x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„შირაქის“ რძის პროდუქტები „ასავალ-დასავალის“ ბრალდებებს პასუხობს - დავა სასამართლოში ინაცვლებს
image


მავნეა თუ არა პალმის ცხიმი ყველში?


დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში მდებარე ერთერთ პოპულარულ რძის მწარმოებელ კომპანია „შირაქს“ უხარისხო და ჯანმრთელობისთვის მავნებელი პროდუქტების რეალიზებაში ადანაშაულებენ. უკვე რამდენიმე თვეა, დედოფლისწყაროში მოქმედი ყველაზე წარმატებული საწარმოს ირგვლივ ბრალდებები ისმის. პრესაში აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რომ მათ მიერ რძის პროდუქტების წარმოებაში გამოყენებული პალმის ცხიმი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. თავად „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე გაზეთ „შირაქთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ადასტურებს, რომ პალმის ცხიმს ნამდვილად იყენებს, თუმცა, ამტკიცებს, რომ მისი შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 4-ჯერ უფრო ნაკლებია. მისი თქმით, სტანდარტის მიხედვით, 2 გრამამდე პალმის ცხიმი დასაშვებია, „შირაქი“ კი მხოლოდ 0, 5 გრამს იყენებს, ეს კი საზიანო სულაც არ არის. შევეცადეთ, ბრალდებები და არგუმენტები მოგვესმინა.


„შირაქის“ პროდუქტები, მრავალი წელია, ნდობით სარგებლობს დედაქალაქის ბაზარზე, ამიტომაც ბოლო წლებში საწარმო ძალზე განვითარდა, გაზარდა როგორც ასორტიმენტი, ისე სავაჭრო წერტილების ოდენობა. ბოლო წლებში მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ბენიაიძე აქცენტს მუდმივად ბიო რძის წარმოებაზე აკეთებს და სხვადასხვა ტელეარხებზე გამოსვლისას გამუდმებით ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციას ახდენს.


image



ერთერთ პოპულარულ გაზეთ „ასავალ-დასავალში“ თავდაპირველად სამი გვერდი დაეთმო სტატიას, სადაც საუბარია იმაზე, რომ „შირაქის“ წარმოებულ ყველს არაფერი აქვს საერთო რძის პროდუქტებთან და მომხმარებელი მოტყუებული რჩება, რის გამოც მათ ჯანმრთელობას ზიანი ადგება. გაზეთში რამდენიმე ექიმი საუბრობს, რომ „შირაქის“ პროდუქტები პალმის ცხიმს შეიცავს და ეს ეტიკეტზეცაა მითითებული. მათი მტკიცებით, პალმის ცხიმის სიმსივნის გამომწვევი ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც ყველად ასაღებენ. მანამდე ექიმ ჯაბა ტყემალაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა გასული წლის 29 ოქტომბრის ნომერში, რის გამოც „შირაქმა“ გადაწყვიტა, სასამართლოში უჩივლოს გაზეთს და იქ ხსენებულ ექიმს.

image

image„სჯობია, ლენინგრადის ბლოკადაში იყო და ვირთხას ჭამდე, ვიდრე ისეთ სტრესულ გარემოში ცხოვრობდე, სადაც კანონიერად გვკლავენ და სიმსივნის გამომწვევ პალმის ცხიმის შემცველ პროდუქტებს გვასაღებდნენ. მოუხდის კი „შირაქი“ ბოდიშს იმ ადამიანებს, რომლებიც ხვალ რიგში დადგებიან ონკოლოგთა კაბინეტებთან ქიმიოთერაპიის ჩასატარებლად, ან ჯანდაცვის სამინისტროს მოსაცდელში ოპერაციის დასაფინანსებლად?, “ _ ამბობს ექიმი ჯაბა ტყემალაძე.


იგივე ბრალდებები და საკმაოდ მწვავე სტატია გამოქვეყნდა შემდეგ ნომერშიც, სათაურით: „შირაქი“ სასამართლოში მიცოცავს“, „ძროხა პალმის ცხიმს არ იწველება“. მასალაში საუბარია იმაზე, რომ პალმის ზეთის მოხმარება აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის 8 ქვეყანაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ევროპულ პროდუქციაზე ხშირადაა მითითება: „პალმის ცხიმის გარეშე!“. აქვე სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი საუბრობს, რომ ვინაიდან „შირაქის“ ყველის სახეობები „იმერული ჭყინტი“ და „იმერული სახაჭაპურე“ პალმის ზეთს შეიცავს, ეს პროდუქტი ყველი არ არის!“


„შირაქს“ კანონი არ დაურღვევია, რადგან მწარმოებელს უფლება აქვს ბაზარზე გაყიდოს მცენარეული ცხიმის შემცველი პროდუქტი, თუმცა, მას რძის ნაწარმის სახელწოდებას ვერ დაარქმევს. მაგალითად: ყველს, კარაქს, სულგუნს... თუ იყიდება პროდუქტი, რომელიც საღ რძესთან ერთად მცენარეულ ცხიმსაც შეიცავს, თუნდაც მცირე ოდენობით, არ აქვთ უფლება დააწერონ რძის ნაწარმის დასახელება. 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება 301-ე დადგენილება, რომელიც მწარმოებელს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის საშუალებას არ მის ცემს. იგივე დადგენილება განსაზღვრავს, რომ ინფორმაცია წვრილი შრიფტით არ იყოს, “ – ამბობს სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი.


პალმის ცხიმის მავნებლობაზე საუბრობს პროფესორი ზურაბ ქუმსიაშვილიც: „თუკი ყველში, ან რომელიმე სხვა რძის პროდუქტში პალმის ზეთის თუნდაც მცირე შემცველობა ფიქსირდება, მომხმარებელი სასტიკად მოტყუებულია!... საფრანგეთში რომელიმე მწარმოებელმა პალმის ზეთი რომ შეიტანოს, მაშინვე განგაშს ატეხენ ცენტრალური ტელევიზიები, რაც მის ბიზნესს გააკოტრებს. აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში არამარტო პალმის ცხიმის, არამედ ამ კომპონენტის შემცველი პროდუქტების შემოტანაც მკაცრად აიკრძალოს. ქართველი ხალხის წინაშე არანაკლებ დამნაშავენი არიან ის ინსტიტუციებიც, რომლებიც პალმის ზეთის მავნებლობის შესახებ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანას ხელს უშლიან, “ – ამბობს ზურაბ ქუმსიაშვილი.

image


კომპანია „შირაქში“ ამბობენ, რომ მცენარეული წარმოშობის ცხიმებით მათი პროდუქციის მხოლოდ 10% იწარმოება. ისინი არ იზიარებენ ბრალდებებს, თითქოს ეს შემცველობა ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საზიანოა. ისინი აქცენტს იმ გარემოებაზე აკეთებენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია ბიო წარმოების განვითარება.


imageნიკოლოზ ბენიაიძე („შირაქის“ დამფუძნებელი): „პირველ ეტაპზე „ასავალ-დასავალის“ რედაქციას სიმართლის დაწერა ვთხოვე და ახლა ვნახოთ, თანხის მოთხოვნის საფუძველი და საბუთებიც მაქვს, მაგრამ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, საბოლოოდ ჯერ არ გადამიწყვეტია… დეტალები არ ვიცი, სარჩელი ჩვენმა იურისტმა შეიტანა. თავიდანვე ეგ მინდოდა, რომ სწორი ინფორმაცია გაევრცელებინათ... აქ უფრო სხვა ძალები იკვეთება, ვისაც საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარება არ აწყობს. გაზეთს იმ შეცდომაზე შეეძლო ორი სიტყვით ბოდიში მოეხადა და ყველაფერი ცივილურად დასრულდებოდა. ჩემი, თუნდაც ის ფხვნილის პროდუქცია, ევროსტანდართან მიმართებაშიც და ჩვენს კანონთანაც პირნათელია. 4-ჯერ ნაკლები გვაქვს. პალმის ზეთი არაა საშიში, ზეთში არსებული ტრანს ცხიმი, ანუ ტრანს იზომერი, რომელიც 100 გრამში 2 გრამზე მეტი არ უნდა იყოს, ჩვენს შემთხვევაში 0.5 გრამია. მოკლედ, ეს სპეციფიკაა და სიზუსტეს საჭიროებს. არა მარტო ბიოს გარდა, ნედლი ნატურალური და ფხვნილიც გვაქვს და ეს ყველაფერი ეტიკეტირებული და უსაფრთხოა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვრჩები ქვეყანაში ფხვნილის და ცხიმების იმპორტიორების მოწინააღმდეგე. ეს კი იმიტომ, რომ ჩვენი ასოციაცია აქტიურად აშენებს ფერმებს და ყველანაირად ვცდილობთ, ჩავანაცვლოთ ნედლი რძით, თუ სახელმწიფო ხელს შეგვიწყობს. უხარისხო პროდუქციის წარმოებას ჩვენ ნამდვილად ვერ დაგვაბრალებენ.


რადგან, ყველას კარგად ახსოვს, რომ სწორედ „შირაქია“ ინიციატორი იმ კანონის გამკაცრების, სადაც პროდუქციაში ფხვნილი და მცენარეული ცხიმი იქნებოდა, ამ ნაწარმს არ დარქმეოდა რძის პროდუქტი. არათუ მივესალმებით ამ პროცესს, არამედ, ჩვენ მოვითხოვეთ, ამ ფორმით გამკაცრებულიყო სახელმწიფოს მიდგომა. ასევე, პირველი ბიო ფერმა ჩვენია და ამ ფხვნილის პროდუქტს კიდევ ცალკეული სავაჭრო ქსელები გვავალდებულებენ, რომ იაფი სეგმენტის ასორტიმენტიც გვქონდეს და ამიტომ გვიწევს ვაწარმოოთ ასეთი პროდუქციაც. ასეთი ნაწარმი ჩვენი წარმოების სულ 10%-ს შეადგენს, ეს მხოლოდ ჩვენი კომპანიის წარმოების. იაფია და ამიტომ, მოგეხსენებათ, დაბალი ხარისხი და ნაკლებად სასარგებლოა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ეს არაა მომწამლავი, დასაშვებ ნორმებს ვიყენებთ და შედარებით კიდევ უფრო ნაკლებს. ბუნებრივია, ამით მე არ მინდა გავამართლო მცენარეული პროდუქციის მწარმოებლები და მათი დამცველი ვიყო. ცხადია, გვიმსჯელია იმაზეც, სულ უარი ვთქვათ პალმის ცხიმის გამოყენებაზე, მაგრამ ბაზარი ითხოვს. თუ ქსელურ სავაჭრო ობიექტებს ფართო და იაფ ასორტიმენტს ვერ სთავაზობ, ეს ჩვენთვის პრობლემაა. ჩემს ინტერვიუში კიდევ გავიმეორებ, მე ბიო მწარმობელი ვარ და ეგ მიმართულება, რასაც გვედავებიან, სულაც არაა ჩემი მიზანი და ვინც ჩემს მიდგომას იცნობს, კარგად იცის, რომ მე ყოველთვის ნედლ რძეს წარვმართავ და მალე საერთოდ დავამარცხებთ ფხვნილებს და ცხიმებს. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს რეალობაა, მთავარია მომხმარებელი არ მოატყუო და ეტიკეტი სწორად გააკეთო. რაც არ უნდა კედელთან მიმაყენონ, ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ფხვნილების და მცენარეული ნაწარმის ადვოკატი ვერ გავხდები.“

0
434
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
434
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0