x
ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებები

image


ცნობიერების შემცვლელ ნივთიერებებზე ჩვენ ყოველდღიურად გვესმის

ათასგვარი რამ. მუდმივად ვსწავლობთ ან ვკითხულობთ, თუ რაოდენ

საშიშია ნარკოტიკი და როგორ ანადგურებს იგი ადამიანთა ცხოვრებას. საქმე

ისაა, რომ ნარკოტიკი, ისევე, როგორც ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ

გარშემო, არ შეიძლება იყოს ცალსახად ცუდი ან ცალსახად კარგი. ასე რომ

ყოფილიყო, ნარკოდამოკიდებულება არ იქნებოდა ათასწლეულებზე

გადაჭიმული ერთგვარი “მახასიათებელი”, რომელიც კაცობრიობას გაჩენის

დღიდან მოსდევს. ეს მართლაც არაა თანამედროვე პრობლემა. ისტორია

მოგვითხრობს, რომ აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთსა და მექსიკაში აქტიურად

გამოიყენებოდა “ღრმა ძილის მარცვლები”, მათ ანტიკური აცტეკები ლუდში

აზავებდნენ, რელიგიური რიტუალების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა

“ღმერთების სხეულის” მიღება და ა.შ. რაოდენ უცნაური და მიუღებელიც არ

უნდა იყოს, ადამიანები მნიშვნელოვნად არ შეცვლილან, უბრალოდ ამ

ნივთიერებებს ახლა მესკალინს, თეონანაქტალს ან ფსილოციბინს ვუწოდებთ.

არავისთვისაა სიახლე, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებები ცნობიერ აღქმას

ძირფესვიანად ცვლის, მოქმედებს სინაფსის რეცეპტორებზე და ბლოკავს ან

ასტიმულირებს ტვინის გარკვეულ რეაქციებს. ყველასთვის ცნობილია, რომ

ნარკოტიკი იწვევს ხასიათის ცვლილებას, დეპრესიას, პარანოიას, ძალადობას,

ჰალუცინაციებს. მაგრამ თუ ჩვენი მიზანი დამოკიდებულებასთან ბრძოლაა

და არა დამოკიდებულებთან, დროა, დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უბიძგებს

ადამიანებს ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებების მოხმარებისაკენ და რა

“სარგებელს” პოულობენ ისინი მათში.

ნარკოტიკს ადამიანები მრავალი მიზეზის გამო მიმართავენ, ყველაზე

ხშირად დასახელებული მიზეზებია რთულ სიტუაციებთან, ტრავმებთან,

სტრესთან გამკლავება, ექსპერიმენტირება (ცნობისმოყვარეობა),

თვითდაჯერებულობის, კეთილდღეობის განცდის ამაღლება, რელაქსაცია.

ხშირად გვესმის ასევე “ცუდ წრეში მოხვედრილი” ადამიანების შესახებ,

რომლებიც სოციალური წნეხის ქვეშ ექცევიან და ესეც, თავისთავად,

რეალური პრობლემაა.

თვალის დახუჭვა უპრიანი არ იქნებოდა ნარკოტიკის სამედიცინო

დანიშნულებაზეც. ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებები, უფრო

კონკრეტულად კი - დეპრესანტები (ვალიუმი, ქსანაქსი), ხშირად გამოიყენება

ძილის დაავადებების განსაკურნად. ზოგიერთ ნარკოტიკს სრულიად

საპირისპირო ეფექტიც აქვს. კვლევები ადასტურებს, რომ ღამის ცვლაში

მომუშავე ადამიანები საკმაოდ ხშირად იყენებენ მოდაფილინს,

არმოდაფილინს და ჩვენთვის კარგად ნაცნობ კოფეინს. კანაფი ინიშნება პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობის როგორც თავიდან ასაცილებლად, ისე სამკურნალოდ, ქრონიკული ტკივილების შესამსუბუქებლად,

მადის დასარეგულირებლად კვებით დარღვევებში, ოპიატებზე

დამოკიდებულების განსაკურნად და გლაუკომისა და კრონის დაავადების

სიმპტომების შესამსუბუქებლად. ფსილოციბინს იყენებენ

თავის ქრონიკული ტკივილების, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა

და დეპრესიის სამკურნალოდ. ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა

დაადგინეს, რომ შესაძლებელია ექსტაზის (MDMA) სიმსივნესთან,

ლევკემიასთან და ლიმფომასთან საბრძოლველად გამოყენებაც. LSD

გამოიყენება ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად, მოტეხილობების ან

ოპერაციების დროს ხშირად ინიშნება დიამორფინიც.

სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებისას ჩვენთვის ცნობილია, რატომ

მოიხმარენ ადამიანები ნარკოტიკს, მაგრამ უცნაურია ის, რომ ასეთ

შემთხვევებში ნარკოდამოკიდებულება თითქმის არასდროს ვითარდება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ადიქცია არაა ცალსახად

ფიზიკური დამოკიდებულება და ვიპოვით-რა მის ფსიქოლოგიურ

საფუძველსა და მიზეზს, შევძლებთ კიდეც მის განკურნებას.

დამოკიდებულების თანამედროვე თეორია ნაწილობრივ ეფუძნება მე-20

საუკუნეში ჩატარებულ ექსპერიმენტებს. ექსპერიმენტის მიხედვით, თუ

მოვათავსებთ ვირთხას გალიაში, სადაც იქნება ჩვეულებრივი წყალიც და

წყალში გაზავებული ჰეროინიც, ვირთხა თითქმის ყოველთვის გახდება

ნარკოდამოკიდებული და გარდაიცვლება კიდეც დოზის გადაჭარბებისგან.

1970 წელს ბრუს ალექსანდრმა, ფსიქოლოგიის პროფესორმა, ექსპერიმენტში ერთი ცვლილება შეიტანა. პროფესორმა შენიშნა, რომ გალიაში ვირთხა იყო მარტო და მას ნარკოტიკის მიღების გარდა არაფრის გაკეთება შეეძლო. ალექსანდრმა შექმნა “ვირთხების პარკი”, კეთილმოწყობილი, ბურთებით, საჭმლითა და სხვა ვირთხებით სავსე. გალიაში ისევ დარჩა ჰეროინიანი და სუფთა წყლის ბოთლები. ამ პარკში ჰეროინიანი წყლის რეგულარული მოხმარება საერთოდ არ შეინიშნებოდა, მით უმეტეს კი - ზედოზირება. ამ ექსპერიმენტის ანალოგად შეგვიძლია ვიეტნამის ომიც აღვიქვათ, რომლის დროსაც ამერიკელ ჯარისკაცთა 20% მოიხმარდა ჰეროინს, მაგრამ სამშობლოში, ოჯახთან, მეგობრებთან და ნაცნობ სოციალურ გარემოსთან დაბრუნების შემდეგ მათმა 95%-მა უბრალოდ შეწყვიტა ჰეროინის მოხმარება. პროფესორ ალექსანდრის თეორიის მიხედვით, ამ ფენომენის ახსნა საკმაოდ მარტივია.

დასასრულს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ “დამოკიდებულების საპირისპირო არა სიფხიზლე, არამედ კავშირებია”. ჩვენ, როგორც სოციუმი, ნარკოტიკზე დამოკიდებულების მქონე ადამიანების გარიყვით მათ ცხოვრებას უფრო და უფრო დავამსგავსებთ ვირთხის იზოლირებულ გალიას, საჭირო რეაბილიტაციას კი ფიზიკური და სამედიცინო დახმარება აღარ ეყოფა.


0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო ჯოჯუა
სოფიო ჯოჯუა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0