x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
"ჩაიცვით, ყმაწვილო, ჩაიცვით", - რატომ მიმართა შალვა დადიანმა ტერენტი გრანელის ასე უხეშად (სიღატაკე: "პატარა ჯვარცმა" პოეტისათვის)

imageimage

სიღატაკე - "პატარა ჯვარცმა" ტერენტი გრანელისათვის

ტერენტი გრანელს იმთავითვე აემგზავრა სიღარიბე. უბრალო გლეხის ოჯახში დაბადებულს, დედით ობოლს სახლი დაეწვა, მერე მამამ, სამსონ კვირკველიამაც ფეხი მოიტეხა და სოფლის მეურნეობის გაძღოლა გაუჭირდა. ტერენტის მამა ღარიბი გლეხი იყო, ჯერ სოფლის მეურნე, მერე - მეუნაგირე, დაკოჭლების შემდგომ კი მეწაღეობას მიჰყო ხელი. მამის დაკოჭლებისა და სახლის დაწვის შემდგომ ტერენტი იძულებული იყო, მამას დახმარებოდა პროზაულ საქმეებში, ოჯახის მატერიალურ პრობლემებთან გამკლავებაში თავისი წვლილი შეეტანა, ხარაზის მოსაწყენ საქმიანობას მოჰკიდებოდა. მას ბედი დასცინოდა უფრო მეტად, ვიდრე ნიკოლოზ ბარათაშვილს.

1918 წლიდან, დაახლოებით 18 წლის ასაკიდან (დაბადების ზუსტი თარიღი არ არის გარკვეული) ტერენტი გრანელი თბილისშია, თუმცა, უსახსრობის გამო, სტუდენტი ვერ გახდა, ამიტომაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად ჩაწერაღა მოახერხა. საარსებო წყაროს ძიებამ ხან რკინიგზის მუშად, ვაგონების გადამბმელად აქცია, ხან - ტრამვაის კონდუქტორად, ერთი პერიოდი მუშაობდა გაზეთის რედაქციის შიკრიკად, გაზეთების მკეცავად, თუმცა ხანგძლივად სამსახურს ვერ ეგუებოდა, გამუდმებით პოეტურ ინსპირაციაში მყოფს მუზა ეძახდა. ამასთანავე, თავის გასატანად საარსებო საახსარი სჭირდებოდა, ლექსებიდან შემოსავალი უმნიშვნელო ოდენობის იყო, გაზეთებსაც კი ვერ ყიდულობდა.

ტერენტი ერთი პერიოდი ცხოვრობდა თავის დასთან მაშოსთან, რომელიც კერავდა და აღებული ფულით ძმასაც ეხმარებოდა. ბინა, სადაც ტერენტის და ცხოვრობდა, იყო "პატარა, საშინლად ნესტიანი, ბნელი". მოგვიანებით, როცა ტერენტი ცოცხალი აღარ იყო, სენაკში (სამეგრელოს მუნიციპალიტეტი) გათხოვილ მაშოს მდგმურისათვის ფული არ გამოურთმევია, საუზმითაც უმასპინძლდებოდა თურმე: "მე და ჩემს უბედურ ძმას, ტერენტის, ბინის გამო იმდენი ტანჯვა, იმდენი დამცირება შეგვხვედრია, თუ არა მე, ვინ იცის, რა ძნელია მდგმურის ხვედრი, ბინის ქირას როგორ გამოგართმევო!..". მაშო კვირკველია თბილისში ცხოვრების პერიოდში სამკერვალო ატელიეში მუშაობდა და არა მარტო ფულით, არამედ ტანსაცმლითაც ეხმარებოდა ტერენტის. ერთხელაც ტერენტი მეორე დასთან, ზოზიასთან ჩასულა ზუგდიდში და დას ცუდად ჩაცმული რომ დაუნახავს, გამოუწყვია ძმა, რაც "პოეტ ბავშვს" უზომოდ გახარებია, რა პატარა რამ ყოფნიდაო სიხარულისთვის, იგონებდა შემდგომში ზოზია. ერთხანს ტერენტი გრანელი ზაქარია ჭიჭინაძესთან იყო შეკედლებული, ორი წელი - პოეტ დარია ახვლედიანთან. ერთხელ მისთვის არჩილ კორინთელს მისამართი უკითხავს, რომ დაგვჭირდე, სად მოგძებნოთო, რაზეც პოეტს უპასუხია, რომ მუდმივი მისამართი არ ჰქონდა, ხან ნათესავთან ან თანასოფლელთან, ხანაც რომელიმე ნაცნობთან უწევდა თავის შეფარება. ერთხელ სოფლიდან ჩამოსულმა დამ ტერენტის ბინის დალაგება შესთავაზა, მან კი შემდგომი ჩამოსვლისათვის გადავდოთო, მერე გაირკვა, რომ იმხანად ბინა საერთოდ არ ჰქონია. ცნობილია ისიც, რომ ტერენტი გრანელი განათლების მუშაკთა (მასწავლებელთა) სახლში გაზეთებს კითხულობდა, შემდგომ ერთ-ერთ თავისუფალ საწოლზე დაიძინებდა, რადგან ბინა არ ჰქონდა და ხან სად ათევდა, ხან - სად. ერთი პერიოდიც პლეხანოვის ქუჩასთან ახლოს, მთავარი პოსტის პირდაპირ, ერთ პატარა დარაბაში ცხოვრობდა, ასევე, უცხოვრია ბესიკის აღმართზეც, პატარა ეზოში, აივნის ქვეშ საქათმისხელა ფიცრულ ოთახში, რომელშიც იდგა მხოლოდ ერთი ხის ტახტი და სკამი. პოეტის მეგობრის, გენო ქელბაქიანის სიტყვებით "ის იყო ნამდვილად ქუჩის შვილი. სადაც დაუღამდებოდა, იქ გაუთენდებოდა. არსად არ მსახურობდა, ფული არ ჰქონდა. დილით არ იცოდა, ისადილებდა თუ არა, შუადღისას არ იცოდა, სად გაათევდა ღამეს" [სორდია, 2011, 34].

ტერენტი გრანელს მდიდრებისაგან ფულის სესხება არ ჰყვარებია, ისევ თავისიანებს თუ სთხოვდა დახმარებას:

"ტერენტი მეტად ამაყი, გოროზი და სიტყვაძუნწი იყო. სულ უჭირდა, სადილის ფული არ გააჩნდა, მაგრამ იშვიათად იცოდა ფულის თხოვნა. და თუ გთხოვდა, სულ მცირეს, რომ ერთი კერძი ეჭამა ნასესხები ფულით. როცა ფულს მიიღებდა (ჰონორარს), ხელგაშლით ხარჯავდა. უყვარდა მეგობრების გამასპინძლება, მაგრამ ასეთი შესაძლებლობანი... იშვიათად იყო, იგონებდა ხარიტონ ვარდოშვილი" [სორდია, 2011, 33]. პოეტს არც საკუთარ მატერიალურ სიდუხჭირეზე წუწუნი ჰყვარებია.

"მემენტო მორის" გამოცემამ ტერენტი გრანელს განსაკუთრებული პოპულარობა შესძინა, თუმცა ამ ფაქტს მის მატერიალურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი სასიკეთო გავლენა არ მოუხდენია, რადგანაც წიგნი დიდი რაოდენობით არ იყიდებოდა, თანაც გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს უანგარიშოდ ხარჯავდა. ჰონორარით წიგნს ყიდულობდა, დარჩენილი თანხით დალევდა, ან მეეტლეს მისცემდა, ან უაზროდ დახარჯავდა. ასე თუ ისე, მისი "მემენტო მორი" კარგად იყიდებოდა, მაგრამ ტერენტი არაპრაქტიკული, არაეკონომიური ადამიანი იყო, ყოველდღე მიჰქონდა ფული მაღაზიიდან და უცბად ხარჯავდა. ზოგჯერ კიდევ ახალთახალი ტანსაცმელიც გადაუყრია წყალში, თითქოს ამძიმებდა. ამ მიზეზთა გამო, ტერენტი გრანელი იძულებული იყო, "შრომის ბირჟის" დახმარება მიეღო. მოგვიანებით, როცა ბინა გამოუყვეს, ისევ ძველებურად გააგრძელა ცხოვრება, გარეთ ყოფნა და თავისუფლად ხეტიალი ერჩია ("ახლა ბინა მაქვს საუკეთესო და მაინც მინდა მე ხეტიალი").

უმცროსი და, ზოზია კვირკველია იხსენებს:

"ტერენტი იყო თავაზიანი, ნამეტნავად გულუბრყვილო, მაგრამ უღარიბესი. ამიტომ ეცოდებოდათ მეგობრებს, პოეზიის მოყვარულებს და პირველად თავისით ეხმარებოდნენ. მერე კი თვითონ ტერენტიც არ ერიდებოდა მათთვის კაპიკების გამორთმევას. თუკი საჭიროზე მეტს მისცემდნენ, უკან უბრუნებდა... ყოველთვის ცდილობდა პატივისცემის გადახდას. აიღებდა თუ არა ლექსის ჰონორარას, იქვე ხარჯავდა. მეტიც: ერთხელ როცა წიგნის ჰონორარი აუღია, იქვე დაუტოვებია, გამოიყენეთო. სიამაყე კი თავისი გონების საკადრისი ჰქონდა" [სორდია, 2011, 35].

თანამედროვენი ტერენტის იგონებენ ზამთარ-ზაფხულ სატინის ხალათით, ფეხზე დახეული ჩუსტებით, რომლიდანაც თითები უჩანდა; ხაზს უსვამენ მის მეტისმეტად ღარიბულ ჩაცმულობას, ღარიბულ ცხოვრებას: "ის მეტისმეტად ღარიბულად ცხოვრობდა", "ხელმოკლე იყო და გაზეთის შესაძენი ფული არ ჰქონდაო", "ტერენტის თბილისში არაფერი გააჩნდა. ავადმყოფობისას დის ბინაზე მიდიოდა" (ალ ჯაფარიძე), "ტერენტი გრანელი პოეზიისათვის წამებული დადიოდა, პოეზიას ემსხვერპლა და მათხოვარივით დაიღუპა" (ლევან გოთუა).

სიცოცხლის უკანასკნელი წლები (ფსიქიატრიულში მოხვედრამდე) ტერენტი გრანელიმ გაატარა საბჭოს მოედანთან, მერკვილაძის ქუჩის 31-ში, კიბისქვეშა საკანში.

"იმ დროს, როცა თბილისის ქუჩებში დენდივით ჩაცმულები დადიოდნენ უმაღლესი ინტელექტის ევროპელები - ნიკო ნიკოლაძე, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი, გერონტი ქიქოძე, როცა ყველას აოცებდა თბილისის ქუჩებში ისეთი პიროვნების გამოჩენა, როგორიც ხალხთა წარმოდგენით, ფრესკიდან გადმოსული ვასილ ბარნოვი იყო, ანდა მხცოვანი მწერალი დავით კლდიაშვილი და ზოგიერთი სხვა, ... მთის სოფლიდან ჩამოსული, სევდისა და მარტოობის რაინდი ტერენტი გრანელი თავისი აშკარად კონტრასტული ჩაცმულობით, ხაზგასმული გარეგნული დაუდევრობითა და ახირებით თავად იპყრობდა ყველას ყურადღებას" [სორდია, 2011, 36].

ტერენტის ლექსებშიცაა ასახული სიღატაკის ფაქტები, ბოჰემური ყოფა, "წუხელ მეძინა სანაგვე ყუთშიო", აღნიშნავს ერთგან. პოეტის თანამედროვეთა ცნობით, ტერენტის ღამეები უთენებია სასაფლაოებზე, სამრეკლოზე, ბაღებში...

პოეტს მატერიალურად ძალიან უჭირდა, თორემ კი უყვარდა ლამაზად ჩაცმა, თუმცა მაინც არ ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი ჩაცმისადმი, მატერიალური ყოფისადმი. პოეტს სიღარიბე ჯვარცმად ექცა.

ტერენტი გრანელის მეტად ღარიბულ ჩაცმულობასთან დაკავშირებით მეტად საინტერესო ისტორიას ასახავს ცნობილ მწერალთან, შალვა დადიანთან პოეტის ურთიერთობა. კერძოდ, ტერენტის მოსწონდა შალვა დადიანის ძმისშვილი, ნინო დადიანი და ხშირად იჯდა მისი სახლის გვერდზე, ეკლესიის ეზოში, ლექსიც უძღვნა "ქალი, რომელიც ცხოვრობს ეკლესიის ეზოში":

"მიდიხარ სადღაც, ივიწყებ დედას,

მიდიხარ სადღაც და ბედი გღუპავს.

და შენ ყოველთვის ფანჯრიდან ხედავ

მაღალ სამრეკლოს და ცისფერ გუმბათს.

გიყვარს ზაფხულის ჩუმი ტაროსი,

როცა ღრუბლები ცაზე ქრებიან.

შენს ფანჯარასთან დგას კვიპაროსი,

შენს ფანჯარასთან საფლავებია.

როს გათენდება, მზე სხივებს გესვრის

და შენი სახე უანგაროა.

გაზაფხულია და ახლა გესმის

ახლო ეზოდან შაშვის გალობა.

და გიყვარს ცაზე მთვარის რონინი,

გინდა, ქვეყანა რომ გეუცხოვოს.

და განდგომილი მონაზონივით

შენ ეკლესიის ეზოში ცხოვრობ.

და, როცა გინდა, გაივლი ბაღში,

დადგება შენთვის დღე სასურველი.

გაზაფხულია და შენს ოთახში

დგას ყვავილების თეთრი სურნელი.

მიდიხარ სადღაც, ივიწყებ დედას,

მიდიხარ სადღაც და ბედი გღუპავს.

და შენ ყოველთვის ფანჯრიდან ხედავ

მაღალ სამრეკლოს და ცისფერ გუმბათს".

ტერენტი გრანელის ნინო დადიანით გატაცება შეუნიშნავს ნინოს ბიძას, მწერალ შალვა დადიანს და პოეტისათვის, რომელსაც მუდამ სატინის ხალათით ხედავდა, მეტად გულსატკენი შენიშვნა უკადრებია: "ჩაიცვით, ყმაწვილო, ჩაიცვითო". უკვე ცნობილ პოეტს, ზამთარ-ზაფხულ თხელი ხალათით მოსიარულე ტერენტი გრანელის შალვა დადიანის შენიშვნისათვის ლექსით უპასუხია, წყენა სტრიქონებით გამოუხატავს, რომელშიც სიღატაკეს "პატარა ჯვარცმას" უწოდებს:

"ბატონო შალვა, არათუ კაცმა,

ბავშვმაც კი იცის ჭამა და ჩაცმა.

შენ სიღატაკეს არ იცნობ, ალბათ,

რომელიც არის პატარა ჯვარცმა"

[სორდია, 2011, 37].

0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0