x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მხედველობის დარღვევები

image

ნეიროფსიქოლოგიური კვლევების საფუძველზე, ცნობილია რამდენიმე სახის მხედველობის დარღვევა, რომელთაგან თითოეული ხასიათდება გარკვეული სპეციპიკით.

განასხვავებენ მხედველობითი დარღვევების სხვადასხვა ფორმებს:

საგნობრივი აგნოზია - მხედველობითი აღქმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც სხვადასხვა ხარისხით გვხვდება თითქმის ყველა პაციენტთან თხემ-კეფის უბნების დაზიანებით. უხეში ფორმით ეს აგნოზია ვლინდება მხოლოდ თხემ-კეფის ორმხრივი დაზიანებებისას. საგნობრივი მხედველობითი აგნოზია უკავშირდება ფართო მხედველობითი სფეროს ქვედა ნაწილის დაზიანებას. მისი მახასიათებელია ის, რომ ავადმყოფი თითქოსდა ყველაფერს ხედავს, მას შეუძლია საგნის ცალკეული ნაწილების აღწერა, მაგრამ ვერ ამბობს თუ რა საგანს ხედავს. საგნის სწორი შეფასების განსაკუთრებით უხეში დარღვევა გვხვდება ფართო მხედველობითი სფეროს ქვედა ნაწილების ორმხრივი დაზიანებებისას: ავადმყოფს არ შეუძლია მხედველობის საშუალებით საგნის ცნობა, თუმცა შეხებით ხშირად ასახელებს მას. თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ავადმყოფები უსინათლო ადამიანებივით იქცევიან, თუმცა არ ეჯახებიან საგნებს, მაგრამ ცდილობენ შეეხონ, მოსინჯონ ან ორიენტირებას ბგერების საშუალებით ახდენენ. თუმცა ასეთი უხეში ფორმით საგნობრივი მხედველობითი აგნოზია იშვიათად გვხვდება, უფრო ხშირად ადგილი აქვს აგნოზიის ნაკლებად გამოხატულ ფორმას, რომელიც სპეციალურ დავალებებსა და სინჯებში იჩენს თავს: მაგალითად, კონტურული, ერთმანეთზე დახატული, გადახაზული ნახატების, ამობრუნებული გამოსახულებების ცნობისას და ა.შ.

სურათი #1: ნახატების კოპირება საგნობრივი მხედველობითი დარღვევის მქონე ავადმყოფის მიერ. ნახატების სწორი კოპირების ფონზე ავადმყოფს არ შეუძლია მათი სწორად დასახელება.

image

მხედველობით - სივრცითი აგნოზია - უპირატესად დაკავშირებულია ფართო მხედველობითი სფეროს ზედა ნაწილის დაზიანებასთან. განსაკუთრებით უხეში ფორმით ის თხემ-კეფის წილების ორმხრივი დაზიანებების დროს გვხვდება. თუმცა, ცალმხრივი დაზიანების შემთხვევაშიც ეს დარღვევა საკმაოდ კარგად არის გამოხატული. მხედველობით-სივრცითი აგნოზიის დროს ავადმყოფები კარგავენ გარემომცველი სამყაროსა და ობიექტების გამოსახულებების სივრცით მახასიათებლებში ორიენტაციის უნარს; ერღვევათ მარჯვენა-მარცხენაში ორიენტაცია; მათ არ შეუძლიათ ნახატის იმ მიმანიშნებლების გაგება, რომლებიც ობიექტების სივრცით მახასიათებლებს ასახავენ. ასეთ ავადმყოფებს უჭირთ ორიენტაცია რეალურ სივრცეში, ასევე გეოგრაფიული რუქაში, მათ ერღვევათ ქვეყნის მხარეებში ორიენტაცია.

უხეშ შემთხვევებში ავადმყოფებს ერღვევათ არა მხოლოდ მარჯვენა-მარცხენა სივრცეში ორიენტაციის უნარი, არამედ ზედა-ქვედა კოორდინატებშიც. ოპტიკურ-სივრცითი აგნოზიის მქონე ავადმყოფებს, ისევე როგორც საგნობრივი მხედველობითი აგნოზიის მქონეებს, არ შეუძლიათ ხატვა (თუმცა კოპირების უნარი მეტ-ნაკლებად შენახულია). მათ არ შეუძლიათ ნახატზე ობიექტის სივრცითი მახასიათებლების გადმოცემა. ზოგიერთ შემთხვევაში ირღვევა ნახატის ზოგადი სქემაც. მაგალითად, ადამიანის ხატვისას ცალ-ცალკე ხატავენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებს (თვალები, პირი, ყურები, ხელები, ფეხები და ა.შ.) და არ იციან როგორ შეაერთონ ისინი. ნახატის დარღვევა უფრო ხშირად მარჯვენა ჰემისფეროს უკანა ნაწილების დაზიანების დროს გვხვდება (იხ. სურათი #2).

image

ზოგიერთ შემთხვევაში (როგორც წესი, უფრო მარჯვენამხრივი დაზიანებებისას) ვლინდება ცალმხრივი სივრცითი აგნოზია, როდესაც ავადმყოფები ნახატის კოპირების დროსაც კი ხატავენ საგნის მხოლოდ ერთ მხარეს ან უხეშად ამახინჯებენ გამოსახულების ერთ (უპირატესად მარცხენა) მხარეს (იხ. სურათი #3).

image

ეს არის ცალმხრივი სივრცითი იგნორირების სინდრომი, რომელიც უფრო ხშირად მარცხენამხრივია და გვხვდება მარჯვენა ჰემოსფეროს დაზიანების დროს. პაციენტები ამ დროს „ვერ ხედავენ“ მარცხენა მხარეს განლაგებულ საგნებს, არ აქცევენ ყურადღებას საკუთარი სხეულის მარცხენა მხარეს. პაციენტი სურათის აღწერისას, მის მარჯვენა მხარეს აღწერს და მხოლოდ მისი ყურადღების გამახვილების შემდეგ ახერხებს მარცხენა მხარისათვის ყურადღების მიქცევას. იგივე შეიძლება ითქვას სხეულის ნაწილებზეც– არ აქცევს ყურადღებას მარცხენა კიდურებს, მის მარცხნივ განლაგებულ საგნებს. მარცხენა სივრცის იგნორირება ხდება როგორც აღქმულ ინტრაპერსონალურ სივრცეში (სხეულის მარცხენა მხარე), ისე ექსტრაპერსონალური სივრცის მარცხენა მხარეს და ასევე წარმოსახვის დონეზეც – პაციენტი იგნორირებას უკეთებს წარმოსახული სივრცის მარცხენა მხარეს. მაგ., როდესაც მას თხოვენ წარმოიდგინოს ნაცნობი სივრცე – თავისუფლების მოედანი ისე, რომ თითქოს უყურებს მერიის ყოფილ შენობას და თქვას, რა შენობაა მის მარჯვნივ და მარცხნივ. ამ დროს, პაციენტი თავისუფლად ასახელებს მის მარჯვნივ განლაგებულ ობიექტებს. როდესაც მას თხოვენ წარმოიდგინოს საკუთარი თავი, თითქოს ზურგით დგას მერიის ყოფილ შენობასთან და რა ობიექტებია განლაგებული მის მარჯვნივ და მარცხნივ, ის უკვე ვეღარ ასახელებს იმ ობიექტებს, რომელიც ცოტა ხნის წინ, წარმოსახვით დაასახელა, რადგან ეს ობიექტები ახლა მის მარცხნივაა განლაგებული.

ამავე დროს ხშირად შესაძლოა დაირღვეს სივრცით-ორიენტირებული მოძრაობების მხედველობითი აფერენტაცია - ასეთ ავადმყოფებს არ შეუძლიათ ექსპერიმენტატორის მიერ ნაჩვენები პოზის კოპირება; არ იციან, თუ როგორ განალაგონ ხელი სხეულთან მიმართებაში; ირღვევა ხელის (ხელების) მოძრაობების კოპირების უნარი მხედველობითი ნიმუშის მიხედვით. ეს იწვევს იმ ყოველდღიური მოძრაობების განხორციელების სიძნელეს, რომლებიც სივრცითი მახასიათებლების გათვალისწინებას მოითხოვენ, მაგ., ამ ავაადმყოფებს უჭირთ საწოლის გასწორება, პიჯაკის, შარვალის ჩაცმა, სუფრის გაშლა და ა.შ.

ოპტიკურ-სივრცითი დარღვევები ზოგჯერ გავლენას ახდენენ კითხვის უნარზეც. ამ შემთხვევაში ირღვევა ისეთი ასოების წაკითხვა, რომლებსაც მარჯვენა-მარცხენა, ზედა-ქვედა მახასიათებლები აქვთ (მაგ., წ და შ, ძ და ხ, ი და ა, მ და ე). ავადმყოფები ვერ არჩევენ სწორად და შეცდომით დაწერილ ასოებს, რაც შეიძლება ამ დარღვევის შესაფასებელ დავალებადაც იქნას გამოყენებული. ამ შემთხვევაში ასოების სივრცითი მახასიათებლების შეფასების დარღვევიდან გამომდინარე კითხვის დეფიციტი წარმოადგენს მხედველობით-სივრცითი აგნოზიის შემადგენელ სიმპტომს.

ფერებზე აგნოზია - ფერების გარჩევის დარღვევისგან განსხვავებით, წარმოადგენს უმაღლესი მხედველობითი ფუნქციების დარღვევას. კლინიკაში აღწერილია ობიექტების ფერების შეფასების სიძნელე ფერების გარჩევის უნარის შენახულობის ფონზე. ეს ავადმყოფები სწორად არჩევენ სხვადასხვა ფერებსა და ასახელებენ მათ. მაგრამ მათ უჭირთ საგნისა და შესაბამისი ფერის დაკავშირება და პირიქით; ისინი ვერ იხსენებენ, მაგ., რა ფერია ფორთოხალი, სტაფილო, ნაძვი და ა.შ. ავადმყოფებს არ შეუძლიათ კონკრეტული ფერის საგნების დასახელება. მათ არა აქვთ ფერზე განზოგადებული წარმოდგენა, რის გამოც არ შეუძლიათ ფერების კლასიფიკაცია, რადგან არ შეუძლიათ ელფერების სწორი კატეგორიზაცია.

მხედველობითი აგნოზიის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს სიმულტანური აგნოზია. დიდი ხნის მანძილზე ის ცნობილი იყო როგორც ბალინტის სინდრომი. მხედველობითი აღქმის დარღვევის ეს ფორმა ვლინდება ერთდორულად ორი გამოსახულების აღქმის შეუძლებლობაში, რადგან მკვეთრადაა შევიწროვებული მხედველობითი აღქმის მოცულობა. ავადმყოფი ვერ აღიქვამს მთლიანს, ის ხედავს მხოლოდ ნაწილს (ან ნაწილებს).

რატომ არ შეუძლია ავადმყოფს მზერის გადატანა და მთლიანი ნახატის დათვალიერება? ეს იმიტომ ხდება, რომ ბალინტის სინდრომს ყოველთვის თან ახლავს თვალის მოძრაობების მძიმე დარღვევები, რასაც „მზერის ატაქსია“ ეწოდება. ავადმყოფის მზერა უმართავი ხდება, თვალები უნებლიე ბიძგისებურ მოძრაობებს ახორციელებენ და სულ მოძრაობაში იმყოფებიან. ეს ქმნის სიძნელეებს ორგანიზებულ მხედველობით ძიებაში, რის გამოც ავადმყოფს არ შეუძლია გამოსახულების თანმიმდევრული დათვალიერება. ვარაუდობენ, რომ სიმულტანური აგნოზიის მიზეზს მხედველობითი ქერქული უჯრედების სისუსტე წარმოადგენს, რომლებსაც მხოლოდ ვიწროდლოკალური აგზნების განხორციელება შეუძლიათ. ჯერ არ არის დადგენილი ბალინტის სინდრომის კავშირი დაზიანების მხარესა და სიმძიმესთან.

სახეებზე აგნოზია - მხედველობითი აღქმის დარღვევის დამოუკიდებელი ფორმაა, როდესაც ავადმყოფს არ შეუძლია ადამიანების რეალური სახეების ან გამოსახულებების (ფოტოსურათების, პორტრეტების და ა.შ.) ცნობა. სახეებზე აგნოზიის უხეში ფორმის დროს ავადმყოფებს არ შეუძლიათ ქალისა და მამაკაცის, ბავშვისა და ზრდასრულის სახეების განსხვავება; ვერ ცნობენ ახლობლებისა და ნათესავების სახეებს. ასეთი ავადმყოფები ადამიანებს ძირითადად ხმის საშუალებით ცნობენ. სახეებზე აგნოზიას იწვევს მარჯვენა ჰემისფეროს უკანა ნაწილების დაზიანება (მემარჯვენეებთან) - უპირატესად ფართო მხედველობითი სფეროს ქვედა ნაწილების.

0
278
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლეჟავა
ნინო ლეჟავა
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0