x
image
მანჩო 777
რომელ ქვეყნებში აკეთებენ ქვევრებს და ყანწებს საქართველოს გარდა?
როგორ გგონიათ, საქართველოს გარდა ქვევრებს კიდევ აკეთებენ რომელიმე ქვეყანაში? ალბათ თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ არა. ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ ქვევრი სუფთა ქართული წარმომავლობისაა და ღვინის შესანახი ამ უნიკალური ჭურჭლით მხოლოდ ქართველებს შეგვიძლიათ ვიტრაბახოთ. მეც ასე მეგონა, სანამ შემთხვევით არ აღმოვაჩინე, რომ თურმე მსოფლიოში კიდევ არსებობს ქვეყნები, სადაც ქვევრებს უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ უნიკალურ არქეოლოგიურ ძეგლზე მინდა გიამბოთ დღევანდელ პოსტში.



image



ლაოსის პროვინცია სიანგჰუანგში მდებარეობს გასაოცარი და ჯერჯერობით ნაკლებადშესწავლილი ღირსშესანიშნაობა - ქვევრების ველი. ანამის ქედის ძირში პირდაპირ მიწიდანაა ამოზრდილი ასობით ქვის ქვევრი, რომლებიც გამოკვეთილია გრანიტის, ქვების ან მთის ქანებისაგან. ამ საოცარი ჭურჭლების დიამეტრი ნახევრიდან სამ მეტრამდეა, ხოლო ზოგი მათგანის ტევადობა ექვს ტონას აღწევს.



image




ქვევრების გარეგნული სახე ძალიან უბრალოა და მოუპირკეთებელი. თითოეული მათგანის ახლოს შესაძლებელია იპოვოთ ქვის დისკი, რომელსაც სავარაუდოდ, სათავსოს სახურავად იყენებდნენ. უამრავი ნაპოვნი ქვევრიდან მხოლოდ ერთზე იქნა აღმოჩენილი ბარელიეფი-მასზე გამოსახულია მოცურავე ადამიანი.

ამ უცნაური ქვის სათავსოების წარმოშობის და დანიშნულების შესახებ ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერი არააა ცნობილი. თავად ქვევრების ველი XX საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს ფრანგმა არქეოლოგებმა. გათხრების დროს მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ჭურჭლის ასაკი 1500-2000 წელია. მათი დამზადების ტექნიკასა და დანიშნულებაზე კი ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი.

ძირითადი ჰიპოთეზა, რომელიც ქვევრების დანიშნულებას ეხება, ორია. პირველი მათგანი ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ მსგავსი სათავსოები აგრეთვე ნაპოვნი იქნა ტაილანდსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. ისინი განლაგებულია იმ გზის პირას, რომელიც წინათ გაცხოველებულ სავაჭრო გზას წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით სწავლულები ვარაუდობენ, რომ ამ ქვევრებში ადგილობრივი ვაჭრები ინახავდნენ საქონელს ან სავსებით შესაძლებელია - წყალსაც, რადგან წვიმები ამ ადგილებში დიდი იშვიათობაა.


მეორე ჰიპოთეზა გამომდინარეობს არქეოლოგიური ექსპედიციების მიერ გამოტანილი დასკვნებიდან. გათხრების დროს ზოგიერთ ქვევრში და მათ ახლოს იპოვეს ადამიანის ჩონჩხები, ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ველი ერთგვარი მორგის როლს ასრულებდა, ხოლო ჭურჭელში მიცვალებულების გვამებს ინახავდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში ეს სხეულები იხრწნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მარხავდნენ მათ მიწაში.



image



ეს ჰიპოთეზები ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდებია, თუმცა შესაძლებელია, უახლოეს ხანებში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი იქნას ნაპოვნი. საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ამ ადგილას სერიოზული გათხრების წარმოება უბრალოდ შეუძლებელია. მიზეზი ლაოს-ვიეტნამის ომი და მისი შედეგებია. კონფლიქტის დროს ქვევრების ველის ზონა არაერთხელ მოჰყვა საავიაციო დაბომბვაში. ძალიან ბევრი ქვევრი განადგურდა ამ ვანდალური აქტის დროს, ხოლო ველზე დღესაც პოულობენ ნაღმებს და საბრძოლო მასალის ნარჩენებს, რომელთა აფეთქებამ არაერთი ადგილობრივი მცხოვრების სიცოცხლე შეიწირა. სწორედ ამიტომ ქვევრების ველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დახურული მეცნიერებისა და ტურისტებისათვის.

საბედნიეროდ, ლაოსის ხელისუფლება ინტერნსიურად ასუფთავებს ქვევრების ველებს საბრძოლო ნარჩენებისაგან. დღეისათვის უკვე სამი ველია გახსნილი ტურისტული მარშრუტებისათვის. მათგან ყველაზე პოპულარულია ტხონგ ჰაი ჰინი. აქ მდებარეობს 250 ქვის ჭურჭელი, რომელთაგან ყველაზე დიდის წონა 3, 5 ტონაა და გამოქვაბული, სადაც, ლეგენდის თანახმად, გოლიათები აკეთებდნენ ამ ქვევრებს და მათ ღამის ქოთნებად იყენებდნენ.



image



ამჟამად ლაოსის ხელისუფლება აწარმოებს მოლაპარაკებას იუნესკოსთან, რათა ქვევრების ველს მიანიჭონ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ეს ორგანიზაცია თანხებს გამოყოფს ველების ნაღმებისაგან გასათავისუფლებლად და გზის მისაყვანად ამ ადგილებამდე, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება ველების მთლიანად გახსნა ტურისტებისათვის.


დიახ, საქართველო სულაც არ ყოფილა ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქვევრებს ამზადებდნენ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებური ქვევრები სრულიად უნიკალურია და განსაკუთრებული: ჯერ ერთი, ისინი ქვისგან კი არა, თიხისაგან კეთდებოდა და კეთდება: მეორეც- ღვინის შესანახად ქვევრის გამოყენება მხოლოდ საქართველოში ხდებოდა და ხდება, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩვენგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ აზიის ქვეყანაში ქვევრების დამზადების ტრადიცია არსებობდა, მრავლისმეტყველია.



imageფოტოზე: ქართული ქვევრები



რახან ორი განსხვავებული კულტურის შემადგენელ მსგავს ელემენტებზე ვსაუბრობთ, კიდევ ერთ პარალელს გავიხსენებ: ცოტაოდენი ხნის წინ ჩვენი საიტის ყოფილი რედაქტორი ანი სპარსიაშვილი მოვინახულე. ის ამჟამად ცხოვრობს კუნძულ მადეირაზე, რომელიც პორტუგალიას ეკუთვნის. როცა იქაურ კულტურასა და ტრადიციებზე ვსაუბრობდით, ანიმ მიამბო, რომ ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა კუნძულზე წააწყდა ყანწებს, რომლებიც ქართულ ყანწებს ძალიან ჰგავს. ერთი შეხედვით ეს არცაა გასაკვირი, რადგან მადეირაზე მევენახეობა-მეღვინეობას დიდი ხანია მისდევენ, მაგრამ მართლაც რომ საოცარია - ერთმანეთისაგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ორ სრულიად განსხვავებული ისტორიის და ტრადიციების ქვეყანაში სრულიად იდენტური ქვევრის ან ყანწის არსებობა. იქნებ ეს უბრალო დამთხვევა არაა. ვინ იცის? ....



image

4
849
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
849
  
2019, 15 მარტი, 15:37
აბა რა,,,,თუმცა ამ ბოლო ხანებში ქვევრში დაყენებული ღვინო ნაკლებად პოპულარულია :)
2019, 15 მარტი, 15:36
კი, ბერძნებს ყანწიც აქვთ, რიტორი ჰქვია, თუმცა ჩვენებური ყანწისგან ძალიან განსხვავებულია.
2019, 15 მარტი, 14:56
ჩვნებურები უფრო ლამაზებია და უფრო კარგი საქმისთვისაც ვიყენებთ:)
2019, 15 მარტი, 9:42
ყანწებს ვიკინგებიც აქტიურად იყენებდნენ. ქვევრებს საბრძნეთის ერთ-ერთ კუნძულზეც ამზადებენ, მგონი იკარია ქვია და ასევე მრავალხმიანი სიმღერაც გავრცელებულია მანდ.
0 1 4