x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რა არის საავტორო უფლება და როგორ მოქმედებს იგი Youtube-ში?
საზოგადოებაში ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად ყოველდღიურად იქმნება მეცნიერული, ლიტერატურული და ხელოვნების ნაწარმოებები, იქნება ეს ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, სტატია, კომპიუტერული პროგრამა), მუსიკალური ნაწარმოები, მელოდია, მუსიკალური ვიდეოკლიპი, ვიდეო, ხელოვნების ნიმუში, ფოტო, გადამუშავებული ნაწარმოები (წიგნის თარგმანი) და სხვა. ადამიანი ამგვარი ნაწარმოების შექმნის წამიდან იძენს საავტორო უფლებას.
საავტორო უფლება ნიშნავს პირის უფლებას, ფლობდეს და საკუთარი ნებით განკარგავდეს შექმნილ ნაწარმოებს. ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას არ შეუძლია სხვის მიერ შექმნილი პროდუქტის მითვისება, კოპირება და ზოგჯერ გამოყენებაც კი.

საავტორო უფლება გარანტირებული და კოდიფიცირებულია საავტორო სამართლით. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ მიღებული კანონი სწორედ ამ სახის პრობლემებზე საუბრობს და ქმნის გარანტიას, დაცული იყოს ადამიანის უფლება შექმნილ ნაწარმოებზე.

იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით უფრო და უფრო იზრდება ისეთი ვიდეოპლატფორმის როლი, როგორიცაა Youtube (იუთუბი), საინტერესო იქნება, მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ მოქმედებს მოცემულ ვებ-გვერდზე საავტორო სამართალი.
Youtube-ზე ყოველდღიურად ათასობით ვიდეო თავსდება, რომელთაგან უმეტესობა ხდება საავტორო სამართლის ობიექტი. გახდება თუ არა ნაწარმოები დაცული საავტორო სამართლის მიერ, ზოგადად, თავად ავტორის ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ თავად ავტორის გადასაწყვეტია, შეძლებენ თუ არა სხვა პირები მისი ვიდეოს გამოყენებას.

თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საავტორო სამართლით დაცული ვიდეოს გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულ იქნება ე.წ. fair use (კეთილსინდისერი/სამართლიანი გამოყენება), რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებითა და წესების დაცვით შეგვიძლია საავტორო სამართლით დაცული ვიდეოს საკუთარი ვიდეოსთვის გამოყენება. Fair use-ის იდეა ყველა ქვეყანაში განსხვავებულად რეგულირდება. იგი შეიძლება გულიხმობდეს ვიდეოს გარკვეული მონაკვეთის, გარკვეული ხანგრძლივობით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოყენებას. მაგალითად, fair use შეიძლება გულისხმობდეს ვიდეოსთვის ფილმის (რომელიც დაცულია საავტორო სამართლით) მხოლოდ 10 წუთიანი მონაკვეთის გამოყენება.
თუმცა fair use-ის შემთხვევაშიც არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ორიგინალი ავტორის მოთხოვნის საფუძველზე ვიდეო წაიშალოს Youtube პლატფორმიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს მიერ გამოყენებული საავტორო ნაწარმოები fair use-ის ფარგლებშია მოქცეული, ანუ სამართლიანად, წესების დაცვით გამოყენებული, შეგვიძლია დავწეროთ საჩივარი, რომელსაც მიიღებს Youtube და საჩივარს გაუგზავნის ორიგინალ ავტორს. პროცესი შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოში, სადაც გადაწყდება, სამართლიანად იქნა თუ არა გამოყენებული საავტორო ნაწარმოები.


ასევე შესაძლებელია სხვისი ნაწარმოების გამოყენება მოცემული ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით და ლიცენზიის მიღებით, ნაწარმოების გამოყენებისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით და ა.შ. ეს ყველაფერი თავად ავტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამაში მდგომარეობს საავტორო უფლების შინაარსი- ავტორი თავისუფალია, განსაზღვროს, როგორ შეძლებენ სხვები მისი ნაწარმოების გამოყენებას.

21-ე საუკუნის მზარდმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ და კიბერსივრცის განვითარებამ გაზარდა საავტორო სამართლის აქტუალურობა და დაცვის საჭიროება. აუცილებელია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც შედარებით უცხოა საავტორო სამართლის თემა, ამაღლდეს ცნობიერება მოცემული საკითხის შესახებ.

სტატიის ავტორი: შალვა ქიტესაშვილი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:შალვა ქიტესაშვილი
შალვა ქიტესაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0