x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართული მითოლოგია - კვირია
კვირია. ავტ. გიორგი ღუდუშაური


კვირია აღმოსავლეთ საქართველოს წარმართ მთიელთა წარმოდგენით გახლდათ ადგილობრივი სათემო ღვთაებების - დიდებული ხვთიშვილების წინამძღოლი. უზენაეს მორიგე ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის აღმსრულებელი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივსაცემოდ ეწყობოდა დღესასწაულები, როგორიცაა კვირაცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, სისხლიანი მსხვერპლშეწირვით და ნადიმებით. ამ დღესასწაულების მიმდინარეობისას ხალხი მწვანე ტოტებით, რიტუალურად აშენებდა ქოხებს კვირიას საპატივსაცემოდ.


რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს წარმართ მთიელებს, მათში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაება გახლდათ. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც მოიცავდა 8 ცალკეულ რიტუალს. როგორც მარშალ ლანგიც შენიშნავს, ეს იყო ეროტიული ხასიათის და ორგიასტული რიტუალები, მაგ ბერიკობა, მურყვამობა და ა.შ.ეს ორგიები ტარდებოდა როგორც სვანეთში ასევე ფშაველებში და ხევსურებში და თითქმის ყველა ქართველ მთიელ ხალხში. არქეოლოგიური მასალითაც მტკიცდება რომ ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-8 საუკუნეში პროტოქართველებს ჰქონდათ კვირიას კულტი. აღმოჩენილია სწორედ ამ პერიოდის, 30-28 საუკუნის წინანდელი კვირიას ითიფალური ფიგურები მაგალითად კახეთის ტერიტორიაზე. იტიფალური ნიშნავს ფერტილობის გამომხატველ ღვთაებას, რომელსაც გამოსახავდნენ ერეგირებული პენისით.


კვირია



კვირიას დღესასწაულების განმავლობაში აშენებდნენ თოვლის კოშკს, მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს აწყობდნენ, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომელშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია გვევლინება, როგორც უზენაესი ღვთაება, რომელიც განაგებს სრულიად ზეცას და ზეციურ წყალს. კვირიას ჰიმნს დასავლეთ ქართველი წარმართი მთიელები მღეროდნენ გვალვების პერიოდში და შესთხოვდნენ მას წვიმის მოსვლას.



კვირია - ცისკრის ვარსკვლავი


ხალხური პოეზიის, თქმულებების, ზღაპრების, ანდრეზების, დაკვირვებული შესწავლა შუქს ჰფენს ამა თუ იმ ერის ისტორიის, ეთნოგრაფიის, რელიგიის იმ საკითხებს, რომელთაც დავიწყების მტვერი მიჰყრიათ, დროთა განმავლობაში გაუგებარნი და აუხსნელნი დარჩენილან.

ძველი ხალხური ლექსის მცირე ფრაგმენტიც კი, თუ მას საჭირო ცნობა შემოუნახავს, დაკვირვებული მკვლევარის ხელში იმ ჩუქურთმად იქცევა ხოლმე, რომელიც აწ უკვე დანგრეული და შერყვნილი ძეგლის სახის აღდგენას ემსახურება.

ამ მხრივ, ფასდეუდებელია ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა, რომელმაც ძველი ხალხური თქმულებების, ლექსებისა და სხვა ზეპირი გადმოცემების საფუძველზე, გონებამახვილურად აღადგინა ქართველთა უძველესი (ქრისტიანობამდელი) მსოფლმხედველობა და წარმართული პანთეონი.


ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, ქართულ წარმართულ ღვთაებათა შორის, ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი კვირიას ეჭირა. კვირია სხვაგვარადაც ჟღერდა: კვირიაე, კვირაე, კვირეე... იგი ითვლებოდა იმ ღმერთად, რომელსაც "სამართალი ეკითხებოდა და ებარა."

ხახმატის ჯვარის ხუცურ დამწერლობებში ნათქვამია: "დიდება და გამარჯვება ძალ-ღვთისასა, სამართალს კვირიასას. ძალი ღვთისა გწყალობდეთავ, სამართალი კვირიაესა."


როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, "ბედისა და წულის გამოთხოვა და მიცემაც, მორიგე ღმერთზე და კვირიაზე იყო უმთავრესად დამოკიდებული."

აი, როგორ ამწყალობებს იგივე ხახმატი ხუცი: "წული ვის ყავდეს, გაუზარდეთ. არ ყავდეს და თუ ვინმე გეხვეწებოდეს, ღმერთსა და კვირიას გამოუთხოვეთ."


როგორც ერთი ხევსურული დამწყალობების ტექსტის შესწავლით ირკვევა, კვირია, მორიგე ღმერთთან ერთად წარმართული რწმენით, დარ-ამინდის, ტაროსის განმგებლადაც ითვლებოდა: "მორიგეს ღმერთსა და დიდ კვირაეს გახვეწებთ, თქვენ უშველეთ თქვენს მეხვეწერთ. ეს ზაფხული მშვიდობით დამდგარ, მშვიდობით გადააყენეთ." (ვ. ბარდაველიძე. "აღმ. საქართველოს ქართველი მთიელების სასულიერო ტექსტები).


როგორც აშკარად ვხედავთ, კვირია ქართულ წარმართულ პანთეონში ნამდვილად ძალზედ გავლენიანი ღვთაება გახლდათ. მას უმაღლესი მორიგე ღმერთის კარზე თავისუფალი შესვლა-გამოსვლის უფლება ჰქონდა - ხალხი უწოდებდა "ღვთის კარზე მოარულ ღვთაებას".


თუში მთქმელებისგან ვ. ბარდაველიძის მიერ ჩაწერილ ლექსებში, კვირია, მორიგე ღმერთის შემდეგ იხსენიება:


პირველად ღმერთი ვახსენოთ, ის უფრო დიდებულია,

მემრე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,

მემრე ვადიდოთ ფიწალე, ლაშქრისა წინამძღვარია,

მემრე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია.

.............................................................

ჯერეღა ღმერთი ვადიდოთ, მით უფრო დიდებულია"


–––––––––-

იხ. ივ. ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიის შესავალი", ნაწილი I, გვ. 201-203.


მემრე ვახსენოთ კვირაე, კვირაე კარაღვთისია,

მემრე ვადიდოთ გიორგი, გიორგი სახეოსია,

მემრედ ვადიდოთ ფიწალე, ფიწალე დოჭურთისია."


კვირია


კვირია, როგორც ღვთაება სვანურ გადმოცემებშიც იხსენიება. ივ. ჯავახიშვილი განიხილავს რა არსენ ონიანის ცნობას სვანთა ძველი საგალობლის - "კვირაიი ღმერთის" შესახებ, აღნიშნავს:


"კვირაიის თქმის დროს, ყველანი პირს აღმოსავლეთისაკენ იზამენ და საგალობელს ისე ამბობენ ხოლმე. ეს საგალობელი ღვთის დიდი სავედრებელია და მისი წარმოთქმის დროს ყველა ქუდმოხდილია და პირჯვარს იწერს."

მკვლევარი სინანულით აღნიშნავს, რომ არსენ ონიანის ცნობა კვირიას შესახებ ამით თავდება და ონიანს არაფერი აქვს იმის შესახებ ნათქვამი, თუ რა ღვთაებად ესახებათ სვანებს კვირია და რას შესთხოვენ ხოლმე მას.

თუ გავითვალისწინებთ არსენ ონიანის ცნობას, რომ კვირიაზე მლოცველი ქართველი წარმართები პირს აღმოსავლეთისკენ მიიბრუნებდნენ ხოლმე, სავარაუდო ხდება, რომ კვირია რომელიმე მნათობს უნდა წარმოადგენდეს.


ეჭვგარეშედ შეიძლება ითქვას, რომ პროტოქართველებს კვირია მზის სახით არ ჰყავდათ წარმოდგენილი, ვინაიდან მზე მუდამ პირველ ღვთაებად და მთავარ ღმერთად გახლდათ წარმოდგენილი. კვირია, ხალხის რწმენით მართალია ძლიერი ღვთაება იყო, მაგრამ პირველი ადგილი - მორიგე ღმერთს ეჭირა ქართველურ ღვთაებათა წარმართულ პანთეონში.


თავისი მნიშვნელობითა და სიდიდით, მზის შემდგომ, მომდევნო ღვთაება მთვარეა. მაგრამ მთვარე კვირიად ვერ ჩაითვლება, რადგან ხალხის რწმენით, კვირია ღვთის (ე.ი მზის) კარზე მოარული ღვთაებაა.


ღვთის კარზე მოარულ ღვთაებად, კვირიად, უფრო შესაძლებელია, რომ ცისკარი მივიჩნიოთმ რომელიც უშუალოდ უსწრებს მზის ამოსვლას, მიუძღვის მას ცის კამარაზე და მისი ამოსვლის მაცნე და მახარებელია.


ამის დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ ივ. ბუქურაულის მიერ თუშეთში ჩაწერილი ერთი ძველი ხალხური ლექსი - "თუშეთის წმინდანები". აი ამ ლექსის დასაწყისი სტრიქონები, სადაც კვირიას ცისკრის ვარსკლავობაა დადასტურებული:


"პირველად ღმერთი ვახსენოთ,

ის უფრო დიდებულია,

მერმე ნასისკარ კვირაე,

ღვთის კარზე მდგომიარეა.

მემრინას ბერის სამება,

წოვათას მბრძანებელია,

მემრინას ლაშას გიორგი,

ლაშქართა წინამძღოლია,

მემრინას გმირი კოპალა,

დევ-ქაჯთა პირის მშლელია,

მემრინას ხახმატ გიორგი,

გაჭირდეს - მშველებელია,

მემრინას მაგეხ გიორგი,

მთაზედა ყარაულია...."



კვირია


ამ თუშურ ლექსში, რომელიც ზემოთ მოყვანილ ლექსებზე გაცილებით ადრეა ჩაწერილი ივ. ბუქურაულის მიერ, როგორც ვხედავთ კვირია ღვთის კარზე მოარულ რვთაებად არის წარმოდგენილი. მაგრამ რას ნიშნავს კვირიას დასახასიათებლად თქმული "მემრე ნასისკარ"?

აქ მთქმელის, ჩამწერის ან მბეჭდავის შეცდომასთან უნდა გვქონდეს საქმე, "ნასისკარ" ორი ნაწილისგან შედგება ნა და სისკარ, "ნა" რეალურად ეკუთვნის მის წინ მდგარ "მემრე"-ს, და ვიღებთ "მემრენას ან მემრინას, რაც ამ ლექსში შემდეგ კიდევ რამდენჯერმეა განმეორებული.

სისკარი კი იგივე ცისკარია აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში. ერთ-ერთ ხევსურულ ლექსში ამგვარ ადგილს ვხვდებით:

"ტირილით ამახდარიყვა სისკარი თენებისაო". (ა. შანიძე. ხევსურული პოეზია. გვ. 88, ლექსი 209.)

ასევე გამოითქმის ცისკარი კარატის ხუცის იმ დამწერლობებში, რომელნიც ივ. ჯავახიშვილს მოჰყავს როგორც ქართველთა უძველესი მსოფლხედვის გამორკვევის და ძიების დროს:

"თუ რა შეგცოდონ, ან ბნელსა (ე.ი. ღამით), ან სისკარსა, ან ნალითა, ან პირისქარითა (ე.ი სიტყვით), იამან მახვილითა, საბელ-სამხრითა, გზა შარად ლახვითა (ე.ი. მგზავრობაში) შენაწყენ-შენაცოდარ შაუნდევით." (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორიის შესავალი. გვერდი 181).


ამრიგად, პირველადი სახით აღდგენის შემდგომ, ივ. ბუქურაულისეული "თუშეთის წმინდანების" პირველი სტროფი ასე უნდა წავიკითხოთ:


"პირველად ღმერთი ვახსენოთ,

ის უფრო დიდებულია,

მემრინა სისკარ კვირაე,

ღვთის კარზე მდგომიარეა..."






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
578
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0