x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გივი ბერიკაშვილის მოგონებებიდან - ვაჰ, ვაჰ, რა სწორად გიქნია, ცხვირი რომ აგიკრავსო

image

ჯერ დავიხოცეთ, მერე ვიქორწინეთ


ეს სპექტაკლი ვასო გოძიაშვილის „გედის სიმღერად” იქცა. ამ გადაღებების შემდეგ სცენაზე აღარც გამოსულა და მალე გარდაიცვალა კიდეც. ერთ დღეს, მივედი გადაღებაზე და ჩოჩქოლია. რა ხდება-მეთქი? გოძიაშვილმა შემოგვითვალა, გრიპია მოდებული და სახლიდან ვერ გამოვალო. საგონებელში იყო ჩავარდნილი მთელი ჯგუფი – რა ვქნათ, არ ვიცით. არადა, სხვა დროს ამ სტუდიას აღარ მოგვცემენო – ეს ერთი გადაღების დღე იყო დარჩენილი. მე ვუთხარი: ნუ ნერვიულობთ, თქვენ მიდით, ყველაფერი გაამზადეთ, დავიდიჩს მე მოვიყვან-მეთქი. წავედი. ფილარმონიასთან ცხოვრობდა. გზად აფთიაქში შევიარე, ორი ცალი პირბადე ვიყიდე, ერთი ცხვირზე ავიკარი, მეორე ხელში მეჭირა. დავრეკე ზარი. კარი თვითონ გამიღო. ვაჰ, ვაჰ, რა სწორად გიქნია, ცხვირი რომ აგიკრავსო, – ამ სიტყვებით შემომეგება. უნდა წავიდეთ-მეთქი. არა, რას ამბობ, გრიპი მინდა ახლაო? რას ამბობ, დავიდიჩ, აბა, ეს დოლბანდი რისთვის მოვიტანე, მთელი ქალაქი დოლბანდაკრული დადის-მეთქი; შენობის შიგნით კიდევ, გრიპის ვირუსი არ აღწევს, იქ დაცული იქნები. გადავიღოთ ეს ბოლო სცენა და უკანვე მოგიყვან-მეთქი. ძლივს დავითანხმე. ახლა, წარმოიდგინეთ, დოლბანდახვეულები მე და ვასო რა სანახავები ვიქნებოდით, ქუჩაში რომ გამოვედით. ჩავსხედით მანქანაში და წავედით ტელევიზიაში. გზაზე გოძიაშვილმა შეამჩნია, რომ დოლბანდი არც არავის უკეთია ქუჩაში. გაგიჟდა. შენ რა, მასხარად მიგდებ?! აბა, ახლავე დამაბრუნე უკანო. უკან ვინღა დააბრუნებდა, ძლივს წამოვიყვანე. ასე მივიყვანე ბოლო გადაღებების დღეს. უკან რომ მივიყვანე, დაიწუწუნა, ახლა ზევით რა ამიყვანსო. ვუთხარი: თუმანი მომეცი და მე აგიყვან ზურგით-მეთქი... დაეჭვებულმა შემომხედა: ხუთი მანეთი არ გეყოფაო?!
imageimage

ჩემი სიდედრი ხონელი იყო, სიმამრი – ქუთაისელი. ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და ჩავედით ხონში, ცოლის ბიძაშვილებთან. იმერლებმა ახალი სიძე თუ არ წაახდინეს და ბაჟეში თავი არ ჩააყოფინეს, ისე რა მოასვენებთ... ხან ცოტა არაყს გამირევდნენ, ხან ღვინოს მოიპარავდნენ. რიგრიგობით ეცემოდნენ ბრძოლის ველზე. ლეილას შეეცოდა ცოცხლად გადარჩენილები და სთხოვა, მოეშვით ამ ჩემს ქმარს, კახელია, თქვენ ამის დამთრობი არ ხართ და, მოგკლავთ, თქვე უბედურებოო... ღვინით რომ ვერ მაჯობეს, კახელებზე ანეკდოტების მოყოლა დაიწყეს. ცოტა ხანს ვუსმინე, ვუსმინე და მერე ვუთხარი: მეც მოგიყვებით ერთ ანეგდოტს კახელებზე-მეთქი. კახელმა თელავიდან ვირი წამოიყვანა გასაყიდად ქუთაისში. მიდიან, მიდიან, გადაიარეს ნახევარი საქართველო და ზესტაფონში უცებ გაწვა ვირი. „ადე, ვირო! ადე, ვიროს” ძახილით აიკლო კახელმა იქაურობა. გამოესარჩლა ვირს ერთი ზესტაფონელი კაცი: პირუტყვი როა და ხმას ვერ გცემს, ამიტომ უნდა მოკლაო?! წადი, თქვენი ასე და ისეცო, – წაუკახურა თელაველმა და ვირის ცემა განაგრძო. გაბრაზდნენ იმერლები, ეს შენი კახელი კარგად მიტყიპეს და თავის ვირთან მიაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, ოდნავ ჭკუაზე მოსულმა კახელმა ვირს გადახედა და უსაყვედურა: ამოდენა ბიძაშვილები თუ გყავდა ზესტაფონში, თელავში ვერ მითხარიო?..
0
169
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0