x
image
ლანა92
ვინ იყო ოთხი ცნობილი "ცისფერყანწელი", რომელთაც საბჭოთა მმართველობამ გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ გამოსვლა აიძულა და შემდგომ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულეს

image

გრიგოლ რობაქიძე სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე, მერე თავმჯდომარეც, სახალხო განათლების კომისარიატთან არსებული მთავარი სახელოვნებო კომიტეტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ, როგორც ყველა ხელოვანი, მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა. მწერალს ერთადერთ ხსნის გზად ცოტა ხნით უცხოეთში წასვლა ესახებოდა და 1927 წელს ევროპაში მიდის კიდეც სალიტერატურო საქმეების მოსაგვარებლად. გრიგოლ რობაქიძე გაემგზავრა საზღვარგარეთ, თუმცა ფინანსური პრობლემები თან სდევდა.

გრიგოლ რობაქიძის ევროპაში მოგზაურობას უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია, 1928 წელს "გველის პერანგის" გერმანული თარგმანი გამოიცა, გერმანელი მწერლის - სტეფან ცვაიგის წინათქმით.

"გველის პერანგის" გერმანული თარგმანის გამოსვლამ და სტეფან ცვაიგის წინასიტყვაობამ შეაშფოთა ქართული პროლეტარული მწერლობა, დარაზმულად შეუტიეს გრიგოლ რობაქიძეს:

"ის, რომ სტ. ცვაიგი თარგმნის და აქებს რობაქიძეს... ყოველივე ამაში შერჩევის კანონი მოქმედებს. "სული სულს ცნობს" და არაფერია საკვირველი, რომ გრიგოლ რობაქიძე ბურჟუაზიული ევროპის მწერალი უფროა, ვიდრე ჩვენი რევოლუციური ქვეყნისა, და საკვირველიც არ იქნება, რომ ევროპამ იგი "სცნოს" "(პლატონ ქიქოძე).

"გრიგოლ რობაქიძე მთლიანი და ჩამოყალიბებული სახის ბურჟუაზიული მწერალია. "გველის პერანგის" გამარჯვება ბურჟუაზიულ გერმანიაში შემთხვევითი მოვლენა არ არის. კლასიკური კანონზომიერება მოქმედებს აქ უსათუოდ" (შალვა რადიანი).

"მხედველობაში არ გვაქვს ცვაიგის აღტაცება ამ რომანით. უცხოელი მწერლის აღმოსავლური ეგზოტიკით "მოხიბვლა" ვერაფერ მატებს "გველის პერანგის" ღირებულებას და საბჭოთა საზოგადოებისათვის დამატებითი დამაჯერებელი საბუთი არ არის" (ბენიტო ბუაჩიძე) [ბაქრაძე, "კარდუ", 1999, 115].

ამდენად, გრიგოლ რობაქიძე "გველის პერანგის" გერმანული თარგმანის გამოქვეყნების (1928 წელი) გამო ბურჟუაზიულ მწერლად გამოაცხადეს და ამიერიდან მის თითოეულ ნაბიჯს აკრიტიკებდნენ: 1928 წელს ლევ ტოლსტოისადმი მიძღვნილ წერილში საკუთარ თავსა და სტეფან ცვაიგზე უფრო საუბრობს, ვიდრე რუს მწერალზე-ო; არც რომანი "ფალესტრა" მოეწონათ. ერთადერთი, რამაც გაახარა გრიგოლ რობაქიძე, მისი პიესა "ლამარას" გამარჯვება იყო რუსთაველის თეატრში და ეს განწყობა სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. 1962 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, შენიშნავდა, რომ "საქართველო ოდესმე იამაყებს მსოფლიოს წინაშე "ლამარათი" (წერილი გიორგი გამყრელიძეს).

"ლამარა" გერმანიაში წასასვლელად დაეხმარა გრიგოლ რობაქიძეს. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა-გასტროლები გერმანიაში, მწერალი უცხოეთში სამუდამოდ აპირებდა დარჩენას. გრიგოლ რობაქიძე მეგობარს, ნიკოს კაზანძაკისს მოგვიანებით გამოუტყდება, რომ ჯერ კიდევ 1928 წელს გადაწყვეტილი ჰქონია საბჭოთა კავშირიდან წასვლა. რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლებისას, 1930 წელს სტალინს მოსწონებია "ლამარა" და საბჭოთა ხელისუფლებას მიზანშეწონილად მიუჩნევია რუსთაველის თეატრის ევროპა-ამერიკაში გაგაზავნა, რითაც უსარგებლია გრიგოლ რობაქიძეს, როგორც "ლამარას" ავტორს და გერმანიაში გასამგზავრებლად პასპორტი მიუღია.

1931 წლის 7 მარტს გრიგორ რობაქიძე უკვე გერმანიაში იმყოფება. მეუღლის მკურნალობის საბაბით, მწერალი გერმანიაში გასტროლებით გათვალისწინებულზე მეტი დრო დარჩა, თუმცა ჯერ არ იცოდნენ, რომ ემიგრაციაში წავიდა და გარკვეული პერიოდი არ ეხმაურებოდნენ ამ ფაქტს.

1931 წლის მაისს საქართველოს მწერალთა ფედერაცია "გაწმინდეს" 27 წევრისაგან (მათ შორის კონსტანტინე გამსახურდიაც გარიცხეს). გრიგოლ რობაქიძე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კაპიტალისტურ ევროპაში იყო, ოფიციალურად არ გაურიცხავთ, რადგან "ლამარა" სტალინს მოეწონა, თუმცა დაუსჯელიც არ დარჩენილა, უფრო ადრე, 1930 წლის 15 ნოემბერს იგი ფედერაციის თავმჯდომარეობიდან მოხსნეს. ოდნავ მოგვიანებით საქართველოში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ გრიგოლ რობაქიძე ევროპაში ემიგრანტად წავიდა და ხელისუფლების ბრძანებით, ბოლშევიკურ კომუნისტურმა პრესამ მწერალი მონათლა "ფაშისტად", "რასისტად", "კაპიტალიზმის აპოლოგეტად".

გრიგოლ რობაქიძეს გრიგოლ მუშიშვილმა და კომუნისტური პარტიის სამსახურში ჩამდგარმა სხვა პუბლიცისტებმა, ჟურნალისტებმა პამფლეტები დაუწერეს. 1934 წელს, გრიგოლ მუშიშვილის პამფლეტ "გველის პერანგოსანში" ვკითხულობთ: "გველმა პერანგი გამოიცვალა."გველმა თავისი თავი დატოვა: მოხსნა და გადააგდო". გველი იცვლის პერანგს, მაგრამ არა საკუთარ არსებას - გველი გველად რჩება მაინც, უფრო საშიშ, გაახალგაზრდავებულ გველად.. მიხაკისფერი ყანწით - ფაშისტური დაღით მკერდის შუაგულზე - სვამს გრიგოლ რობაქიძე გერმანული ფაშიზმის, მისი დამპალი კულტურის, რასიული იდეოლოგიის სადღეგრძელოს.. [ბაქრაძე, კარდუ, 1999, 119].

გრიგოლ მუშიშვილის პამფლეტი მხატვრულად გააფორმა ლადო გუდიაშვილმა, "გველის პერანგოსანის" ყდაზე (1934 წელი) გამოსახულია მხატვრის მიერ შესრულებული კარიკატურა, გრიგოლ რობაქიძე ხეზე შემოხვეული გველის სხეულით.

image

ლადო გუდიაშვილს უფრო ადრე, მწერლის გერმანიაში ემიგრაციამდე დაუხატავს მისი პორტრეტი - "გრიგოლ რობაქიძე არწივის თავით, რომელსაც გადმოსდის ტვინი ბალღამივით და შუბლი შედრეკია ისე, თითქოს მაცხოვარს ჩასცეს ლახვარი" (ტიციან ტაბიძის სიტყვებით). პამფლეტ "გველის პერანგოსანში" კი ლადო გუდიაშვილმა გრიგოლ რობაქიძე გველად წარმოადგინა, რადგან საბჭოთა მმართველობამ აიძულა, ამ კარიკატურით "გამოესყიდა" გრიგოლ რობაქიძის პირველი პორტრეტის დახატვის "დანაშაული".

კომუნისტური პარტია და მისი ხელდასმული პროლეტარული მწერლობა არ სჯერდება გრიგოლ რობაქიძეზე პამფლეტების გამოქვეყნებას და აგრძელებს ემიგრანტი მწერლის დევნას.

გრიგოლ რობაქიძის "ცისფერყანწელ" მეგობრებს: პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, ვალერიან გაფრინდაშვილს, ნიკოლო მიწიშვილს (ნიკოლოზ სირბილაძე) საბჭოთა ხელისუფლება აიძულებს, გამოვიდნენ მწერლის წინააღმდეგ.

imageპაოლო იაშვილი

imageტიციან ტაბიძე

imageვალერიან გაფრინდაშვილი

imageნიკოლო მიწიშვილი (ნიკოლოზ სირბილაძე)

1935 წლის "მნათობის" მეოთხე წიგნში ქვეყნდება ოთხი ცნობილი "ცისფერყანწელის": პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ნიკოლო მიწიშვილის მიმართვა სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმისადმი. მიმართვაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირმა განსაცვიფრებელი გამარჯვება მოიპოვა მრეწველობის, სოფლის მეურნეობის კულტურის ყველა დარგში, რაც აცოფებს კაპიტალისტურ სამყაროს და სულ უფრო გაბოროტებით ებრძვის სოციალიზმს:

"ასეთ დროს ქართველი მწერლების რიგებს მოღალატურად სტოვებს და როზენბერგის ბანდებს ეკედლება ერთი ქართველი მწერალი, რომლის სახელი ამიერიდან ხდება სამარცხვინოდ ყოველ საბჭოთა მწერლისა და მოქალაქისათვის.

ეს მწერალი გრიგოლ რობაქიძეა.

ეს თვალთმაქცი ადამიანი დღიდან საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარებისა, ატყვილებდა რა ხელისუფლებას, მწერლობას და საბჭოთა საზოგადოებას, გულში ატარებდა მშრომელთა ქვეყნისა და საბჭოთა საქართველოს ღალატის მუხანათურ აზრებს.

და ეს ზრახვები დღეს გრიგოლ რობაქიძემ განახორციელა საბჭოთა საქართველოდან ქურდულად უცხოეთში წასვლით, ფაშიზმის ბანაკში აშკარად გადასვლით და იქ ჩვენი დიადი სოციალისტური სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატური, გამცემლური მუშაობით.

მისი ღალატის გამომჟღავნების შემდგეგ ჩვენთვის აშკარაა, რომ ქართული საბჭოთა მწერლისათვის ამ უჩვეულო საქციელს წარსულში სარჩული ჰქონდა. და ვინც გაისხენებს რობაქიძის მუშაობას რუსულ შოვინისტურ პრესაში, მის ბულვარულ რომანს "ფალესტრა" და იდეალისტურ რასისტულ წიგნს "გველის პერანგს" და მთელ მის მხატვრულ პროდუქციას, გამსჭვალულს გადაგვარებულ კლასთა იდეურ სიღატაკით და დაკნინებულს მხატვრული ფორმით, - რობაქიძეს ეს უმსგავსო და ბოროტი საქციელი გასაგები ხდება, როგორც ლოღიკური დასკვნა ამ განდიდების სენით შეპყრობილ, გადაგვარებულ პიროვნების მუშაობისა" [ბაქრაძე, "კარდუ", 1999, 120].

1935 წლის 19 აპრილს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე, დიდხანს ლანძღავდნენ გრიგოლ რობაქიძეს. ბოლოს "ცისფერყანწელთაგან" იძულებით მიღებული მიმართვის საფუძველზე, მიიღეს დადგენილება, რომ "კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ბანაკში გადასული" გრიგოლ რობაქიძე გამოაცხადონ სოციალისტური სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას საბჭოთა მოქალაქეობა.მრავალი წლით, კერძოდ, 1935 წლიდან სოცრეალიზმის მეოთხე პერიოდამდე (80-იან წლებამდე) გრიგოლ რობაქიძის სახელს მეგრული "ვაშინერსი", ანუ ქართული "ტაბუ" დაედო.

პრეზიდიუმის დადგენილებაში ვკითხულობთ: " სრულიად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პრეზიდიუმმა მოისმინა რა ფაშისტ გრიგოლ რობაქიძის გამცემლური მუშაობის შესახებ მწერალთა ერთი ჯგუფის - პ. იაშვილის, ტ. ტაბიძის, ვ. გაფრინდაშვილის, ნ. მიწიშვილის - განცხადება, რომელსაც ერთსულოვნად საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მთელი კოლექტივი, დაადგინა: ეთხოვოს საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმს, რათა გრიგოლ რობაქიძე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხის, გადასული კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ბანაკში, გამოცხადებულ იქნას სოციალისტური სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას მას საბჭოთა მოქალაქეობა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგების განხორციელებით" [ბაქრაძე, კარდუ, 1999].

თავისუფალი ნებით "მნათობში" გამოქვეყნებულ "მიმართვას", ცილისმწამებლურ გამოსვლას არც პაოლო იაშვილი, არც ტიციან ტაბიძე, არც ვალერიან გაფრინდაშვილი და არც ნიკოლო მიწიშვილი ხელს არ მოაწერდნენ, იგი საბჭოთა მმართველობის მხრიდან ველური ძალდატანების შედეგი იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძესა და "ცისფერყანწელებს" დიდი მეგობრობა აკავშირებდათ. უფრო მეტიც, ახალმა ლიტერატურულმა თაობამ გრიგოლ რობაქიძე ცნო მე-20 საუკუნის 10-იანი წლების ლიტერატურულ რეფორმატორად, სიმბოლიზმის შემომტანად ქართულ ლიტერატურაში. "ცისფერი ყანწების" პირველსავე ნომერში ტიციან ტაბიძეს თავისი მეგობარი, გრიგოლ რობაქიძე ახალი ლიტერატურული ორდენის თავკაცადაც კი გამოუცხადებია, რადგანაც იგი მიაჩნდა ქართულ სინამდვილეში პირველი სიმბლისტური ლექსების ავტორად.

პაოლო იაშვილი, "გრიგოლ რობაქიძეს":

"მომართვა ჩემი, კარდინალო ჩვენი ორდენის,

იქნება მძიმე.

შენი შუბლი, უფრო მძიმეა

ყველა ლექსებზე, რაც მე და შენ დაგვიწერია...".

1919 წლის "მეოცნებე ნიამორების" თებერვლის წიგნი გრიგოლ რობაქიძისათვის გამოცემის რედაქტორს, ვალერიან გაფრინდაშვილს უჩუქებია წარწერით "პოეტს და ოქროპირს გრიგოლ რობაქიძეს..".

ვალერიან გაფრინდაშვილი, "გრიგოლ რობაქიძე" : "თეთრ სიამაყეს აქანდაკებ შენი დიდებით

და სერაბიმი მარტოობის გდარაჯობს ხშირად

რომ შენ, მზიური, დაიფერფლო ღამის ნახშირად".

თავის მხრივ, გრიგოლ რობაქიძესაც მიუძღვნია "ცისფერყანწელი" მეგობრებისადმი სონეტები: "ვალერიან გაფრინდაშვილს", "ტიციან ტაბიძეს", "სონეტი ლოცვისა" ქვესათაურით "ახალ მხედართ: ვ. გაფრინდაშვილს, პ.იაშვილს, ტ. ტაბიძეს, გ. ტაბიძეს".

გრიგოლ რობაქიძემ გაიგო "მნათობში" დაბეჭდილ მიმართვაზე, მაგრამ "ცისფერყანწელ" მეგობრებს გულწრფელად აპატია, უფრო მეტიც, 1937 წელს გამოქვეყნებულ რომანში "გრაალის მცველნი" პაოლო იაშვილი (პერსონაჟი ოდილიანი) და ტიციან ტაბიძე (პერსონაჟი ავალა) წმინდა გრაალის მცველებად, გუშაგებადაც კი გამოიყვანა, რადგან ისიც იცოდა, რომ სასტიკი იძულებით აწერინებდნენ ასეთ "მიმართვებს".

1935 წლის "მნათობის" მეოთხე წიგნში გამოქვეყნებული გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ მიმართული წერილის ავტორების, მწერლის "ცისფერყანწელი" მეგობრების სიცოცხლე მალევე ტრაგიკულად დასრულდა: ტიციან ტაბიძე და ნიკოლო მიწიშვილი ჯერ დააპატიმრეს და მერე დახვრიტეს კიდეც, პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, 52 წლის ვალერიან გაფრინდაშვილი კი 1941 წელს გარდაიცვალა თითქოს ბუნებრივი სიკვდილით, მაგრამ მაინც საეჭვოა, გარდაიცვალა კი ბუნებრივი სიკვდილით თუ მას სხვაგვარი ხერხით შეუმოკლეს სიცოცხლე? 1941 წელს, როცა 52 წლის ვალერიან გაფრინდაშვილი გარდაიცვალა, ეს სრულებით არ იყო გამორიცხული.

გრიგოლ რობაქიძემ 1933 წელს გამოქვეყნებულ რომან "ჩაკლულ სულში" აღწერა საბჭოთა ტექნოლოგია, რითაც ადამიანებს ერთმანეთის დასმენას, გაცემას თუ ცილისმწამებლური მიმართვების დაწერას აიძულებდნენ. მწერალი უაღრესად განიცდიდა რეპრესირებული "ცისფერყანწელი" მეგობრების ბედს, პაოლო იაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანას, ტიციან ტაბიძისა და ნიკოლო მიწიშვილის დაპატიმრება-დახვრეტას:

"ახლა ეს კაცი - ნიჭიერი პოეტი, ღმერთების საყვარელი, მეფე და მათხოვარი, მარადი ჭაბუკი, შვილიმ მზისა - ცოცხალი აღარ არის. როგორც ვარშავიდან შეგვატყობინეს, მას მყისვე მოუკლავს თავი, როცა მის დასაპატიმრებლად გპუ-ს აგენტები მისულან" [ბაქრაძე, "კარდუ", 1999, 123], - წერდა გრიგოლ რობაქიძე პაოლო იაშვილზე.

0
438
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0