x
ინტერჯგუფური კონტაქტისა და კატეგორიზაციის გავლენა ცრურმენების (სოციალური წინარწმენების) შემცირებაზე
image

სოციალური კატეგორიზაცია ემყარება ადამიანის ბუნებას და გვეხმარება გავიმარტივოთ ჩვენი სოციალური სამყარო, სწრაფად მივიღოთ ინფორმაცია სხვებზე, გამოვიტანოთ დროული დასკვნები, და ვიგრძნოთ თავი კარგად. თუმცა ამ პროცესს არასაურველი შედეგებიც მოსდევს - მან შეიძლება გამოიწვიოს ცრურწმენა და დისკრიმინაცია (Tarry, 2014).

ცრურწმენა სხვადასხვა ჯგუფისა და მისი წევრების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა, რომელიც ეფუძნება მცდარ, არასრულყოფილ ინფორმაციას. ამ დროს ადამიანი ფასდება მისი რომელიმე ჯგუფთან მიკუთვნებულობის მიხედვით. დისკრიმინაცია კი განისაზღვრება, როგორც ადამიანებისადმი განსხვავებული, გარკვეული გზით მოპყრობა, რაც გამოწვეულია მათი რომელიმე ჯგუფთან მიკუთვნებულობით.

ცრურწმენები ხშირად კონფლიქტის წყარო შეიძლება გახდეს. ადამიანები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციის ან უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. იგი მსხვერპლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ეს შეიძლება იყოს დასაქმება, შემოსავალი, საცხოვრებელი და განათლების მიღების შესაძლებლობები, სამედიცინო დახმარება. ეს ყველაფრი წარმოშობს ბრაზს და შფოთვას სტიგმატიზირებულ ჯგუფებში, იწვევს სტრესს და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს (Klonoff, Landrine, & Campbell, 2000; Klonoff, Landrine, & Ullman, 1999). მათში ფიქსირდება მეტი დეპრესია, ბრაზი, შფოთვა და ცხოვრებით კმაყოფილების დაბალი დონე, არასტიგმატიზირებულ ჯგუფებთან შედარებთ (Swim, Hyers, Cohen, & Ferguson, 2001).

ცრურწმენების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან სოციალური კატეგორიზაცია, ნეგატიური ატიტუდები, ადამიანისთვის დამახასიათებელი, ბუნებრივი პროცესია. თუმცა არსებობს გარკვეული მიდგომები, წარმატებული ტექნიკები, რომლებიც გვეხმარება, გავიუმჯობესოთ ჩვენი ატიტუდები გარე-ჯგუფების მიმართ. კავაკამიმ, დოვიდომ და მათმა კოლეგებმა (2000) აღმოაჩინეს, რომ სტუდენტები რომლებიც ვარჯიშობდნენ გარე-ჯგუფების წევრებისადმი არასტერეოტიპულ პასუხებში, უკეთ აღწევდნენ თავს ამ ნეგატიურ ატიტუდებს მომავალშიც.

სტერეოტიპების და შიდა ჯგუფური ფავორიტიზმის შემცირება ასევე შესაძლებელია სხვა ადამიანის პერსპექტივის მიღებით (Galinsky & Moskowitz, 2000). იმის წარმოდგენა, თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი, ზრდის მის მიმართ ემპათიურ გრძნობას (Batson, Early & Salvarani, 1997).

Bodenhausen და მისმა კოლეგებმა (1995) აღმოაჩინეს, რომ როდესაც თეთრკანიან სტუდენტებს სთხოვდნენ წარმოედგინათ მათი შავკანიანი მისაბაძი მაგალითები, როგორიცაა მაიკლ ჯორდანი, ან ოპრა ვინფრი, ეს ამცირებდა მათ რასისტულ შეხედულებებს. სხვა კვლევაში იმპლიციტური ცრურწმენების შემცირება გამოიწვია ისეთი არასტერეოტიპული ინდივიდის წარმოდგენამაც კი, როგორიცაა „ძლიერი ქალი“ (Brair, Ma & Lenton, 2001).


ცრურწმენების შემცირება საკმაოდ კომპლექსური პროცესია, არსებობს მრავალი მიდგომა მათ შესამცირებლად. მათ შორისაა ინტერჯგუფური კონტაქტი და კატეგორიზაცია:

1) ინტერჯგუფური კონტაქტი - მიდგომა ეფუძნება გორდონ ოლპორტის კონტაქტის თეორიას (1954), რომლის მიხედვითაც გარე ჯგუფების წარმომადგენლებთან შეზღუდული ურთიერთობა/ კონტაქტის არ ქონა ცრურწმენების ჩამოყალიბების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. შესაბამისად, კონფლიქტურ ჯგუფებს შორის ინტერაქციები შეამცირებს ამ ნეგატიურ ატიტუდებს და ქმედებებს.

imageკონტაქტის ეფექტი საკმაოდ კომპლექსურია, იგი სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გაშუალებული. ერთ-ერთი მათგანი ჯგუფთაშორისი შფოთვაა. ჯგუფთაშორისი შფოთვა მოიცავს მღველვარების, შიშისა და უხერხულობის შეგრძნებებს, როდესაც ინდივიდი უშუალო კონტაქტშია გარე-ჯგუფის წევრებთან, იგი მოელის უარყოფას, დარცხვენას ან გაუგებრობას (Stephan & Stephan, 1985). პოზიტიური ინტერაქციული გამოცდილება შფოთვის შემცირებაში გვეხმარება, რაც თავისთავად ამცირებს წინარწმენებს .

კონტაქტის ეფექტის და შფოთვის ჰიპოთეზის ურთიერთქმედება შეისწავლეს ბინდერსმა და მისი კოლეგებმა (2009). მათ ევროპის სამ ქვეყანაში (გერმანია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი) ჩაატარეს ლონგიტუდური კვლევა. აინტერესებდათ ეთნიკური უმცირესობის და უმრავლესობის ცრურწმენებზე რა გავლენას მოახდენდა კონტაქტი ( უფრო ზუსტად - მეგობრობა გარე ჯგუფის წარმომადგენელთან). და ასევევ პირიქით - ნეგატიური ცრურწმენები რა გავლენას მოახდენდა ამ ორ ჯგუფს შორის კონტაქტზე ( მათ შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებაზე). შედეგად, კონტაქტმა მართლა შეამცირა ცრურწმენები, მაგრამ მოხდა ისეც, რომ წინარწმენებმა შეამცირა კონტაქტი ამ ორ ჯგუფს შორის. მეტიც- კონტაქტის ეფექტი უმნიშვნელო იყო უმცირესობის წარმომადგენლებთან. მაშინ როცა ეთნიკური უმრავლესობის წარმომადგენლებში იწვევდა წინარწმენების შემცირებას. ორივე - უმცირესობის და უმრავლესობის ჯგუფში, კონტაქტის ეფექტი ნეგატიურ ემოციებზე უფრო ძლიერი იყო მაშინ, როდესაც გარე-წევრთან კონტაქტი აღიქმებოდა, როგორც ტიპურად დამახასიათებელი მათი შიდა-ჯგუფისთვის. კონტაქტის ეფექტი გაშუალებული იყო ჯგუფთაშორისი შფოთვით.

ბინდერსის კვლევა გვიჩვენებს, რამდენად არაერთგვაროვანია ინტერჯგუფური კონტაქტის გავლენა ცრურწმენების შემცირებაზე. ნეგატიური წინარწმენები ზოგჯერ ხელს გვიშლის დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა და შესაბამისად, შევიმციროთ ცრურწმენები. ამ მიდგომას სხვა ნაკლოვანებებიც აქვს. ნეგატიურ სიტუაციაში წარმართულმა კონტაქტმა შეიძლება გაზარდოს მტრობა და ნეგატიური წინრწმენები ( Stangoe et al. 1996), მეტიც, პოზიტიური ჯგუფთაშორისი კონტაქტი და მის საფუძველზე მეგობრული ან კონგენიალური ურთიერთობის დამყარება რთული მისაღწევია (Hewstone, 1996).

მიუხედავად შეზღუდვებისა, კონტაქტის ეფექტი ერთ-ერთი ძირეული და უმნიშვნელოვანესი იარაღია ცრურწმენების შემცირების პროცესში. კვლევები იმასაც ამტკიცებენ, რომ არაპირდაპირი, წარმოსახვითი კონტაქტიც დადებითად მოქმედებს. ერთ-ერთ ექსპერიმენტში (Audrey K. Miller, 2013) შეისწავლიდნენ გონებრივი სიმულაციის გავლენას სექსუალური წინარწმენების შემცირებაში. ექსპერიმენტული ჯგუფის მონაწილეებს ეძლეოდათ დავალება, წარმოედგინათ სასიამოვნო საუბარი ჰომოსექსუალ კაცთან და შემდეგ ეფიქრათ ფაქტების საწინააღმდეგოდ - როგორ აეცილებინათ თავიდან დისკრიმინაციული შემთხვევა. საკონტორლო ჯგუფში კი მონაწილეებს მოეთხოვებოდათ ბუნების სურათი წარმოედგინათ. შედეგებმა აჩვენეს, რომ გონებრივმა სიმულაციამ, რომელიც ეხებოდა ინტერაქციას დისკრიმინირებული ჯგუფის წარმომადგენელთან, და ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან დისკრიმინაცია, აშკარად მოსდევდა ცრურწმენების შემცირება.

2) იდენტობა და კატეგორიზაცია- ეს მიდგომა მუშაობს, შეამციროს სხვადასხვა ჯგუფის განსხვავებულად აღქმის ხარისხი. იგი რამდენიმე ტექნიკას მოიაზრებს:

დეკატეგორიზაციის მიხედვით ადამიანები უნდა ფოკუსირდნენ ინდივიდებზე უფრო მეტად, ვიდრე მთლიან ჯგუფზე. ამ პროცესის ეფექტურობას გვიჩვენებს ერთ-ერთი კვლევა (Bettencourt et al. 1992), სადაც მონაწილეები დაყვეს ორ ჯგუფად- ზედმეტად და ნაკლებად შემფასებლებად. მათ უნდა შეესრულებინათ კოოპერაციული დავალება. ერთ გუნდს უთხრეს, რომ ამოცანის შესრულებისას სხვების ინდივიდუალურ წვლილს დაკვირვებოდნენ ამოცანის გადაჭრისას. მეორე ნაწილს შესრულებული საერთო სამუშაოს შესრულების ხარისხი უნდა შეეფასებინა. ის გუნდი, რომელიც ინდივიდებს აკვირდებოდნენ (დეკატეგორიზაციას ახდენდნენ) უფრო ნაკლები შიდაჯგუფური ფავორიტიზმით გამოირჩეოდნენ. ეს კი, შესაბამისად, შეამცირებდა სტერეოტიპებს, ცრურწმენებს.

რეკატეგორიზაცია გულისხმობს როგორც შიდა, ისე გარე ჯგუფის წევრების გაერთიანებას ერთ, უფრო ფართო, ინკლუზიურ ჯგუფში. ფეხბურთის დაპირისპირებული გუნდის წევრები, რომლებიც თამაშის შემდეგ ერთად შეიკრიბებიან სალოცავად, ქმნიან ქრისტიანების საერთო სუპერორდინარულ ჯგუფს, რომელიც მათი გუნდების ქვეჯგუფზე მაღლა დგას (ე. ტეილორი, 2005).

კროს-კატეგორიზაციისას კონფლიქტური ჯგუფების წარმომადგენლები ფიქრობენ იმ საერთო მახასიათებლებზე, რაც გარე-ჯგუფის წევრებთან აკავშირებთ. ეს გამოწვეული ორივე მათგანის გაწევრიანებით ახალ, მესემე ჯგუფში. მაგალითად წარმოვიდგინოთ ორი ქალბატონი, რომლებიც ერთმანეთის გვერდით სხედან და დაპირისპირებულ ფეხბურთის გუნდებს გულშემატკივრობენ. შესაძლებელია მათ ერთმანეთთან კონტაქტი დაამყარონ, როგორც ერთი სქესის წარმომადგენლებმა და აღმოაჩინონ, რომ ორივე ერთი ასაკისაა საშუალო სკოლაში ასწავლის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებულ ჯგუფებს გულშემატკივრობენ, ერთმანეთს აღიქვამენ განსხვავებული, მესამე ჯგუფის წევრებად, რამაც ერთმანეთის მიმართ არსებული ცრურწმენები უნდა შეამციროს (Murrar, 2017).

ამ მიდგომების მთავარი უპირატესობა კონტაქტის ეფექტთან შედარებით არის მისი პრაქტიკულობა. ამას ამტკიცებს ჯეისონ ნეარის და მისი კოლეგების (2001) ჩატარებულ კვლევას. მათ თეთრკანიანი და შავკანიანი ინტერვიუერები გაუშვეს ერთ-ერთ თამაშზე, სადაც ორი კოლეჯის საფეხბურთო გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. ინტერვიუერები მიდიოდნენ თეთრკანიან სტუდენტებთან და სთხოვდნენ კითხვარის შევსებაში დახმარებას. ასევე, ინტერვიუერები ატარებდნენ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ქუდს. აღმოჩნდა, რომ თეთრკანიანი ინტერვიუერებისთვის დახმარების გაწევაზე შესაბამისი ქუდის დაფარება არ ახდენდა გავლენას ( არ ქონდა მნიშვნელობა, იმ უნივერსიტეტისა იყო, თუ არა, ვისაც გულშემატკივრობდნენ). მაშინ როდესაც, შავკანიან ინტერვიუერებს უფრო მეტად ეხმარებოდნენ მაშინ, როდესაც შესაბამისი უნივერსიტეტის ქუდი ეფარათ - ისინი რეკატეგორიზდებოდნენ ამ უნივერსიტეტის გუნდის ფანებად.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0