x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
"რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერ გავლოთდით, ვერც დავიხოცეთ"?! - ქართველი გოგონას მწვავე წერილი საოცნებო ამერიკიდან

image

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს ავრცელებს:


პარალელური რეალობ'ები . იმედგაცრუებას ბევრი განმარტება, ქვეტექსტი და ობიექტი შეიძლება ყავდეს, თუმცა მინდა მე ჩემ იმედგაცრუებაზე მოგიყვეთ .
სამ თვეზე მეტია მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტის საოცნებო ქვეყანაში ვცხოვრობ, სამ თვეზე მეტია თქვენი ოცნების ქუჩებში დავდივარ და რეალობა მხოლოდ ის არის, რომ არაფერი აქვს საერთო ნამდვილ ამერიკას იმასთან, რაც ფილმებში გინახავთ, ან წაგიკითხავთ .
თუმცა აქ ეს არ არის მთავარი, ოცნება ძალიან პირობითი ცნებაა და მე ვერასდროს განვსაზღვრავ ვისი ოცნება არის ღირებული და ვისი ილუზია, თუმცა ყველაზე რთულად აღსაქმელი ჩემთვის ის არის, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე .
ონკანი დაზიანდა და შესაცვლელად ქართველი ხელოსანი მოვიწვიეთ, მსოფლიოს ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში. ტაქსი გამოვიძახე და ევროპის რვა გზის პრიზიორი იყო მძღოლი, ასევე ქართველი. სამსახურში შეცვლაზე წასულს პროფესორი დამხვდა, სამეცნიერო დარგში (აქაც ქართველი) . ჩემი მეგობარი, რომელიც ჩემთვის გადაშლილი წიგნივით არის და რომლისგანაც ცხოვრება შეუძლია ისწავლოს ადამიანს, მაღალ რადიაციულ ფონზე აყენებს ანტენებს, ას მეტრიან ბოძებზე .
ჩემი ჯგუფელი, რომელსაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში მოწიწებით ვესაუბრებოდი მაშინ, როდესაც მეგონა რომ იურისპრუდენციის ძირითადი ასპექტები მის ცოდნაზე იქნებოდა სამომავლოდ დაფუძნებული, პიცას დაატარებს ველოსიპედით .
ყოფილი მინისტრი მოხუცს უვლის.
აღარაფერს ვამბობ დედებზე, რომლებსაც შვილები ენატრებათ და შვილებზე, რომლებსაც თავი უკვე დიდი ეგონათ და მშობლების კალთას მოწტვეტილებმა მოულოდნელად გააცნობიერეს თუ რა არის შიში, შიში მარტო დარჩენისა.
ყოველ ღამე მტანჯავს კადრები, როცა დედაჩემმა სახლიდან გამომაცილა და ჯერ კიდევ ფიქრებში გართულს ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა, დედა მირეკავდა, ინსტიქტურად ვკითხე, რა იყო დედა, რამე ხომ არ დამრჩა თქო და არა, ველოსიპედით წამოვედი სადგურისკენ, ვიფიქრე კიდევ ერთხელ ჩაგეხუტებოდიო მითხრა .
ზუსტად იმ წუთის დაძრული იყო მატარებელი და სადგურზე დამრჩა დედა, მოუფერებელი, ველოსიპედთან და ჩემზე ფიქრებთან ერთად .
ზუსტად მაშინ მივხვდი ცხადად, რომ არის რაღაცეები რასაც ვერასდროს შეცვლი და უბრალოდ უნდა შეეგუო.
უნდა შევეგუო იმას, რომ ჩემი მოწინავე კურსელები (იურისტები) თავის გადარჩენის მიზნით სხვადასხვა სავაჭრო მაღაზიების დახლებთან დგანან. ჩემი მეგობარი პოეტები, ტრაგიზმით სავსენი ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობენ ჯამბაზებად მიზერულ ხელფასზე, ჩემი კლასელები, რომელთა ნიჭის ფონზეც მე ვერაფრით გამომარჩევდა ადამიანი, ლუდის ბოთლებით ამაგრებენ სხვადასხვა ადგილებს.
ჩემი მასწავლებლები ჩემთან ერთად უძლებენ ემიგრანტობის მძიმე ხვედრს .
ათასობით ახალგაზრდა გადის ქვეყნიდან და დარწმუნებული იყავით, მათი მომავალი დაკარგულია საქართველოსთვის.
ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა პარლამენტი სავსეა უვიცებით. გაუნათლებელი, მედროვე ადამიანებით, რომლებმაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სამასხარაო ლოკაციად გადააქციეს და აქვე მთავარი კითხვა(ები):
რა დააშავა ჩვენმა ქვეყანამ ამის ფასი?!
რატომ არ ეძლევა საშუალება იმ რესურსის გამოყენების (ამ ადამიანების სახით და არამარტო) რომელიც ამდენად სასიცოცხლოა მისთვის?
როდემდე უნდა ვიყოთ წარსულზე ორიენტირებულნი, მაშინ, როცა აწმყო და მომავალი ერთიანად გვენგრევა თავზე?!
რა დავაშავე მე, რომ ჩემს გარდა ყველა, ვისაც სურვილი ექნება ნებისმიერ სეზონზე წავა ბატეთზე, ანდაც ჩემ მაგივრად ეზიარება იმ სიხარულს და ბედნიერებას, რასაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კარვით ხეტიალი მანიჭებდა?!
თქვენ, ვისაც მხოლოდ მორალის კითხვა გამოგდით, ვინც ვერ გაცდით "პიდარასტობა ევროპიდან მოდის" ლოგიკას, ვინც ვერ ხედავთ რომ რუსეთი ოკუპანტია და ათი გეის ტაბუტეტკით გაკიდებას და ამაზე რესურსის დახარჯვას ჯობია ჩვენთან ერთად მდგარიყავით აქციებზე, მაშინ როცა ყოველ დღე ვკარგავთ მიწას .
თქვენ, ვინც ურა პატრიოტიზმით მიტირით წარსულს, მაშინ როდესაც ოცდამეერთე საუკუნეში უწამლობით გვიკვდება გულზე გაზრდილი შვილები და რადიაცია ყოველდღე გვწამლავს .
თქვენ, ვისაც შეუძლია უშველოს თუნდაც ერთ ბავშვს, იმ ათასობით ბავშვიდან, ვის დასახმარებელ პოსტებსაც ვაზიარებდით და ვაზიარებთ ყოველ დღე და ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ, მეზიზღებით !
სადღაც მაინც აგებთ პასუხს იმაზე, რაც ხდება და რაშიც თქვენი დიდი წვლილია .
"რა დავაშავეთ ჩვენ, ვინც ვერ გავმდიდრდით, ვერ გავლოთდით, ვერც დავიხოცეთ"?!
"-ტომ
-პასუხი არ არის
-ტომ
-პასუხი არ არის !"
"დამალეთ, დამალეთ, დამალეთ ეს ქვეყანა !"
დედა, ძალიან მენატრები.image

0
547
5-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
547
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0