x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ოსი სამშვიდობო
ქეთი გაბინაშვილი

2006 წელია, 22 ივლისი. ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა ბომბი რუსეთ - საქართველოს შორის. სამი საგუშაგო გვაქვს, მეღვრეკისთან რუსული, ერგნეთთან ქართული და ცხინვალში- ოსური. ორის გავალა შეგვიძლია, მესამესთან არავინ გვიშვებს. შედიან ადგილობრივები, რომლებიც ცხინავლში ვაჭრობენ. მოჩვენებითი სიმშვიდეა, მაგრამ ყოველ დღე ისმის, რომ ერთმა მხარემ მეორეს სასმელი წყალი გადაუკეტა. მეორემ პირველის კუთვნილი საქონელი დაატყვევა და არის ასე, ჯერ მხოლოდ პატარა შუშხუნებს უყრიან ერთმანეთს. ამ ადამიანებს ყოველი დღე თავიდან დაბადებაა ალბათ, იყვნენ ცხინვალში, ივაჭრეს და ცოცხლები გამოვიდნენ. არის ამაში ყველაზე სევდიანი დღესასწაულის ფერები.

საშინელი სიცხეა. არ მახსოვს რა სიახლეა, სულ ხდება რაღაც: მეღვრეკისში ტანკით ვენახში შევარდნენ ცისფერჩაფხუტიანები, ოსები ღამით ისვროდნენ, ნიქოზთან აქციაა... ახლაც რაღაც მსგავსია. ერგნეთის საგუშაგოზე ვარ და რამდენიმე მეტრში ცხინვალია. არ ვიცი რა მიყვარს ამ მიწაში ასე. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აქეთ წყალიც სხვანაირად გემრიელია, ხალხიც უფრო თბილი, ბლინებიც უფრო ფუმფულა... მიყვარს! შეიძლება იმიტომ, რომ მართმევენ, მედავებიან, ვკარგავ.

ემოციური ვარ: ჯერ ვაკეთებ, მერე - ვფიქრობ. ახლაც ვდაგავარ ერგნეთის საგუშაგოზე და თვალით ვზომავ რამდენი ნაბიჯი უნდა გადავდგა, რომ ცხინვალში ვიყო. ვთქვათ და დავადგი ფეხი ცხინავლის მიწას, მერე რა? არც რა, მაგრამ ამით თითქოს ჩემი ქვეცნობიერი სრულიად რუსეთს მასხარად აიგდებს და ეს ერთი ნაბიჯი კიდევ ერთი ხაზგასმა იქნება, იმისა, რომ ეს ჩემია, მე მეკუთვნის. ტაქტიკურ სვლებს ვიწყებ, ჯერ ვამბობ, რომ აუცილებლად მჭირდება კადრები, რამდენიმე მეტრით უნდა მივუახლოვდე ე.წ. საზღვარს. გამორიცხულია, ისეთ სახით შემომყურებს ჩვენი ჯარისკაცი, ვხვდები დათბობის პოლიტიკა მჭირდება. ვეხვეწები, არ ჭრის. არა და რაც მეტია წინააღმდეგობა, მით მეტია სურვილი. ჰოდა, ვიყენებ მთელ ჩემს ქალურ მომხიბვლელობას თუ კიდევ ვინ იცის რას, დასჯილი ბავშვივით შევყურებ თვალებში და ... არის, გაამართლა! ვერ უძლებს და ვითომ მკაცრი, მაგრამ გაბზარული ხმით მაჩვენებს ადგილს, სადამდეც შემიძლია მისვლა. მხოლოდ ახლა მახსენდება ჩემი ოპერატორი - ზურა. ვუყურებ და ახლა მართლა ვერ ვიკავებ სიცილს, ისეთი სახით დგას, მგონია, ატირდება. მე კი ჩემი უტვინო თავით, რომელიც ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს, საკუთართან ერთად ზურას სიცოცხლესაც ვრისკავ. ვუახლოვდები საზღვარს. რაც ახლოს მივდივარ უფრო მეტად მიპყრობს სურვილი, მივუხლოვდე. საზღვარს ვკვეთ. აი, ასე ნაგლად: ვკვეთ საზღვარს კამერითა და მირკოფონით ხელში, კადრებს ვიღებ და მერე სთენდაფის ჩაწერასაც ვიწყებ. ეს სთენდაფი, რაღაც არ მომწონს, ზურას ვაიძულებ ისე გადამიღოს, რომ ოსების საგუშაგოსთან ვიდგე. ვიმალებოდე მაინც, მაგრამ ეგღა მაკლია, საკუთარ მიწაზე, ვის დავემალები?! ვდავარ ჩემი შაბიამნისფერი კაბით, რომელიც კილომეტრების იქიდანაც შესამჩნევია, ზედ ოსების ცხვირწინ და ვწერ სთენდაფს, არ მახსოვს რას, რაღაცას მათი სითავხედის შესახებ.


რაღაც ხმები მესმის, მაგრამ ვერ ვიგებ. რას გავიგებ, გამარჯობაც არ ვიცი როგორაა რუსულად. მაგრამ ეს გაურკვეველი ფრაზები რომ ჩვენკენაა მომართული, ეს აშკარად ჩანს ზურას გამომეტყველებიდან.

უკან ვბრუნდები. ვხედავ ერთი რუსია და ერთიც ოსი. მთელი ხმით ყვირიან. ზურას მტრის ენა კარგად ესმის და კამერას უწვდის. ხელში ვწვდი და კამერა წავგლიჯე. რუსი კიდევ უფრო გამწარებული მიყვირის და ძალიან ვბრაზნდები მეც! საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ეს დამიზნებული ავტომატი სათამაშო არაა და მას შეუძლია სასხლეტს ნებისმიერ წამს გამოჰკრას თითი. შუბლეთან, საფეთქელზე მაბჯენს იარაღს და სულაც არაა ისეთი ცივი, როგორიც წარმომედგინა. რამე ხომ უნდა ვთქვა? ჰოდა, ქართულად, აბა სხვა არაფერი ვიცი (მადლობა ღმერთს), ვეუბნები:

-ძალიან მინდოდა ცხინვალის ნახვა. მიხარია, რომ აქ ვარ, ლამაზია. თქვენც ხომ მოგწონთ საქართველო? კმაყოფილი ხართ ჩვენი სტუმართმოყვარეობით? აა, კამერა გინდათ? ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ჩემს სამშობლოშე ვარ, ჩემს მიწაზე ვდაგავარ და ჩემს (ხაზგასმით და დამარცვლით ვამბობ) ქვეყანაში რასაც მინდა გადავიღებ!- ვიღიმი და აქეთ-იქით ვიხედები. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. არ ვიცი იქ მართლაც იყო რაიმე ლამაზი თუ არა, მაგრამ რაღაც აღთქმულ მიწასავითაა ჩემთვის. რუსი ხელს ოდნვა დაბლა სწევს, ავტომატის ლულა შუბლს სცილდება, მაგრამ მაინც მიზანში ვარ ამოღებული.

-ნუ გეშინია, გაქცევას არ ვაპირებ, სად უნდა გავიქცე? ჩემი სახლიდან ხომ არ წავალ და სტუმრებს მარტოს დაგტოვებთ?

რუსი ზურას შეკითხვას უსვამს, ოპერატორი უარის ნიშნად თავს აქნევს.

-მკითხა: გიჟიაო? - მითხარგმნის ზურა.

რუსი თავის მეწყვილეს რაღაცას ეუბნება, ბრუნდება და მიდის. მე ისევ გაღიმებული ვდავარ და ახლაღა ვამჩნევ, რომ ეს ოსის ჯარისკაციც იღიმება. მწითური ბიჭია, მაღალი და მხრებში ოდნავ მოხრილი.

ავტომატი შემართული უჭირავს, მაგრამ ისეთი საყვარელი სახე აქვს, თავს დავდებ, არ მესვრის. როგორც კი რუსი თვალს ეფარება, ოსის სამშვიდობო ქართულად მომაართავს:

-მანქანაზე წავიდა, დაკითხვაზე უნდა თქვენი წაყვანა, სანამ მობრუნდება გაიქეცით!

მიხარია, რომ ჩემი ინტუიცია გამართლდა. მაგარი ბიჭია.

-არაფერს გეტყვის?

- კასეტა უნდა დამიტოვო, ვეტყვი მასალა წავართვი და გავუშვი-მეთქი!

ზურა აკანაკალებული ხელებით ეძებს კასეტას და აწვდის.

-ქართული საიდან იცი?

-დედა მყავს ქართველი.

-ძმები ვყოფილვართ, იცი ძალიან მიყვარხართ და რა გვაქვს საომარი, რა გვაჩხუბებს?

-ბისტრაა!- მეუბნება საკმაოდ მკაცრი ხმით და უკან მომყვება, თან თვალს აპარებს რუსი ხომ არ წამოგვეწია. მანქანის ხმა ისმის.

-ბისტრა! გაიქეცით!

გავრბივართ, მაგრამ შიშის გამო არა, არ მინდა, ამ საყვარელ, ოსის მწითურ ბიჭს პრობლემა შეექმნას.

-გოგონა! მესმის ხმა.

-არ გაჩერდე, -მეხვეწება ზურა.

ვჩერდები.

-შენი გული, რომ ჰქონდეს მთელ საქართველოს, ახლა ესენი აქ არ იქნებოდნენ.

ბრუნდება და მიდის.

-რა გქვია?- ვეძახი და ყელში ბურთი მეჩხირება. ხმას არ მცემს.

საზღვარს სირბილით ვტოვებ. ბედნიერი ვარ, უბრალო ამბავი ხომ არაა, ცხინვალის მიწაზე ვიდექი. გარეთ ჩვენი შავტუხა, დევივით გენერალი დგას და ბრდღვინავს. აქვე არიან ჟურნალისტები და სამხედროები.

-გაგიჟდი? ომი გინდა დაგვაწყებინო? რომელმა შეგიშვა?- ყვირის გენერალი, რომც არ იყვიროს, ამ კაცის ხორხიდან მშვიდი ხმა ვერ ამოვა.

-რა მოხდა? რა ხდებოდა? რატომ დაგიჭირეს? როოგრ მოახერხე გამოსვლა? რამე დაგიშავეს? -მაყრიან კითხვებს.

-არავის დავუჭერივარ!- ვამბობ და მოვდივარ.

და მერე, ერთი წლის შემდეგ, როცა ომმა ცეცხლის ალში გახვია ცხინვალი, სულ იმ ოს სამშვიდობოზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, ცოცხალი იყო თუ არა. ნეტა რას აკეთებდა და რას გრძნობდა. საკუთარი სხეულის რომელ ნაწილს იდაღავდა? ნეტა რომელი ძმის მიმართულებით იბრძოდა?...

ქეთი გაბინაშვილი

0
266
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0