x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93677
  • ვიდეო:342165
  • სურათი:455881
გენრი დოლიძის პოეზია: "ქალაქში, სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი.."

image

ახალი თავისუფალი ლექსი

"დაბრუნდები"

დილა გათენდა ისე თავხედი,

რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...

შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...

უბრალოდ მოხვალ თავდახრილი,

მოხვალ და ხელებს თვალებზე აიფარებ, თვალებს კი სულზე,

ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილს

გიცნობ, ფეხის ხმით, ცრემლის ფერით, დუმილით, პულსით..

შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...

ზის უშენობა და ჩემს ნეკნზე უკრავს სალამურს,

რომ არ დაგვექცეს აკრულია ცაზე ცა ღვედით, ვუთხრათ სალამი

ამ სტრიქონში რითმა გამებნა

შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...

მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოტილს,

როს შენი თმების ცივი სუნთქვა სწვავდა სხვა ნიავს.

ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი

რომ ქმარს დაშორდი და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია..

გეტყვი, რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანება

რომ ჩემს "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია...

რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების,

რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია,

ეს სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას,

გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა...

არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოგცემენ!

რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანს

ვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის,

ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე...

ქალაქში, სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი

მოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს...

დილა გათენდა ისე თავხედი,

რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...

ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...

შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...

წახვედი, როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი

მზე მიაბნიე ჰორიზონტთან თავის პროტოტიპს

და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის

წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი....

===

ახალი თავისუფალი ლექსი

დუმილი გაიხადე...

მე ახლა თავდაყირა ვაქანებ გალაკტიკას,

რომ ფსკერზე დარჩენილი სხივები ვიწილადო...

გარეთ რომ ცრემლიანი ღრუბლების რვეულია,

უბრალოდ დავხიე და ჯიბეში ჩავილაგე...

დუმილი გაიხადე...- იმდენად სასაცილოდ,

რომ სული - გამოგიჩნდა შიშველი

(ვიცი რატომ)

ღიმილი მოგერია,

ეს ღამე როკერია,

ამიტომ იღებავს ანტენებს შავი ლაკით.

===

დახურეთ ზეცა!

წარსულს კალენდრის უჯრაში ვკეცავ....

ვერ ჩამოვწყვიტე ლაჟვარდს ღრუბლები...

არ შემაწუხოთ, დახურეთ ზეცა!

ღმერთს გულახდილად ვესაუბრები...

- საკუთარ ძმათა სისხლში ვიხრჩობი

სატრფოს ცრემლები მაწვიმს ნოტებად.

ვეპოტინები კალთას ღვთისმშობლის,

მხოლოდ მას ესმის ჩემი გოდება....

რა ვქნა, უფალო?! დრო დადგა რთული -

იმედი ვთესე, ამოდის ღვია...

და ვისაც ჩემი ვუძღვენი გული

მადლობის ნაცვლად მაჯახა ტყვია!

- ირბინე, სანამ ტყვია თბილია,

დროს ჩამოგარჩენს ნაბიჯი ნელი!

მოკვდე? - სიკვდილი ხომ ადვილია,

დაბადებაა ამქვეყნად ძნელი!

-მაშ, სანამ ვცოცხლობ, ვირბენ მამულში,

ჯანდაბას ჩემი გულისნადები

და რომ მოვკვდები, ქართველთა გულში

მომავლის რწმენად დავიბადები!...

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ავდარი,

გულს შეეხიზნენ რუხი ღრუბლები...

დახურეთ კარი, დახურეთ კარი!

ღმერთს სამშობლოზე ვესაუბრები....

===

აციება (კადრი წარსულიდან)

მიედგა ქალაქს ზღვით სავსე კათხა

ნაპირთან ქაფით დასვროდა ტუჩი

მახსოვს გავრბოდით სახლიდან - სადღაც

მთვარე ძაღლივით მოგვდევდა კუდში

ნაპირს მომდგარი ქაღალდის ნავი

ელოდებოდა ზღვას კვლავ ებიძგა...

ზეცა დავცალეთ თუთის ხესავით

ნახევრადმწიფე ვარსკვლავებისგან

აწიე ცივი ხელისგულები

და თქვი რომ ცალკე სავალი გზა გაქვს...

დ სიბნელეში ხურდა ფულივით

დაიპნა ვენი ბავშვური საგა...

(და დღესაც ჩვენდა ჭირად და ბედად

მაშინ დათესილ ტკივილებს ვიმკით)

მერე -დეკემბერს - სუროგატ დედას,

წასკდა იანვრის პირველი ფიფქი...

ეჭავდა ტალღა - მშიერი ლოქო,

სიბნელეს - ქვრივი ამინდის კალთას...

და იდგა ზამთრის სიცივე როგორც

უსიყვარულოდ დაწოლა ქალთან.

===

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან

(ეძღვენება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, სუიციდით შეპყრობილ ნათიას, რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)

გენი ევასგან მოგდგამს ვინაიდან,

დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.

კაცი - წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,

ერთხელ მეც გავბედე (უნდა ვთქვა კიდევაც)

კაცი -გაცრეცილი ლექსის რვეულია,

ქალი - ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული

ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღეს დარია,

ქალი ყვავილია ნორჩი - ბროწეულის,

კაცი?კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,

ფუტკრის, ყვავილებს რომ გული ჩარჩენიათ,

გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,

ქალი შენია და თითქოს არც შენია,

კაცი გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!

უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,

მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი

კაცი წვიმა არის ქალი - წყალდიდობა!..

შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -

მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,

ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,

კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია

თუკი გაუგებს და თავსაც შეაყვარებს

ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,

ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-

თოვდა, თებერვალი იდგა ვინაიდან

კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!









0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0