x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ბერძნული მითები: ღმერთების დაბადება
ნაწილი I

image

თავდაპირველად არაფერი არსებობდა... შემდეგ, თითქოს არსაიდან, დედამიწა გაჩნდა. ის გამოირჩეოდა თავისი სილამაზით და თბილი გულით. რამდენიმე წამის შემდეგ ცაც გაჩნდა, რომელსაც დედამიწა იმდენად შეუყვარდა, რომ ზედ გადაეფარა და ერთგულება შეჰფიცა. დედამიწასაც მოეწონა ზეცა.

ცას ურანოსი ერქვა, დედამიწას კი გეა. როდესაც გეა პირველად ეამბორა ზეცას, ურანოსი გაწითლდა, გაოქროსფერდა და პირველი დაისიც შეიქმნა, როდესაც ისინიჩახუტებულები იძინებდნენ, მთებსა და ველებს ვერცხლისფერი შუქი ეფინებოდათ.


ისინი მალევე დაქორწინდნენ. პირველად გიგანტები ეყოლათ. ისინი ლამაზები და ძლიერები იყვნენ. ხეებს ისე გლეჯდენ, როგორც გვირილებს, მთებზე კი ისე სხდებოდნენ, თითქოს ტახტზე ჩამომჯდარიყვნენ.

image შემდეგ გეამ სამი ციკლოპი შვა: მსუქანი, მახინჯი და ცალთვალა გოლიათები. უარნოსს არ მოსწონდა ისინი, თუმცა გეა მათზე გიჟდებოდა.

image

მომდევნო სამი შვილი კიდევ უარესი ურჩხულები იყვნენ. ურანოსი უკვე აღარ მალავდა მათდამი სიძულვილს, გეასაც ნაკლებად მოეწონა ისინი, თუმცა არავის გაუმხილა. ურანოსი უკვე ვეღარ იტანდა მათ და ამიტომ ციკლოპებთან ერთად მიწისქვეშეთში ჩარეკა. გეას გული ატკინა მეუღლის საქციელმა. ბევრი ეცადა ურანოსი, თუმცა ცოლის გული ვეღარ მოიგო. მათ შორის განხეთქილება გაჩნდა. გეამ მალულად დაიწყო გეგმის დაწყობა, როგორ დაეძვრინა ურანოსისგან თავი და დატყვევებული შვილები ეხსნა.

ერთხელაც გეამ ტიტანებს უთხრა: "მამათქვენი დაბერდა. ნელ-ნელა სუსტდება, ამიტომ მისი სამფლობელო თქვენ უნდა დაიკავოთ". ტიტანებს ეშინოდათ მამასთან დაპირისპირების, მხოლოდ ერთმა გამოთქვა სურვილი მამის დამარცხებისა. ეს იყო კრონოსი. გეამ იგი უმაღლესი მთის წვერვალზე აიყვანა და მისი ყველაზე მკვრივი ნაწილისგან გამოჭედილი ნამგალი გადასცა. კრონოსი დაელოდა მამის გამოჩენას, შემდეგ კი ნამგალი მოიქნია და ზეცა გააპო. ურანოსი სამუდამოდ განეშორა დედამიწას. "ოდესმე შენც შვილი დაგამხობს" -სევდიანად უთხრა ვაჟს დაჭრილმა ურანოსმა. " არასოდეს"- იყვირა კრონოსმა.

image

გეას გაუხარდა შვილის წარმატება, თუმცა კრონოსისგან უარი მიიღო ძმების გათავისუფლებისთვის. კრონოსმა მეორე ტიტანი რეა შეირთო ცოლად. მას მამამისის სიტყვები არასვენებდა და როდესაც შვილი შეეძინათ აიტაცა და მაშინვე გადაყლაპა. დედამ ახალშობილისთვის თვალის შევლებაც ვერ მოასწრო.

"დამშვიდდი, შე სულელო - უთხრა კრონოსმა - ბავშვების გადასარჩენად ეს ერთადერთი გზაა." რეამ დაუჯერა მეუღლეს, თუმცა ბავშვი ძალიან ენატრებოდა. ცოტა ხნის შემდეგ რეას მეორე შვილიც შეეძნა, რომელიც კრონოსმა ისევ გადაყლაპა. მომდევნო წლებში მათ მესამე, მეოთხე და მეხუთე შვილებსაც იგივე ბედი ეწია. როდესაც გეამ კრონოსის საქციელი გაიგო, მაშინვე რეას უთხრა, რომ მისი ქმარი ატყუებდა. ამ დროს რეა მეექვსე ბავშვს ელოდებოდა. მშობიარობა რომ მოუწია, რეა მთებში გაიპარა და თავისი ვაჟი, ზევსი, ნიმფებს ჩააბარა. მეუღლეს კი ჩვრებში გახვეული მსხვილი ლოდი მიუტანა. კრონოსმა დაუჯერა და ლოდი გადაყლაპა.

0
329
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0