x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ალექსანდრე ყაზბეგი და ქართული თეატრი
image1879 წლის 1 სექტემბერს დედაქალაქში მუშაობა დაიწყო პროფესიულმა დასმა. თეატრმა, როგორც ბელეტრისტი თავისთან ალექსანდრე ყაზბეგიც გააერთიანა. ყაზბეგი, რომელიც სცენაზე “ალექსანდრე მოხევის" ფსევდონიმით გამოდიოდა, დასში მიიღეს, ყოველთვიურად გასამრჯელოდ ოთხი თუმანი დაუნიშნეს და ჟან-პრემიერის როლზე იწვევდნენ.

ალ.ყაზბეგი ბავშვობიდანვე თეატრის დიდი მოყვარული იყო. დრამატურგიაშიც ვარჯიშობდა. 14 წლისამ ავტობიოგრაფიული ხასიათის პიესა “აღმზრდელი" დაწერა. მოსკოვში თარგმნა შექსპირის “რომეო და ჯულიეტა" და გრიბოედოვის -“ვაი ჭკუისაგან".
იგი დიდად აფასებდა სცენისთვის ყველა თავდადებულს, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ეროვნული კულტურის სასარგებლოდ იღწვოდა. რადგან მან ყველაზე კარგად იცოდა, რამდენად მძიმე და დაუფასებელი შრომა იყო თეატრში. იგი თეატრს უყურებდა, როგორც საქვეყნო საქმეს, ხალხის სასამსახურო დაწესებულებას. - “მე თეატრში სამსახურს ისე ვუყურებ, როგორც ერთს მამულიშვილურ საქმეს. წმინდა საკურთხეველს. .. ამიტომ დავუდექი გვერდით! სანამ ცოცხალი ვარ სიტყვით და კალმით უნდა ვემსახურო ჩემს ხალხს, ისიც კმარა, როცა აღარ ვიქნები და ვეღარაფრით შევეწევი."- წერდა მთელი გრძნობით შემოქმედი.

ალ.ყაზბეგის სათეატრო მოღვაწეობა წლობით გრძელდებოდა. მისი პიესები “არსენა" და “წამება ქეთევან დედოფლისა" განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ. გარდა ამისა, მწერალი პირადად მონაწილეობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქართულ წარმოდგენაში. იგი, როგორც მუდმივი ქართული დასის მსახიობი, სცენაზე ხშირად გამოდიოდა.

იგი არ ყოფილა ბრწყინვალე არტისტი, პირიქით, ზოგიერთი თანამედროვე მას, როგორც არტისტ-შემსრულებელს, საერთოდ არ იწონებდა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია აქვე ითქვას, რომ ალ.ყაზბეგს ჰქონდა ბუნებით მინიჭებული ისეთი მადლი, რომელიც ყველა ჭეშმარიტი არტისტისათვის საჭიროა. ამგვარი მადლი შეიძლება მის ცეკვას ეწოდოს. მწერალს თავისი ცეკვით მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა. თანამედროვეთა გადმოცემით ამ დროს მოხევე მართლაც შეუდარებელი იყო. სხვა შემთხვევაში “ გულჩათხრობილი და მხედველობანაკლული ადამიანი სცენაზე ერთბაშად ცოცხლდებოდა, ახალგაზრდული ენერგიით დაჰქროდა და თან აპრიალებულ ხანჯლებს ათამაშებდა."


მას თეატრში მუშაობის პერიოდში ბევრი მწარე და დაუნდობელი კრიტიკა მოუსმენია, როგორც პიესის ავტორს და როგორც მსახიობს. მიუხედავად ამისა, ალ.ყაზბეგი გრძნობდა რა შეეძლო, რეალურად აფაზებდა საკუთარ შესაძლებლობებს. დედისადმი მიწერილ წერილში ვკითხულობთ მრავლისმთქმელ ფრაზას: “შემოვალ საქართველოს კარებში დიდებით"... დიდება როგორც ბელეტრისტს, წილად ხვდა როგორც დრამატურგს. ხოლო, როგორც მსახიობს იმედი არ გაუმართლდა. დიდების ნაცვლად ბევრჯერ გაუმწარებიათ. თუმცა უნდა ითქვას, როგორც დრამატურგს, ბევრი ქებით მოიხსენიებდა.

ალექსანდრე ყაზბეგის პიროვნებასა და შემოქმედებაზე ბევრი საგულისხმო რამ დაწერილა, თუმცა საკვლევი კვლავაც რჩება. მიუხედავად ცხოვრების მძიმე გზისა, ალ.ყაზბეგმა შეძლო ეთქვა ის მთავარი სიტყვა, რომლის სათქმელადაც იყო მოვლენილი. მან თავისი განსხვავებული, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა, არამხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ ზოგადად ქართული კულტურის განვითარებაში.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ანა სხირტლაძე
ანა სხირტლაძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0