x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
სიმსუქნე და ცრურწმენები

image

ჭარბწონიანი ადამიანების წინააღმდეგ არსებული ცრურწმენები საკმაოდ გავრცელებული და ძლიერია. სხვა ტიპის ცრურწმენებისა და სტერეოტიპების მსგავსად, მათ დიდი გავლენა აქვთ ჭარბწონიანი ადამიანების ცხოვრებაზე. ამ თავში განხილულია, თუ რა გავლენა აქვს წონის მიხედვით ადამიანების განსხვავებულ მოპყრობას მათ მიღწევის დონეზე, თვითშეფასებაზე, პირად ურთიერთობებზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. სხვა ცრურწმენების მსგავსად, სიმსუქნის საწინააღმდეგო ცრურწმენები ზღუდავს ადამიანების შესაძლებლობებს, ისინი ასოცირებულია უარყოფით სტერეოტიპებთან და ძალაუფლების მქონე ჯგუფების მხრიდან სტიგმატიზირებული ჯგუფის შევიწროებას იწვევს. თუმცა აღნიშნული ცრურწმენები გარკვეულწილად განსხვავდება რასობრივი და გენდერული ცრურწმენებისგან.

დაცინვა

თანატოლების მხრიდან დაცინვა იწვევს თვითშეფასების შემცირებას, გარიყულობასა და თანატოლებთან არამეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას (Troop-Gordon & Ladd, 2005). ერთ-ერთ კვლევაში ჭარბწონიანი გოგონების 96% აცხადებდა, რომ ისინი გამხდარან დაცინვის ობიექტები მათი წონის გამო (Neumark-Sztainer & Eisenberg, 2005). ამასთან ერთად, გამხდარ ბავშვებთან შედარებით, 15-ჯერ დიდია იმის შანსი, რომ თანატოლები გაერთიანდნენ ჭარბწონიანი ბავშვების წინააღმდეგ და დაამცირონ ისინი (Lagerspetz, Kjorkvist, Nerts, & King, 1982). 4700 მოზარდის გამოკითხვაში, გოგონების 30% და ბიჭების 20% აცხადებდა, რომ მათ დასცინოდნენ წონის გამო (Neumark-Sztainer et al., 2002), ხოლო ჭარბწონიანი მოსწავლეების შემთხვევაში, მათი წილი 45% და 50%-მდე იზრდებოდა.

რა უარყოფითი შედეგები მოაქვს დაცინვას? ბავშვები და განსაკუთრებით გოგონები, რომლებიც დაცინვის მსხვერპლნი არიან უფრო მეტად იყენებენ დიეტის აბებს, საკვების დიდ რაოდენობას იღებენ და მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისა და თვითმკვლელობის მცდელობებისკენ. გოგონებს, რომლებსაც საკუთარი წონის გამო დასცინოდნენ ორჯერ უფრო ხშირად ჰქონდათ თვითმკვლელობის შესახებ ფიქრები (51%), ვიდრე მათ სხვა თანატოლებს (25%). მთლიანობაში ბიჭებში წონის გამო დაცინვასთან დაკავშირებული თვითმკვლელობის ფიქრები იშვიათია, თუმცა მათ ვისაც დასცინოდნენ სამჯერ უფრო ხშირად ჰქონდათ მსგავსი აზრები (13%), სხვებთან შედარებით (Eisenberg, Neumark-Sztainer, Haines, & Wall, 2006; Haines, Neumark-Sztainer, Eisenberg, & Hannan, 2006).


განათლება

განათლება ხშირად მიიჩნევა სოციალურ-კლასობრივი წინსვლის მნიშვნელოვან პირობად (Argyle, 1994). თუმცა განათლების ყველა საფეხურზე, რაც უფრო მძიმე წონიანია სტუდენტი მით ნაკლები შესაძლებლობები ეძლევა მას და მით მეტად არის დისკრიმინირებული როგორც თანატოლების (Neumark-Sztainer, Story, & Faibisch, 1998), ასევე მასწავლებლების მხრიდან (Neumark-Sztainer, Story, & Harris, 1999).

დაკავშირებულია თუ არა ჭარბწონიანობა კოგნიტური შესაძლებლობების ნაკლებობასთან, კვლევები ზუსტ პასუხს ვერ გვაძლევენ. ერთ-ერთ კვლევაში ბაღისა და დაწყებითი სკოლის ჭარბწონიანი მოსწავლეები თანატოლებთან შედარებით დაბალ შედეგებს აჩვენებდნენ მათემატიკასა და კითხვის უნარებში, თუმცა ეს განსხვავებები აღარ დაფიქსირდა, როდესაც დამატებითი სოციალურ-ეკონომიკური ცვლადები გაკონტროლებული იყო (Datar, Sturm, & Magnabosco, 2004). შესაბამისად ბავშვების წონა შესაძლოა კოგნიტურ უნარებზე უფრო მეტად, მათი სოციალური კლასის მაჩვენებელი იყოს.

ტესტებში მიღებული თანაბარი ქულების მიუხედავად შეერთებული შტატების პრესტიჟულ კოლეჯებში ჭარბწონიან ადამიანებს ნაკლებად ვხვდებით (Canning and Mayer, 1966). იგივე ტენდენცია ფიქსირდებოდა ბოსტონისა და ფლორიდის უნივერსიტეტებში (Pargman, 1969; Crandall, 1991, 1995). საინტერესოა, რომ ამ ორი უკანასკნელის შემთხვევაში უნივერსიტეტში ჩასაბარებლად პირისპირ ინტერვიუს გავლა ან საბუთებთან ერთად ფოტოსურათის გაგზავნა არ არის საჭირო.

სამსახურში აყვანის პრობლემა

კვლევები აჩვენებს, რომ სამსახურში აყვანის დროს მძიმე წონიან კანდიდატებს დამსაქმებლები მეტად მიაწერენ ნეგატიურ თვისებებს (Polinko & Popovich, 2001). მაშინაც კი, როდესაც კანდიდატების მონაცემები არ განსხვავდება, უპირატესობა ხშირად გამხდარ აპლიკანტს ენიჭება (Larkin & Pines, 1979; Pingitore, Dugoni, Tindale, & Spring, 1994). სიმსუქნის საწინააღმდეგო ცრურწმენები იმდენად ღრმად არის ადამიანებში გამჯდარი, რომ ჭარბწონიან ადამიანთან კავშირიც კი შეიძლება ნეგატიურად იყოს აღქმული. კვლევაში კაც კანდიდატებს, რომლებსაც ხედავდნენ ჭარბწონიან ქალთან ერთად, მათი ურთიერთობის ხასიათის მიუხედავად, ნაკლები შანსი ჰქონდათ სამსახურის დაწყების, იმ კაცებთან შედარებით, რომლებსაც გამხდარ ქალთან ერთად ხედავდნენ (Hebl & Mannix, 2003).

დაწინაურებისა და ანაზღაურების ტენდენციები

თანამშრომლების დაწინაურება როგორც წესი დამოკიდებულია მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე. არაერთი კვლევა გვაჩვენებს, რომ მძიმე წონიანი თანამშრომლები სხვებთან შედარებით ნეგატიურად, ნაკლებ პუნქტუალურად, პროდუქტიულად და სანდოდ ფასდებიან და შესაბამისად დაწინაურების ნაკლები შესაძლებლობა ეძლევათ (Jasper & Klassen, 1990; Larkin & Pines, 1979; Zemank, McIntyre, & Zemanek, 1998). მსგავსი შეფასებები არსებობს დასაქმების ყველა საფეხურზე, მაღალი დონის ჭარბწონიანი მენეჯერები ნაკლებ სასურველად და მისაღებად მიიჩნევიან, გამხდარ მენეჯერებთან შედარებით (Decker, 1987). შესაძლოა მართლაც იყოს სამუშაოს შესრულების დროს განსხვავებები, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ეს განსხვავებები ტრენინგების სხვადასხვა მიდგომით ჩატარების შედეგია. ტრენერების დამოკიდებულებასა და ქცევაში განსხვავებები ხშირად თვითქმნადი წინასწარმეტყველების მიზეზი ხდება (Shapiro, King, & Quinones, 2007).

გასაკვირი არაა, რომ შეფასებასა და დაწინაურებაში მსგავსი განსხვავებების არსებობა, ანაზღაურებაში განსხვავებებს იწვევს. თუმცა მსგავსი განსხვავებები მხოლოდ ქალებში დაფიქსირდა (Pagan & Davila, 1997; Register & Williams, 1990; Sargent & Blanchflower, 1994; Sobal & Stunkard, 1989). ქალები, რომელთაც ახალგაზრდობაში ჭარბი წონა ჰქონდათ წელიწადში 6, 710$-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ სხვა ქალებთან შედარებით (Gortmaker, Must, Perrin, Sobol, & Dietz, 1993).

ქორწინება

იქიდან გამომდინარე, რომ ჭარბწონიანი ადამიანები რომანტიულ ურთიერთობებს ხშირად ზრდასრულ ასაკში იწყებენ, გასაკვირი არ არის, რომ ოჯახსაც სხვებთან შედარებით მოგვიანებით ქმნიან. ახლაგაზრდებში კი ქორწინების სტატისტიკა საშუალოზე დაბალია (Fu & Goldman, 1996; Gortmaker et al., 1993). თუმცა ქორწინების შემდეგ ოჯახური ურთიერთობების ხარისხი არ განსხვავდება სხვებისგან, ოჯახურ კონფლიქტსა და პრობლემებს ან ურთიერთობით კმაყოფილებას კავშირი არ აქვს ადამიანების წონასთან (Sobal, Rauschenbach, & Frongillo, 1995).

წყვილებში გამხდარი ადამიანები გამხდრებს ირჩევენ, ხოლო ჭარბწონიანები ჭარბწონიანებთან ქმნიან ოჯახს. ხშირ შემთხვევაში მსგავსება დადებითად მოქმედებს ურთიერთობის განვითარებაზე და მას დაცვისა და სტაბილიზაციის ფუნქცია აქვს (Marshall & Neill, 1977). დაქორწინებული ჭარბწონიანი ქალების ბედნიერების დონე დასაქორწინებლებთან შედარებით მაღალია, რადგანაც ისინი არ განიცდიან ზეწოლას, რომ პარტნიორის მოსაძებნად წონაში უნდა დაიკლონ (Marshall & Neill, 1977; Sobal et al., 1995).

ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება ნებისმიერი ადამიანისთვის სირთულეს წარმოადგენს, მისი წონის მიუხედავად. თუმცა ჭარბწონიანი ინდივიდებისთვის საზოგადოებაში არსებული ცრურწმენებისა და სტერეოტიპების გამო ეს გამოცდილება კიდევ უფრო გართულებულია.

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სფეროში ჭარბწონიანი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის არსებობას მრავალი კვლევა ადასტურებს. ექიმები ჭარბწონიან ინდივიდებს ადანაშაულებენ მათი წონის გამო და პაციენტების არადისციპლინურობა და მსუნაგობა მოჰყავთ წონაში ვერ დაკლების მიზეზად (DeJong, 1980; Price, Desmond, Krol, Snyder, & O’Connell, 1987; Price, Desmond, Ruppert, & Stelzer, 1989; Young & Powell, 1985). თუმცა, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ექიმებს არ აქვთ განსაკუთრებულად მაღალი ცრურწმენების დონე სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან შედარებით (Teachman & Brownell, 2001). სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დამოკიდებულებები როგორც წესი იცვლება განათლების მიღების პროცესში, როდესაც ისინი აცნობიერებენ, რომ ჭარბწონიან პაციენტებს უფრო დიდი სივრცე, საოპერაციოდ და სარეაბილიტაციოდ მეტი დრო და არასტანდარტული ზომის აღჭურვილობა სჭირდებათ (Gallagher, 1996, 1998). მართლაც, სამედიცინო მიმართულების სტუდენტებს უფრო ნაკლებად მოსწონდათ ჭარბწონიანი პაციენტები, მათ უფრო მეტად ემოციურად მიიჩნევდნენ (Blumberg & Mellis, 1985) და ფიქრობდნენ, რომ მძიმე წონიანი პაციენტებისთვის მკურნალობა ნაკლები სარგებლის მომტანი იქნებოდა (Bretytspraak, McGee, Conger, Whatley, & Moore, 1977). საშუალოდ ექიმები 9 წუთით ნაკლებ დროს უთმობდნენ და ნაკლებად პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი ჭარბწონიანი პაციენტების მიმართ. ექიმების ნახევარზე ნაკლები ურჩევდა ჭარბწონიან პაციენტებს დიეტელოგთან კონსულტაციას ან ვარჯიშის დაწყებას (Galuska, Will, Serdula, & Ford, 1999; Wee, McCarthy, Davis, & Phillips, 1999).

0
75
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0