x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში მუსლიმური სასაფლაოს შესახებ საინტერესო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
image


დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში, ბიბლიოთეკაში დედოფლისწყაროელი მეცნიერის, ეთერ ღვინიაშვილის ახლადგამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი თბილისის ბოტანიკურ ბაღში არსებულ მუსლიმურ სასაფლაო-პანთეონში საფლავის ქვებზე დატანილი არაბული წარწერების შესწავლას ეთმობა.


გაზაფხულსა და მარტის ქალთა დღესასწაულებს დაუკავშირეს ღონისძიება ამ დღეებში სოფელ სამრეკლოს ბიბლიოთეკარებმა მაყვალა მელაძემ და მარინა ყოჩიაშვილმა. ამ დღისთვის მათ პროგრამა ახალგაზრდა დედათა კლუბთან ერთად მოამზადეს და სტუმრებიც შეარჩიეს _ ქალბატონი ნუნუ ლეკაშვილი და მისი ქალიშვილი ეთერ ღვინიაშვილი.


– ეთერ ღვინიაშვილი ჩვენს სოფელში დაბადებული და გაზრდილი წარმატებული ქალბატონია, რომელიც თავის დროზე, ჩვენი ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველი იყო. სწორედ აქ ჩამოყალიბებულმა წიგნის სიყვარულმა განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა _ ის დღეს ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების მკვლევარია და დოქტორის ხარისხს ფლობს. აქამდე მისასვლელი გზა კი სწავლასა, შრომასა და ძიებაში თანდათან გაილია. ის 1975 წელს ჯაფარიძეში, ნუნუ ლეკაშვილის და გივი ღვინიაშვილის ოჯახში დაიბადა. ოჯახი სავსე იყო სიყვარულით, მომავალზე ოცნებით და იმედებით, მაგრამ ბედისწერამ უდროოდ უყელა გივი ღვინიაშვილს და ის ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. დარჩა ორი მცირეწლოვანი, უსუსური ბავშვის ამარა ქალბატონი ნუნუ. „ქალი სუსტია, მაგრამ დედაა ძლერი“- ვიქტორ ჰიუგოს ეს სიტყვები მართლაც რომ, ნუნუზეა ნათქვამი. მან თავს იდო ქალის და მამაკაცის ტვირთი და ღირსეულად გაუძღვა ოჯახს. ორი შესანიშნავი და წარმატებული შვილი გაუზარდა ქვეყანას და დღეს სამართლიანად ამაყობს მათით. დღეს ჩვენ ორივე ქალბატონი _ ნუნუც და ეთერიც მოვიწვიეთ მარტის ღონისძიებაზე, რადგან ორივეს წვლილია იმ წარმატებაში, რომელზეც ვისაუბრებთ. დღეს ეთერ ღვინიაშვილის სამეცნიერო წიგნის პრეზენტაცია გვაქვს. წიგნის თემატიკა ძალიან განსხვავებული და ორიგინალურია: „თბილისის ძველი მუსლიმური სასაფლაოს არაბულენოვანი ეპიტაფიები“, _ თქვა თავის შესავალ სიტყვაში მაყვალა მელაძემ და დამსწრეთ წიგნის მოკლე შინაარსი გააცნო.



image


წიგნს ორი ავტორი ჰყავს – დოქტორი ეთერ ღვინიაშვილი და პროფესორი გიორგი შაყულაშვილი. ის ოთხი თავისგან შედგება. 1, 2, და 3 თავები ეთერს ეკუთვნის, მეოთხე კი _ გიორგის. წიგნი ორენოვანია _ ქართულ-ინგლისური.


ეპიგრაფიის მნიშვნელობაზე საუბრობს წიგნის შესავალში ამ დარგის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი და ფუძემდებელი პროფესორი ცისანა კახიანი:–„ეპიგრაფიკა შეისწავლის მყარ მასალაზე: ქვაზე, ლითონზე, მინაზე, ძვალზე, კერამიკაზე შესრულებულ ძველ წარწერებს, რომელიც საინტერესო ცნობებს იძლევა სხვადასხვა დარგისთვის-ფილოლოგიისთვის, ისტორიისთვის, რელიგიის ისტორიისთვის, ეთნოგრაფიისთვის, ონომასტიკისთვის. ეპიგრაფიულ ძეგლებში, როგორც წარსულის რეალურ ნაშთში, ასახულია ამა თუ იმ ქვეყნის ადრინდელი კულტურულ-ისტორიული ვითარება ყოველგვარი შესწორების გარეშე. ეპიგრაფიკულმა ძეგლებმა შესაძლებელი გახადეს ზოგიერთი მკვდარი ენის აღდგენა. მათი შესწავლა ისტორიკოსებმა ანტიკურ ხანაში დაიწყეს. მეცნიერებად კი ეპიგრაფიკა XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეპიგრაფიული ძეგლების შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის გამოკვლევისათვის. ისინი, ზოგჯერ, ერთადერთ წერილობით წყაროს წარმოადგენენ. მათ ფაქტების ფიქსაციის დიდი სიზუსტე ახასიათებთ და მთელი რიგი საინტერესო ისტორიული ცნობების დადგენის შესაძლებლობას გვა- ძლევენ. ისინი წარმოადგენენ წარსულის პირველად წერილობით უტყუარ წყაროს, რომელთაც გადამწერთა ჩასწორებები არ შეხებიათ. ამ მხრივ მეტად საინტერესოა არაბულენოვანი ეპიგრაფიული ძეგლები“.


ეს ვრცელი ამონარიდი იმიტომ შემოგთავაზე, ძვირფასო მკითხველო, რომ მინდა, სრულად გაისიგრძეგანოთ ამ კვლევის ის მნიშვნელობა, რომელიც დიდი შრომის შედეგად ჩადეს წინამდებარე წიგნში ავტორებმა. წიგნის პირველ თავში საუბარია არაბული დამწერლობის ისტორიისა და ეპიგრაფიკის ზოგად საკითხებზე და მუსლიმური საფლავის ქვებზე, მეორე თავი საქართველოს არაბულენოვან წარწერებს ეთმობა, მესამე თავში თბილისის ძველი მუსლიმური სასაფალაოს არაბულენოვანი ეპიტაფიებია გაშიფრული, ხოლო მეოთხე თავი ქართულ- აზერბაიჯანულ ლიტერატურულ ურთიერთობებს მოიცავს.


image

თბილისის ძველი მუსლიმური სასაფლაო- პანთეონი, ამჟამად ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზეა. სწორედ აქ არსებული ეპიტაფიები გახლავთ ეთერ ღვინიაშვილის კვლევის საგანი. დღეს იქ მხოლოდ 24 საფლავის ქვა და აქა-იქ შემორჩენილი საფლავის ქვების ნამტვრევებია. წიგნში სქოლიოს სახით წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის მოკლე ისტორია, რომელიც მრავალსაუკუნოვანია. ლეღვთახევში გაშენებული საქართველოს სამეფო კარის ბაღი წინათ სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდა და „მეფის ბაღად“ იწოდებოდა. ზოგიერთ წყაროში კი მას „ციხის ბაღადაც“ მოიხსენიებენ. მინდა გითხრათ, რომ წიგნი მარტო ამ ბაღის ისტორიის გაცნობადაც კი ღირს, თურამც იმ საინტერესო ცნობებისა, რომელიც თავად ეპიტაფიებში დევს. ეპიტაფიების ტექსტები ორ ენაზე - არაბულად და ქართულადაა წარმოდგენილი. გთავაზობთ ორიოდე ნიმუშს:


„ის, (ალაჰი) მარადიულია, განდიდებულია საქმე მისი. ყოველი სულიერი იგემებს სიკვდილს, მერე ჩვენ დაგვიბრუნდებიან. ეს არის საფლავი განსვენებულისა, შეწყალებულისა, კეთილშობილისა, ცნობილი გვარისა, რომელიც მიისწრაფვის ალაჰის წყალობისკენ, სახელად სეირე ბეგუმ, ასული მირზა ფათალი ბეგ ახუნდ ზადესი, მეუღლე შაჰზადე ხან ალამხან კაჯარისა და გარდაიცვალა თექვსმეტსა, წმინდა მუჰარრამსა, წელსა ოთხმოცდაცხრასა ათას ორასის შემდეგ (ჩვ.წ.1872წ), ოცდაოთხი წლისა. ო, ალლაჰ, მიუტეე მას და დააკავშირე წმინდა იმამებთან“.

image
ასევე - „ის (ალაჰი) მარადიულია. ეს არის საფლავი განსვენებულისა, შეწყალებულისა, ღვთისმოსავისა, ქერბალას მომლოცველი ტუტი ხანუმისა, ასულისა განსვენებული ჰაჯი ასქარ ახუნდ ზადე ნუხელისა. თარიღი - დღე მისი გარდაცვალებისა ოცდახუთი, შავვალის თვე, წელი 1291 (ჩვ.წ.1874წ). ო, ალლაჰ, მიუტევე და ჰქმენ სამოთხე მის სამყოფელად. ო, ღმერთო, ფატიმას შვილების შეწევნით, იყოს მოციქული ჩემი თანამდგომი განკითხვის დღეს. არ დაგვაშორო, ღმერთო მოწყალეო, მოციქულებთან, რელიგიურ წინამძღვრებთან (იმამებთან), ო, მოწყალეო“.


სულ გამოკვლეულია 19 წარწერა. თითოეული მათგანი შეიცავს მრავალმხრივ ინფორმაციას მიცვალებულის, მისი ოჯახის და წარმომავლობის შესახებ. ყველასთვის კი საერთო ისაა, რომ სწამთ ღმერთის არსებობის, მისი მარადიულობის, საიქიო ცხოვრების და განკითხვის. დათარიღებულია ჰიჯრის წელთაღრიცხვით სწორედ ამიტომ ფრჩხილებში მითითებულია თარიღი ჩვენი წელთაღრიცხვის მიხედვით.


უაღრესად საინტერესოა წიგნის მეოთხე თავი, სადაც ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობებია მიმოხილული სწორედ ძველ მუსლიმურ სასაფლაოზე დაკრძალული მოღვაწეების მიხედვით. ბევრი დამსახურებული ადამიანის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი და საინტერესო იქნება ცხოვრება და

image

მოღვაწეობა, მირზა შაფი ვაზეჰისა და მირზა ფათალი ახუნდოვისა. პირველმა, თავისი ღრმა აზრით დატ- ვირთული, ლირიზმით გამთბარი ლექსებით მსოფლიო სახელი მოიპოვა, ხოლო მეორემ ჩამაფიქრებელი დრამატურგიით „თათარი მოლიერის“ უკვდავი წოდება დაიმსახურა. ერთიც და მეორეც აქ, საქართველოს მიწაზე, თბილისში ჰქმნიდა თავის ეროვნულსა და ერისთვის სულიერ საკვებს, აქედან ემსახურებოდა ზოგადსაკაცობრიო იდეებს. აქედან შეჰქონდათ კულტურის ისტორიაში თავისი ერისთვის მნიშვნელოვანი წვლილი. მირზა ფათალი ახუნდოვი დაიბადა 1812 წელს აზერბაიჯანის ქალაქ შექაში. ის იშვილა მისმა ნათესავმა, იმ დროისთვის ერთ-ერთმა სწავლულმა ჰაჯი ალესქერმა, რომელსაც მისი სასულიერო პირად გაზრდა სურდა, მაგრამ ახუნდოვმა მოისურვა ჩამოსულიყო იმ პერიოდის ამიერკავკასიის პოლიტიკურადმინისტრაციულ ცენტრში, თბილისში და სახელმწიფო სამსახურში შესულიყო. მართლაც, 1934 წელს, იგი თბილისში ჩამოვიდა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა. იყო თარჯიმანი, პოეტი, პროზაიკოსი, ფილოსოფიური ტრაქტატის ავტორი, ორთოგრაფიული საკითხებით დაინტერესებული თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა თურქული ენებისთვის არაბული დამწერლობის გამოყენებას, რასაც არ ეთანხმებოდა სახელმწიფოს მმართველთა და ისლამის დამცველთა კასტა. ამიტომ, მისი იდეა ყურანისა და სახლმწიფო იდეოლოგიის ხელყოფად ჩათვალეს. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დიდი დამსახურების მიუხედავად, 1878 წლის 10 მარტს, 66 წლის ასაკში გარდაცვლილი მირზა ფათალი ახუნდოვის დაკრძალვაში მუსლიმებმა მონაწილეობა არ მიიღეს და ის რჯულის მოღალატედ გამოაცხადეს ანტირელიგიური გამოსვლების გამო. მთავრობა იძულებული გახდა, ნახევრად გახრწნილი ახუნდოვის გვამი დაესაფლავებინა ბოტანიკური ბაღის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მუსლიმურ სასაფლაოზე, თუმცა მის კუბოს არც ერთი მუსლიმი არ მისდევდა. ცალკეა გამოსაყოფი ახუნდოვი, როგორც დიდი დრამატურგი. იგი დიდი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის თანამედროვე და თანამებრძოლია. მათ პირველებმა გაუკაფეს გზა თავიანთი ქვეყნებისთვის ახალ ლიტერატურულ სახეობას დრამატურგიას და ამ ფორმით პირველებმა ასახეს ამიერკავკასიაში ახლადფეხადგმული კაპიტალისტური წყობით გამოწვეული ცვლილებები, საზოგადოებრივი დარღვევები. წიგნი დასურათებულია უნიკალური და საინტერესო ფოტოებით.


ძვირფასო მკითხველო, მე შევეცადე, ზოგადი წარმოდგენა მაინც შემექმნა იმ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნის შესახებ, რომლის ავტორიც, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი თანამემამულე, ეთერ ღვინიაშვილი გახლავთ. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიების წამყვანმა და ორგანიზატორმა, სოფელ სამრეკლოს ბიბლიოთეკარმა მაყვალა მელაძემ, სიტყვა ეთერის დედას, ნუნუ ლეკაშვილს დაუთმო. ქალბატონმა ნუნუმ მღელვარება დაიოკა და ასე მიმართა დამსწრეთ: _ მაშინ, როცა სრულიად ახალგაზრდას ფეხაუდგმელი და ენაამოუდგმელი ორი უსუსური ბავშვი ხელთ შემრჩა ნაადრევად დაქვრივებულს, მეგონა, ბედნიერი აღარასდრის ვიქნებოდი. მადლობა ღმერთს, დღეს შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ცალუღლად დარჩენილმა ქალმა შევძელი და ორი კარგი შვილი გავუზარდე ქვეყანას და ჩემს თავს. თავის დროზე მათ მომცეს ძალა, არ დავცმულიყავ, მებრძოლა, მეშრომა და... შედეგი სახეზეა. ვამაყობ, რომ ცხოვრებაში ისინი სწორი გზით მიდიან, მყარად დგანან მშობლიურ მიწაზე და ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურებიან. ეთერი მეცნიერულ მუშაობას ეწევა, ზურაბი მაგთიკომის თანამშრომელია. ის „ღირსების ორდენის“ კავალერია. ორივე დედაქალაქში ცხოვრობს, ორივე დაოჯახებულია, მყავს ოთხი შვილიშვილი. გალაღებული ვარ მათი სიყვარულითა და ყურადღებით. მადლობა ყველას, ვინც ეს ლამაზი დღე მოგვიწყო მე და ჩემს შვილს, ყველა სტუმარს, ვინც მოვიდა და დაგვაფასა.


– ჩემთვის სიახლე იყო ეს თემა. ძალიან დამაინტერესა. გმადლობთ, რომ წიგნი მაჩუქეთ. აუცილებლად წავიკითხავ. ჩვენ, ქართველებს, გვაინტერესებს ჩვენი წარსული და არაბებიც ხომ ჩვენი ისტორიის ნაწილია. საინტერესოა, ჩვენ რომ ვსწავლობთ ჩვენს მიწაზე არსებულ სხვა ერების საფლავებს, ქართველთა საფლავებს თუ სწავლობენ და ამაზე თუ არის წიგნები? _ თავისი გამოსვლის დასასრულს დასვა რიტორიკული კითხვა თამარ თამაზაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა.


დედოფლისწყაროს მუნიციპალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა მანანა მაჭარაშვილმა დამსწრეთ გაზაფხულის მოსვლა, ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მიულოცა და მადლობა უთხრა ეთერ ღვინიაშვილს საინტერესო და განსხვავებული თემის წარმოდგენისთვის. - მეამაყება, რომ ეთერი ჩემი თანასოფლელია და ასეთი წარმატებული მეცნიერია. ვუსურვებ წარმატებებს - თქვა სამრეკლოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გოჩა სამუკაშვილმა.


image


განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ახლადდანიშნული დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი, რომელმაც მიიღო მრავალი მილოცვა და სურვილი, რათა მისი ხელმძღანელობით დარგმა ურთიერთთანაგდომით მიაღწიოს წარმატებებს, ეკონომიკურ გაძლიერებას და სიმშვიდეს. თავის მხრივ ბატონმა ილიამ, მიულოცა ქალბატონ ეთერს წარმატებები და დასძინა:


„ადამიანს რა წარმატებებიც გინდა ჰქონდეს, მშობლიურ ფესვებს არ უნდა მოწყდეს. მიხარია, რომ დღეს თქვენ აქ ხართ. რომ არა ეს შეხვედრა, აქ მყოფნი ვერც თქვენს შესახებ გავიგებდით და ვერც იმ იშვიათი დარგის შესახებ, რომელსაც თქვენი ნაშრომი ეხება. კვლავაც წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, ასეთი ლამაზი და შინაარსიანი დღისთვის“.


ღონისძიება დაამშვენა მხატვრულმა განყოფილებამ. სამრეკლოს კულტურის სახლთან არსებულმა ტრიომ, გაიოზ ხუციშვილის, ნანა უძილაურისა და ნატო ჩიბუხაშვილის შემადგენლობით, დაატკბო მსმენელი ლირიკული სიმღერებით. ბიბლიოთეკის აქტიურმა ნორჩმა მკითხველებმა: მარიამ ჯეთერიშვილმა, ნუკი სისაურმა, მერიკო წყარუაშვილმა, ელენე გოგილაშვილმა, მარი ყოჩიაშვილმა და თაკო ჩიბუხაშვილმა ლექსები მიუძღვნეს დედებს, გაზაფხულს, ქალებს.


სამადლობელო სიტყვაში ეთერ ღვინიაშვილმა თქვა: „დიდი მადლობა მოწვევის, დაფასების, კეთილი სურვილების და თბილი სიტყვებისთვის. ვეთანხმები ბატონ ილიას, ადამიანი თავის ბავშვობას, თავის ფესვებს არ უნდა მოწყდეს. დღეს თავს ბედნიერად ვგრძნობ თქვენს გარემოცვაში. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას სოფლიდან წასვლის შემდეგ, გეტყვით, რომ ამ სპეციალობის შესახებ არც კი ვიცოდი და არც მიფიქრია, ფილოლოგიურზე ვაბარებდი. მერე ერთმა ახლობელმა მირჩია აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ჩააბარეო. პირველივე წელს ჩავირიცხე. მეოთხე კურსზე ვიყავი, ახალი საგანი რომ დაგვეწყო - ეპიგრაფიკა. შემოვიდა ძალიან ლამაზი ქალბატონი, მისმა საუბრებმა კიდევ უფრო მომხიბლა. ეს გახლდათ პროფესორი ცისია კახიანი, დიდი გიორგი ლეონიძის დისშვილი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და გრძელდება დღემდე. 1998 წელს დავამთავრე ინსტიტუტი არაბული ენისა და კულტურის სპეციალობით. 2009 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. 2004 წელს ვსწავლობდი სირიაში არაბთა რესპუბლიკის ალეპოს ენების უნივერსიტეტში. 2006 წელს ეგვიპტეში კაიროს უნივერსიტეტში, შემდეგ ვმუშაობდი აღმოსავლეთმცოდნეობის ინს- ტიტუტის ბიბლიოთეკაში. ამჟამად ილიას უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების მკვლევარი გახლავართ. ყოველ არდადაგებზე ვსტუმრობ ჩემს სოფელს: ერთ ზაფხულს იოსებ მენთეშაშვილის საოჯახო მუზეუმს ვესტუმრე. აქ ვნახე ძალიან საინტერესო დიდი ქვა ეპიტაფიით. გავშიფრე. ეს იყო მომთაბარე ტომების ჩანაწერი არაბულ ენაზე, მაგრამ მის შესახებ ცნობები იოსების ქალიშვილმა, ლამარამ ვერ მოძებნა. აქ ხომ ზღვა მასალაა დაგროვილი. სამწუხაროა, რომ იგი რომელიმე მუზეუმის საცავში არ ინახება. ჩემს მომავალ საძიებო საკითხს შეადგენს თბილისის არაბულენოვან წარწერებზე მუშაობა. მყავს მეუღლე ნოდარ კუტიბაშვილი, რომელიც ძალიან მიწყობს ხელს მუშაობაში“.


ღონისძიებას მერიის და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დედას მხარს უმშვენებდნენ მისი შვილები: 9 წლის ელისო და 7 წლის საბა. ვუსურვოთ წარმატებები ჩვენს თანამემამულე მეცნიერს.

ნაირა გორაშვილი - გაზეთი „შირაქი“

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0