x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფიქრები სიცარიელეში

პროლოგი

ცხოვრება-ფაქტი, ფაქტი-დიდება, დიდება-აზრი, აზრი-უაზრო წრებრუნვა, ბედი-პირუტყვი, პირუტყვი-განუყოფელი თანამგზავრი... ნეტა რომელი "წერტილი" გააჩერებს ამ სიტყვების მონაცვლეობას?

უხილავია ადამიანების შეცდომების ჰორიზონტი. აზრმა სამუდამოდ მიიძინა.

ყველანაირი სისაძაგლე გამდნარიყო ფიქრების თასში. ჰეი სულელო!!! მზად ხარ შესვა ამ თასიდან, თუ დაელოდები იმას როდის გეწვევა სინდისი?

******

წყვდიადი ნისლივით გაწოლილიყო. შავი საბურვლით მოსილი მამაკაცი თვალების ცეცებით ეძებდა უიღბლო ადამიანის ნაშთებს და თან აყროლებულ ბალახებს გულში იხუტებდა. მთვარე და ვარსკვლავები თითქოს სადღაც გამქრალიყვნენ, იქაურობას მხოლოდ ორად-ორი თვალი ანათებდა, იმქვეყნიური და ამქვეყნიური ძალების ზეობას ხელს არავინ უშლიდა. სპილენძის თასში მოთავსებული თავის ქალისა და ბალახების მხრჩოლავი მასა დროდადრო ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ იქ მდგომ ნებისმიერ მოკვდავს ალბათ გულს შეუწუხებდა. უცებ მეხივით გავარდა ხმა, ამცნო რა ბნელეთის ძალებს მორიგი ჟინის ასრულება და წყვდიადის ძარღვებში გველივით გასრიალდა. ისეთი ძლიერი და ამაზრზენი იყო სიცილის ხმა, რომ სამუდამოდ მიძინებულნი წამიერადაც კი გამოაღვიძა.

ბავშვის ტირილმა გრიგალივით გადაუარა თვალუწვდენელ სტეპებს და სადღაც შორს ჩაიკარგა. სიყვარულის ისტორია ხანმოკლე აღმოჩნდა, იმდენად ხანმოკლე, რომ მისი იდილია ჩვილის მოვლინებამ ყინულივით დაადნო. შემოდგომის სიცივე ამაყად ბოინობდა ირგვლივ და ქუჩაში გამვლელთ ნახირივით ერეკებოდა სადგომებისკენ. ხალხის სიჭრელე სტეპის ხასიათს ისე შეთვისებოდა, რომ მგლური კანონებით ცხოვრება დოგმად ქცეულიყო. ადამიანის ყოველი ნაბიჯი სტეპის კანონებს უნდა დამორჩილებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგლების საჯიჯგნი ხდებოდა. მსხვერპლთშეწირვა უაზრო იდეალებისთვის, უგვანი ქმედებებისთვის და აკვიატებული აზრებისთვის ისეთი სიამოვნებით ტარდებოდა, რომ კერპთაყვანისმცემლებსაც კი შეშურდებოდათ.

შიშის გარეშე დარჩენილი ოთხეული შიშის ზარს სცემდა მოსახლეობას. ბედს მინდობილი ორი უსუსური არსება კი რის ვაი-ვაგლახით მიაბიჯებდა თეთრ სუდარაში გახვეულ უკიდეგანო სტეპში. ბუნების უნდობლობა თითქოს ნაწილობრივ მოდრეკილიყო.

ჩვილის მდგომარეობა ტრაგიკული გახლდათ. სად მიაქანებდა უსახური ცხოვრების მორევი არავინ იცოდა. ერთმანეთში არეული ცრემლი, შიში, ყინვა და შიმშილი ვერ უმკლავდებოდა ჩვილის თითქოსდა თითქოსდა ზებუნებრივ ლტოლვას...

მონათხრობით და წარმოდგენებით ნაკვები მეხსიერება უაზროდ ისროდა იმპულსებს სხვადასხვა მიმართულებით. ზოდიაქო საკმარისად კმაყოფილი გამოიყურებოდა საკუთარი შემოქმედების ნაყოფით.

ძუმ ხვადის შიშით უარყო სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი. რამდენიმე მოელვარე თვალი უაზროდ ბჭობდა და ბუნების კანონის წინააღმდეგ სიკვდილის ცელით იმუქრებოდა. გაუმართლებლობის ბუმერანგი მთელი ცხოვრება აჩრდილივით დასდევდა განმარტოებულს და შიშისა თუ გამბედაობის პოლუსებს მაქსიმალურად უღვივებდა.

ცხოვრების ცვალებადობა დაგვიანებული მერცხლების გადაფრენას ჰგავდა. იზრდებოდა, იმეცნებდა შეუცნობელს და ზამთრის ღამესავით უსაშველოდ გრძელ წარსულს ნოსტალგიურად განიცდიდა.

ფსიქოლოგიური მუხტი უფსკრულში მიაქანებდა, გზადაგზა უადგილოდ ამოტივტივებული საგნები უაზროდ დიდდებოდნენ და საპნის ბუშტებივით სკდებოდნენ. შავი ანგელოზები სიამოვნებისგან როკავდნენ. ზეცით მოვლენილ სულს მიწიერ ნავთსაყუდელში დაბინავება უჭირდა და მოხეტიალე ქარს დამსგავსებოდა, სიკეთის იალქანი გემბანის ერთ კუთხეში მიეგდოთ.

მოჩვენებით სინათლეში სიბნელის ნათელი წერტილი აზროვნებას ამუხრუჭებდა და უსულოს თუ სულიერს რეალობის აღქმის უნარს აკარგვინებდა. მიზეზ-შედეგობრივი დუალიზმი ისედაც გამძაფრებულ ცნობიერებას შემეცნების მორევისკენ მიაქანებდა.

სული ჯერაც უცნობი ადგილებისკენ იწევდა და რეალობის ნაყოფს ესწრაფვოდა დასაგემოვნებლად. ნეტავ როდის დადგება ის დრო, როცა წარსული, აწყმო და მომავალი ჰარმონიულად შეეთვისებიან ერთმანეთს.

გაბმული ზარის ხმა...

მეხსიერებაში დარჩენილი მყინვარები...

შეუვალი თავმოყვარეობა, მაგრამ ამავე დროს სწრაფვა შეუცნობლისკენ. მუდმივი ცვალებადობა, ყველაფერი, ეს თითქოსდა უკვე მოხდა.

მაინც ბოლომდე შეუცნობელია რეინკარნაციის განცდა. თვალწინ გარბის წარსული ცხოვრების ყველა კადრი, მაგრამ აზრის ამოცნობა უსაშველოდ იწელება.

მიწაზე დაშვება ისე გაძნელდა, რომ ლამისაა მოჩვენებებით გაივსო სივრცე.

აბრაჩამოკიდებული ზიარება მიწასთან...

ამოუცნობის განცდა... ალბათ არის ამაში ჭეშმარიტების...

რეალობასთან შეხება ნარკოტიკივით მოედო მთელ სხეულს, უამრავი რამ ამოტივტივდა გონებაში, უცებ ორიენტირება გაჭირდა, მაგრამ წამიც და სამყარო მთელი თავისი მშვენიერებით წარსდგა, გაქრა წარსული და აწყმო ცნობიერებიდან...

რა ლამაზი იქნებოდა ცხოვრება სიზმარი რომ იყოს. გინდა ოცნებები რეალობას შეერწყას, მაგრამ მისი ტალღა გიტაცებს და სიკეთის მორევში გახრჩობს. სანამდე... ნუთუ მარტო ცნობისმოყვარეობის წყურვილია შემაწუხებელი?! თუ ამქვეყნიურის გჯერა, მაშინ იმედებით რაღას იკვებები?!

ეს არ იყო სიკვდილის განცდა, მაგრამ იმის წარმოდგენა, თუ რა რეალობაში იძირებოდა ტანჯული სხეული... ერთხელაც სულთა მონაცვლეობა გენური ინჟინერიის კანონებს არ დაემორჩილა.

ყური უგდეთ დაღდასმულის აღსარებას...

იმდენად აირია ავადსახსენებელი ლაქები, რომ შეუძლებელი გახდა ირეალობიდან გამოსვლა.

ისტორია განმეორდა. სპირალური აგებულების შეგრძნება პარალელურ სამყაროთა არსებობას ადასტურებდა.

ეულად მდგარი, ფოთლებშემოცლილი, გაძარცული, მშველელის მოლოდინში, საკუთარ თავს შეეფეთა და სახტად დარჩა... ფიცარნაგთან სიკვდილის მომლოდინე მოჩვენებები დაფარფატებდნენ.

თვალებმა მოძებნეს უმანკოება, დაივიწყა გარშემომყოფნი და რომანტიულ სიამოვნებას მიეცა, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად დამთავრდა, როგორადაც მთავრდება აჩრდილების ისტორია.

მიწის სუნი ეცნო, ხელით შეეხო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სხეული სადღაც შორს ჩაიკარგა. წარმოუდგენელი და უსახურებიც კი საყვარელ არსებებად ქცეულიყვნენ. გაორებულმა სახეებმა დააბნიეს სიკეთესა და სიყვარულს ჩვეული. მეორე სიცოცხლეს მონატრებული ისე შორს გაიტაცეს ოცნებებმა უკან დაბრუნება გაუჭირდა...

ნეტავ რას ეძებ ასე გაფაციცებით ამ მშვიდ და უწყინარ სამეფოში?

მეც არ ვიცი...

სიმშვიდეში ხეტიალი მკრეხელობაა!

რადგან მოვედი განგების ნება ყოფილა.

განგება არ არსებობს, მითუმეტეს არც გვატარებს და არც შთაგვაგონებს! შენ შენმა "სულმა" მიგატოვა და გგონია აქ ყველას და ყველაფერს იპოვი. გაიხსენე, რაც დასაბამს შეერწყა სიძულვილმა შთანთქა.

ნუთუ ყოველივე მხოლოდ განცდების მოლოდინია?

მიწიერ სამყოფელში განვლილი გზა ნაიარევს დამსგავსებოდა, ხორცის გვემა არარაობას შეთვისებოდა, სიბნელეს ნელ-ნელა სინათლე ენაცვლებოდა.

რატომ ვიბადებით?

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:ჯონათან სმიტი
ჯონათან სმიტი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0