x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გლუტენი - რატომ არის ის საშიში და რა არის ცელიაკია?
image


რა არის გლუტენი (გლუტეინი, წებოვანა)?


გლუტენი (გლუტეინი, წებოვანა) არის იმ ცილების საერთო დასახელება, რომლებიც გვხვდება ხორბალში, ჭვავში, ქერში და შვრიაში (ზოგჯერ). გლუტენი მოქმედებს როგორც წებო და ეხმარება საკვებს ფორმის ჩამოყალიბება-შენარჩუნებაში. მისი არსებობა განაპირობებს ცომის ელასტიურობას. ის შეიძლება შეგვხვდეს ბევრნაირ საკვებში, იქაც კი სადაც არ ველით. გლუტენს ზოგიერთი ადამიანი, დაახლოებით ასიდან ერთი, ვერ ინელებს - გლუტენის აუტანლობა აქვს, ან ალერგიას იწვევს მათში.


სად გვხვდება გლუტენი?



ჩვეულებრივ, გლუტენი გვხვდება პურში, საკონდიტრო ნაწარმში, სოუსებში (მაიონეზი, კეტჩუპი), სუფებში, სალათის დრესინგებში, roux (ფქვილი და ცხიმი ერთად, გამოიყენება როგორც შემასქელებელი), პასტას ნაირსახეობაში, ბურღულეულში, გაღივებულ-გაჯირჯვებულ მარცვლეულში, საკვებ საღებავებში, ლუდში და ლუდის საფუარაში (Brewer’s yeast).


გლუტენს ხანდახან ისეთ საკვებ პროდუქტებშიც ამატებენ, რომლებიც ერთი შეხედვით გლუტენს არ უნდა შეიცავდნენ - სისქისთვის იყენებენ იოგურტებში, ნაყინში, შოკოლადში, სიროფებში, სოსისებში, ძეხვეულში, კოტლეტებში და სხვ.


რაც შეეხება შვრიას, ის ჩვეულებრივ არ შეიცავს გლუტენს, თუმცა რადგან ხშირად ხდება შვრიისა და ხორბლის გვერდიგვერდ დათესვა, დაფქვა და შენახვა, შეიძლება გამოიწვიოს იგივე სიმპტომები, რაც ხორბალმა. ამიტომ ექიმები გლუტენზე ალერგიულ პაციენტებს მხოლოდ ისეთი შვრიის მიღებას ურჩევენ, რომელსაც აქვს ნიშანი „უგლუტენო’’.


პროდუქტები, სადაც გლუტენი დანამდვილებით არ შეგვხვდება – ხორცი, თევზი, კვერცხი, კარტოფილი, ბრინჯი, სიმინდი, თხილეული, ხილი, ბოსტნეული. რძის პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი კომპონენტებისგანაა დამზადებული და მათში მშრალი რძე არ არის გამოყენებული, ასევე უსაფრთხოა ამ მხრივ.


თუმცა აღსანიშნავია, რომ გლუტენის ალერგიის დროს ხშირად აღინიშნება ადამიანებში ლაქტოზის (რძის შაქარი) აუტანლობაც, ამიტომ ოჯახები, სადაც ერთი ასეთი პაციენტი მაინც მოიძებნება, განსაკუთრებით თუ ის პატარა ბავშვია, მთლიანად გადადიან უგლუტენო და ულაქტოზო დიეტაზე.


ზოგიერთი მეცნიერის აზრით, უგლუტენო დიეტა საჭიროა ყველა ადამიანისთვის. ეს აზრი გამომდინარეობს იქიდან, რომ მარცვლეული ძირითადად ფრინველების საკვებია და ადამიანებს მათგან განსხვავებით, არ გაგვაჩნია ფერმენტების საკმარისი რაოდენობა მათი დაშლისთვის.


რა არის ცელიაკია და როგორი გავრცელება ახასიათებს მას?


ეს არის სერიოზული ავტოიმუნური, გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც გლუტენის მიღება იწვევს წვრილი ნაწლავების დაზიანებას. იწყება ანთებითი პროცესი, ორგანიზმი გლუტენის ცილას აღიქვავს “უცხოდ’’, იწყებს ჭარბი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავებას და მასთან ბრძოლას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ორგანიზმი ებრძვის ცილას, რომელსაც ვერ ინელებს და ამასობაში ზიანდება ნაწლავის გარსი. თავდაპირველად ასეთ რეაქციებს მიაწერენ ხოლმე ენტეროვირუსებს, რაც ისედაც ხშირია ბავშვებში გამომდინარე ჯერ არ ჩამოყალიბებული იმუნიტეტით. ამიტომ ძნელდება საწყის ეტაპზე სწორი დიაგნოზის დასმა. ამასობაში ხდება ნაწლავის ხაოების დიდი რაოდენობით განადგურება (გაბრტყელება), რასაც უკავშირდება შემდგომში ლაქტოზის აუტანლობაც. ამის გამო ვეღარ მიეწოდება ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებები. ადამიანებს ამ დროს ეწყებათ რკინა-დეფიციტური ანემია, ავიტამინოზი, რჩებიან საჭირო მიკროელემენტების გარეშე.


დაავადებები, რომელიც შეიძლება ცელიაკმა გამოიწვიოს:


ლაქტოზის აუტანლობა; რკინა დეფიციტური ანემია; ახალგაზრდა ასაკში დაწყებული ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი; უშვილობა და თვითნებური აბორტები; ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა; ცენტრალური და პერიფერიულ ნერვული სისტემის ისეთი დაავადებები როგორიცაა ატაქსია, ეპილეფსიური გულყრები, დემენცია, შაკიკი, ნეიროპათია; პანკრეასის დაავადებები; ნაღვლის ბუშტის ფუნქციის მოშლა;


სიმსივნეებიდან შეიძლება გამოწვიოს:


  • არაჰოჯკინის ლიმფომა - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ლიმფური სისტემის უჯრედები, სისხლის თეთრი რიგის უჯრედები ანუ ლიმფოციტები. არაჰოჯკინის ლიმფომის დროს ლიმფოციტები იქცევიან სიმსივნური უჯრედების მსგავსად, უკონტროლოდ მრავლდებიან, იზრდებიან და არ კვდებიან დადგენილი წესის მიხედვით. ამიტომაც აჰლ მიეკუთვნება სიმსივნურ დაავადებათა ჯგუფს.
  • კოლორექტული კიბო - მსოფლიოში ყოველწლიურად კოლორექტული კიბოს მილიონამდე ახალი შემთხვევა დიაგნოსტირდება და დაახლოებით 500 ათასი ადამიანი იღუპება. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო – ეს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც საქართველოში გავრცელების მიხედვით მესამე ადგილი უჭირავს.
  • საყლაპავის კიბო - საყლაპავი მილის ავთვისებიანი სიმსივნე.
  • პაპილარული კიბო - ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე.
  • მელანომა - კანის ავთვისებიანი სიმსივნე.

სიმსივნეების გარდა ის ხშირად არის დაკავშირებული სხვა ავტოიმუნურ დაავადებებთან, განსაკუთრებით თირეოიდულ დაავადებებთან და დიაბეტის 1 ტიპთან.


როგორ სვავენ დიაგნოზს?


ცელიაკიის დიაგნოზის დასმა ხდება უბრალო სისხლის ანალიზით. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცელიაკია და ჭამენ გლუტეინიან საკვებს, სისხლში ძალიან დიდი რაოდენობით აქვთ ანტისხეულები, რომლებიც გლუტენის ცილას “ებრძვიან''. ცელიაკიის საბოლოო დიაგნოზისთვის საჭიროა წვრილი ნაწლავებიდან ენდოსკოპიური ბიოფსია. ექიმმა ასეთი კვლევა მხოლოდ მაშინ უნდა ჩაატაროს, თუკი აქვს ეჭვი ცელიაკიაზე და გენეტიკური კოდიც უდასტურებს ამ ეჭვს.


როგორ მკურნალობენ?


ცელიაკის ერთადერთი მკურნალობის გზა არის მკაცრი უგლუტენო დიეტა. სიმპტომები რამდენიმე კვირაში ლაგდება, თუმცაღა, დაზიანებული ნაწლავების აღდგენას შეიძლება მთელი სიცოცხლეც კი არ ეყოს.


როგორ მიიღება უგლუტენო საკვები?


გლუტენს დანამდვილებით არ შეიცავს ხორცი, ბოსტნეული, ხილი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტი თუ ის დამზადებულია ბუნებრივი კომპონენტებისგან.

ჯანსაღი ცხიმებიდან ის არ შედის ქოქოსის, ზეითუნის, სელის, ამარანტის, ნუშის, სეზამის, მზესუმზირის, ჩიას და გოგრის თესლების, ავოკადოს ცხიმში.

მარცვლეული კულტურებიდან გლუტენისგან თავისუფალია ამარანტი, ბრინჯი, ოსპი, ლობიო, წიწიბურა, მუხუდო, ფეტვი, ბარდა, ქინოა, სორგო, სიმინდი.

უგლუტენო დიეტის მთავარი პრობლემა არის ხოლმე პური და საკონდიტრო ნაწარმი. ამიტომ ასეთ დროს ძირითადად იყენებენ ხოლმე ფქვილს, რომელიც მზადდება ცილისგან და სახამებლისგან. ფქვილის იდეალური ფორმულა გამოიყურება ასე: 4 წილი ცილა + 6 წილი სახამებელი. ცილა შეიძლება მიიღონ სიმინდისგან, ყავისფერი ბრინჯისგან, წიწიბურისგან, ქინოასგან, შვრიისგან, ფეტვისგან, სორგოსგან. ხოლო სახამებელს იღებენ კარტოფილისგან, თეთრი ბრინჯისგან, სიმინდის ფქვილისგან, კარტოფილის ფქვილისგან, ტაპიოკასგან, ამარანტისგან და ტკბილი ბრინჯისგან.

საკონდიტრო წარმოებისთვის კარგად გამოიყენება ბოლო პერიოდში ბანანის ფქვილიც, რომელიც აღარ საჭიროებს დამატებით შაქარს, რაც ძალიან კარგი ალტერნატივაა დიაბეტით დაავადებული ადამიანისთვის.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


ტუბერკულოზი - როგორ მოვიქცეთ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს?


ციროზი - როგორ მოვიქცეთ ციროზის დიაგნოზის დროს?


რა არის ალერგია და რა იწვევს მას?



0
1076
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
1076
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0