x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნეტა, ოდესმე საქართველოშიც თუ იარსებებს მსგავსი სამინისტროები? - ქეთი ხოსიტაშვილი
image

რა საინტერესო ადამიანია - მსოფლიოში ერთადერთი, მარტოობის სამინისტროს მარტოობის მინისტრი - ტრეისი კრაუჩი. 43 წლის არის. შარშან უდიდესი პასუხისმგებლობა დააკისრეს - ის მსოფლიოში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში ეპიდემიასავით გავრცელებულ პრობლემას, მარტოობას ებრძვის.


ქვეყანაში, თურმე, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იტანჯება მარტოობით და კრაუჩი მათთვის ყოფის შესამსუბუქებლად ყოველდღიურად უამრავ აქტივობას ახორციელებს.


ძალიან ბევრი საქმე ჰქონია კრაუჩის, დღეს წავიკითხე. მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, თურმე, შედეგებით კი არის კმაყოფილი, თუმცა, ამბობს, რომ ადამიანებმა, მაინც საკუთარ თავში უნდა იპოვონ "ის სიკეთეები" და ბედნიერების მიზეზები, რაც მათ მარტოობის ტანჯვას შეუმსუბუქებთ.



ჩემი აზრით, ამის მისახვედრად ამხელა სამინისტროს შექმნა სულ არ იყო საჭირო და სულაც არ მგონია, რომ მარტოობა ცუდია, მაგრამ, იდეა მაინც მიმზიდველია. ალბათ ის ბრიტანელებს, პირველ რიგში, განცდას უჩენს, რომ სახელმწიფოს აინტერესებს და უნდა, საკუთარი ხალხი ცოტა უფრო ბედნიერი გახადოს. ეს კარგია, თავისთავად.


რაც შეეხება ბედნიერებას, გახსოვთ, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი, ბედნიერების სამინისტროც არსებობს და ის ბჰუტანშია. თუ არ ვცდები, უწყება შარშან შეიქმნა და ქვეყნის ხელისუფლების მთავარ მიზანს თითოეული მოქალაქის გაბედნიერება წარმოადგენს. მათ ეს კონსტიტუციაშიც აქვთ გაწერილი. ბჰუტანში “საყოველთაო ბედნიერების სახელმწიფო კომისიაც“ კი არსებობს, რომელსაც თავად პრემიერი ხელმძღვანელობს.


ჰოდა, რატომ გამახსენდა ეს ყველაფერი: შემთხვევით, დღეს ინტერნეტში გადავაწყდი კრაუჩის მოხუცებულთა თავშესაფარში გადაღებულ ფოტოებს და ჩემთვის, "ჩუმად" ვიფიქრე:


ნეტა, ოდესმე საქართველოშიც თუ იარსებებს მსგავსი სამინისტროები?


მარტოობის და ბედნიერების სამინისტროებს რომ არ შევქმნით, ეგ დანამდვილებით ვიცი (რაც გვაქვს, იმასაც ვაუქმებთ, ან ვაერთიანებთ). მაგრამ, ხომ შეიძლება სამინისტრო თუ არა, რაღაც პატარა ქვეგანყოფილება მაინც გვქონდეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაზე, სიძულვილის ენაზე იმუშავებს.


ჩემი ნება რომ იყოს, აუცილებლად დავაარსებდი ასეთ უწყებას. დავარქმევდი: სიძულვილთან ბრძოლის სამინისტროს/განყოფილებას და ღვარძლთან ბრძოლის სამთავრობო კომისიასაც კი შვქმნიდი, მაგრამ, ჯერ ეგეთი პოლიტიკოსი ვერ მოვიფიქრე, ვისაც ამ საპასუხისმგებლო პოზიციის მართვას მივანდობდი - ვიხსენებ, ვიხსენებ და ერთიც არ მახსენდება.


მემაპატიეთ, "სხვაგან" თუ ვარ. ეს უთქმელადაც ვიცი, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ გარემოში ყოფნას, ისევ მირჩევნია "სხვაგან" ვიყო. საბოლოო ჯამში, ძალიან გადავიღალე და ხანდახან მგონია, რომ სიძულვილის სივრცეში ცხოვრების ფონზე, მსოფლიოს "ეპიდემიური მარტოობის" პრობლემა, ჩემთვის მხოლოდ სამოთხეა.


არ შეიძლება ამდენი უსიყვარულობა.
მოგვკლავს.image

0
312
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0