x
image
ლანა92
რას ნიშნავს განათლების "საბანკო მოდელი" და როგორია პრობლემების წამომჭრელი განათლება

image

ცნობილი ბრაზილიელი განათლების მკვლევარის, პაულო ფრეიერის "ჩაგრულთა პედაგოგიკა" იძლევა ტრადიციული განათლების კრიტიკას.

პაულო ფრეიერიმ "ჩაგრულთა პედაგოგიკა" უწოდა პედაგოგიკას, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს არა ჩაგრულებისათვის, არამედ ჩაგრულებთან ერთად.ასეთი პედაგოგიკა ჩაგვრასა და მის მიზეზებს ჩაგრულთა კრიტიკის ობიექტებად აქცევს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჩაგრულთა ბრძოლა თავისუფლებისათვის.

ჰუმანიზაცია ყოველთვის იყო კაცობრიობის მთავარი პრობლემა, თუმცა დეჰუმანიზაციის საშიში მასშტაბების გათვალისწინებით, პაულო ფრეიერი მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ეპოქაში. მას ჰუმანიზაცია ესმის, როგორც ჩაგრულთა სწრაფვა თავისუფლებისაკენ.არავის ესმის მჩაგვრელ საზოგადოებაში ცხოვრების სირთულე, ისე, როგორც ჩაგრულს, რადგან ჩაგვრის მძიმე შედეგებს ყველაზე მეტად სწორედ ჩაგრული განიცდის.ამიტომ განთავისუფლების აუცილებლობაც ყველაზე უკეთ ჩაგვრულს აქვს გაცნობიერებული.

პაულო ფრეიერი ჩაგვრის ფენომენის მოქმედებას ხედავს ყველგან, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში და მიაჩნია, რომ ყველაფერი სკოლიდან, მონურ მორჩილებაზე ორიენტირებული სწავლებიდან იწყება.მკვლევარი ტრადიციულ სკოლაში ხედავს "განათლების საბანკო მოდელს", რომელშიც მასწავლებელი-მოსწავლის და მაგვრელი-ჩაგრულის ურთიერთობა ერთმანეთს ემთხვევა. მისი აზრით, სწავლება ტრადიციულ სკოლაში მხოლოდ თხრობითი ხასიათისაა, მასწავლებელი(მთხრობელი ობიექტი) საუბრობს, ხოლო მოსწავლეებმა (მსმენელი სუბიექტები) უპრეტენზიოდ უნდა მოუსმინონ.

"მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის ანალიზი, სკოლაში ტარდება ის თუ მის გარეთ, ამ ურთიერთობის თხრობით ხასიათს წარმოაჩენს. ის გულისხმობს მთხრობელ ობიექტს (მასწავლებელი) და მოთმინებით სავსე მსმენელ სუბიექტებს (მოსწავლეები). შინაარსი, რეალობის ფასეულობებს ეხება ის თუ ემპირიულ განზომილებებს, თხრობის პროცესში უსიცოცხლო, "გაქვავებული" ხდება.

განათლებას თხრობის დაავადება აზარალებს.

მასწავლებელი ისე ლაპარაკობს რეალობის შესახებ, თითქოს ის უძრავი, სტატიკური, დანაწევრებული და პროგნოზირებადი იყოს, ან ისეთ საკითხს ხსნის, რომელიც უცნობია მოსწავლეთა ეგზისტენციალური გამოცდილებისათვის.მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეების "ამოვსება" თავისი მონათხრობით, რომელიც განცალკევებულია რეალობისაგან, მოკლებულია იმ მთლიანობას, ურომლისოდაც ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს.შინაარსისაგან დაცლილი სიტყვები უსაგნო, გაუცხოებული და გამაუცხოვებელი მჭევრმეტყველების ნაწილია.

სე რომ, ამ თხრობითი განათლების განსაკუთრებული თვისება სიტყვების ჟღერადობაა და არა ტრანსფორმაციის უნარი."ოთხჯერ ოთხი თექვსმეტია.ბელემი პარას დედაქალაქია", ამ სიტყვებს მოსწავლე იწერს, იმახსოვრებს და იმეორებს, ოღონდ ისე, რომ ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს სინამდვილეში ოთხჯერ ოთხი, ან რას ნიშნავს სიტყვა "დედაქალაქი" წინადადებაში "ბელემი პარას დედაქალაქია", ანუ რა არის ბელემი პარასათვის და პარა-ბრაზილიისათვის.

თხრობა(როცა მთხრობელი მასწავლებელია) მოსწავლეების მიერ მონათხრობის მექანიკურად დამახსოვრებას იწვევს. რაც ყველაზე უარესია, ის მათ "ჭურჭლად" აქცევს, რომელიც მასწავლებელმა უნდა "აავსოს". რაც უფრო სრულად აავსებს, მით უკეთესი მასწავლებელია. რაც უფრო მორჩილად ივსება ჭურჭელი, მით უკეთესი მოსწავლეა.

ამგვარად, განათლება ფულის დეპოზიტზე შეტანას ემსგავსება, სადაც მოსწავლეები ბანკები, ხოლო მასწავლებლები დეპოზიტორები არიან.

მოსწავლეებთან კომუნიკაციის ნაცვლად, მასწავლებელი კომუნიკეებს გამოსცემს და ახორციელებს სადეპოზიტო შენატანებს, რომელსაც მოსწავლეები მოთმინებით იღებენ, იმახსოვრებენ და იმეორებენ.ასეთია განათლების "საბანკო" კონცეფცია, რომელშიც მოსწავლეებს მხოლოდ დეპოზიტების მიღება და შენახვა აკისრიათ" [ფრეიერი, თბილისი, 2005, 42].

პაულო ფრეიერის მიხედვით, სწავლების პროცესის საბანკო პრინციპით წარმართვის შედეგია ის, რომ, სამწუხაროდ, მოსწავლეების გონება მხოლოდ "დეპოზიტებისაგან"- თხრობითი მასალისაგან შედგება და იქ აღარაა შემოქმედებითობის, ცვლილებებისადმი სწრაფვისა და ინტელექტის ადგილი. ბავშვები, ასეთი მოუქნელი სწავლების პირობებში, მოვლენათა უშუალო გააზრების, "აღმოჩენების", ანალიტიკური აზროვნების უნარების გარეშე არიან.

"განათლების საბანკო მოდელის პირობებში ცოდნა ძღვენია, რომლითაც ის, ვინც თავს მცოდნე ადამიანად აღიქვამს, აჯილდოებს მათ, ვინც, მისი აზრით, არაფერი იცის. საკუთარი აბსოლუტური უვიცობის სხვებზე პროეცირება, რაც ასე დამახასიათებელია ჩაგვრის იდეოლოგიისათვის, ეწინააღმდეგება განათლებასა და მეცნიერებას, როგორც სამყაროს აღქმისაკენ მიმართულ პროცესებს. მასწავლებელი მოსწავლეს თავს აუცილებელ მოწინააღმდეგედ წარუდგენს და მათი უვიცობის აბსოლუტურად აღიარებით საკუთარ არსებობას ამართლებს. მოსწავლეები, რომლებიც ჰეგელის დიალექტიკაში, მონების მსგავსად, სრულიად გაუცხოებულები არიან, საკუთარი უვიცობით მასწავლებლის არსებობის გამართლებას ეთანხმებიან, მაგრამ, მონებისაგან განსხვავებით, ვერასოდეს აცნობიერებენ, რომ თვითონაც ასწავლიან მასწავლებელს.

..განათლება უნდა იწყებოდეს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული დაპირისპირების დაძლევით, მოპირდაპირე პოლუსების დაახლოებით, რათა ორივე მხარე ერთდროულად მასწავლებლებად და მოსწავლეებად მოგვევლინოს.

ასეთი რამ კი შეუძლებელია განათლების საბანკო კონცეფციის პირობებში. პირიქით, საბანკო განათლება ინარჩუნებს და აძლიერებს ამ დაპირისპირებას ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებებითა და მიდგომებით, რომლებიც მთელი მჩაგვრელი საზოგადოების სარკეა:

=1.მასწავლებელი ასწავლის, მოსწავლეებს კი ასწავლიან;

=2.მასწავლებელმა ყველაფერი იცის, მოსწავლეებმა -არაფერი;

=3.მასწავლებელი ფიქრობს, მოსწავლეებზე კი ფიქრობენ;

=4.მასწავლებელი ლაპარაკობს, მოსწავლეები მორჩილად უსმენენ;

=5.მასწავლებელი დისციპლინას ამყარებს, მოსწავლეები კი დისციპლინას ემორჩილებიან;

=6.მასწავლებელი მოქმედებს, მოსწავლეებს კი ექმნებათ მოქმედების ილუზია მასწავლებლის მოქმედების მეშვეობით;

=7.მასწავლებელი ირჩევს სასწავლო პროგრამას, მოსწავლეები კი, რომლებსაც აზრს არ ეკითხებიან, ეთანხმებიან ამ პროგრამას;

=8.მასწავლებელი ცოდნის ავტორიტეტს აიგივებს საკუთარ პროფესიულ ავტორიტეტთან, რომელსაც მოსწავლეთა თავისუფლებას უპირისპირებს;

=9.მასწავლებელი სწავლის პროცესის სუბიექტია, მოსწავლეები - უბრალო ობიექტები" [ფრეიერი, თბილისი, 2005, 43-44].

პაულო ფრეიერი საუბრობს განათლების საბანკო კონცეფციის მოქმედების მძიმე შედეგებზე, რომ ის აღზრდის მორჩილ, ადვილად სამართავ ადამიანებს. ტრადიციულ სკოლებში მყარად ფესვგადგმული ტენდენცია, რომ მოსწავლეებმა უპირველესად უნდა იზრუნონ მასწავლებელთა მიერ ნაბოძებ "ძღვენზე", "დეპოზიტებზე", მნიშვნელოვანწილად აფერხებს კრიტიკული აზროვნების განვითარების პროცესს. ბავშვები იღებენ წიგნებისა და მასწავლებლების მიერ მოწოდებულ სამყაროს აღქმის მზა სურათებს, რითაც ირგებენ პასიურ როლს და კმაყოფილდებიან რეალობის ფრაგმენტული ხედვით.

პაულო ფრეიერი შენიშნავს, რომ ტრადიციული განათლების სისტემა თავისდაუნებლიეთ კი არ მიდის ამ რთულ პროცესამდე, არამედ ეს მიზანმიმართული საგანმანათლებლო პოლიტიკაა. ის ფიქრობს, რომ მოსწავლეებში შემოქმედებითი მიდგომების ჩახშობა საბოლოოდ აყალიბებს მორჩილ ადამიანებს, რაც მჩაგვრელთა ინტერესების სასარგებლოდ წარმართავს მოვლენებს. ფრეიერის აზრით, ამ ეჭვებს სულ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ "მჩაგვრელები" არსებული მავნე სისტემის შეცვლაზე კი არ ზრუნავენ, არამედ "ჩაგრულების ცნობიერების შეცვლის" საჭიროებაზე მიუთითებენ, რითაც ცდილობენ, მასობრივად გაზარდონ ჩაგრულთა რიცხვი. ცნობილი აქსიომაა, რომ ყველაზე ადვილი მასების დამორჩილებაა.

ტრადიციულ განათლებას, სწავლების საბანკო მოდელს პაულო ფრეიერი უყურებს არა როგორც მხოლოდ და უბრალოდ არასწორ საგანმანათლებლო კონცეფციას, არამედ მჩაგვრელების მიერ მომავალ "ჩაგრულთა" თაობების აღზრდისათვის საგანგებოდ მომზადებულ გეგმას.

პაულო ფრეიერი, საფრთხეების გათვალისწინებით, მიუთითებს განათლების არსებული მოდელის ახალი, მოქნილი სისტემით ჩანაცვლების აუცილებლობაზე და წერს ჩაგრულთა პედაგოგიკის ანუ ჰუმანისტურ-განმათავისუფლებელი პედაგოგიკის განხორციელების გზებზე.

პაულო ფრეიერი განათლების საბანკო მოდელის ალტერნატივად გვთავაზობს "პრობლემების წამომჭრელ" განათლებას. მკვლევარის აზრით, "პრობლემების წამომჭრელი" განათლების მთავარი უპირატესობაა კომუნიკეებზე, "თხრობით დაავადებაზე", "სადეპოზიტო შენატანებზე" გამიზნული უარი, ორმხრივად ჰარმონიული კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს აზროვნების პროცესის სწორად წარმართვას.ასეთ შემთხვევაში, შემეცნების ობიექტი თანაბარი უფლებების ქვეშ აერთიანებს სასწავლო პროცესში მონაწილე პირებს - მასწავლებელსა და მოსწავლეებს.

"პრობლემების წამომჭრელი" განათლება ეფუძნება არა მასწავლებლის მონოლოგს, არამედ სასწავლო დიალოგის პრინციპს, არა მასწავლებლები და მოსწავლეები, არამედ "მასწავლებელი-მოსწავლე", "მოსწავლე-მასწავლებლები" სქემას. ასეთი მიდგომა სწავლებისადმი ხსნის ყოველგვარ ბარიერსა და დაპირისპირებას შემეცნების აქტის მონაწილე ორ მხარეს შორის. განსხვავებით საბანკო მოდელისაგან, "პრობლემების წამომჭრელი" განათლების პირობებში, მხოლოდ მოსწავლეები კი არ სწავლობენ მასწავლებლისაგან, არამედ ეს ორი მხარე, დიალოგის საფუძველზე, სწავლობს ერთმანეთისაგან. მასწავლებელი აღარაა ის, ვინც მხოლოდ ასწავლიდა, არამედ ერთდროულად ასწავლის და სწავლობს კიდეც. ასევე, მოსწავლეები სწავლობენ მასწავლებლისაგან და თან იქითაც ასწავლიან მას.

"პრობლემების წამომჭრელი" განათლება ორიენტირებულია, სამყაროში არსებული მოვლენებისა და საგნების გარშემო შემოიკრიბოს მასწავლებელი-მოსწავლეები, რომლებიც ერთიანი ძალებით იმსჯელებენ ზოგადფუნდამენტურ საკითხებზე.აქ გამორიცხულია განათლების საბანკო პარადიგმა, რომელიც შემეცნების უფლებას მხოლოდ მასწავლებელს უტოვებს.

პაულო ფრეიერი ერთგვარად აჯამებს საბანკო მოდელზე დაფუძნებულ განათლების ტრადიციულ სისტემასა და ახალ, "პრობლემების წამომჭრელ" განათლებას.თუ ტრადიციული განათლების საბანკო კონცეფცია გულისხმობს, რომ ჯერ მასწავლებელმა ცალკე, დამოუკიდებლად შეიმეცნოს ობიექტი და შემდგომ ეს მზა სასწავლო პროდუქტი მიაწოდოს მოსწავლეებს, "პრობლემების წამომჭრელი" განათლება მასწავლებლის საქმიანობას ორ ეტაპად არ ყოფს. აქ მასწავლებელი წამოჭრის პრობლემას და მოსწავლეებთან ერთად, დიალოგის ფორმით განიხილავს მას.მოსწავლეები მორჩილი, პასიური მსმენელები და მომავალი "ჩაგრულები" კი აღარ არიან, არამედ აქტიურად ერთვებიან აზროვნების პროცესში და კრიტიკოს-მკვლევარებად გარდაიქმებიან.

პაულო ფრეიერის მიხედვით, "..თუ მოსწავლეების წინაშე დააყენებენ სულ უფრო მეტ და უფრო რთულ პრობლემას, რომელიც სამყაროსთან მათ ურთიერთობას უკავშირდება, ისინი სულ უფრო მეტად იგრძნობენ, რომ ვალდებულნი არიან, ეს პრობლემები გადაჭრან, რადგან კარგად ესმით, რომ ეს მხოლოდ თეორიული პრობლემები არაა და რეალურად არსებულ სხვა პრობლემებს უკავშირდება, მოსწავლეების მიერ მათი აღქმა სულ უფრო კრიტიკული და აქედან გამომდინარე, ნაკლებად გაუცხოებული ხდება"[ფრეიერი, თბილისი, 2005, 52].

ამდენად, პაულო ფრეიერი განიხილავს ორ საგანმანათლებლო კონცეფციას: "საბანკოს" და "პრობლემების წამომჭრელს". პირველი დიალოგს გამორიცხავს, მეორისათვის კი ის რეალობის შემეცნების აუცილებელი პირობაა."პრობლემების წამომჭრელი" განათლება მოსწავლეებს აქცევს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებად, ანიჭებს შემოქმედებითობას, აძლევს სტიმულს რეალობის კრიტიკულად აღქმისა და უკეთესობისაკენ შეცვლისათვის.

ფრეიერის აზრით, პრობლემების წამომჭრელი სწავლება რევოლუციური მომავალია, რადგან მჩაგვრელთა საზოგადოება ვერ მოითმენს კითხვას"რატომ?", მხოლოდ რევოლუციურ საზოგადოებას შეუძლია ასეთი ტიპის სწავლების წარმართვა.

0
79
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0