x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
მამაკაცს ეგონა, რომ კატის უმწეო კნუტი გადაარჩინა, მაგრამ... ეს არ იყო კატის კნუტი
ფოცხვერირა აღარ ხდება ამ ცხოვრებაში:


ხანდახან გგონია, რომ პარლამენტში წესიერი და პატიოსანი ადამიანი აირჩიე, რადგან მღვდელმა და მამაშენის ძმაკაცმა, ჯემალი ბიძიამ ასე გირჩიეს, მაგრამ გავა დრო და უცებ აღმოაჩენ, რომ არამზადასთვის მიგიცია ხმა.



ხანდახან კი პირიქით – ის, ვინც არამზადა გეგონა და გაბრაზდი, რომ პარლამენტში "გაძვრა" – სასიამოვნოდ გაოცებს ხოლმე.



ზოგს ფოცხვერი ჰგონია კატა. ზოგს მგელი ჰგონია ძაღლი. ზოგს კი მამა ჰგონია ძე, ხოლო ძე – მამა.




მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ არ გვემუქრება, ჩემო ძვირფასო მკითხველო.



ჩვენ ხომ ქართველები ვართ.



ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია კატა ფოცხვერისგან გავარჩიოთ, ხოლო არამზადები – პატიოსანი და წესიერი პოლიტიკოსებისგან.



ტყუილად კი არ გვქვია ბრძენი ერი.



ამიტომ ის შემთხვევა, რაზეც ამ სტატიაში მსურს, გესაუბროთ, საქართველოში კი არა – გარყვნილ კანადაში მოხდა.



ტყის გავლით მხიარულად მიემართებოდა თავის ბედთან შესახვედრად მოტოციკლზე შემომჯდარი მატიე პატრი, როცა გზის პირას მდგარ ბუჩქში უჩვეულო ფუსფუსი შენიშნა.



მან მოტოციკლი სასწრაფოდ გააჩერა, ჩამოქვეითდა და იპოვა ერთი ციდა ცხოველი, რომელიც მამაკაცს თავდაპირველად კატის კნუტი ეგონა.



თუმცა, კანადელმა ცხოველი კარგად რომ შეათვალიერა, მიხვდა, რომ ეს კატის კნუტი არ იყო.



"მე დავინახე პატარა, მომრგვალო ფორმის ყურები და პატარა კუდი და გაოცებით დავასკვენი, რომ ეს ფოცხვერი იყო, " აღნიშნა მამაკაცმა.



მატიე პატრი დაიბნა და ვერ მიხვდა, პატარა ფოცხვერისთვის რა მოეხერხებინა.



რადგან ეგონა, რომ პატარა ფოცხვერის დედა სადმე ახლომახლო იქნებოდა, პატრიკმა უმწეო არსება იქვე დატოვა, სადაც იპოვა და გზა განაგრძო.



თუმცა, მამაკაცმა პატარა ფოცხვერზე ფიქრი მაინც ვერ შეწყვიტა. ფიქრობდა მთელი ღამის მანძილზე. მერე დილითაც ფიქრობდა.



ფიქრებმა არ მოასვენა და გადაწყვიტა, ის ადგილი ხელახლა მოენახულებინა, სადაც უმწეო არსება თავდაპირველად იხილა.



როცა ნაცნობ ბუჩქნარს ხელმეორედ მიაკითხა, განწირული კნუტის სასოწარკვეთილი კნავილი შემოესმა და დაინახა, რომ პატარა ფოცხვერი ისევ თავის ძველ ადგილას იყო.



პატრიმ გადაწყვიტა, პატარა ფოცხვერი თავისთან, სახლში წაეყვანა.



ასეც მოიქცა: გათენდა თუ არა მეორე დილა, მამაკაცმა ფოცხვერი ზოოპარკში მიაბრძანა.



"ზოოპარკი იზრუნებს პატარა ფოცხვერზე, სანამ ცხოველი საკმარისად მოძლიერდებოდეს და გაიზრდებოდეს საიმისოდ, რათა დამოუკიდებლად ველურ ბუნებაში თავის დამკვიდრება შეძლოს, " განაცხადა კანადელმა ადგილობრივ პრესასთან საუბრისას.



მატიე პატრი ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია, რომ შეძლო, უმწეო ცხოველს დახმარებოდა. როგორც მან თქვა, საკუთარ თავს ვერაფრით ვერ აპატიებდა, ცხოველი გასაჭირში რომ მიეტოვებინა.


0
166
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0