x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508478
რას წერდა ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონ ტაბიძესა და მის გენიაზე

image

ცნობილმა ქართველმა პოეტმა და ლიტერატურათმცოდნემ, ვახტანგ ჯავახაძემ 1988 წელს გამოსცა წიგნი "უცნობი", რომელიც ეძღვნება ქართული პოეზიის მეტრის, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას. წიგნიდან გალაკტიონის პოეზიით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ბევრი რამ ახალი გახდა ცნობილი, მან მკითხველს სულ სხვა კუთხით დაანახა გალაკტიონ ტაბიძის პიროვნება და შემოქმედებითი გზა. ამიტომაც, შემთხვევითი არაა, რომ მურმან ლებანიძემ ვახტანგ ჯავახაძის "უცნობს" "მოულოდნელი წიგნი" უწოდა, ტარიელ ჭანტურიამ - "უცნაური რომანი", ბესიკ ხარანაულმა - "ქართული ბიოგრაფიული რომანის მშვენება", თენგიზ აბულაძემ - "გენიალური წიგნი".

ტარიელ ჭანტურიას თქმით, ვახტანგ ჯავახაძემ დაწერა აპოლოგიის თანამედროვე კლასიკური ნიმუში, რითაც გალაკტიონ ტაბიძის გენია მედროვეებსა და "მეფისტოფელის საუკუნეს" გამოსგლიჯა, ბესიკ ხარანაულის შეფასებით, ესაა საუკეთესო "წიგნი გალაკტიონ ტაბიძის გენიის ანატომიაზე", ხოლო გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით, "ვახტანგ ჯავახაძის "უცნობმა" წმინდა ტაძარში შეგვიყვანა".

ვახტანგ ჯავახაძე "უცნობში" წერს:

"მე ვიცნობდი გალაკტიონ ტაბიძეს...

უკანასკნელ ორ წელიწადს ხშირად ვხვდებოდი: მახსოვს საქმიანი დიალოგი, როდესაც რჩეულს ვადგენდით, მხიარული საუბარი, როდესაც აწეულ ხასიათზე ბრძანდებოდა, სერიოზული მონოლოგი, როცა საინტერესო ამბავს ყვებოდა...

ტელეფონითაც გვისაუბრია.

აღტაცებულიც მინახავს და გაბრაზებულიც.

ხშირად მოდიოდა გამომცემლობაში, ვყოფილვარ მასთან სახლში, შევხვედრივარ მწერალთა კავშირში, სტამბაში, უფრო ხშირად კი - ქუჩაში, რადგან იქვე ცხოვრობდა, წიგნის სასახლის წინ, და ქუჩაში ხეტიალი უყვარდა.

დიახ, მე ვიცნობდი...

მაგრამ ფრთხილად, მკითხველო!

ნუ აჩქარდები, ნუ შეგშურდება ჩემი, განსაკუთრებით-ჩემზე ახალგაზრდა მკითხველო!

გალაკტიონი იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, -მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო.

ჩაუწერია კიდეც:

-თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარო.

აკაკიმ დაასწრო, თორემ ეს სიტყვები გალაკტიონის პიროვნებას უფრო შეეფერება და ამიტომაც დაესესხა და გაიმეორა.

სიყმაწვილიდანვე მარტო დარჩა.ყველგან და ყოველთვის მარტო იყო.ვეება მხრებით დაატარებდა თავის მარტოობას.

უბრალოდ ჩაცმული - ყველასგან გამოირჩეოდა, შიგნიდან ანათებდა და ამდიდრებდა გარემოს, და არა მარტო ფიზიკურად იდგა მთელი თავით მაღლა.

ერთი შეხედვითაც შეატყობდით: სხვა კაცი იყო.

როდესაც გესაუბრებოდათ, თითქოს სხვაგან იმყოფებოდა და ეს "სხვაგან" იყო მისი მთავარი სავანე.

უმეგობროდ იცხოვრა.

მეგობრობა გულისხმობს მსგავსი გემოვნებისა და მსგავსი ტემპერამენტის (ალბათ მსგავსივე ნიჭის) პარტნიორთა ურთიერთობას. ამდენად უხერხულია თავი გამოიდო გალაკტიონის მეგობრობაზე.

მას არ გააჩნდა პრაქტიკული ცხოვრების ელემენტარული უნარი, უჭირდა სხვასთან დაკავშირება და დაახლოება. თვითონაც გრძნობდა და წუხდა:

-მე ხომ სრულიად ლაპარაკი არ ვიცი...

-მე იმდენად არ ვიცი ლაპარაკი, რომ კაცს ხშირად ვერ ვაგებინებ...

ეს ფუსფუსი პატარ-პატარა ხალხის ჩემთვის სრუიად გაუგებარია...

ეტყობა, პოეტურმა ტალანტმა იმდენად მიისაკუთრა და ამოწურა მთელი მისი ადამიანური შესაძლებლობა, რომ კომპენსაციის არავითარი საშუალება აღარ დაუტოვა.

თითქმის ყოვლისშემძლე ხდებოდა, როდესაც კალამს აირებდა ხელში და ასევე ყოვლად უმწეო და უსუსური ჩანდა, როგორც კი ქაღალდს გაშორდებოდა.

-ამხანაგთან მშვენიერი დამოკიდებულება მაქვს:გულღია, ამხანაგური, ჩემს კაცად ვთვლი.მაგრამ მექნება თუ არა მასთან სერიოზული საქმე, უცბად დავიბნევი, დავთარი ამებნევა. არ ვიცი, საიდან დავიწყო ლაპარაკი.დავიწყებ თქვენობით, ოფიციალურად და... ისიც ისეთ უარს მტკეცს, - თვით მევე შემრცხვება და გავწითლდები.

ცდილობდა და ვერ ახერხებდა, თუნდაც უახლოესი ადამიანებისათვის მაინც გაეღო გულის კარი, და ეს იყო მისი დიდი ტრაგედიის ერთი მხარე.

იმდენად მარტოსული გახლდათ, რომ მეუღლე, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, რასაც პირადი წერილებიც ადასტურებს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე ეჭვიანობდა.

-შენ დამივიწყე... მაგრამ არ გამტყუნებ, რა კი არ გიყვარვარ...

მე ვიცნობდი...

თუმცა სჯობია დავაზუსტოთ:მეც ვიცნობდი... რადგან იგი მთელი საქართველოს რჩეული ნაცნობი იყო და ყოველი თბილისელის განუყრელი თანამგზავრი. ყოველთვის ჩვენთან იყო, ჩვენს გვერდით, როგორც რუსთაველის ძეგლი და გამზირი, როგორც მტკვარი, როგორც მთაწმინდა...

მეც თბილისის ქუჩებიდან ვიცნობდი.

ბევრჯერ შევხვედრივარ და ავდევნებივარ.

როგორც პატარა ბავშვი ვეებერთელა მონასტერს, ისე ვუვლიდი გარშემო, და რაკი მონასტერს კარი ვერ ვუპოვნე, ფეხისწვერებზე ვდგებოდი, რათა მაღალი სარკმლიდან მაინც მომეკრა თვალი, რა ხდებოდა კედლებს იქით...

ერთ მშვენიერ დღეს კი ამ ტაძარში აღმოვჩნდი და ეკლესიაში პირველად შესული ბიჭივით დავიბენი. როდესაც დავმშვიდდი და თვალი კედლებსა და თაღებს შევაჩვიე, გავოცდი:კვლავ ტაძრის წინ ვიდექი, ტაძარში ტაძარი დამხვდა.და ეს ტაძარი მეტი იდუმალებით იყო მოსული, რადგან არც კარი გააჩნდა, არც სარკმელი და შიგ ფეხი არავის დაედგა...

0
343
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0