x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ იწყება
image
სახალხო და მასშტაბური კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ იწყება. კონკურსზე, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა-ხელშეწყობაა, განაცხადების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყო და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება.


მათ, ვისაც წერა უყვარს და ფიქრობს, რომ ეს კარგად გამოსდის; მათ, ვინც საკუთარ წიგნსა და წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, შეუძლიათ, ოცნება რეალობად აქციოს.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მესამე წელია ატარებს. გასული 2 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერები არიან და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.


„გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებულები თათული ღვინიანიძე, ია კარგარეთელი, ელის დოჯსონი და შორენა ხუხუა გახდნენ, ხოლო 2018 წელს კონკურსში 5 გამარჯვებული გამოვლინდა. ნიკოლოზ ტოტოღაშვილის "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა", გვანცა გუბელაძის "შულამელი გოგონები" და ნათია ჯაგოდნიშვილის "ცდუნება“ ხალხის რჩეულია, ჟიურის რჩეულები კი ვახტანგ ვახტანგაძის "ალაჰი ჩემი მეგობარია" და იაგო თვალაბეიშვილის "ტრანსმუტაცია" არიან.



გამარჯვების შემდგომ დებიუტანტ ავტორებს ჰქონდათ დიდი პრეზენტაციები, მონაწილეობას იღებდნენ ბიბლუსის „დიდ ლიტერატურულ ტურნეში“, მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ტელე და რადიოგადაცემაში.


„ეს კონკურსი, პირველ რიგში, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო, უფრო მეტად ვირწმუნე საკუთარი თავის და რაც მთავარია, მივიღე უდიდესი სითბო და სიყვარული, როგორც ჩემი მკითხველების, ისე სრულიად უცხო ადამიანებისაგან. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვიღებ შეტყობინებებს, სადაც მწერენ, როგორ დაეხმარათ ჩემი წიგნი, რამხელა ემოცია მიიღეს და დაფიქრდნენ კონკრეტულ საკითხებზე, ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.“ _ ნათია ჯაგოდნიშვილი.


„პროექტი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ იმითაა გამორჩეული, რომ მას შემდეგ, რაც წიგნი იბეჭდება, შენ საშუალება გაქვს, შეხვდე შენს მკითხველს, გაიზიარო მათი შთაბეჭდილებები და გაუზიარო შენი, მოგისმინონ და მოუსმინო...“ _ გვანცა გუბელაძე.



ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა, როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს.


კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.


განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

-გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, საინტერესოდ მოყოლილი მოკლე ბიოგრაფია. იმის მითითებით, გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს მითითება: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.);- ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს Word დოკუმენტით;
-კონკურსანტის ფოტო (JPG ფორმატი);

- საკონტაქტო ინფორმაცია;
-საკონკურსო ნაწარმოების მოკლე აღწერა/სინოპსისი (Word დოკუმენტი);
- ნაწარმოების დასაწყისი: 20-30 გვერდი, Word დოკუმენტი, შრიფტი − Sylfaen, ზომა − 11.

განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:

ნაწარმოების დასაწყისი (20-30 გვერდი) და სხვა მოთხოვნილი ფაილები უნდა გამოგზავნოთ 1-ლი აპრილიდან 1 - ლი მაისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: konkursi@palitra.ge;


ნაწარმოებების ატვირთვის შემდეგ კონკურსანტი ელფოსტაზე მიიღებს შეტყობინებას განაცხადის რეგისტრაციის შესახებ;


გამომცემლობის სარედაქციო ჯგუფი გაეცნობა განაცხადებს და კონკურსზე დაუშვებს იმ ავტორებს, რომელთა განაცხადები დააკმაყოფილებს გამომცემლობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს კონკურსის წესებისა და პირობების მიხედვით.


0
22
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0