x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"გალაკტიონ! - მე შენზე დიდი პოეტი ვარ!" - როგორი ურთიერთობა ჰქონდათ გალაკტიონ ტაბიძესა და ტერენტი გრანელის

image


"ტერენტი ჩემი მეგობარია, მაგრამ არა უბრალო მეგობარი, არამედ სულიერი და უდიდესი მეგობარი. იგი ხალასი გენია და ნიჭია, ბუნებით პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი.." -

გალაკტიონ ტაბიძე



"შემხვდა ჩემი მარადიული მეგობარი და ძვირფასი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ექვსი თვე არ მენახა. შემხვდა დღეს. უცებ ვიგრძენით ერთმანეთი.."

ტერენტი გრანელი



გალაკტიონ ტაბიძე და ტერენტი გრანელი


გალაკტიონ ტაბიძე და ტერენტი გრანელი თავიანთი სულიერი ინდივიდუალობით მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში აბსოლუტურად სხვა მხარეს, განცალკევებით დგანან, ვიდრე ეს საბჭოთა მწერლობაა. ტერენტი გრანელი, გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად, ერთგულებდა მარადიულ იდეალებს, ეროვნულ სულს, "მიწის ბაღს", "ვენახს" - სამშობლოს "მეფისტოფელის საუკუნეში"; აიაზმასავით ეპკურებოდა მათი პოეზიის ნათელი ურწმუნო სულს. ტერენტი გრანელი ეძებდა "მესამე გზას" ("არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა"), "სხვა პლანეტას", გალაკტიონ ტაბიძე - "არასაამქვეყნო გზებს", "სხვა ქვეყანას", რადგან ორივეს ეიმედებოდა "სიცოცხლე სხეულის გარეშე".

მსგავსმა სულიერმა სამყარომ ორი უდიდესი პოეტი საერთო გზაზე გაიყვანა და ალბათ, სწორედ ამიტომ ფიქრობდნენ, რომ ტერენტი გალაკტიონის გავლენას განიცდიდა თავის შემოქმედებაში. რეალურად "პოეტი ბავშვი", ტერენტი გრანელი უმაღლეს შეფასებას აძლევდა გალაკტიონის შემოქმედებას, სწამდა, რომ "გალაკტიონი ყოველთვის დიდი.. გალაკტიონი ზეცისკენ მიდის", მაგრამ საკუთარ გენიაზე აღმატებულად არავის მიიჩნევდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ტერენტი გრანელი უკანასკნელი ნასესხები გროშებით ეტლს დაიქირავებდა, გოლოვინსკიზე ჩაიგრიალებდა და იქ, სადაც პოეტები იკრიბებოდნენ, ფეხზე დგებოდა, გაქანებული ეტლიდან ხმამაღლა ესალმებოდა მათ საკუთარი სახელის ძახილით "გახლავართ პოეტი ტერენტი გრანელიო". ეს იყო სურვილი და გამოხატულება იმისა, რომ იქ მდგარი პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას გვერდით ეგულისხმათ, მარადიული სამყაროსაკენ, "მესამე გზისაკენ" გეზაღებული.

ტერენტი გრანელმა რამდენიმე ლექსი მიუძღვნა გალაკტიონს, რომლებშიც იგრძნობა "პოეტთა მეფისადმი" დიდი მოწიწებაც, მასთან გაჯიბრება-გაპაექრებაც და პირველობის პრეტენზიაც. ტერენტი გრანელისათვის გალაკტიონ ტაბიძე პოეზიის მეტრი იყო და მასთან მიმართებით ცდილობდა, გაეზომა თავისი სიდიადე. ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ლექსის მიხედვით, ჭეშმარიტი პოეტის ტიტული გალაკტიონისათვის უბოძებიათ, ხოლო თვითონ დარჩენილა "უსახელო პოეტად":

"შენ პოეტად შეგიცნეს,

როს ჩაგხედეს თვალებში,

მე კი დავრჩი მტკვრის პირად -

უსახელო პოეტი" [სორდია, 2011, 82].

გალაკტიონისადმი მოწიწება ჩანს ტერენტი გრანელის მეორე ლექსის სტრიქონებში:

"გალაკტიონი ხომ მდიდარია.

ზარი სიონის კივის, დარია..

გალაკტიონი ხომ ძვირფასია.

გალაკტიონი მუდამ ასეა" [სორდია, 2011, 82].

მონატრება იგრძნობა ამავე ლექსის სტრიქონებში:

"და სადმე წასვლა მეც მინდა ეხლა

და ისევ კივის ზარი სიონის,

დაიგვიანა, რატომ ამდენხანს

არ ჩამოვიდა გალაკტიონი" [სორდია, 2011, 82].

ტერენტი გრანელის შემოქმედებას დიდად აფასებდნენ ლიტერატურის გემოვნებიანი, ობიექტური კრიტიკოსები თუ კოლეგები (შალვა ნუცუბიძე, ტიციან ტაბიძე, კონსტანტინე გამსახურდია..) და მის ნიჭიერებასთან ერთად, ამ შთაბეჭდილებას ასაზრდოებდა ზეშთაგონებული სახე და ლოცვისმიერი ინტონაცია. ლიტერატურული კრიტიკა იმ დროისათვის "მემენტო მორის" ქართული პოეზიის უმაღლეს მიღწევად აღიარებდა: "მემენტო მორი", საქართველოში პოეზია ჯერ არ გასცილებია ამაზე მეტს. ასეთი მაღალი შეფასება ლიტერატურული საზოგადოების მხრიდან ტერენტი გრანელს გალაკტიონთან გაჯიბრების გამბედაობას სძენდა, ზოგჯერ გალაკტიონზე აღმატებულადაც კი წარმოიდგენდა საკუთარ თავს:

"ახლა ერთია ლოცვა თუ ზარი,

ფიქრი მკრთალია:

რომ გალაკტიონს მე გავუსწარი,

ეს მართალია"[სორდია, 2011, 82].

სხვა ლექსშიც ("თუ ხარ წვიმისთვის"): "და შორს დავტოვე გალაკტიონი", - აცხადებდა ტერენტი გრანელი. ერთგანაც წერდა, რომ "პოეტთა მეფე" უკვე თვითონაა და არა გალაკტიონი: "არ უნდა ფიქრი, რომ გალაკტიონს მე ჩამოვართვი მეფის სახელი".

ტერენტი გრანელის მეგობარი, გენო ქელბაქიანი თავის მოგონებებში წერს, თუ როგორ წამოსცდა გალაკტიონთან "პოეტ ბავშვს" ის, რაც, როგორ ჩანს, მუდმივად აწვალებდა და რაც თავის ლექსებსაც გაანდო: "გალაკტიონ!- მე შენზე დიდი პოეტი ვარ!" და ამით ერთგვარი გამოცდა მოუწყო მე-20 საუკუნის ქართული პოეზიის მეტრს. "კი, ძამიკო, ხარ!", - ირონიანარევი ყოფილა გალაკტიონის პასუხი.

უფრო მეტიც, ერთხელ ტერენტი გრანელთან სტუმრად მისულ გალაკტიონს უთხრა მასპინძელმა:"შენ თუ მოხვედი ჩემთან, როგორც დიდი პოეტი პატარასთან, ძალიან შეცდი" და შემდგომ ორი გენიის შესაფასებლად თუ შესადარებლად დაუწერია ლექსი "მე და გალაკტიონი", რომელშიც ვკითხულობთ:

"გალაკტიონში არის დემონი

და ჩემში უფრო ანგელოზია".

გალაკტიონში ღმერთიც იყო, დემონიც, ანგელოზიც, ისევე, როგორც ტერენტი გრანელიც ითავსებდა ცოდვილის ნიღაბს, მაგრამ უფრო ანგელოზი იყო.

მართალია, ტერენტი გრანელს ზოგჯერ ააღელვებდა საკითხი, თუ ვინ უფრო დიდი გენია იყო, ხშირად ეპაექრებოდა კოლეგებს ნიჭზე, შემოქმედებაზე, მათ შორის თვით "პოეტთა მეფესაც", მაგრამ "მარადიული მეგობარი და ძვირფასი პოეტი" - გალაკტიონი, მისი წმინდა შემოქმედება უდიდეს ნუგეშად ესახებოდა და უაღრესად აფასებდა.

გაზეთ "ახალ ნაკადში " [1920 წელი., №4] ტერენტი გრანელმა გამოაქვეყნა წერილი "გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის გამო", რომელსაც "არტისტული ყვავილების" შთაბეჭდილებები ასაზრდოებდა. განაცხადი, რომ "საქართველოს პოეზიის რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა", მოწმობს ტერენტი გრანელის ობიექტურობას. ეს წერილი იყო გალაკტიონის პოეზიის თავისებურებების ძალზედ მიგნებული დახასიათება. ტერენტი გრანელის აზრით, გალაკტიონის პოეზიის გამართლებაა ის, რომ სიმბოლისტური აზროვნებით ქმნის თავისებურ სამყაროს, ხილული ქვეყნის ანარეკლს; "ყოველთვის საგნების გადაღმა ეძებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს".

"გალაკტიონი სიმბოლისტია, გალაკტიონის შემოქმედებაში არის თავისებური სამყარო, რომელიც ხილული ქვეყნის ანარეკლია. იგი ყოველთვის საგნების გადაღმა ეძიებს მსოფლიოში გაბნეულ ფერებს და აქ არის გალაკტიონის გამართლება"; ან კიდევ: "გალაკტიონმა დაიმსახურა წმინდა პოეტის სახელი. მან იცის თავისი დანიშნულება და ჩვენ ვფიქრობთ, მომავალში იგი სავსებით დაიკავებს ამ ხაზს, რომლის წიაღში პოეზიის აბსოლუტური გამარჯვება აუცილებელი იქნება", - წერდა წერილში "გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის გამო" ტერენტი გრანელი.

თავის მხრივ, გალაკტიონ ტაბიძე, "პოეტთა მეფე" უპირობოდ ცნობდა მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში "წალენჯიხელის" სულიერებით მდიდარ შემოქმედებას, უფრო მეტიც, მიუთითებდა მის კოსმიურ მასშტაბებზე; უწოდებდა "ხალას ნიჭსა და გენიას", "ბუნებით პოეტს", "ჭეშმარიტ პოეტს", "მეგობარს", "არა უბრალო, არამედ უდიდეს მეგობარს" და ტკივილამდე განიცდიდა მის ბედს ("მე ვნანობ, მე ვდარდობ რომ იგი განუკურნებლად ავადაა..").

მიუხედავად ტერენტი გრანელის რთული ხასიათისა, რის გამოც მასთან მეგობრობა ძნელი იყო, გალაკტიონი მას კარგად ეწყობოდა, რადგანაც ერთმანეთთან მსგავსი სულიერი სამყაროთი გამოირჩეოდნენ, იყვნენ რელიგიური პოეტები. ტერენტი გრანელი, ისევე, როგორც გალაკტიონ ტაბიძე, იყო აშკარა ოპოზიცია ათეისტური ხელისუფლების; მე-20 საუკუნის ქართულ პოეზიაში, გალაკტიონის გვერდით, რუსთაველის ქვეყანაში მან დაიმკვიდრა უპირველესი პოეტის სახელი.

ტერენტი გრანელი და გალაკტიონ ტაბიძე ერთმანეთთან განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს, სულიერ ნათესაობას ავლენდნენ, რასაც ადასტურებს მათი მეგობრობა და ურთიერთმონატრების გრძნობა."მემენტო მორის" ავტორი წერს, თუ როგორ შეხვდა ერთ საღამოს შემთხვევით ექვსი თვის უნახავ "მარადიულ მეგობარსა და ძვირფას პოეტს", გალაკტიონს ალექსანდროვის ბაღში, უცებ "იგრძნეს" ერთმანეთი, ბევრი ისაუბრეს... და მერე სიჩუმით გაუყვნენ "საღამოს ცისფერ ბინდს":

"დილით ვიყავი ბევრჯერ დაწერილ და ბევრჯერ ნახულ ადგილებში. საღამოს შემხვდა ჩემი მარადიული მეგობარი და ძვირფასი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. ექვსი თვე არ მენახა. შემხვდა დღეს. უცებ ვიგრძენით ერთმანეთი. ბევრი ვისაუბრეთ ალექსანდროვის ბაღში. ბაღში ჩვენს გარდა სხვებიც იყვნენ. უცებ გავჩუმდით.მოვდივართ და ქვეყანას იპყრობს საღამოს ცისფერი ბინდი"[სორდია, 2011, 84].

ალექსანდრე სიგუა იხსენებს, რომ ქალაქ თბილისის მე-14 შრომის სკოლაში "ხშირად მოდიოდა ტერენტი გრანელი, რომელსაც ზოგჯერ გალაკტიონ ტაბიძეც მოჰყვებოდა ხოლმე", ასე ერთმანეთის გვერდით დაამახსოვრდა ეს ორი პოეტი ხალხს.

ერთხელ ტერენტი გრანელს ქუჩაში კეთილი შესახედაობის, მდიდარი უცნობისათვის ფული უთხოვია და ამ თანხით გალაკტიონის პოეტური მოღვაწეობის 15 წლისთავი აღუნიშნავთ. სწორედ ამ საიუბილეო ტრაპეზის შემდგომ უთქვამს გალაკტიონს: "კიდევ 15 წელი და მთელი საქართველო ჩემი იქნებაო".

"ტერენტი თანამედროვე ქართველი პოეტებიდან მხოლოდ გალაკტიონს აფასებდა. ტკბილად საუბრობდნენ ხოლმე. გალაკტიონი ზოგჯერ უსიტყვოდ წამოხტებოდა და წავიდოდა.

-სატანაა, მაგრამ მაინც კარგიაო!-იტყოდა ტერენტი გრანელი", იგონებდა ალექსი ჯაფარიძე [სორდია, 2011, 86].

თავის თანამედროვეთაგან გალაკტიონ ტაბიძეც განსაკუთრებით ტერენტი გრანელის პოეზიას გამოარჩევდა, თუ სხვა პოეტების შეფასებისაგან თავს იკავებდა, ან მათზე ირონიულად ქირქილებდა, ტერენტი გრანელისათვის არ იშურებდა საქებარ სიტყვებს; 1924 წელს კრებულზე "Memento mori" წარწერაც კი დაუწერია: "გაუმარჯოს ტ. გრანელის პოეზიას!.გალაკტიონი".

"პოეტთა მეფეს" ძალიან მოსწონდა ტერენტი გრანელის ლექსების სითბო, მშვენიერი, საამო ქართული, მდიდარი რითმები. განსაკუთრებით მოსწონებია "მემენტო მორიდან" ერთი ლექსი "ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება", რომელიც მეორე წაკითხვის შემდგომ ზეპირად უთქვამს ტერენტი გრანელისათვის. ტერენტი გრანელის სერგი ჭილაიასთვის უთქვამს: ".. დღეს შემხვდა და სწორედ ეს ლექსი, გუშინ რომ მეორედ წაიკითხა, ზეპირად მითხრა.ზეპირად კი მითხრა, მაგრამ მოწონების სიტყვები ვერა და ვერ დავაცდევინე. მე კი მგონია, რომ ეს ლექსი გალაკტიონის ლექსებს არაფრით ჩამოუვარდება" [სორდია, 2011, 91].

გენო ქელბაქიანი იხსენებს: "გალაკტიონ ტაბიძეს უყვარდა ტერენტი გრანელი. ტკბილი საუბარი იცოდნენ. მათი საუბარი არასოდეს გასცილებია პოეზიის თემას.

გალაკტიონს მოსწყინდებოდა ხოლმე, როცა ტერენტის დიდხანს ვერ ნახავდა. ტერენტის ნახვა არც ისე ადვილი იყო, მისამართს მალ-მალე იცვლიდა.

გალაკტიონს ჰქონდა ბინა, მაგრამ მასთან ტერენტი არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ გალაკტიონი ეძებდა, მიაგნებდა, ნახავდა, ესაუბრებოდა" [სორდია, 2011, 87-88].

"საერთოდ კარგი სანახავი იყო გალაკტიონისა და ტერენტის ერთად ყოფნა, მათი საუბარი, ერთადერთი პოეტი, ვისაც ტერენტი პატივს სცემდა საქართველოში, იყო გალაკტიონი. გალაკტიონიც ასე უყურებდა ტერენტის, იგონებდა ა. ანდრიაშვილი " [სორდია, 2011, 89-90].

"ტერენტი ერთ დროს პლეხანოვის ქუჩასთან ახლოს, მთავარი ფოსტის პირდაპირ, ერთ პატარა დარაბაში ცხოვრობდა.მასთან მისულ გრიგოლ ორახელაშვილს შესჩივლა თურმე პოეტმა: "..წუხელ მთელი ღამე არ მძინებია, ავად ვარ, არავის იმედი არ მაქვს. სოფელში დებს წერილი მივწერე, არ ვიცი, მიიღეს თუ არა, გალაკტიონი ხშირად მნახულობს.ეს კასრული გალაკტიონის არის, გუშინ იმან სახლიდან კერძი მომიტანაო" [სორდია, 2011, 90].

გალაკტიონ ტაბიძეს 1932 წელს პოეტთან სტუმრადმისული მისი შემოქმედების თაყვანისმცემელ სტუდენტებთან ტერენტი გრანელიზე საუბრისას უთქვამს:

"ტერენტი ჩემი მეგობარია, მაგრამ არა უბრალო მეგობარი, არამედ სულიერი და უდიდესი მეგობარი.იგი ხალასი გენია და ნიჭია, ბუნებით პოეტი, ჭეშმარიტი პოეტი. მე ვნანობ, მე ვდარდობ, რომ იგი განუკურნებლად ავადაა" [სორდია, 2011, 91].

გალაკტიონს იურისტ იროდი ხარჩილავასთან, ასევე, უთქვამს: "ო, ტერენტი!თქვენ იცით ვინ არის ტერენტი?.. ტერენტი დიდი პოეტია, ძამიკო. ტერენტის ქურდავენ, ქურდავენ, ქურდავენ!..დღევანდელი პოეზია მისი რითმებით სულდგმულობს" [სორდია, 2011, 93].

ლერი ალიმონაკი აღნიშნავს, რომ გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის მეგობრობა "განსაკუთრებულ ელფერს ატარებდა. ტერენტიზე ყველაზე ძლიერ იმოქმედა გალაკტიონის პოეზიამ. "არტისტული ყვავილების" მრავალი ლექსი ზეპირად იცოდა. მერე პირადად გაეცნო გალაკტიონს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერენტის თავის ერთადერთ მეტოქედ გალაკტიონი მიაჩნდა, ეყო დიდსულოვნება, რომ იგი ახალი პოეზიის მამამთავრად ეღიარებინა. გალაკტიონს არც ერთი სხვა ქართველი პოეტისგან არ უგრძვნია ამდენი სითბო და სიყვარული.

ტერენტიმ გალაკტიონის პოეზია განახლების გზად მიიჩნია და გაჰყვა მას... მან შექმნა ინდივიდუალური პოეტური სამყარო, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გ. ტაბიძის პოეტური სამყაროსგან.

ჯერ კიდევ ტერენტის სიცოცხლეში არსებობდა მეტად უსაფუძვლო, მცდარი აზრი, თითქოს გრანელის პოეზია გალაკტიონის პოეზიის გადამღერება ყოფილიყოს... ამ გარემოებამ დააწერინა "მე და გალაკტიონი" "[ სორდია, 2011, 92].

ცნობილია, რომ ერთხელ გალაკტიონს ტერენტისათვის დაუძახებია: "ტაბიძეების მეტობა არ თქვა, ჩვენს შემდეგ კი ყველაზე დიდი პოეტი შენა ხარო!".

უკურნებელი სენით შეპყრობილ ტერენტი გრანელის გალაკტიონი ხშირად ნახულობდა, ეხმარებოდა; რამდენიმე კაცისაგან შემდგარ ტერენტი გრანელის სამგლოვიარო პროცესიაში ღრმად დამწუხრებული გალაკტიონიც მიდიოდა.































0
1527
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
1527
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0