x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანელი ბიჭი, რომელსაც ხალხმა 430 000 ევრო შეუგროვა, ისევ კომაშია
მორს

ფოტოზე: (მარცხნიდან მარჯვნივ) კარინ, მორის და მაიკ ვეგნერები


12 წლის იყო მორის ვეგნერი, როცა ერთ დილით გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ სხეულის მარცხენა მხარე მთლიანად პარალიზებული ჰქონდა.


მშობლებმა წაიყვანეს კლინიკაში. ჩაუტარეს გამოკვლევები. დადგინდა შემზარავი დიაგნოზი: ინოპერაბელური სიმსივნე თავის ტვინში. ექიმებმა უთხრეს მშობლებს, ბავშვს რამდენიმე კვირის სიცოცხლე აქვს დარჩენილი და ნუ აწვალებთო.



მაინც გაუკეთეს ოპერაცია. შემდეგ – ქიმიოთერაპია. დასხივება. ყველაფერი – უშედეგოდ.


მამამ, მაიკ ვეგნერმა, ყოფილმა პოლიციელმა, დაიწყო ონკოლოგიის შესწავლა. დღეში 18 საათს იჯდა წიგნებთან. იზეპირებდა თითოეულ სიტყვას, სწავლობდა თითოეულ ფრაზას, სწავლობდა, სწავლობდა და სწავლობდა. "მინდა, ბევრი ვიცოდე ამ ჯოჯოხეთური დაავადების შესახებ, " თქვა მან და საკუთარი ნათქვამი შეასრულა კიდეც.


მშობლებმა დაადგინეს, რომ არსებობს მკურნალობის მეთოდი: ხელახალი ოპერაცია. შეიძლება, ბავშვი განიკურნოს. მაგრამ ეს ოპერაცია მხოლოდ ამერიკაში კეთდება. და ის ჯდება ძალიან ძვირი: 150 ათასი ევრო! 150 ათასი ევრო ჯდება ოპერაცია და მედიკამენტებით მკურნალობა მთლიანად, ხოლო 2000 ევრო – საავადმყოფოში გატარებული თითოეული დღე, რასაც გერმანიის ჯანდაცვის სისტემა არ აფინანსებს.


ვეგნერებს ამდენი ფული არ აქვთ. ისინი გამოდიან ტელევიზიით და სთხოვენ ხალხს დახმარებას. პარალელურად, ხსნიან საიტს ინტერნეტში, სადაც აღწერენ 12 წლის მოზარდის მდგომარეობას.


რამდენიმე დღეში ხდება სასწაული: გროვდება 430 000 ევრო! 192 000 ევროს იძლევა ფოლკერ რაიცის ფონდი, რომელიც პოლიციელების და ყოფილი პოლიციელების ოჯახებს ეხმარება. დანარჩენს მეგობრები და სრულიად უცნობი ადამიანები ურიცხავენ ავადმყოფ ბავშვს.


მაგრამ ამერიკიდან მოდის შემაშფოთებელი დასკვნა: კიბო უკვე ძალიან დიდია, ამიტომ ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია.


სასოწარკვეთილი მაიკი მაინც არ ნებდება. აღმოაჩინა წამალი: იმუნოთერაპია. ეს წამალი ძალიან ძვირი ღირს – 100 000 ევრო ჯდება მისით მკურნალობის 1-წლიანი კურსი. თუმცა, ვეგნერებს ფული უკვე აქვთ. მაგრამ ისევ დაბრკოლება: წამალი გერმანიაში ნებადართული არ არის, ხოლო მორის ვეგნერის ამერიკაში გადაყვანა შეუძლებელია. ის შეიძლება, გზაში დაიღუპოს.


შემდეგ მაიკ ვეგნერი იწყებს სიარულს ქვეყნიდან ქვეყანაში. იყო 1000-მდე კლინიკაში. შემოიარა 2000 აფთიაქი. იყო ამერიკაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, ინდოეთში, ჩინეთში... ბოლოს ინგლისში აღმოაჩინა უცნაური მედიკამენტი: მალარიის საწინააღმდეგო და სისხლში შაქრის დონის დამწევი. ამ მედიკამენტის წყალობით კიბო ზომაში შემცირდა და მორისმა ორიოდე თვის მანძილზე გაიარა. ბავშვი უკვე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. დარბოდა კიდეც. მაგრამ...


მაგრამ ამ დროს უკვე მოზარდის დედა, კარინ ვეგნერი გახდა ავად. დიაგნოზი: საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნე.


ახლა უკვე დედა იწვა და მორისი ათენებდა მშობლის საწოლთან, თავის მამასთან ერთად.


შემდეგ მორისი ისევ მოულოდნელად ჩავარდა კომაში, რადგან მისმა კიბომ ახალი წამალიც მოიგერია და ზრდა განაგრძო. ბავშვს ყელი დაუსივდა.


ექიმებმა ყელი გაუჭრეს და ამ ჭრილიდან დააწყებინეს სუნთქვა.


დღეს მორისი კომაშია. მისი კიბო ზრდას განაგრძობს. უკვე თითქმის მთელი ტვინი შეჭამა და მისი ადგილი თვითონ დაიკავა. მაგრამ მშობლებს არ სურთ, შვილი ხელოვნური სუნთქვის და კვების აპარატებიდან გამორთონ. ისინი ისევ იმედოვნებენ, რომ ერთ დღესაც მათი შვილი თვალს გაახელს და დაელაპარაკება. ამიტომ მზად არიან, თვეში 1900 ევრო გადაიხადონ, რათა მოზარდის სხეულს სასიცოცხლოდ აუცილებელი ჟანგბადი და საკვები ხელოვნურად მიაწოდონ.


მათ იმედი აქვთ. ისინი არ ნებდებიან.

მორის ვეგნერიფოტოზე: კარინ და მაიკ ვეგნერები კომაში მყოფი შვილის საწოლთან


0
149
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0