x
განათლების როლი ცრურწმენების შემცირებაში

image

ცრურწმენა სხვადასხვა ჯგუფისა და მისი წევრების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა, რომელიც ეფუძნება მცდარ, არასრულყოფილ ინფორმაციას. ამ დროს ადამიანი ფასდება მისი რომელიმე ჯგუფთან მიკუთვნებულობის მიხედვით. დისკრიმინაცია კი განისაზღვრება, როგორც ადამიანებისადმი განსხვავებული, გარკვეული გზით მოპყრობა, რაც გამოწვეულია მათი რომელიმე ჯგუფთან მიკუთვნებულობით.

რაც უფრო მეტი განათლება აქვს ადამიანს (განსაკუთრებით უმაღლესი განათლება), მით უფრო ნაკლებად მიდრეკილია ცრურწმენებისადმი (Schuman et al., 1997). ამ ეფექტის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ცრურწმენების შესახებ პირდაპირი ინფორმაციის მიწოდება, სწავლება. რუდმანის (Rudman et at., 2001) კვლევაში ის სტუდენტები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ცრურწმენებთან და კონფლიქტთან დაკაშირებულ სემინარში, საგრძნობლად შემცირებულ იმპლიციტურ ცრურწმენებს ავლენდნენ იმ სტუდენტებთან შედარებით, რომლებიც სემინარს არ ესწრებოდნენ.

სკოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც ბავშვს არამარტო ზოგად განათლებას აძლევს, არამედ ასწავლის სოციალურ ნორმებს, საზოგადოებაში მოქცევის წესებს, უყალიბებს გარკვეულ ატიტუდებს სხვადასხვა ჯგუფების მიმართ. ვინაიდან ცრურწმენებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბება საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყება (Sears & Levy, 2003), სკოლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად შეიძლება იქცეს მათი შემცირების პროცესში.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში მრავალი ტექნიკაა დანერგილი, რომელთა მიზანი ბავშვებში ცრურწმენების ჩამოყალიბებისთვის ხელის შეშლა, ან წინარწმენების შემცირებაა.

საგანმანათლებლო ცრურწმენების შემცირების ინიციატივა ემყარება კონტაქტის თეორიას და იყენებს ისეთ აქტივობებ, როგორიცაა კოოპერატიული სწავლება, დისკუსია და თანატოლთა გავლენა, ინსტრუქციები და მულტიკულტურული სწავლება (Maureen McBride, 2015).

მულკულტურული განათლება მოიცავს სხვადასხვა კუტურული ან ეთნიკური ჯგუფის ისტორიისა და კულტურის ექსპლიციტურ სწავლებას. მასში ასევე შესულია სხვადასხვა დღესასწაულების აღნიშვნაც. ეს ყოველივე მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას და სხვადასხვა ჯგუფის გამოცდილების გაზიარებას. მკვლევართა ნაწილი ადასტურებს ამ მიდგომის ეფექტურობას (McGregor, 2010). თუმცა მას თავისი შეზღუდვებიც აქვს. კერძოდ ჩნდება საშიშროება, გაღრმავდეს საკუთარ ჯგუფთან მსგავსება, კატეგორიზება კულტურის მიხევით, სტერეოტიპების ზრდა, გარიყვა და სხვ. (Mulcahy, 2017). ამავდროულად მიმაჩნია, რომ სხვა ტექნიკებთან კომბინაციით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ეს უარყოფითი ეფექტი.

მაგალითად განვიხილოთ ერთ-ერთი წარმატებული ტექნიკა : ემპათიის ტრენინგი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, გაიგონ სხვისი გამოცდილება, გრძნობები და ემოციები. მაღალი ემპათია სხვისთვის ზიანის მიყენების სურვილს ამცირებს, რაც თავისთავად, ცრურმენების შემცირებაზე სასარგებლოდ მოქმედებს.

ჯეინ ელიოტის ცნობილი ექსპერიმენტი (1968) ზოგჯერ ემპათიის ტრენინგის მაგალითად მოიხსენიება. მან მოსწავლეები დაყო ცისფერი და თაფლისფერი თვალების მიხედვით, ჯერ ერთი ჯგუფი იყო სუპერიორი, ერთი კვირის შემდგომ- მეორე. ამ „ექსპერიმენტის“ მიზანი იყო, ბავშვებისთვის ეჩვენებინა, როგორია ორივე ჯგუფის წევრობა და გამოეწვია მათში ემპათია. ამ ექპსერიმენტის რეპლიკაცია მოხდა 1973 წელს, სადაც ბავშვები ყვითელ და მწვანე ჯგუფებად დაიყვნენ. ასევე იყო საკონტროლო ჯგუფი, რომელიც არცერთ ჯგუფში არ გაწევრიანებულა. შედეგებმა აჩვენეს, რომ ექსპერიმენტულ ჯგუფებში მოხვედრილ ბავშვებს მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ცრურწმენები (Weiner 1973).

ბერგერმა და მისმა კოლეგებმა ( 2018 ) შეისწავლეს ცრურწმენის შემცირებაზე მიმართული ორი მიღწევის ეფექტურობა და გამძლეობა : სოციალურ-ემოციური უნარების ტრენინგი და ჯგუფთაშორისი კონტაქტი. 148 მე-5 კლასელი პალესტინელი და ებრაელი სტუდენტი ეთნიკურად შერეულ ქალაქ ჯაფაში შემთხვევითად განაწილდნენ სამ პირობაში. უნარებზე დაყრდნობილ კლასებში ჩართული იყო აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ისეთი სქილების კულტივაციას, როგორიცაა პერსპექტივის მიღება, ემპათია, და თანაგრძნობა. კონტაქტის კლასის წევრები ხვდებოდნენ ებრაელ თანატოლებს; საკონტროლო ჯგუფში მიმდინარეობდა ზოგადი სოციალური სწავლების პროგრამა. შედეგები გაიზომა ერთი კვირით ადრე, დამთავრებისთანავე, და 6 თვის შემდეგ. შედეგებმა აჩვენეს ორივე ინტერვენციის ეფექტურობა და გამძლეობა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ორივე ინტერვენციამ გაზარდა მზაობა კონტაქტისა, ამასთანავე შეამცირა ემოციური წინარწმენები, ნეგატიური გარეჯგუფური ქცევის მოლოდინები და ნეგატიური სტერეოტიპები.

არსებობს კიდეც მოსაზრება, რომ ემპათიური ტრენინგის ჩართვით მულტიკულტურულ სწავლებაში ამ უკანასკნელის ეფექტურობას გავზრდით და არასასურველ შედეგებსაც თავიდან ავიცილებთ (Mulcahy, 2017).

ერთ-ერთ წარმატებულ სტრატეგიად კოოპერაციულ სწავლებასაც განიხილავენ. მისი მაგალითია „თავსატეხი ტექნიკა“ (jigsaw technique) (Aronson & Gonzales, 1988): დესეგრეგაციულ სკოლებში, დღეში თითო საათით, ბავშვები ერთმანეთს ხვდებიან მულტირასობრივ ჯგუფში, სადაც ერთ კონკრეტულ საგანზე ფოკუსირდებიან. ყოველ ბავშვს ევალება საგნის ნაწილის ახსნა ჯგუფის სხვა წევრებისთვის. ინფორმაციის მთლიანად ათვისებისათვის ბავშვები დამოკიდებულნი არიან ერთმანეთზე. გარდა ამისა, მოსწავლეები თანასწორები არიან, რადგან თითოეული მათგანი რიგრიგობით ირგებს „ექსპერტის“ როლს. ეს ტექნიკა სხვადასხვა ეთნიკური და რასობრივი ჯგუფების თანატოლებს შორის მოწონებას და პოზიტიურ ურთიერთობას აღრმავებს, ზრდის უმცირესობის ჯგუფების წევრი ბავშვების თვითშეფასებას და აუმჯობესებს მათ აკადემიურ მოსწრებას (Johnson & Johnson, 2000).

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0