x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართული მითოლოგია - გველეშაპი
გველეშაპი


გველეშაპი ქართული მითოლოგიის და ხალხური ზღაპრების ხშირად გამოყენებადი პერსონაჟია, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს. ზოგჯერ არის მრავალთავიანი, ამით ის ემსგავსება ჰიდრას. გველეშაპი ცეცხლისმფრქვეველია, ბასრკბილებიანი ურჩხული. ხალხური ზეპირსიტყვიერება მას უმთავრესად წყლის სტიქიას უკავშირებს. გველეშაპი ეპატრონება ტბას, მდინარეს ან წყაროს და წყლის საფასურად მსხვერპლს მოითხოვს. ხშირად ადამიანურ მსხვერპლს. ეს შეიძლება იყოს ყოველდღე თითო ლამაზი ქალი, ბავშვი ან წყვილი ქალ-ვაჟი. ის ხშირად წარმოჩინდება, როგორც სინათლისა და სიკეთის მტერი, შთანთქავს მზეს, უპირისპირდება დადებით გმირებს. სხვა ხალხთა მითოლოგიაში მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც დრაკონს. მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ თანავარსკვლავედსაც. გველეშაპის თანავარსკვლავედი ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე, პოლუსის მახლობლად მდებარეობს და მასში შემავალ უბრწყინვალეს ვარსკვლავს ეტამინი ჰქვია. ამ ვარსკვლავზე დაკვირვებამ მიიყვანა ინგლისელი ასტრონომი - ჯეიმს ბრედლი სინათლის წლიური აბერაციის აღმოჩენამდე 1728 წელს.


გველეშაპი



გველთმებრძოლეობა


"გველთმებრძოლობა განვითარებული სახით გვხვდება ყველა უძველეს სახელმწიფო რელიგიაში. ეგვიპტეში, ბაბილონში, ანტიკურ ხანაში, ინდოეთში, ჩინეთში, ის გადავიდა ქრისტიანობაში წინააღმდეგობის გარეშე დაკანონდა ეკლესიის მიერ. გველთმებრძოლობა არ აქვთ იმ ხალხებს, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფოებრიობის უძველესი ტრადიცია. აქედან პირდაპირ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვა, რომ გველთან ბრძოლის მოტივი სახელმწიფოებრიობასთან ერთად წარმოიშვება." (პროპი. 1986. 224-225) გველთმებრძოლეობამდე გველეშაპის კულტში მიიჩნეოდა, რომ ეს არსება იყო გარკვეული ღვთაება, მას აქ უფრო დრაკონის ნიშანთვისებები ჰქონდა, როგორიცაა სიბრძნე, სიდიადე, მაგრამ შემდგომში, როცა ამ კულტის მოწინააღმდეგენი გაჩნდნენ საზოგადოებაში, დაიწყო გველთმებრძოლეობის პერიოდი და გველეშაპის სახე უკვე არა დრაკონს, არამედ უფრო ჰიდრას, მრავალთავიან ურჩხულს დაემსგავსა ხალხურ წარმოდგენებში, რომელსაც არა სიბრძნე, არამედ დაუნდობელი ხასიათი ჰქონდა, იყო ურჩხული, რომელსაც გმირები უმკლავდებოდნენ და ამარცხებდნენ.



გველეშაპი და წმინდა გიორგი


გველთმებრძოლეობის მოტივი თავისთავად ძალიან ძველია მას გავლილი აქვს რამდენიმე საფეხური საკულტო წარმოშობიდან, ვიდრე დესაკრალიზაციამდე, როდესაც ის უბრალოდ საზღაპრო მოტივად იქცა. გველ-ვეშაპისთვის ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვის მითის სტადიალური ცვლილებების განხილვისას თ. ქურდოვანიძე ასკვნის, რომ მითსა და ზღაპარში გმირობად გაგებული ვეშაპის მოკვლა, ჰაგიოგრაფიაში სასწაულადაა კვალიფიცირებული." (ქირდოვანიძე 2011: 263). ასე რომ გველეშაპის დამარცხების მოტივს უკვე ქრისტიანობამდე ჰქონდა ის შინაარსი, რაც შემდგომ გამოიყენა ქრისტიანულმა სიმბოლიკამ.


გველეშაპი


კავკასიაში გველთმებრძოლობის არქეტიპული სიუჟეთის კვლევისას ქ. სიხარულიძე შენიშნავს, რომ გველეშაპს ტრადიციულისაგან განსხვავებული შინაარსი აქვს მითოლოგიაში. ის მხოლოდ ბოროტი არ არის. იგი არამარტო ფორმალურად, არამედ სემანტიკურადაც სინკრეტული არსებაა, რაც მისი მრავალფუნქციურობითაა გამოწვეული. გველეშაპისა და გველის სიმბოლიკაში საპირისპირო თვისებების არსებობა (იგი კეთილიცაა და მავნეც), ამ სახის სტადიალური ჩამოყალიბების შედეგია, რომელშიც უფრო ძველი და მნიშვნელოვანია მისი დაკავშირება წყალთან." (სიხარულიძე 2002: 151).


გველეშაპი


ძალიან საინტერესოა ისიც, რომ როდესაც დაახლოებით ძვ.წ. მე-12 საუკუნის კოლხეთს აღწერს "არგონავტიკის" ძველბერძენი ავტორი აპოლონის როდოსელი, აღნიშნავს კოლხური დრაკონის - ხოლკიკოსის (ან კოლხიკოსის) არსებობას, რომელიც იცავდა კოლხურ ცოდნას - ოქროს საწმისს. მას ამარცხებს იასონი მედეას დახმარებით. აქ იასონი და მედეაც ჩანან, როგორც გველთმებრძოლები. გველთმბერძოლია ჰერკულესიც და ა.შ.


მედეა და იასონი ხოლკიკოსის წინააღმდეგ




გველ-ვეშაპთა მეგალითური კულტურა ქრისტიანობამდელ იბერო-კავკასიაში


ეთნოგრაფიული მასალის გარდა, ხალხურ ზღაპრებს წყლის დამჭერი გველეშაპის შესახებ საფუძველს უქმნის მეგალითური კულტურაც საქართველოში. მეგალითური ძეგლების ერთი კატეგორია - მონოლითები (აღმართული ქვები) საკულტო ობიექტებად გახლავთ კლასიფიცირებული. თევზის გამოსახულებიანი მონოლითები, რომელსაც ნიკო მარმა პირობითად უწოდა "ვეშაპები" ან "ვეშაპოიდები" აღმოჩენილია საქართველოში, სომხეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ირანში და ჩრდილოეთ მონღოლეთში. მეგალითური კულტურის მკვლევარი ლ. მელიქსეთბეგი მიზანშეწონილად თვლიდა ამ მონოლითების "ვეშაპად" სახელდებას, რადგან თქმულებები ვეშაპთა შესახებ საერთოდ ძალიანაა გავრცელებული სომხურ ფოლკლორში, ისევე, როგორც გველეშაპთა შესახებ ქართულში. შეგვიძლია ეს ორი ცნება - ვეშაპი და გველეშაპი - უეჭველად გავაიგივოთ. (მელიქსეთ-ბეგი 1938: 93).


გველეშაპი


ერთ-ერთი ასეთი მეგალითური ქვა, რომელიც აღმართეს პროტოქართველებმა და პატივს მიაგებდნენ მას ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში - "ვეშაპი" დგას წალკის სოფელ ჩოლაყში (თეჯიში), სადაც უამრავი სხვა ძველი ნაგებობაცაა. არის ციკლოპური ქვის ტაძარიც. ამ ტაძარში დგას სწორედ საოცარი მენჰირი მეშაპი მეგალითური ლოდი, რომელიც თითქმის ტაძრის ჭერს სწვდება. ეს ქვა როგორც ჩანს იმდროინდელია, როდესაც ჯერ კიდევ გველეშაპებს საქართველოში პატივს მიაგებდნენ, როგორც ტოტემს. ჯვარი მასზე მოგვიანებით გამოსახეს, ქრისტიანობის შემოსვლის და დამკვიდრებისას.


ვეშაპის მეგალითი


"ვეშაპიდებზე გამოსახული ატრიბუტები მეცნიერებს ასტრალურ კულტთან კავშირსაც აფიქრებინებდა." (მელიქსეთ-ბეგი 1943: 152). გარდა ასტრალურ და წყლის კულტთან კავშირისა, ეს მეთოდები ვეშაპთმებრძოლთა პროტოტიპებადაც კი იქნენ აღიარებული სხვადასხვა მეცნიერთა ნაშორმებში. წმინდა გიორგისა საქართველოში და წმინდა სარგისისა სომხეთში (მელიქსეთ-ბეგი 1938: 94). თუმცა ამ მონოლითების ვეშაპთმებრძოლების გამოსახულებებად შერაცხვა მაინც საფუძველს მოკლებულია. ვეშაპთმებრძოლობა უფრო მოგვიანო მოვლენაა. ვიდრე ტოტემიზმი. ეს მონოლითები ვერ იქნებოდნენ ერთდროულად ვეშაპთმებრძოლების ამსახველებიც და ასევე თავად ვეშაპებისაც (გველეშაპებიც). ჯერ იყვნენ ვეშაპები და მოგვიანებით პერიოდში, თანადათან, როდესაც გველეშაპთა მიმართ როგორც ტოტემურ ღვთაებებთან მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და საზოგადოება მათ მიმართ განეწყო უფრო უარყოფითად, შემოვიდა უძველეს რელიგიაში ახალი სახე ვეშაპთმებრძოლისა, რომელიც გმირი იყო. ასეთი სახე მიიღო მაგალითად ძვ.წ. 30-ე საუკუნისთვის შექმნილმა ღმერთ-კაცმა ამირანმა (პრომეთემ), რომლის სახელიც და უძველესი კულტიც ხალხმა დაუპირისპირა ვეშაპის კულტს და ამირანი ვეშაპმებრძოლადაც იქცა. სხვათაშორის, წმინდა გიორგი ერთ-ერთი ქართული ვერსიით დაკავშირებულია ამირანთანაც. სოფელ გერგეტში არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც მორიგე ღმერთმა თავხედობისთვის დასაჯა ამირანი და კავკასიონზე მიაჯაჭვა, ამ მომენტით სარგებლობა მოინდომა ამირანის დაუძინებელმა მტერმა - გველეშაპმა და მისი შეჭმა გადაწყვიტა, მაგრამ ეს დროზე შეიტყო წმინდა გიორგიმ, იქვე განჩნდა და გველეშაპი გააქვავა.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
598
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0