საბუნებისმეტყველო ქართველებს შავკანიანი წინაპარი გვყავდა? 2019, 18 თებერვალი, 2:45 სათაურში გამოტანილი შეკითხვის პასუხი დადებითია. დიახ, ქართველებს გვყავდა შავკანიანი წინაპარი. მეტიც, არამარტო ქართველებს, შავკანიანი წინაპარი ჰყავდათ გერმანელებს, შვედებს, ნორვეგიელებს, ფინელებს, ირლანდიელებს, ინგლისელებს... დიახ, ყველას წინაპარი შავკანიანი იყო. ყველა ადამიანის წინაპარი. დედამიწაზე დღეს მცხოვრები დაახლ. 7, 53 მილიარდი ადამიანიდან უკლებლივ ყველას წინაპარი შავკანიანი იყო. ჰიტლერი რაიხსტაგის შენობის წინ იაპონიის იმპერატორის მიერ ნაჩუქარი ხმლით ხარაკირს გაიკეთებდა, საკუთარი შავკანიანი დიდი ბაბუა ერთი წუთით მაინც თვალით რომ დაენახა, ხოლო დონალდ ტრამპს მთელი თავისი ქონება არ ეყოფოდა საკუთარი ისტერიკის სამკურნალოდ, თავისი დიდი ბებიისთვის თეთრი სახლის რომელიმე ფანჯარაში თუნდაც ერთხელ მაინც რომ მოეკრა თვალი. მაგრამ შემდეგ ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს აფრიკა. ჰიტლერის და ტრამპის წინაპრებმაც. ეს მოხდა დაახლ. 70 000 წლის წინ. ვინც ჩრდილოეთში დასახლდა, მათ უჯრედებს თანდათან სულ უფრო ნაკლები პიგმენტი მელანინის (სწორედ ეს პიგმენტია პასუხისმგებელი კანის შავ ფერზე) გამომუშავება უხდებოდათ, რათა ულტრაიისფერ სხივებს მათ კანქვეშ შეეღწია და მოეხდინა ვიტამინ D-ს სინთეზი. როცა ჩვენი წინაპრები საქართველოსა და სხვა ჩრდილოურ ქვეყნებში დასახლდნენ, თავდაპირველად ღია ფერის კანი იყო ანომალია; რომელიღაც ინდივიდის სხეულში რომელიღაც გენმა დაუშვა შეცდომა და აწარმოა კანის შედარებით ღია ფერი. მაგრამ ბედის ირონიით, ვისაც უფრო ღია ფერის კანი ჰქონდა, მან შეძლო, ჩრდილოური სუსტი მზის ნათების პირობებში უფრო ინტენსიურად ეწარმოებინა ვიტამინი D, შესაბამისად, სწორედ მან მიიღო უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და შეძლო, შავი კანის მქონე ინდივიდებზე უფრო დიდხანს ეცოცხლა, რათა საკუთარი მუტირებული გენები გადაეცა შთამომავლობისთვის, რომლებიც, თავიანთ მხრივ, კიდევ უფრო ღია ფერის კანით იბადებოდნენ და კიდევ უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ. სამაგიეროდ, ჩრდილოელები დაუცველები დარჩნენ მზის ულტრაიისფერი სხივებისგან და სწორედ ამიტომაა, რომ ავსტრალიის თეთრკანიანი მოსახლეობის 2 %-ზე მეტს დღეს მელანომა ემართება. ამრიგად, კანის ღია ფერი არის ზუსტად ისეთივე რაღაც, როგორიცაა სპილოსთვის ხორთუმი, ხოლო ჩრდილოური დათვების, მელიების, ბუების თუ სხვა ცხოველების და ფრინველებისთვის – თეთრი ქურქი თუ ბუმბული. კანის ღია ფერი არის გარემო პირობებთან შეგუება. ისევე, როგორც კანის შავი ფერი. თეთრკანიანები მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან 20-ჯერ უფრო დაუცველები არიან, ვიდრე შავკანიანები. 282 2-ს მოსწონს |
აშშ-ში ხანგრძლივად მომიწია ცხოვრებამ, შავკანიანი მეგობრების არაერთი მყავდა და მყავს. ჰოდა, ერთ-ერთის ცოლს (რომელნიც ჩემს გვერდით ცხოვრობდნენ) სამშობიაროში გავყევით მე და ჩემი მეგობარი გოგონა(ჩეხი). შიგნით ყველას გვიშვებდნენ, მაგრამ მე არ ვისურვე მშობიარობაზე დასწრება. ბავშვის გაჩენიდან 10წთ-ში, მამამისი უკვე გვერდში მედგა, მილოცვილ-მოლოცვილი ჩემგან, ბავშვი ბებია-ქალმა რომ გამოიყვანა და შუშის იქიდან გვაჩვენა, განვცვიფრდი - ბავშვი აშკარად თეთრი (ნუ, მუქი ხორბლისფერი, ჩვენებური გარუჯული კახელის მსგავსი) იყო:)) ამ ჩემმა შავკანიანმა მეგობარმა კი ეს საიდუმლო გამანდო, ოღონდ ნურავის ეტყვიო(ვერ შეგპირდები-მეთქი ვუთხარი მაშინვე:)) - თურმე ყველა შავკანიანი თავიდან თეთრი იბადება და მერე, 15-20 წუთში შავდება! და ეს ნამდვილია, ჩემი თვალით ვნახე:) და ბოლოს, ჰომო საპიენსთა აფრიკული წარმოშობა ჯერ-ჯერობით თეორიაა და არა აქსიომა.