x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჩხუბში ერთი-ერთზე

ზვიად გამსახურდია


მე პირველ სკოლაში ვსწავლობდი. ამავე სკოლაში, ზვიად გამსახურდიაც სწავლობდა. მაშინ ყველას სასკოლო ფორმით უნდა გვევლო, მაგრამ მე გამონაკლისი ვიყავი, რადგან კრივში ვარჯიშობდი. ხშირად სკოლაში სავარჯიშო ფორმით მივდიოდი. მას ზედ თეთრი ზოლი დაყვებოდა და ძალიან მიყვარდა ამ ფორმის ჩაცმა. ეტყობა, ზვიადს ეს არ მოსწონდა. ერთხელ ის და აკაკი ვასაძე უმცროსი მოვიდნენ და საჩხუბრად გამიწვიეს. ზვიადმა მითხრა, - შენი ძმაკაცი გამოიყოლე, ვერის პარკში გავიდეთ გაკვეთილების შემდეგ და იქ ვიჩხუბოთო. გაკვეთილების შემდეგ ჩემს მეგობარ ფირან მალაციძესთან ერთად ვერის პარკს ვეწვიეთ. ზვიადი და აკაკი იქ იყვნენ. პირისპირ დავდექით და ჩხუბისთვის მოვემზადეთ. ზვიადი ფიზიკურად ძლიერი იყო და ამიტომ მე აკაკის ვეძგერე. დაიწყო ჩხუბი- მე და აკაკი ვასაძე, იქით - ზვიადი და ფირანი. აკაკის მუშტი ცხვირში მოვარტყი, სისხლი წამოუვიდა და ჩხუბი შევწყვიტეთ. გამსახურდია და მალაციძე ჩხუბს ისევ აგრძელებდნენ. ზვიადი ჯაბნის ჩემს მეგობარს და დავუძახე, ფირა, ხომ არ მოგეხმარო-მეთქი. ზვიადმა ჩემი ხმა გაიგონა, ჩხუბი შეწყვიტა და მითხრა, - რატომ უნდა მიეხმარო, ჩვენ ხომ შევთანხმდით ერთი-ერთზე გვეჩხუბაო. ამის მერე ჩხუბი აღარ გაგვიგრძელებია და მაშინვე შევრიგდით.
- ბატონო სერგი, ზვიად გამსახურდიამ მარტო იმიტომ გაგიხმოთ საჩხუბრად, რომ სკოლაში სკოლის ფორმით არ დადიოდით თუ სხვა რამ მიზეზიც არსებობდა?
-მარტო მაგიტომ არა. მოკრივე რომ ვიყავი, დიდი გული მქონდა და ხშირად ვხულიგნობდი, უმიზეზოდ ბევრს ვურტყამდი. ზვიადი კი სუსტებს ხშირად იცავდა. ჭკვიანი, გულიანი ბიჭი იყო. თუ არ ვცდები, 6 თვე კრივშიც ვარჯიშობდა.
სერგო ბერძენიშვილი
ესაუბრა ზაზა ბაკაშვილი
გაზეთი "დრო", N: 21 (78)

1
195
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
195
  
2019, 6 აპრილი, 17:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1