x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
,,30 წლის ქალი,შვილები არ ჰყავს"... როგორ ვთელავთ შეუგნებლად სხვის გრძნობებს
image

ზოგჯერ სხვა ადამიანებს ისეთ სიტყვებს ვეუბნებით, რომელთაც ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ვამბობთ ისე, უბრალოდ, საუბრის დროს პაუზა რომ შევავსოთ - უბრალოდ იმისთვის, რომ რაღაც ვთქვათ. და ამ დროს არ ვუფიქრდებით, როგორ აღიქვამენ ჩვენს სიტყვებს სხვები. მწერალი ნადირა ანჯელი თავის ბლოგში სულისშემძვრელ ტექსტს აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიტყვებით ადამიანს გული მოვუკლათ და მოგვიწოდებს უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ სათქმელს.image30 წლის ქალი, შვილები არ ჰყავს.

ადამიანები მას ეკითხებიან:“კიდევ არ გყავთ შვილი?" და ისიც ყოველდღე, ნაძალადევი ღიმილით, ახალ-ახალ პასუხებს იგონებს. “არა, ჯერ არა"-პასუხობს ის სიცილით, რომელიც მის გულგატეხილობას მალავს. “რაღას უცდი, დრო გადის"-ეუბნებიან გარშემომყოფნი და კმაყოფილები არიან, რომ ჭეშმარიტების გზაზე დააყენეს. ქალი კი უღიმის მათ და მარტო დარჩენილი, ტირის.

ტირის, რადგან მისი 4 ორსულობა მუცლის მოშლით დამთავრდა. რადგან ის და მისი ქმარი უკვე 5 წელია უშედეგოდ ცდილობენ ბავშვის ყოლას. ტირის, რადგან მის ქმარს უკვე ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან და მეტი შვილი აღარ უნდა. ტირის, რადგან ხელოვნური განაყოფიერებაა საჭირო, მას კი ფული არ აქვს. ტირის, რადგან ხელოვნური განაყოფიერებაც გაიკეთა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. ტირის, რადგან სუროგატი დედა ვერ მოძებნა. ტირის, რადგან წამლები, რომლებიც აუცილებლად უნდა დალიოს, შეუთავსებელია ორსულობასთან. ტირის, რადგან მისი ქმარია უნაყოფო და მას ადანაშაულებენ. ტირის იმიტომ, რომ მის დებს უკვე ჰყავთ შვილები, გარდა იმ დისა, რომელსაც საერთოდ არ უნდა ბავშვი. ტირის, რადგან მისი საუკეთესო მეგობარი ორსულადაა. ტირის, რადგან კვლავ მიიწვიეს ჩვილის დღეობაზე. ტირის, იმიტომ, რომ დედა არ იღლება შეკითხვით:“რაღას უცდი?". იმიტომ, რომ მის დედამთილ-მამამთილს შვილიშვილი უნდათ. ტირის, რადგან მის მეზობელს ტყუპი ჰყავს, რომელთაც საშინლად ექცევა. ტირის, იმიტომ რომ 16 წლის გოგოები პირველივე ჯერზე ფეხმძიმდებიან და არ სჭირდებათ შვილები. იმიტომ, რომ ის შესანიშნავი დეიდაა.იმიტომ, რომ უკვე შერჩეული აქვს სახელები.იმიტომ, რომ საბავშვო ოთახი ისევ ცარიელია. ტირის, იმიტომ, რომ მასში სიცარიელეა. ტირის, იმიტომ, რომ კარგი დედა იქნებოდა. იქნებოდა. მაგრამ არაა.


image

34 წლის ქალი, 5 შვილი.

ადამიანები მას ეუბნებიან: “ღმერთო, იმედია ამაზე შეჩერდებით!" და იცინიან, კარგი ხუმრობა გამოუვიდათ. ქალიც იცინის, მაგრამ უხალისოდ და თემას ცვლის. მერე კი, მარტო დარჩენილი, ტირის. ტირის, იმიტომ, რომ ისევ ორსულადაა და სიხარული უნდა, დამალოს. ტირის, რადგან ყოველთვის უნდოდა დიდი ოჯახი და არ ესმის, ეს სხვებს რატომ აღელვებთ.მას არც ძმა ჰყოლია ბავშვობაში, არც და და თავს მარტოსულად გრძნობდა.ტირის, იმიტომ, რომ მის ბებიას 12 შვილი ჰყავდა და მასაც ამდენივე უნდოდა ყოველთვის.

ტირის, იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენია ცხოვრება თავისი შვილების გარეშე, სხვები კი ამას სასჯელად აღიქვამენ. ტირის, იმიტომ, რომ არ უნდა სხვებს ეცოდებოდეთ. იმიტომ, რომ მას და მის ქმარს შეუძლიათ ოჯახის უზრუნველყოფა, მაგრამ ამას როგორც ჩანს, მნიშვნელობა არ აქვს. ტირის იმიტომ, რომ სხვები მას უპასუხისმგებლო ადამიანად თვლიან. ტირის იმიტომ, რომ დაიღალა მსგავსი ხუმრობების მოსმენით და თავისი პირადი არჩევანის დაცვით. ტირის იმიტომ, რომ ზოგჯერ უკვე თვითონაც ფიქრობს, რომ ამდენი შვილი არ უნდა გაეჩინა. იმიტომ, რომ დაიღალა საკუთარი სიმართლის დაცვით. ტირის, იმ ადამიანთა თავხედობის გამო, რომლებიც მის პირად ცხოვრებაში ცხვირს ყოფენ.

image

40 წლის ქალი, ერთი შვილი.

ადამიანები მას ეკითხებიან: “მარტო ერთი შვილი?მეტი არ გინდოდათ?"- “ასეც ბედნიერი ვარ"-პასუხობს ის მშვიდად. და არავინ ეჭვობს, რომ როცა მარტო რჩება, ისიც ტირის. ტირის იმიტომ, რომ მისი ერთი შვილის დაბადებაც სასწაული იყო. იმიტომ, რომ შვილი ძმას ან დას სთხოვს. ტირის, რადგან ყოველთვის უნდოდა სამი შვილი. ტირის, რადგან იძულებული იყო, მეორე ორსულობა შეეწყვიტა, რადგან ეს მის სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიდა. ტირის, რადგან ექიმი ეუბნება, რომ მეორე ორსულობა მისთვის დიდი რისკია. ტირის, რადგან ერთი ბავშვის გაზრდაც უჭირს. ტირის, რადგან მეუღლე გარდაეცვალა, სხვა მამაკაცი კი მის ცხოვრებაში არაა. რადგან მისი ოჯახი თვლის, რომ ერთი შვილიც საკმარისია. ტირის იმიტომ, რომ ახლა კარიერაზე ზრუნავს და თავს ბავშვებზე ფიქრის უფლებას ვერ აძლევს. იმიტომ, რომ მისი მშობიარობის შემდგომი დეპრესია ძალიან რთული იყო და ვერ წარმოუდგენია კიდევ იგივე როგორ უნდა გადაიტანოს. ტირის იმიტომ, რომ საშვილოსნო ამოჭრილი აქვს. ტირის იმიტომ, რომ უნდა კიდევ ერთი ბავშვის გაჩენა, მაგრამ არ შეუძლია.

ეს ქალები ჩვენ შორის არიან. ისინი ჩვენი მეზობლები, ჩვენი მეგობრები, დები, კოლეგები და ნათესავები არიან. მათ თქვენი შეხედულებები და რჩევები არ სჭირდებათ.მათი პირადი ცხოვრება თქვენ არ გეხებათ.პატივი ეცით ამ ქალებს.

0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0