x
ზიგმუნდ ფროიდის მნიშვნელობა

image

ფსიქოლოგიის ისტორიის განმავლობაში ცოტა ადამიანს თუ მოუხვეჭავს ისეთი პოპულარობა, როგორიც ზიგმუნდ ფროიდს. მისი სახელი თანაბრად ცნობილია როგორც ფსიქოლოგთა, ასევე ნებისმიერი სხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელთა შორის. ფროიდმა მრავალი ცნება დაამკვიდრა ფსიქოლოგიაში, სიღრმისეულად აღწერა პიროვნების შიგნით მიმდინარე კონფლიქტები, წარმოგვიდგინა პიროვნების სტრუქტურა და მისი ქვესისტემები (იდი, ეგო, სუპერ-ეგო), მნიშვნელობა მიანიჭა არაცნობიერს, როგორც ადამიანის მიერ გაუაზრებელი, მაგრამ სერიოზული მნიშვნელობის მატარებელი მოქმედებების, სიზმრების, შეგრძნებებისა თუ განცდების წყაროს, ხაზი გაუსვა ბავშვობის გამოცდილების ფუნდამენტურ მნიშვნელობასა და სექსუალობის ფსიქოლოგიას. მიუხედავად მნიშვნელოვანი სამეცნიერო მოღვაწეობისა, ფსიქოანალიზის თეორიის კრიტიკოსები მრავალ პრობლემას ხედავენ ფროიდის ნააზრევში, მათ შორის ემპირიული მონაცემების ნაკლებობას, პაციენტთა ნააზრევის გადაუმოწმებლობას, ჩანაწერების წარმოებას არა თერაპიის განმავლობაში, არამედ მის შემდეგ, და ა.შ. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემისა და 'წუნის' მიუხედავად, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ფროიდის მნიშვნელობა ფსიქოლოგიაში არა მისი თეორიაა, არამედ ის, თუ რა საკითხებზე და რა კუთხით დააფიქრა მან გარშემომყოფები. ფროიდის მიერ სექსუალური ცხოვრების და ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიების შესახებ წამოყენებულმა მოსაზრებებმა ფუნდამენტური და გარდამტეხი ცვლილებები გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში განურჩევლად იმისა, სწორი იყო თუ არა ისინი. მთავარი იყო ის, რომ ადამიანების თვალში ტაბუ აეხსნა და განსჯის საგნად იქცა ის თემატიკა, რაზეც იქამდე არავინ საუბრობდა. ზოგადად, ადამიანთა მსოფლმხედველობისა და შინაგანი რწმენის გარდატეხა ფიქრიდან იწყება. ნებისმიერი ერთი კონკრეტული, თუნდაც წვრილმანი რამ, რაზეც დაგვაფიქრებენ და შევნიშნავთ, რომ მანამდე ამ საკითხზე ამ კუთხით არ გვიფიქრია, შეიძლება სამყაროს გადატრიალების საწყისი აღმოჩნდეს. ზიგმუნდ ფროიდმა იმჟამინდელ საზოგადოებასა და სამეცნიერო წრეებში გამოიწვია სწორედ ის, რომ ადამიანებმა ნელ-ნელა მიიღეს საკუთარი "ბნელი" საწყისები, ბუნებრივად გამოცხადდა დესტრუქციული თუ სექსუალური ლტოლვები და ფოკუსი გადავიდა მათ გაკონტროლებაზე. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე გააზრება იმისა, რომ დაავადებათა და ფიზიკურ ტკივილთა თუ სომატურ სიმპტომთა წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო ფსიქიკა და არა ბიოლოგია ან ფიზიოლოგია. დაავადებების, პრობლემებისა თუ კონფლიქტების წყაროს საკუთარ თავში ძიებასა და კონტროლის ლოკუსის ერთგვარად შიგნით გადმოტანისათვის სწორედ ფროიდს უნდა ვუმადლოვდეთ.

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0