x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508245
წმინდა ვალენტინის დღე
image

ერთი ქუჩის ოღრო-ჩოღრო ქვაფენილზე მივაბიჯებდი. ჩემი საყვარელი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, დროდადრო ფეხი მიბრუნდებოდა, მაგრამ არ ვეცემოდი. უკვე შებინდებულიყო და რადგან 13 თებერვლის საღამო იდგა, საკმაოდ გრილოდა, ქუჩები (განსაკუთრებით ეს ქუჩა) ხალხისგან დაცლილიყო. თანაც ნაზად ბარდნიდა. რატომღაც, ფიფქები მიწაზე დაცემისთანავე წყალდებოდა. ჩემს სახეზეც და მთლიან სხეულზეც. მომენტალურად ვიწოვდი თოვლს, მეჩვენებოდა რომ ფანტელების ქრობა ჩემი ბრალი იყო. სიცივეს ვერ ვგრძნობდი. ისევე როგორც მაშინ, როდესაც ზუსტად ამ ქუჩაზე, ზუსტად ამ ფეხსაცმლით მოვსეირნობდი, ერთი მშვენიერი ღმერთკაცისთვის ხელკავი გამომედო და ფეხიც არ მიბრუნდებოდა.

ეს მაშინ...

ახლა კი, მივბორძიკებდი გზააბნეული კვიცივით და ცაში ვიყურებოდი. ფიფქებს ვითვლიდი. ზოგიერთს ვაგემოვნებდი კიდეც. უკანასკნელად გადამიბრუნდა ფეხი (ჩემი საყრდენი, ჩემი ღმერთთა ტოლი კაცი კი იქ აღარ იყო) და ქვაფენილზე გავიშოტე. ადგომა მეზარებოდა, მეზარებოდა ისევე როგორც სხვა ყველაფერი. თავადაც არ ვიცი რატომ., ალბათ დავიღალე, გამოვიფიტე და ეს სუფთა, თოვლით გაწმენდილი ჰაერიც აღარ მყოფნიდა, მე კი მაინც ხარბად ვსუნთქავდი. წამოვჯექი და თამბაქოს ღერს გავუკიდე. ჩემს ბინძურ სულს არ სჭირდებოდა წმინდა ჰაერი, ამიტომაც ამ მოლურჯო-მონაცრისფრო კვამლით დავაბინძურე და შვებაც ვიგრძენი. ორმა ქალმა გამოიარა. ერთი შედარებით ახალგაზრდა იყო, ამიტომ დედა-შვილად შევრაცხე. ახალგაზრდამ რაღაც ჩასჩურჩულა, (ვიცი, რომ ჩემზე, ვგრძნობ ხოლმე) უფროსმა კი, დაუნდობლად, ჩურჩულის გარეშე დამგესლა:


-დაანებე თავი, ვერ ხედავ მთვრალია, ვიღაც ლოთი მეძავი იქნება, გამოიწიე არაფერი გადაგდოს!

მაშინ არაფერი მიპასუხია, თუმცა სხვა დროს, ალბათ, არ შევარჩენდი. მართლა მთვრალი ვიყავი, მაგრამ ალკოჰოლი არ იყო დამნაშავე, მე სიყვარულით ვიყავი მთვრალი. პირველად ცხოვრებაში არ ვიყავი მთვრალი ალკოჰოლით და სწორედ მაშინ დამდეს ბრალი. გამეცინა. ბუნებასთან საოცარ ჰარმონიაში მყოფს, არ მსურდა მისი დარღვევა ხალხის გესვლით. ამგვარ სიტკბოებაში ნებისმიერი სიტყვა ჩემი ბაგიდან გამოტყორცნილი მომაკვდინებელი შხამი იქნებოდა მესთვის.

საათს დავხედე. 8 ხდებოდა. ავდექი და თეატრში შევედი. ჩეხოვის "ქალი, რომელსაც ფინია ჰყავდა" დაედგათ. დარბაზიდან ტირილით გამოვვარდი. ჰარმონია გაირღვა და მეც რეალობაში დავბრუნდი. ჩემი ბედნიერებაც ისევე გაიშხლართა ქვაფენილზე, როგორც მე ცოტა ხნის წინ.

ძნელი ყოფილა სიმთვრალე. მთვრალი ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ უალკოჰოლოდ - არასდროს. თითქოს მტკივნეულიც იყო და სასიამოვნოც. "მაზოხისტი ვარ?" ვკითხე მეს ბრაზით, მაგრამ პასუხი არ გამცა. ისევ ბორძიკით გავუყევი ქვაფენილს. ამჟამად მხოლოდ ფიფქებს კი არა, ცრემლებსაც ვაგემოვნებდი. მემლაშა. თუმცა, მამშვიდებდა და არცერთ წვეთზე, რომელიც ბაგეს ოდნავ უახლოვდებოდა არ მითქვამს უარი.

"არ უნდა შემყვარებოდა!" - გავიფიქრე ზიზღით. თებერვლის გაყინულ ღამეს, მისი შემოშვებისთანავე გონებაში, მიუხედავად ბრაზისა მაინც საოცარი სითბო ვიგრძენი . ისეთივე როგორც ოდესღაც...

"ხვალ ვალენტინობაა..."

"მას არაფერი დაუმალავს, უბრალოდ მე დავხუჭე თვალები ყველაფერზე. "

სახლის კართან ვიდექი. როგორც ყოველთვის გასაღებს ისევ ვერ ვპოულობდი. შევედი, როგორც იქნა. სავარძელში ჩავესვენე და ფეხსაცმელი აქეთ-იქით მიმოვფანტე. კარადა გამოვაღე და ნახევრად ცარიელი კონიაკის ბოთლი იარაღივით მოვიმარჯვე, ეს ის ბოთლი იყო მეგობარმა რამდენიმე კვირის წინ სასომხეთიდან რომ ჩამომიტანა. სწორედ მაშინ გავუსინჯეთ გემო და მას შემდეგ ხელუხლებელი იდო. აღარც კი მახსოვდა. ახლა კი სურვილის მატლი შემიღოღდა ახლადგაშიშვლებულ ფეხის თითში და მთელს სხეულში დაიწყო ბოდიალი. ჩემი ხორცის ჭამა, ძვლებიც დაღრღნა და მეც დავნებდი. სავარძელს დავუბრუნდი და ბოთლს პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე. გრძნობებს ავყევით და ისიც სულითხორცამდე დაიცალა, ჩემსავით...

მგონი დავთვერი...

ამჟამად სიყვარულით კი არა ალკოჰოლით. ისე, როგორც წესია! ისე როგორც ადრე...

ავბურდღუნდი:

–არ უნდა მენახა ის სპექტაკლი, ხომ ვიცოდი მისი შინაარსი, ხომ ვიცოდი, იმ ქალის ცხოვრება ჩემსას მომაგონებდა.

-მგონი მაზოხისტი ვარ!- შევუღრინე და ვუყვირე ჩემს თავს.

- ხვალ ვალენტინობაა, მძულს! - თვალებში წყალი ჩამიგუბდა და ყვირილი ლუღლუღში გაიფანტა, რომ არ მცოდნოდა რას ვამბობდი, ალბათ, ვერც გავიგებდი.

-კი არ მძულს მშურს, - დავასკვენი ბოლოს თითის აწევით.

ჩემს მეებს შევთავაზე ყველაფერი ფეხებზე დავიკიდოთ-მეთქი, მათაც ფინიებივით თავი დამიქნიეს.

ამით მთელი რომანტიკა მოვკალი და ჰარმონიაც მასთან ერთად სადღაც გაქრა. სამაგიეროდ, რაღაც სიმშვიდის მსგავსი დაიბადა მის ნაცვლად. მეც და მეებიც მასში ისე ჩავიძირეთ, რომ სავარძელზე ჩაგვთვლიმა.

თითქოს სამუდამოდ...

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0