x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ჰაროლდ შიპმენი – საზარელი ექიმი, რომელმაც 218 პაციენტი მოკლა
ჰაროლდ შიპმენი


ჰაროლდ შიპმენს ყველა სამაგალითო მამას, ერთგულ მეუღლეს და მზრუნველ ექიმს უწოდებდა, თუმცა სანამ 1998 წელს დააპატიმრებდნენ, მან სავარაუდოდ 610-მდე პაციენტი მოკლა.


ის ყველას უყვარდა. ოთხი შვილი ჰყავდა და მისი სახლი ყოველთვის სავსე იყო ბავშვიანი სტუმრებით.


ყვავილებს უვლიდა. უყვარდა გულისამაჩუყებელი ისტორიების მოყოლა...



პაციენტები აღმერთებდნენ. მისი მოსაცდელი ყოველთვის გაჭედილი იყო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და სამედიცინო დახმარების მაძიებელი ადამიანებით. მათ შიპმენის სჯეროდათ.


ის კვირაში ექვს დღეს მუშაობდა. გათენებიდან დაღამებამდე.


"აი ხომ იცით, ზოგიერთი ექიმი რომ არის, ფეხზე მდგარი რომ გამოგიწერს რეცეპტს და ცდილობს, რაც შეიძლება მალე მოგიშოროს თავიდან. შიპმენი არა. შიპმენი ყურადღებით მოგისმენს, გულთან ახლოს მიიტანს შენს გასაჭირს და ყველანაირად ეცდება, დაგეხმაროს. ექიმი კი არა, ნამდვილი ოქროა, " ასე ლაპარაკობდა ხალხი ჰაიდში – ინგლისის იმ პატარა ქალაქში, სადაც შიპმენი ცხოვრობდა და "მოღვაწეობდა."


პაციენტებს ის იმდენად უყვარდათ, რომ საკუთარი ნებით გადაურიცხეს 19 000 გირვანქა სტერლინგი საავადმყოფოს აღჭურვილობების გაახლებისთვის დაარსებულ ფონდში.


გარდაცვლილი 81 წლის ლაურა კათლენ ვაგსტაფის შვილებმაც ჩაურიცხეს სიმპათიურ ექიმს სოლიდური შემოწირულობა და გაუგზავნეს ბარათი შემდგომი ტექსტით: "ჩვენი უღრმესი მადლობა მთელი იმ უზარმაზარი ყურადღებისთვის, რაც დედაჩვენს აჩუქეთ. ჩვენ ყოველთვის გვამხნევებდა იმის წარმოდგენა, რომ დედაჩვენის სიცოცხლის ბოლო წუთებში სწორედ თქვენ იყავით მის სასთუმალთან. უფრო მზრუნველ ექიმზე ვერც კი ვიოცნებებდით."


არადა, სინამდვილეში საბრალო მოხუცი ლაურა ვაგსტაფიც ისევე გაისტუმრა საზარელმა ექიმმა იქ, საიდანაც ჯერ არავინ დაბრუნებულა, როგორც ბევრი სხვა – ძირითადად ვაგსტაფის მსგავსი, მარტო მცხოვრები მოხუცი ქალები და კაცები. 1985-1998 წლებში ქალაქი ჰაიდი ხომ საშინელი სერიული მკვლელობების ეპიცენტრი გახლდათ.


თუმცა ეს მაშინ არავინ იცოდა.


ვერავინ ამჩნევდა, რომ შიპმენი მკვლელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ მეორე პაციენტთან მისი სტუმრობის შემდეგ საბრალო ავადმყოფ ადამიანს გარდაცვლილს პოულობდნენ ხოლმე.


შიპმენის დადგენილ მსხვერპლთა რაოდენობა მას შემდეგ ყოველდღიურად განუწყვეტლივ იზრდებოდა, რაც 2000 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 15 დადასტურებული მკვლელობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა საზარელ ექიმს.


ეჭვმიუტანლად დადასტურდა, რომ ჯალათი მედიკოსი 218 ადამიანის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი.


თუმცა, ამ რამდენიმე წლის წინ დანიშნულმა კომისიამ დაადგინა, რომ შიპმენის პაციენტების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა პაციენტთა სიკვდილიანობის საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელს სხვა ექიმების პრაქტიკაში და ამგვარად თუ ვიანგარიშებთ, შიპმენმა სავარაუდოდ 610 ადამიანი მოკლა – უფრო მეტი, ვიდრე 9 თვის მანძილზე ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს ემსხვერპლა.


მსხვერპლები


პირველი ქალაქ ჰაიდის მკვიდრი და ამავე ქალაქის მორგის თანამშრომელი, დებორა მეისეი დაეჭვდა შიპმენის კეთილსინდისიერებაში, რადგან მასთან სულ შიპმენის ყოფილი პაციენტები ხვდებოდნენ, თუმცა პოლიციამ ის გიჟად შერაცხა.


საბოლოოდ "ექიმ სიკვდილზე" პოლიციელებმა ეჭვი მას შემდეგ მიიტანეს, რაც 81 წლის, ჯანღონით სავსე ქალი, ქალაქის ყოფილი მერის ცოლი, კათლენ გრუნდი, მოულოდნელად გარდაიცვალა და გარდაცვალების შემდეგ მთელი თავისი ქონება – 386 402 ფუნტი – შიპმენს "დაუტოვა."


გარდაცვილილის ქალიშვილმა მოითხოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გვამის გაკვეთა და სისხლის ანალიზი, რაზეც შიპმენმა კატეგორიული უარი განაცხადა.


თუმცა გარდაცვლილის ქალიშვილმა ექიმს არ დაუჯერა, არ დანებდა და სასამართლოს ძალით გააკვეთინა მიცვალებული და გაირკვა, რომ საბრალო მოხუცი ქალი მორფიუმის ზედოზირებით იყო გარდაცვლილი.


შიპმენი ამ დასკვნას შეეწინააღმდეგა. და მას მთელი ქალაქი მხარში ამოუდგა! პაციენტები განუწყვეტლივ ამხნევებდნენ "პატარა გაუგებრობის" და "ბოროტი ადამიანების შურიანობის მსხვერპლს."


თქვენ წარმოიდგინეთ, ყვავილებსაც კი უგზავნიდნენ მოოქროვილ ყდაში ჩასმულ მოსაკითხ ბარათებთან ერთად.


მაგრამ კათლენ გრუნდის მემკვიდრე არ ნებდებოდა. მისი დაჟინებული მცდელობების შედეგად პოლიციამ მოახდინა შიპმენის ყველა იმ პაციენტის გვამის ექსჰუმაცია, რომლებიც კრემატორიუმში ფერფლად გადაქცევას გადაურჩნენ.


და გაირკვა, რომ ყველა პაციენტი მოკლული იყო... მორფიუმის ზედოზირებით.


ზუსტად კათლენ გრუნდის მსგავსად.


1998 წელს შიპმენი გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მან საკუთარი დანაშაული არ აღიარა.


გაუგებარი და იდუმალების ბურუსით არის მოცული მკვლელობების მოტივი; არავინ იცის, თუ რატომ ხოცავდა თავის პაციენტებს. ანგარებიანი ქვენა გრძნობით? ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. მან ხომ მხოლოდ ერთხელ გააყალბა ანდერძი.


იქნებ, ეცოდებოდა მოხუცი და დაუძლურებული პაციენტები, რომლებსაც ისედაც მალე მოუღებდა ბოლოს კიბო ან ინსულტი? მისი დედა ხომ ავთვისებიანმა სიმსივნემ საზარელი ტანჯვით მოკლა მაშინ, როცა შიპმენი 17 წლის იყო. იქნებ, ფსიქიკური გადახრის მქონე მედიკოსი პაციენტებში საკუთარ დედას ხედავდა და ტანჯვისგან მათი გათავისუფლება სურდა?


ამ შეკითხვებზე არ არსებობს არანაირი პასუხები.


ირკვევა, რომ "ექიმი სიკვდილი" თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ინტენსიურად მოიხმარდა ძლიერ ნარკოტიკებს, რამაც მას ფსიქიკა დაუმახინჯა და საბოლოოდ, სერიულ მკვლელად გადააქცია.


საბოლოოდ, შიპმენი დაპატიმრებიდან 6 წლის თავზე, საპატიმროში გარდაიცვალა, 2004 წლის 13 იანვარს, ერთი დღით ადრე საკუთარი დაბადების დღის თარიღამდე და მისი ისტორიაც დასრულდა.

0
147
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0