x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ლაშა-გიორგის ერთადერთი სიყვარული

image

თამარ მეფისა და დავით სოსლანის ძე - გიორგი IV 1192 წელს დაიბადა. ახალშობილს მეტსახელად ლაშა უწოდეს, რაც აფსუათა ენაზე ქვეყნის განმანათლებელს ნიშნავს. უძლეველი თამარის შვილზე მსოფლიოში ლეგენდები დადიოდა.


თანამედროვენი გიორგი IV-ზე საქრისტიანოს იმედებს ამყარებდნენ და მომავალ ალექსანდრე მაკედონელად აღიქვამდნენ. 1207 წელს თამარმა ლაშა-გიორგი თანამოსაყდრედ დაისვა, 1213 წლიდან კი ის საქართველოს დამოუკიდებელი მმართველია. მეთოთხმეტე საუკუნის ქართველი მემატიანე, ე.წ. ჟამთააღმწერელი, ლაშას ასე აღწერს: „იყო ტანითა ძლიერი, მხნედ მოისარი, ნადიმობათა შინა მოსწრაფე, ლაღი და თვითბუნებოვანი“. „იყო ახოვანი დავითიანი და გორგასლიანი“.




რაც შეეხება ლაშას პიროვნულ თვისებებს, აქ ისტორიკოსთა აზრი ორად იყოფა. ერთნი ამბობენ, რომ ის ფიცხი ხასიათის, თავნება და უზნეო პოლიტიკოსი იყო, რომელიც ეკლესიას უარყოფდა და ღმერთთან ზიარების გზად ექსტაზი მიაჩნდა. მეორენი კი ამბობენ, რომ ფიცხი ხასიათის, სამეფო და საეკლესიო კანონებისადმი დაუმორჩილებლობის მიუხედავად, ლაშა-გიორგი უშიშარი მეომარი, გონიერი მმართველი და ერთგული ბუნების ადამიანი იყო. ჟამთააღმწერელიც, მეფის უარყოფით თვისებებთან ერთად, ცდილობს, მისი დადებითი თვისებებიც არ დაივიწყოს: „ლაშა იყო არავისთვის მოშურნე, უხვი, მლოცველი, მმარხველი, განმკითხველი, მოწყალე...“


როგორც დედისერთა ვაჟიშვილებს ახასიათებთ, თამარის ვაჟსაც ჰქონდა ნებიერად აღზრდილთათვის დამახასიათებელი თვისებები. ჭაბუკი მეფე გართობისა და სიამის დიდად მოყვარული გახლდათ, თუმცა, ამასთანავე, დედისეული გულკეთილობა და ლმობიერება ძვალსა და სისხლში ჰქონდა გამჯდარი. გიორგი IV მტკიცედ იცავდა ქართული სამართლის სასჯელთა სისტემაში თამარის მიერ განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დასჯა და სხვა სასტიკი სასჯელები გაუქმდა.
ისტორიკოსთა პოზიციები, ასევე, იყოფა ლაშა-გიორგის ბიოგრაფიის ერთი საინტერესო ეპიზოდის შეფასებისას. ცნობილია, რომ ველისციხეში ყოფნისას, მეფეს ერთი ლამაზი, გათხოვილი ქალი ისე მოსწონებია, რომ ქმრისთვის წაუგვრია და ცოლად დაუსვამს. იმდროინდელ საქართველოში, გვირგვინნაკურთხი მეუღლის წართმევა დანაშაულად ითვლებოდა, ამიტომ მეფის ქმედებას სასულიერო პირებსა და სამეფო კარში დიდი აურზაური გამოუწვევია. გარდა იმისა, რომ დანაშაული მოხდა, ველისციხელი ქალის მეფის თანამეცხედრედ გამოცხადება სხვა მხრივაც დაუშვებელი იყო: ქართული სახელმწიფო სამართლით, მეფეს თავისი ქვეშევრდომის ცოლად შერთვა არ შეეძლო, ამიტომ ლაშა-გიორგის გადაჭრით მოსთხოვეს, ველისციხელი ქალი ქმრისთვის დაებრუნებინა და დიდგვაროვანი შეერთო ცოლად. მეფის უარის შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭაბუკ მეფეს სატრფო ძალით ჩამოაშორეს და ქმარს დაუბრუნეს, თუმცა მათი იმედი, რომ ამის შემდეგ ლაშა-გიორგი ცოლს შეირთავდა, არ გამართლდა: გიორგი IV, რომელსაც ბევრი უწესო დედათა მოყვარულ და უზნეო მონარქად მიიჩნევს, საოცრად ერთგული ბუნების აღმოჩნდა და უცოლოდ აღესრულა. ლაშა-გიორგის წინააღმდეგობრივ ბუნებაზე და ხანმოკლე ცხოვრებაზე ისტორიკოსმა, პროფესორმა ვაჟა კიკნაძემ გვიამბო:



- ლაშა-გიორგის შესახებ, მისი ეპოქიდან დღემდე, განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება. ზოგისთვის ის მიუღებელი ადამიანი გახლდათ, ზოგისთვის კი - თავისებური პიროვნება, რომელსაც აღორძინების ეპოქისთვის დამახასიათებელი თვისებები ჰქონდა. ლაშას ცხოვრების შესახებ ორი წყარო გვიამბობს: ერთია მისი ანონიმური ისტორიკოსი და მეორე - გიორგი ბრწყინვალეს თანამედროვე ჟამთააღმწერელი, ანუ ასწლიანი მატიანეს ავტორი, რომელიც ძალიან ღრმად განსწავლული და საინტერესო ისტორიკოსია. ჟამთააღმწერელმა კარგად იცის ლათინური, ბერძნული და სირიული ენები. როგორც ჩანს, ის სამეფო ოჯახთან დაახლოებული პიროვნებაა და ასი წლის წინანდელ ამბებს გადმოცემებითა და იმ ცნობების მიხედვით გვიამბობს, რაც მასთან ინახებოდა. ჟამთააღმწერლის თქმით, თამარისდროინდელი მოხელეები გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ მეფეს, რომ ცოლი მოეყვანა. მან კი ამის ნაცვლად, ველისციხელი, გათხოვილი ქალი მოიყვანა სასახლეში და ცოლად დაისვა, რაც, რა თქმა უნდა, გაუმართლებელი საქციელი იყო. მეფე ისეთი სიყვარულით განიმსჭვალა ახალგაზრდა, ლამაზი ქალის მიმართ, რომ არაფრის მოსმენა არ სურდა. მაშინ დიდებულები და საეკლესიო პირები იძულებულები გახდნენ, თავად წამოეყვანათ ქალი სასახლიდან და ქმრისთვის დაებრუნებინათ. როგორც ჩანს, ამ მომენტში ლაშა-გიორგი მათ არ ეწინააღმდეგება.

- ადარებს რა ლაშა-გიორგისა და დემეტრე მეორის ფსიქოლოგიურ პორტრეტებ, ივანე ჯავახიშვილი ველისციხელი ქალის ისტორიაში ლაშა გიორგის დადებით თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას.
- ივანე ჯავახიშვილის ეს შედარება ძალიან საინტერესოა. ერთი მხრივ, ლაშა, რომელიც არასწორად მოიქცა, მაგრამ თავის სიყვარულს ბოლომდე უერთგულა და სხვაზე აღარც უქორწინია და მეორე მხრივ, დემეტრე, რომელმაც მონღოლთა წესი გადაიღო და ერთდროულად სამი ცოლი მოიყვანა. რა თქმა უნდა, დემეტრეს დამსახურება, რომელმაც თავი გაწირა საქართველოსთვის და წმინდანად შეირაცხა, უდიდესია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისეთი საოცარი რამ ჩაიდინა, კათალიკოსი პროტესტის ნიშნად გადადგა. ჯავახიშვილის შეფასებით, მორალური თვალსაზრისით, ლაშა დემეტრეზე მაღლა დგას. ისტორიკოსის „ქართველი ერის ისტორიის“ ხელნაწერ ვარიანტში წერია, რომ ლაშამ თავის ერთადერთ სიყვარულს სიკვდილამდე უერთგულა, დემეტრე მეორემ კი თავისი გრძნობები ერთდროულად სამ ქალს გაუნაწილა.


- რა გახდა ლაშა-გიორგის გარდაცვალების მიზეზი და როგორ განვითარდა ველისციხელი ქალისა და მისი შვილის ცხოვრება?
- როგორც გითხარით, სამეფო ოჯახისა და ეკლესიის მოთხოვნის მიუხედავად, რომ კანონიერად დაეწერა ჯვარი და მემკვიდრე ჰყოლოდა, ლაშას ცოლი აღარ მოუყვანია და სრულიად ახალგაზრდა მონღოლებთან შეტაკებების შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ველისციხელი ქალის შობილი, ლაშას უკანონო ძის შესახებ მაშინ გაიხსენეს, როცა ყარაყორუმში, ანუ მონღოლთა იმპერიის ცენტრში წასულ რუსუდან მეფის შვილს დავით ნარინს (უმცროსი) სამშობლოში დაბრუნება შეაგვიანდა და დაკარგულად ჩაითვალა. სამეფო ტახტი პრეტენდენტის გარეშე რჩებოდა და სასწრაფოდ გამოსავალი იყო მოსაძებნი. ამ დროს ლაშა-გიორგის ძე დავით ულუ (უფროსი) რუმში ცხოვრობდა. მეფის დამ, რუსუდანმა, ფაქტობრივად, გაასახლა ის თავის სიძესთან, რომ შვილისთვის კონკურენტი და პრობლემები მოეშორებინა. დავით ულუზე საუბრისას, ჟამთააღმწერელი ამბობს, რომ არ არის ლამაზი ღვთივკურთხეული მეფეების შეცდომებისა თუ შეცოდების შესახებ ყველაფრის მოყოლა, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული კანონებით, ლაშას უკანონო შვილს ტახტი არ ეკუთვნოდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ქართველებმა მონღოლებს ჰკითხეს, შეიძლებოდა თუ არა ლაშას ძის ტახტზე დასმა. მონღოლებმა უპასუხეს, ჩვენთან საერთოდ არ არსებობს კანონიერი და უკანონო შვილის ცნება და მეფის ყველა შვილი კანონიერიაო. მეტიც, სამეფო ტახტისთვის ყველაზე მისაღები სწორედ უფროსი ძეაო. ამის შემდეგ, ქართველებმა მოიძიეს ლაშას უკანონო ძე, რომელსაც ბევრი განსაცდელის გადატანა მოუწია, რომ ცოცხალი დარჩენილიყო. დავით ულუ გამეფდა, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ ყარაყორუმში წასული მეორე დავითიც გამოჩნდა. ერთი პერიოდი, ორივე დავითი მეფობდა. ჩვენი ჟამთააღმწერელი ამბობს, პირადად მინახავს მათი სიგელები, რომელსაც ორივე დავითი აწერდა ხელსო, მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ ორის მეფობა შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ, ნარინად წოდებული რუსუდანის ძე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ქუთაისში გამეფდა.


- ლაშა-გიორგის უწესო დედათა მოყვარულისა და ამორალური სახელი მხოლოდ ველისციხელ ქალთან დაკავშირებული ისტორიის გამო შემორჩა?


- ლაშა ძალიან თავისუფალი პიროვნება იყო და შეეძლო, ყოველგვარი ნორმები დაერღვია. რა თქმა უნდა, ეს მის შეფასებაზე დადებითად არ აისახებოდა, რადგან პიროვნული თავისუფლების გამოხატულება მეფისთვის ბევრად უფრო მიუღებელი იყო, ვიდრე რიგითი ადამიანისთვის. ლაშას პიროვნებაზე ძალიან ცუდად აისახა ისლამური სექტის მიმდევარ რინდებთან სიახლოვე. ეს იყო თავისუფალი ცხოვრების მიმდევარი ისლამური სექტა, რომელიც არ იზიარებდა ყურანის მკაცრ დოგმებს, შარიათს და მიიჩნევდა, რომ ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ლხინი, გართობა და ალკოჰოლური სასმელებია. ლაშა ამ სექტასთან ძალიან ახლოს იყო. ამიტომ გავრცელდა შეხედულება, რომ ის უწესო დედათა მოყვარული იყო, მაგრამ ის, რომ მან შეცდომის გამო ბოდიშის მოხდა და მეფური დიდებულების უკუგდება შეეძლო, ლაშა-გიორგის მაინც დადებითაც ახასიათებს. ლაშა-გიორგის ყველა დადებით და უარყოფით თვისებას თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი პიროვნება არ გახლავთ. მეტიც, ის ახალი, რენესანსული პიროვნებაა, რომელიც იმდროინდელი ყოფის ჩარჩოებში არ ჯდება.

1
898
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
898
  
2019, 15 დეკემბერი, 18:39
*1206წლიდან იქნა თანამოსაყდრედ გამოცხადებული.
0 1 1