x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჭურჭლის მრეცხავიდან კრისტიან დიორის მოდელამდე - ცნობილი მოდელიერის უცნობი მუზა

ლეგენდარული მოდელიერი კრისტიან დიორი გახდა ერთ-ერთი მათგანი, ვინც პარიზს მსოფლიო მოდის დედაქალაქის ტიტული დაუბრუნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სწორედ ახლებურმა შეხედულებამ ქალის სილამაზეზე შთააგონა დიორს, შეექმნა ულამაზესი კაბები, რომელთა მშვენებას და ხიბლს აგვირგვინებდა დიდი კუტურიეს ლაბორატორიაში შექმნილი სუნამოები და არომატები.




image



მოდელიერი მართლაც რომ გენიალური ნიჭით იყო დაჯილდოებული, თუმცა როგორც თავად ამბობდა, მას არაფერი გამოუვიდოდა, ამქვეყნად რომ არ ყოფილიყვნენ ქალები, სწორედ მათი სილამაზე და სინატიფე შთააგონებდა მოდის მეტრს, შეექმნა განუმეორებელი შედევრები მოდის სფეროში. რა თქმა უნდა, ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ დიორის მუზებს წარმოადგენდნენ მარლენ დიტრიხი და მიტცე ბრიკარი, თუმცა მხოლოდ მოდის სამყაროში კარგად ჩახედულ ადამიანებს თუ სმენიათ დიორის მთავარი მუზის - ალა ილჩუნის შესახებ. სწორედ ეს ქალი გახდა მოდელიერის უკანასკნელი და უსაყვარლესი მოდელი. ყაზახური წარმოშობის ალა ილჩუნის ცხოვრებისეული გზა მართლაც რომ საოცარია - მან განვლო გზა ჭურჭლის მრეცხავიდან მოდური ჩვენებების ვარსკვლავამდე:



image



ალას მამა, ჟუანხან ილჩუნი, წარმოშობით მდიდარი ყაზახური ოჯახიდან იყო. ის რკინიგზის მშენებელი ინჟინერი გახლდათ. რევოლუციის დაწყების დროს ილჩუნი მუშაობდა ჩინეთის ქალაქ ხარბინში, სადაც იმ დროს საკმაოდ ბევრი რუსი ცხოვრობდა. სწორედ აქ გაიცნო მან ოპერის მომღერალი ტატიანა, რომელზეც მალე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს გაუჩნდა ქალიშვილი ალა. სწორედ პატარა გოგონა გახდა ალჩუნების ემიგრაციაში წასვლის მიზეზი: მშობლები შეშინებული იყვნენ რევოლუციით გამოწვეული არეულობით და სერიოზულად აფიქრებდათ შვილის ბედი.



image



ქალაქში გამუდმებით ხდებოდა შეიარაღებული დაპირისპირება რევოლუციონერებს და კონტრრევოლუციონერებს, იაპონელებს და ჩინელებს შორის. ბავშვის უსაფრთხოების მიზნით წყვილმა გადაწყვიტა ხარბინიდან გაქცევა. საბჭოთა რუსეთში დაბრუნება მათ აღარ სურდათ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, პარიზში დასახლებულიყვნენ.



image



გრძელი და ხიფათიანი გზის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში მხოლოდ ალამ და დედამისმა ჩააღწიეს: ოჯახის მამა ჟუანხან ილჩუნი ბოლშევიკებმა შეიპყრეს და დახვრიტეს.

ტატიანა და ალა პარიზში საკმაოდ მოკრძალებულად ცხობრობდნენ, ამიტომ გოგონას ადრეული ასაკიდანვე უხდებოდა მძიმე შრომა საარსებო საშუალების მოსაპოვებლად. ერთი პერიოდი ის ჭურჭლის მრეცხავადაც კი მუშაობდა პარიზის ერთ-ერთ რესტორანში.



image



ერთ ომს გამოქცეული ილჩუნების ოჯახი ახალ შეაიარაღებულ კონფლიქტს შეეჯახა - ევროპას თავს დაატყდა მეორე მსოფლიო ომი. ალა საკმაოდ ძლიერი ხასიათის და უშიშარი გოგონა იყო, ამიტომ ის მყისვე ჩაეწერა საფრანგეთის წინააღმდეგობის არმიის რიგებში.

ომმა შეიწირა ალას უახლოესი მეგობარი არიანა სკრიაბინი - ცნობილი კომპოზიტორის, ალექსანდრე სკრიაბინის შვილი. თავად ალაც არაერთხელ მდგარა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, თუმცა რაღაც სასწაულით ის ომს ცოცხალი გადაურჩა.



image



ალას ბედმა მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ გაუღიმა: ერთხელ მისი უახლოესი მეგობარი უნდა წასულიყო ვიღაც ახალგაზრდა მოდელიერთან კასტინგზე. გოგონა ავად გახდა და ალას სთხოვა, მის მაგივრად ეცადა ბედი.

ალა მეგობრის მიერ მიცემულ მისამართზე წავიდა, თუმცა იმედგაცრუებული დარჩა, როცა იქ მხოლოდ მუშების ბრიგადა იხილა, რომლებიც ომისგან დაზიანებული შენობის აღდგენაზე მუშაობდნენ. გოგონა მათ გამოელაპარაკა და ისე დაბრუნდა სახლში, რომ ვერც კი გაიგო, სად იყო და რა ხდებოდა ამ შენობაში.



image



მოდების სახლიდან განხორციელებული სატელეფონო ზარი ალა ილჩუნისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. გოგონას დიორის მდივანი დაელაპარაკა და კასტინგზე მიიწვია. აღმოჩდა, რომ კრისტიან დიორი მუშებს შორის იყო და მან ერთი შეხედვით შეაფასა ის სილამაზე და შარმი, რაც ყაზახ გოგონას გააჩნდა.



image



ალასთვის სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო, რომელიც აქამდე მისთვის აბსოლუტურად უცხო იყო. მდიდრული კაბები, ძვირფასი კოსმეტიკა და სუნამოები, სტილისტები და გრიმიორები - ყველაფერი ეს ერთბაშად გაჩნდა გუშინდელი ჭურჭლის მრეცხავის ყოველდღიურობაში.


ილჩუნი კრისტიან დიორის "პირადი თილისმა " გახდა. სწორედ ასე უწოდებდა მას თავად მოდელიერი. ქალი Dior-ის მოდების სახლის ჩვენებებზე ყველაზე ძვირფას და სუეკეთესო კაბებში გამოდიოდა. ჩვენების დასრულებისთანავე კაბებს, რომელიც ალას ეცვა, ყიდულობდნენ მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი ქალბატონები.



image



ნაზი, დახვეწილი და მშვენიერი ალა ძალიან მოსწონდა პარიზის საზოგადოებას. ქალაქელი გოგონები ბაძავდნენ მისი ჩაცმის სტილს და კოსმეტიკის საშუალებით ცდილობდნენ, სიგრძეზე გაეზიდათ ქუთუთოები, რათა აღმოსავლელ ლამაზმანს დამსგავსებოდნენ.



image



სწორედ კრისტიან დიორთან მუშაობამ მისცა ალას საშუალება ეპოვა თავისი ცხოვრების სიყვარული. ფოტოსესიაზე მან გაიცნო ცნობილი ფოტოგრაფი მაიკ დე დიულმენი, რომელსაც მალევე გაჰყვა ცოლად. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა.

ალა ილჩუნი კრისტიან დიორთან მოდელიერის სიკვდილამდე მუშაობდა. მისი სიკვდილის შემდეგ ქალმა ივ სენ ლორანთან გააგრძელა თანამშრომლობა.



image



სამოდელო ბიზნესიდან ალა თავისი ნებით წავიდა, როგორც კი მის სახეზე შესამჩნევი ნაოჭები გაჩნდა. მან ისურვა, რომ ხალხს ლამაზი და ახალგაზრდა დამახსოვრებოდა. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ მოდელმა, მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი გააჩინა, ბოლომდე შეინარჩუნა საოცარი ფორმა: კარიერის დასაწყისში მისი წელის გარშემოწერილობა 47, ხოლო სამოდელო ბიზნესიდან წასვლისას 49 სანტიმეტრი იყო.



image



2018 წლის ზაფხულში ყაზახეთის ფრანგული დიასპორის ხელმძღვანელი ბერლინ ირიშევი პარიზის ერთ-ერთ ანტიკვარულ ფარდულში შემთხვევით წააწყდა ალა ილჩუნის პორტრეტს. სურათი შეისყიდეს და ალმა-ატაში გამოფინეს, რათა ყაზახებს გააცნონ იქაური ფესვების მქონე კონკიას ცხოვრების საინტერესო ისტორია. ირიშევმა პარიზშივე მოძებნა ალა ილჩუნის შვილი, მათ ერთად დაგეგმეს გადაღება ფილმისა, რომელშიც ალა ილჩუნის-კრისტიან დიორის უკანასკნელი მუზის ცხოვრება იქნება აღწერილი.



0
81
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0