდოვდა, „გამშვენებული ჯვრის“ ტარების, ხოლო 2017 წელს _ მიტრის ტარების უფლებით.


image


ის არა მარტო ღირსეული მოძღვარი და ადამიანია, ამავე დროს არის დიდი და შესანიშნავი ოჯახის თავკაციც. ჰყავს ექვსი ერთიმეორეზე უკეთესი შვილი, თბილი და მოსიყვარულე მეუღლე ეკატერინე ლომსაძე, მოდით, მოვუსმინოთ, როგორია ის როგორც მეუღლე და როგორც მამა.


ეკატერინე ლომსაძე _ 1996 წელს ლაგოდეხში ტაძარში გავიცანით ერთმანეთი. ის სტიქაროსანი იყო, მე _ მრევლი. მოგვეწონა ერთმანეთი და შევქმენით ოჯახი. ლაგოდეხიდან ცოტა ხანს რუსთავში გადავედით საცხოვრებლად, მერე სიღნაღში, სადაც სულ ერთი წელი ვიყავით, 1999 წელს დედოფლისწყაროში დაინიშნა მოძღვრად და, აგერ, 20 წელია, აქ ვართ. დედოფლისწყარო და აქაური მოსახლეობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, კარგად შევეწყეთ, მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარში დაგვიდგა, რადგან ბევრი სირთულის გადალახვა მოგვიწია. პირველი შვილი, იოვანე თვეებისა იყო, როდესაც აქ დავსახლდით. მას მოჰყვნენ ანტონი, ნინო, სალომე, თებრონია და თომა. იოვანე და ანტონი უკვე სტუდენტები არიან, დანარჩენები სკოლაში სწავლობენ. როგორც მეუღლე, მამა ნიკოლოზი, ახერხებს და უთავსებს ერთმანეთს მღვდელმსახურისა და ოჯახის უფროსის პოზოციებს. ძირითადად, მასზეა ოჯახის მომარაგება, ბაზარი, ბავშვების გაზრდაშიც, შეძლებისდაგვარად, მხარში მედგა. საერთოდ, უკომფლიქტო ადამიანია და რთული სიტუაციიდანაც მშვიდად ახერხებს გამოსავლის პოვნას. მადლობა ღმერთს, რომ მასთან ერთად მერგო საოჯახო უღელის ტარება. ვულოცავ დაბადების დღეს და ვისურვებდი, კვლავაც დიდხანს, ღრმა სიბერემდე ვიდგეთ ერთმანეთის გვერდზე.


imageნინო ლომსაძე _ მამა ძალიან დაკავებულია თავისი სამსახურებრივი საქმიანობით, მაგრამ პოულობს დროს ჩვენთვის, შვილებისთვის. ის ძალიან თბილი, ალერსიანი და სამართლიანია. არ არის მკაცრი, მაგრამ მომთხოვნია სწავლასთან მიმართებაში. როცა საჭიროა, მშობელთა კრებაზეც ახერხებს მოსვლას სკოლაში. თითქმის არ ერევა ჩვენს ჩაცმულობასა და ვიზუალურ მხარეში, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენც არ გვიყვარს გამომწვევად და არაეთიკურად ჩაცმა და ქცევა. ყველას ძალიან გვიყვარს და გვეიმედება. ჩემი და-ძმების სახელით ვულოცავ საიუბილეო თარიღს და უფალს ვთხოვ, არ მოგვიშალოს მისი თავი და მფარველობა. ახლა მოვისმინოთ, როგორ აფასებენ მას მღვდელმსახურებაში და მრევლში.


მეუფე დიმიტრი _ ოცდახუთ წელზე მეტი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს. ის არის სასულიერო პირი, რომელსაც ნებისმიერი სასულიერო დავალება შეიძლება ანდო და ზუსტად ისე შეასრულებს, როგორც დაავალებ. ჩვენი ურთიერთობა მრავალგზის გამოცდილია და მე მასში ვაფასებ უმაღლეს რანგში აყვანილ მეგობრობის უნარს. მან ყველაფერი, რა წოდებები და ტიტულებიც აქვს, თავისი უანგარო შრომით და ღვაწლით დაიმსახურა. მინდა, გამორჩეულად გავუსვა ხაზი მის ოჯახს, საუკეთესოდ აღზრდილ შვილებს. ვულოცავ და მრავალჟამიერ მის მსახურებას.


თეა სხირტლაძე (დედოფლისწყაროში საპატრიარქოს სკოლის დირექტორი): _ ის ღირსეული მოძღვარია, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძრის აშენებაში, მისი მოღვაწეობის შედეგია ის, რომ მრავალი ადამიანი დადის ტაძარში და არის აღმსარებელი და მაზიარებელი. ჩვენთან, დედაოებთან, ურთიერთობაში ის არის უაღრესად უშაუალო, გულწრფელი და ყურადღებიანი. კეთილი სურვილებით ვულოცავ დაბადების 50 წლისთავს და ვუსურვებ, დიდხანს იდგეს ჩვენი ხალხის სამსახურში.


მარინა ქორიძე _ მამა ნიკოლოზი ღმერთისგან დალოცვილია თავისი უამრავი დადებითი თვისებით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სასულიერო პირია, არამედ ადამიანია, რომელსაც უანგაროდ უყვარს ყველა და ეხმარება მათ ნებისმიერ სიტუაციაში. თბილი, კეთილი, გონიერი და სანდოა ის თავისი მრევლისთვის. ორი ათეული წელია, ჩემი მოძღვარია და ვენდობი ისე, როგორც საკუთარ თავს, ნებისმიერი საიდუმლო შეიძლება გავუმხილო და მივიღო მისი გონივრული რჩევა. უზომოდ მიყვარს და ჩემი ოჯახის სახელით ვულოცავ დაბადების საიუბილეო 50 წლისთავს. იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი თავის დიდ ოჯახთან ერთად ჩვენს საიმედოდ.


ქეთევან წერეთელი-შიუკაშვილისა _ მამა ნიკოლოზი _ ადამიანი, რომელიც ჩვენი ოჯახის მოძღვარი და საიმედო მეგობარია. მახსენდება ჩვენი პირველი შეხვედრა პატარა სამლოცველო სახლში, მამა ნიკოლოზი ახალი მოსული იყო ჩვენს რაიონში, მაგრამ მრევლში სულ მალე დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მისმა საუბარმა და მას შემდეგ აღარც მოვცილებივარ ეკლესიას და მრევლს. შემდეგ ჩემი მეუღლეც მოვიდა ტაძარში, მალე სტიქაროსანიც გახდა, ჩემი შვილებიც აქ დაიზარდნენ, ჩემმა შვილმა _ გიორგიმაც ჩაიცვა სტიქარი. ოც წელზე მეტი გავიდა, მამა ნიკოლოზი კი ისევ ისეთი შემართებით და სიყვარულით უძღვება მრევლს. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც უსაუბრია მამა ნიკოლოზთან და დამშვიდებული და სიყვარულით სავსე არ წამოსულა მისგან. იგი არის მოძღვარი, რომლის იმედი გაქვს ყოველთვის, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გამონახავს დროს, მოგისმენს, დაგარიგებს და დაგამშვიდებს. მე და ჩემი ოჯახი ვულოცავთ მამა ნიკოლოზს დაბადების დღეს. მამაო, სულ ასეთი მომღიმარს და სითბოთი სავსეს გხედავდეთ ჩვენი მრევლის საიმედოდ, გვიყვარხარ და გვეიმედებით.


ნათელა ხაჩიაშვილი-ბატიაშვილისა _ წუთისოფელში ადამიანებს მწუხარება და განსაცდელები არ გვაკლია. ამით უფალი თავს გვახსენებს და გვეხმარება მისკენ სავალ გზაზე. ჩემი განსაცდელები პირველი შვილის დაბადებასთან ერთად დაიწყო. მადლობა ღმერთს, რომ ამ განსაცდელებთან გამკლავებაში მარტო არ დამტოვა და მამა ნიკოლოზს შემახვედრა. მან გიორგის ეკლესიაში მიყვანა მირჩია და გაოცებულს მშვიდად და დამაჯერებლად ამიხსნა, რატომ და როგორ უნდა გამეკეთებინა ეს. მამა ნიკოლოზის უდიდესი დამსახურებაა, რომ გიორგი დღეს ასე მშვიდად ესწრება წირვა-ლოცვას, აბარებს აღსარებას და ეზიარება, ფიზიკურ სისუსტეებს და ცხოვრების სირთულეებს სულიერი სიძლიერით უმკლავდება. ჩვენს საყვარელ მამა ნიკოლოზს, ჩვენს მადლიან მოძრვარს უდიდესი პარტივისცემით და სიყვარულით ვულოცავთ იუბილეს, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს, მის ლამაზ ოჯახს ასმაგად დაუბრუნოს ის სიკეთე და მადლი, რასაც ასე უხვად გასცემს სხვებისთვის.


imageგიორგი კიკილაშვილი _ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სამყაროს გილამაზებენ, ზოგიც განათლებას გაძლევს, ზოგი ამასოფლის ორომტრიალში გზის გაკვლევაში გეხმარება. მამა ნიკოლოზი კი ის ადამიანია, ვინც მე და ამ რაიონში (დღევანდელი მუნიციპალიტეტი) მცხოვრები ბევრი ადამიანი მართლმადიდებლურ რწმენაში განგვამტკიცა. ძალიან ბევრის თქმა შეიძლება მამა ნიკოლოზის ღვაწლზე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ მოძღვრის თვითოელი კეთილი საქმე ჩემს ცნობიერებაში აღიბეჭდა როგოც არა მოთხრობილი, არა წაკითხული, არა გაგონილი, არამედ ხილული და ხელთშესახები მოვლენა. როდესაც სხვადასხვა შეკრებაზე, მამა ნიკოლოზის თანდასწრებით აზრი გამომითქვამს მისი ღვაწლის შესახებ, ყოველთვის მისთვის ჩვეული თავმდაბლობით შემწინააღმდეგებია, მაგრამ შენდობას ვითხოვ და კადნიერებაში ნუ ჩამომართმევს მკითხველი, თუ ვიტყვი, რომ მამა ნიკოლოზის საქმიანობა ჩვენს მუნიციპალიტეტში შეიძლება შეადარო ასურელ მამათა ღვაწლს, რომელთაც აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობაში მბჟუტავი ქრისტიანული სინათლე გააცისკროვნეს, ერი რწმენაში განამტკიცეს, მოსახლეობას ღირებულებათა ქრისტოცენტრული მოდელი შეაყვარეს, გაამთლიანეს და გააძლიერეს ქართული ეროვნული სული... დიახ, მამა ნიკოლოზმა შეძლო რწმენისა და რჯულის ერთგულებით, პირადი ცხოვრების წესით ხელმეორედ მოექცია ის საზოგადოება, რომელიც 70 წლის განმავლობაში ათეისტური იდეებით იყო დატვირთული, საზოგადოება, ვისთვისაც სასულიერო პირი და ეკლესიურობა დამცინავ მცნებად მიაჩნდა, საზოგადოება, სადაც ქრისტიანობას, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ჩვენი წინაპრების ერთგულების სიმბოლოდ მიიჩნევდა და მეტი არაფერი... ჩვენს მუნიციპალიტეტში მამა ნიკოლოზის მოღვაწეობის ნაყოფია ჩვენი ეპარქიის საკათედრო ტაძრის არსებობა, წმინდა ელიის მთაზე ტაძრის აღდგენა და სხვა უამრავი ყველასთვის ცნობილი მოვლენები და ამის შესახებ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან. მკითხველს კი ახლა მინდა ერთი საინტერესო და მათთვის უცნობი “შემთხვევის“ შესახებ მოვუყვე: 2018 წლის მაისის თვეში მამა ნიკოლოზთან ერთად გავემგზავრე ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშში, სადაც 1982-1983 წლებში ვმუშაობდი სოფლის ამბულატორიის გამგედ. ლეჩხუმის სიწმინდეებთან ერთად გზად მოვილოცავდით რაჭისა და იმერეთის წმინდა ადგილებს. დილით ადრე გავედით და თბილისში მიმავალ გზაზე მამა ნიკოლოზმა აღმოაჩინა, რომ სკვნილი სახლში დარჩენოდა. ლეჩხუმიდან იმერეთის გზაზეც გაახსენდა, რომ სკვნილი არ ჰქონდა და გარკვეულ წილად განიცდიდა. გელათში სიწმინდეები მოვილოცეთ, მონასტრის ეზოდან გარეთ გამოვედით და მანქანისაკენ დავიძარით. უცებ ქუჩაზე განლაგებული ერთერთი ჯიხურიდან გამყიდველი ქალბატონი გამოეგება მამაოს და იმერული კილოთი ეუბნება: მომიტევე, მამაო, მცირედი საჩუქრისათვის, მაგრამ ძალიან მინდა, ეს სკვნილი გაჩუქოთო. მამა ნიკოლოზმა მღვდელმსახურისათვის ჩვეული თავმდაბლობით მიიღო ეს შეთავაზება, ქალბატონი დალოცა და გზა გავაგრძელეთ. ვერ გეტყვით, რა ხდებოდა მამა ნიკოლოზის გულში, მაგრამ მე გაოგნებული ვიყავი, სოფელ ფარცხანაყანებამდე ისე ჩავედით, ხმა არ ამომიღია. მთელი გზა იმას ვფიქრობდი, რა მოხდა? ერთი იყო ცხადი: ღვთისგან ამგვარი შეწევნა მამა ნიკოლოზის სულიერი განვითარებით იყო განპირობებული, მაგრამ ეს სასწაული მეც რომ მანახა უფალმა, აი, ამის ახსნას ვერ ვახერხებდი... მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მამა ნიკოლოზის სახით ჩვენ გვყავს არა მხოლოდ საეკლესიო მღვდელმსახური, არამედ ჭეშმარიტად სულიერი მოძღვარი!


ბელა გოგიბერიძე _ მამა ნიკოლოზს პირველად საავადმყოფოში შევხვდი, როგორც პაციენტს. მისმა უბრალოებამ და თავმდაბლობამ მომხიბლა. მას მერე ჩვენი ურთიერთობა ეკლესიაში, უფრო სწორად, სამლოცველო სახლში გაგრძელდა და ისე განმტკიცდა, რომ დღეს მის გარეშე ძალიან გამიჭირდება. ის არის პიროვნება, რომელსაც ყოველთვის მივმართავ, როგორც საიმედო ადამიანს და მოძღვარს. შემიძლია ვუთხრა ყველაფერი, ისიც, რასაც მხოლოდ საკუთარ თავს თუ გამოვუტყდები. მისი გონივრული რჩევები მეხმარება ყველა გასაჭირის გადალახვაში. თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი, მას შეგიძლია მიმართო დღე-ღამის ნებისმიერ დროს და ყოველთვის მზად არის დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით შვილად მერგება, ისეთი ბრძნული საუბრები აქვს, ხანდახან ჩემზე უფროსი მგონია. ადამიანების სიყვარულის დიდი უნარით არის დაჯილდოვებული და სამაგიერო სიყვარულსაც იმსახურებს. მრევლში ის გამორჩეული პატივისცემით სარგებლობს. მახსოვს, როდესაც ის სამთაწყაროში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უკმაყოფილებას არ გამოხატავდა და ამბობდა, რომ ის იმ დაძაბულ სიტუაციაში სწორედ სამთაწყაროელებს სჭირდებოდა, აქაური მრევლი მაინც უკმაყოფილო დარჩა, მის დაბრუნებას ითხოვდა, ზოგიერთი აღსარებისთვის თუ რჩევისთვის სამთაწყაროსა და სახლში აკითხავდა. აი, ასე შეაყვარა მან თავი მრევლს, რომლის მოქცევა სწორედ მისი დამსახურებაა. ვულოცავ იუბილეს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის დიდ ოჯახს.


მამა ნიკოლოზ, დედოფლისწყაროს მართლმადიდებლური მრევლის და მთელი მოსახლეობის სახელით გილოცავთ დაბადების 50 წლისთავს. იცოცხლეთ და იხარეთ.

ნაირა გორაშვილი - გაზეთი „შირაქი“

0
485
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0