x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134425
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რა პრობლემებია დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში?!
image


დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ილია მარტყოფლიშვილმა საკუთარ პროფესიაში ტაიმ-აუტი აიღო და მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის, გადაწყვეტილებით, ახალ სამსახურს ჩაუდგა სათავეში. პირველ კვირაში ის ქალაქსა და ყველა სოფელში თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს. ილია მარტყოფლიშვილის მორიგი შეხვედრა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შედგა.


მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დედოფლისწყაროში 1975 წელს გაიხსნა. მუზეუმში, ძირითადად, დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიან ფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები. დღეისათვის აქ 12000 უნიკალური ექსპონატი ინახება. მუზეუმს აქვს ორი საექსპოზიციო დარბაზი, ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური.


მინდა აღვნიშნო, რომ მუზეუმში სტუმრობისას ყოველთვის თბილი გარემო გხვდება, აქაურ თანამშრომლებს აქვთ საოცარი მასპინძლობის ტრადიცია, ამ გარემოს შექმნაში კი მათ, ალბათ, ის უნიკალური სიძველეები ეხმარებათ, რომლებიც ამ დარბაზებში და მის საცავებში ინახება... შეუძლებელია, იცავდე შენი ქვეყნის საუკუნეების წინანდელ ისტორიას, დადიოდე თითოეულ სოფელში, აგროვებდე მასალებს, რომლის მიხედვითაც საუკუნის მერე სხვა ახალი ისტორია უნდა შეიქმნას და შენი შრომის ანაზღაურება სულ ახლოსაც არ იყოს თანამედროვე საშუალო ხელფასის ნიშნულთან. დიახ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მუზეუმის თითოეული თანამშრომლის ხელფასი ვერ აღემატება 140 ლარს, რომელიც მათ ხელს არ უშლის კეთილსინდისიერებაში, ისევე მოუფრთხილდნენ ჩვენი ქვეყნის საგანძურს, როგორც ამას მათთვის საოცნებო ანაზღაურების პირობებში გააკეთებდნენ, აღარაფერს ვამბობ ექსპონატების დაცვის იმ არასათანადო პირობებზე, რის წინაშეც დღეს მუზეუმი დგას.



როგორც კულტურის ცენტრის ახალმა დირექტორმა განმარტა, მისი პროფესიიდან გამომდინარე, მისთვის ამ სფეროში არსებული პრობლემები მანამდეც კარგად იყო ცნობილი.


– „ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ახლა მთავარი ურთიერთგაგება და პრობლემების მოგვარებაა. მიხარია, რომ შეგიძენიათ ინვენტარი და შეშის ღუმელის ბოლიც აღარ გაწუხებთ, თუმცა, ვიცი, რომ სხვა უამრავი პრობლემა გაქვთ. ვინაიდან, ჟურნალისტიკიდან მოვდივარ, პირველ რიგში, თქვენი საწუხარი მაინტერესებს, შემდეგ გავეცნოთ სამომავლო გეგმებს და ერთად შევადგინოთ მთავარი გასაკეთებელი საქმეების ნუსხა. დროულად უნდა მოხდეს ძველი ნივთების ჩამოწერა და ინვენტარიზაცია, რაც აღდგენას ექვემდებარება აღვადგინოთ, გამოუსადეგარი ნივთები კი განადგურდეს. უახლოეს დღეებში სპეციალური კომისიის ფორმირება უნდა დასრულდეს“. _ განაცხადა ილია მარტყოფლიშვილმა.


– „მართლაც დიდი იმედით შევხვდით ამ თანამდებობაზე თქვენს მოსვლას. პირველ რიგში თანამშრომელთა ხელფასების პრობლემა გვაქვს დასაძლევი, რომელიც წინა წლებში შემცირდა. შემდეგ ექსპონატების დაცვის პირობებია შესაქმნელი. გვაქვს ნაგავსაყრელის პრობლემა, აუცილებელია ტერიტორიის დროულად შემოღობვა, რათა გავაცოცხლოთ „ღია ეთნოგრაფია“ ჩვენი ძალებით. გვინდა, საინტერესო და ახალი დატვირთვა შევძინოთ ამ ეზოს, რომ უფრო მიმზიდველი გავხდეთ დამთვალიერებლებისთვის. სამომავლოდ, კუთხური ტრადიციები გვინდა გავაცოცხლოთ. არ გვაქვს საკუთარი ინტერნეტი, რის გამოც ჰამლეტ გონაშვილის სახელობის სკოლის სიხშირეს ვიყენებთ, ეს კი ხშირად ჩვენთვის მიუწვდომელია. ასევე, არ გვაქვს ტრანსპორტის საშუალება სოფლებში გასასვლელად, ენერგოდისტრიბუციის ჯგუფებს დავყვებით, როცა სოფლების ისტორიის შესწავლა გვინდა. სამაგიეროდ, გვაქვს თქვენი დიდი იმედი... მართლაც, ჩამოსაწერი გვაქვს უამრავი ნივთი საცავებიდან, ამისთვის კი ალბათ ექსპერტის მოწვევა არის აუცილებელი, რომ მისი შემოწმების და ნებართვის ფარგლებში მოხდეს ჩამოწერა. (ძველი ტანსაცმელი, ფარდაგები და ა.შ.)“ _ ამბობს მუზეუმის დირექტორი ლალი გურასპაული. მას გამოეხმაურნენ მუზეუმის სხვა თანამშრომლები, ყველამ თავისი აზრი გამოთქვა და თავის მხრივ მხარდაჭერა გამოხატა ცენტრის ახალი ხელმძღვანელის მიმართ.

ელზა ხარაშვილი

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0