x
image
მანანა თურმანიძე
რატომ და ვის უნდა ბავშვების გარყვნა სკოლაში

image

სქესობრივი აღზრდის თემა ძალიან დიდი ხანია მუსირებს ჩვენს საზოგადოებაში და საკმაოდ მტკივნელია, გასაგები მიზეზების გამო. თემა სენსიტიურია, ის აღელვებს ყველას და მის გარშემო რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ბევრმა ის არასწორად გაიგო და უსაშინლესი ინტერპრეტაციაც კი მისცა - სქესობრივი აღზრდა, ანუ ბავშვების გარყვნა? პირველი შეკითხვა, რომელიც ამის მოსმენისას გამიჩნდა, იყო - რატომ ან ვის უნდა უნდოდეს ბავშვების გარყვნა სკოლებში?!დღემდე არ მაქვს პასუხი ამ არაჯანსაღ განცხადებაზე, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და კი ბატონო, ნუ სტკივა!
უდაოდ ძალიან დამაინტრიგებლად ჟღერს - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები სკოლაში, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს კითხვა, რომელიც დაგვისვამს და ჩვენთვისაც დაუსვამთ - "საიდან გავჩნდი?" პასუხი ამ კითხვაზე ხშირად არ არსებობს, ან ბანალურია, რომელიც ბავშვს არ აკმაყოფილებს! რა ჯობს, ისევ წეროს და კომბოსტოს ზღაპრების თხრობა განვაგრძოთ ბავშვებთან, ან რომელ ასაკამდეა გამართლებული, თუ იქნებ მეცნიერული ახსნა მოისმინონ მათი ასაკის შესაფერის კონტექსტში? ყველა შემთხვევაში, ისინი გარკვეულ ასაკში ერთმანეთისგან იღებენ დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელიც მათთვის საკმაოდ სტრესულია. ამიტომ, გააჩნია რა მოიაზრება ამ გაკვეთილებში და რომელ ასაკში ვიწყებთ ამ ე.წ. "აღზრდას". აქვე უნდა ითქვას, რომ სქესობრივი აღზრდა, როგორც მეცნიერების შესწავლის საგანი, არ საჭიროებს ახალი ველოსიპედის გამოგონებას, მსოფლიოს განვითარებულ სახელმწიფოებში მისი სწავლება მიმდინარეობს, თუმცა აკრძალულია რიგ ქვეყნებში, როგორიც არის ნეპალი, ბანგლადეში, პაკისტანი და სხვა, სადაც, სხვათაშორის, ბავშვებზე ძალადობის მაღალი მაჩვენებელია. კითხვა, თუ რატომ უნდა ისწავლებოდეს სქესობრივი აღზრდა, ბუნებრივია დაისვა, იქ, სადაც ამის გამოცდილება უკვე აქვთ და პასუხებიც არსებობს. მოვიყვან ზოგიერთ მაგალითს: 1. სტატისტიკის თანახმად საშუალო სკოლის ორი მოსწავლიდან ერთს უკვე ჰქონია სექსი; 2. უმჯობესია დაიწყოს უსაფრთხოდ, ვიდრე სერიოზულად დაზარალდეს; 3. ბიჭებს სურთ გახდნენ კაცები, ისწავლონ როგორ გახდნენ კარგი კაცები; 4. კარგად შედგენილი სქესობრივი აღზრდის პროგრამა არ წაახალისებს ბავშვებს ჰქონდეთ სექსი; 5. მეცნიერული ცოდნის საფუძველზე, უფრო მეტი შანსია ბავშვმა თქვას არა ადრეულ ასაკში სექსზე, ვიდრე სრული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში; 6. რელიგიური განათლება და ბავშვის სულიერი აღზრდა, მშობლის პრეროგატივაა და ბევრად ადრეული ასაკიდან იწყება.
სამყაროში ყოველ წამს იცვლება ყველაფერი, სტატიური არაფერია ჩვენს გარშემო. უფრო მეტიც, თითქოს ყველაფერი დაჩქარებულია, სხვა ტემპებია, ყოველ წამს ვიცვლებით ჩვენც, გარემოც და ბუნებრივია, შეიცვალა თაობაც, ახლა მას ცხოვრების სხვა ტემპები, ინტერესები და ფასეულობები აქვს. გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა, მახსოვს 13-14 წლის ასაკში შენიშვნას მაძლევდნენ "ალექსანდრეს ბაღში" მოსეირნე ბებიები, ველოსიპედი რა გოგოს საქმეაო, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩემი "შორტები" და მოკლე კაბებიც იწვევდა იმ თაობის აღშფოთებას. დღეს ჩვენი შვილებიც ჩვენთვის უცნაურად იმოსებიან და ხშირად გაუგებარია, რატომ ურჩევნიათ რეზინის კედი ტყავის ფეხსაცმელს, ან დახეული ჯინსი მთელს! თუმცა, ჩაცმას ვინღა დაეძებს, მარიხუანის ნაცვლად ველოსიპედით, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესით თუ დაკავდებიან, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. შეიცვალა ყველაფერი, მათ შორის მენტალიტეტიც და ახლა სექსუალურ ცხოვრებას ბევრად ადრე იწყებენ ახალგაზრდები, ვიდრე ეს ჩვენ დროს იყო მიღებული. არ შევეჭიდები ურთულეს დილემას - რა ჯობია, კარგია ეს თუ ცუდი, საით მივდივართ ან სად მიგვიყვანს ეს "ჩქაროსნული მატარებელი", უბრალოდ ვახდენ ფაქტის კონსტატაციას და ზუსტად ვიცი, რომ ვისაც თავის მოტყუება არ უყვარს, ყველა დამეთანხმება ამაში.
რადგან თემა აქტუალურია, უპრიანია ჩავეძიოთ ძირის ძირს, მაინც რა მოიაზრება ამ საგნის დანერგვაში? თუ გავითვალისწინებთ ფაქტებს, რომ მომრავლდა სანაგვეებზე გადაყრილი ჩვილები, ადრეული ორსულობა, მისი დაფარვის გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ზოგჯერ ლეტალური შემთხვევებიც, ადრეული თვითმკვლელობები, სქესობრივად გადამდები ინფექციები და თავად სპიდიც კი, რომელიც კლავს, იქნებ დადგა საჭიროება ამ სახის "განათლების" მიწოდების, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ საფრთხეების შესახებ, რას რა შეიძლება მოჰყვეს და როგორ უნდა დაიცვან თავი. ალბათ არაერთ მშობელს ჰქონია შვილთან საუბრის წამოწყების მცდელობა, როდესაც, საკმაოდ ადრეულ ასაკში ბიჭები გოგონებზე იწყებენ საუბარს, ან რომანტიულ ფილმზე კომენტირებისას იჩენენ ენთუზიაზმს. როგორც წესი, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ძალიან პატარები არიან თემისთვის და ხშირად სვამენ შეკითხვას - რა არის სექსუალური ინფექციები, რას ნიშნავს სექსი ან რეზინი და როგორ უნდა გამოიყენოს ის? აქ კი იჭედება მშობელი და მიდის იმ ჩიხამდე, როდესაც უწევს შვილს უთხრას, რომ ჯერ პატარაა და მომავალში თავად გაიგებს! ბავშვი კი რჩება გაუგებრობაში, ჩნდება ინტერესი, თუმცა არ არის პასუხები. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ იქნება ურიგო სკოლაში, საჭირო ასაკში, სპეციალისტებმა გაართვან ამ სირთულეს თავი პროფესიონალურ დონეზე.
ერთი ფრთოსანი გამონათქვამისა არ იყოს, უკვე ვიცით სად იმალება ეშმაკი, ამიტომ საჭიროა დეტალებს ჩავუღრმავდეთ და გავარკვიოთ, თუ რას ისახავს მიზნად ეს საგანი. თუკი ის ემსახურება ჩვენი შვილების უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მათ სათანადო მომზადებას პუბერტაციის პერიოდისთვის, ალბათ განვითარების გარკვეულ ეტაპზე აუცილებელიც კი არის ამგვარი განათლების მიწოდება, რომ უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაცულები ვიყოთ ისინიც და ჩვენც. თუმცა ეს უნდა ხდებოდეს დიდი სიფრთხილით, კარგი ფსიქოლოგების და სხვა სპეციალისტების ჩართვით, კარგად შერჩეული სახელმძღვანელოებით, რათა არ მოხდეს უკურეაქცია და ბავშვებში არაჯანსაღი ინტერესი არ გამოიწვიოს სქესობრივმა ცხოვრებამ და ამ ყველაფერს აღვირახსნილობა არ მოჰყვეს შედეგად. მე კარგად მახსოვს, ჩვენ დროს, საბჭოთა სკოლაში იყო რაღაც ამდაგვარი, რომელსაც თუ არ ვცდები ჰიგიენის საათი ერქვა, პუბერტაციის პერიოდში ტარდებოდა და მას პირადი ჰიგიენის დაცვის დატვირთვა ჰქონდა. გოგონებს და ვაჟებს ცალ-ცალკე უტარდებოდათ, შრომის გაკვეთილების პერიოდში ამგვარი საათები, რომ აღარაფერი ვთქვათ ანატომიის გაკვეთილებზე, სადაც მეცნიერულ დონეზე იყო ახსნილი ქალის და მამაკაცის აგებულება, მათ შორის განსხვავებები და ორგანიზმში მიმდინარე პროცესები. ისიც მახსოვს, რომ არანაირ გაცხოველებულ ინტერესს სექსის მიმართ არ იწვევდა ეს საგნები, პირიქით, უინტერესოც კი იყო მხატვრული ლიტერატურის ფონზე, რომლის კითხვაც მიტაცებდა. მაშინ, ცხადია, არავის მოსვლია თავში აზრად გაეპროტესტებინა - რას ასწავლით ჩვენს შვილებს და რატომ რყვნით სკოლაშიო! ახლა დემოკრატია ნებას გვრთავს ყველაფერზე გამოვთქვათ ჩვენი აზრი და ყველა სარგებლობს ამ ლეგიტიმური უფლებით, თუმცა რა ფორმით და რამდენად სასარგებლოა თუ გასათვალისწინებელი ყველას აზრი?
ჩვენი საზოგადოებისთვის მთავარი ამ ყველაფერში არის გავარკვიოთ რას ისახავს მიზნად ამ სახის საგნის შემოღება და რა გზებით, რა სახის მეთოდიკით თუ მასალით აპირებს ამ მიზნის მიღწევას მავანი, ვინ განახორციელებს და რა შედეგებს უნდა ველოდოთ საბოლოო ჯამში. ყველაფერი ხომ მიზეზ-შედეგობრივია ამქვეყნად, მიზეზი ვიცით, ახლა შედეგიც გვაინტერესებს, რას უნდა მოველოდეთ. საშიში კი ამაში არაფერია, სწორი აღზრდა ოჯახიდან, უფრო სწორად დედის მუცლიდან იწყება. „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა“ (მარკოზი, 12:17)
0
72
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0