x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამ ადამიანებმა გვიჩვენეს გასაოცარი მაგალითები იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა

ამ ორიოდე დღის წინ მშობლიურ რაიონში ჩავედი დედის დაბადების დღის აღსანიშნავად. რამდენიმე მეზობელიც გვესტუმრა. ერთ-ერთს უხასიათობა შევამჩნიე და ვკითხე, თუ რატომ იყო მოწყენილი. სინანულით მითხრა, ორიოდე დღის წინ ოჯახის მარჩენალი მეწველი ძროხა დაგვეღუპაო. თანაგრძნობა გამოვხატე და დავინტერესდი, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი?- პასუხი მეტად დასანანი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა: მინდორში დაგდებული ცელოფნის პარკი შეჭამა და ვერ მოინელაო. საუბარში გამოირკვა, რომ ეს სულაც არ იყო ერთეული შემთხვევა და ძალიან ხშირია შინაური ცხოველის დაღუპვის ფაქტები პოლიეთილენის პაკეტების გადაყლაპვისას. უნებლიეთ გამახსენდა იმ დილითვე მომხდარი უსიამოვნო ფაქტი, როცა ტრანსპორტში მჯდომმა დავინახე, თუ როგორ მოისროლეს ჩვენ წინ მიმავალი მანქანის ფანჯრიდან ნაგვით სავსე პლასტიკის პაკეტი. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ გზის პირები და ველ-მინდვრები მოფენილია სხვადასხვა ფერის ცელოფნის პარკებით. დიახ, ასე უაზროდ, ულმობლად ვაბინძურებთ ბუნებას და მერე გვიკვირს, ბუმერანგივით უკან რატომ გვიბრუნდება ჩვენივე უგუნური საქციელი.



image


მიუხედავად სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მიღებული უამრავი დეკლარაციის და დადგენილებისა, ადამიანები დაუნდობლად ანაგვიანებენ და ანადგურებენ ბუნებას - მილიონობით ტონა ნაგავი ტყეებსა და მდინარეებში, ავტომობილების გამონაბოლქვი, ფაბრიკებისა და ქარხნების შხამიანი ნარჩენები, გადაყრილი პლასტმასის საგნები და ჭურჭელი, რომლის დაშლასაც ასობით წელი სჭირდება - ყველაფერი ეს დიდ საფრთხეს უქმნის დედამიწის ეკოსისტემას. საბედნიეროდ, ჩვენ გვერდით ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ბუნების დაცვაზე და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი პლანეტის გადასარჩენად. სწორედ ასეთ ადამიანებზე გვექნება დღეს საუბარი. მათი ისტორიების მოსმენამ იქნებ რამდენიმე ადამიანს მაინც უბიძგოს მსგავსი საქციელისაკენ.



ინდოელი მეტყევე


image


ინდოელმა ჯადავ პაენგმა ეროზიით დაზიანებული 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ამწვანებულ ტყედ გადააქცია. ყოველდღე 40 წლის მანძილზე ის ამ ადგილებში რგავდა თითო ხეს. ამჟამად ამ ტყეში, რომლის ფართობი ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ფართობზე ორჯერ დიდია, ცხოვრობენ მარტორქები, სპილოები, რეპტილიები, ფრინველები, მწერები...ჯადავი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე აპირებს გააგრძელოს ხეების დარგვა. "-ბუნება ღმერთია, -ამბობს ინდოელი მეტყევე, - ის მე მაძლევს ძალას. სანამ ბუნება იცოცხლებს, მანამ ვიცოცხლებ მეც".


ნაგვის შემგროვებლები მუმბაიდან


image


მუმბაელმა მოხალისეებმა ვერსოვის სანაპიროზე 5, 3 მილიონი კილო ნაგავი შეაგროვეს. იდეის სულისჩამდგმელი აფროზ შაზი გახლდათ. შაზიმ ჯერ კიდევ 2015 წელს მარტოდმარტომ დაიწყო მდინარის სანაპიროების გაწმენდა-დასუფთავება. მისმა საქციელმა მაგალითი მისცა ბევრ ადამიანს და შაზის ნელ-ნელა შეუერთდნენ მოხალისეები. საბოლოოდ მათი რიცხვი 1000-მდე ავიდა. ამჟამად ვერსოვის სანაპირო სუფთაა და მოვლილი.


ოკეანის დამსუფთავებელი ჰოლანდიიდან


image


ჰოლანდიელმა სტუდენტმა ბოიან სლატმა პლასტმასის ბოთლებისაგან ოკეანის დასუფთავების უნიკალური მეთოდი ჯერ კიდევ მოსწავლეობისას მოიფიქრა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და მალევე მიატოვა ის, რათა თავისი ოცნება განეხორციელებინა. ამჟამად მის მიერ შექმნილი არაკომერციული ორგანიზაცია Ocean Cleanup უკვე აწარმოებს ოკეანეების დასუფთავებას. ბოიანი იმედოვნებს, რომ 2040 წლისთვის პლასტმასის ნარჩენებისაგან გაწმენდილი იქნება მსოფლიო ოკეანის 90%.


ელექტრონული ნარჩენებისაგან დამზადებული იაპონური მედლები


image


მოგეხსენებათ, ოლიმპიადა-2020 იაპონიაში უნდა ჩატარდეს. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა თხოვნით მიმართა იაპონელებს ჩააბარონ გამოუსადეგარი ელექტრონული საგნები. მათი დაშლის შედეგად მიღებული ძვირფასი ლითონებისაგან იგეგმება ოლიმპიური და პარაოლიმპიური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების დამზადება. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, საორგანიზაციო კომიტეტი იუწყება, რომ მოსახლეობის აქტიურობის წყალობით მათ უკვე შეაგროვეს საკმარისი რაოდენობის ფერადი ლითონების ჯართი, რომელიც საჭიროა მედლების დასამზადებლად.


მექსიკური დანა-ჩანგალი კურკებისაგან


image


მექსიკური კომპანია BioFase სუფრის ერთჯერად ხელსაწყოებს ამზადებს არა პლასტმასის, არამედ ავოკადოს კურკებისაგან. მექსიკა ავოკადოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, ასე რომ, მასალა ამ საქმისათვის ქვეყანაში საკმარისზე მეტია. პლასტმასისაგან განსხვავებით, ავოკადოსაგან დამზადებული დანა-ჩანგალი ბუნებაში სრულად დაშლას მხოლოდ 240 დღეს ანდომებს.


ლუდის ბიოდაშლადი ტარა


image


პლასტიკური ბადით ერთად შეკრული ლუდის ექვსი ქილა ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. სწორედ ამ პლასტიკურ ბადეებზე მოდის მსოფლიო ოკეანის დაბინძურების მნიშვნელოვანი პროცენტი. ეკოლოგების გაანგარიშებით, ისინი ყოველწლიურად კლავენ მილიონამდე ზღვის ფრინველს და 100 ათასამდე ზღვის ძუძუმწოვარს. ფლორიდულმა ლუდსახარშმა Saltwater Brewery გადაწყვიტა მსოფლიო ოკეანის დაცვის მიზნით არ გამოიყენოს პლასტმასი. მათ ბადის დასამზადებლად გამოიგონეს ახალი მასალა, რომელიც იწარმოება ხორბლისა და ქერისაგან. აღნიშნული ტარა იოლად იშლება წყალში და აბსოლუტურად უსაფრთხოა ზღვის ცხოველებისათვის.


ნაგვის საჭერი ავსტრალიური ბადეები


image


2018 წელს ავსტრალიის ქალაქ კვინანის ხელმძღვანელებმა ჰენლის ნაციონალური პარკის სადრენაჟო არხებზე დააყენეს ნაგვის დამჭერი ბადეები. მანამდე გამდინარე წყლებს უამრავი ნაგავი ჩაჰქონდა მდინარეში, რომელსაც შემდეგ მუშები ხელით აგროვებდნენ. მართალია, ამ ბადეების დაყენება 20 ათას დოლარზე მეტი დაჯდა, მაგრამ მათ მიერ მოტანილი სარგებელი შეუფასებელია.


10 მილიარდი ხე პაკისტანისათვის


image


პაკისტანის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დაგეგმილია ქვეყანაში ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტა, რისვისაც უნდა დაირგოს 10 მილიონამდე ხე. სპეციალისტების აზრით, მხოლოდ ეს თუ უშველის კლიმატის შეცვლით გამოწვეულ ნიადაგის ეროზიებს, გვალვებს, წყალდიდობებს და გაუსაძლისად მაღალ ჰაერის ტემპერატურას. დღეისათვის ამ პროგრამის ფარგლებში ქვაყანაში უკვე დარგულია მილიარდამდე ხე და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.



მდინარე განგის დამსუფთავებელი


image


ბაჩენდრა პალი პირველი ინდოელი ქალია, ვინც ევერესტი დაიპყრო. სწორედ მან გააკეთა ორგანიზება და შეაგროვა მოხალისეები, რათა დაესუფთავებინათ ინდოელების წმინდა მდინარე განგი. მოხალისეების ჯგუფმა ერთი თვის განმავლობაში მდინარიდან 55 ტონა ნაგავი ამოიღო. განგის გაწმენდის სამუშაოებს ბაჩენდრას რაზმი დღესაც ახორციელებს.


დანიელები პროდუქტებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან


image


მაშინ, როცა მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ადამიანები შიმშილობენ, სხვაგან მწვავედ დგას პრობლემა პროდუქტების არარაციონალური გამოყენებისა. დანიური მაღაზია WeFood-ის მფლობელებმა მოიფიქრეს, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა. მაღაზია კლიენტებს სთავაზობს ვადაგასულ, არასასაქონლო გარეგნული სახის და დაზიანებულ ხილ-ბოსტნეულს 50% (და ხანდახან მეტიც) ფასდაკლებით. ხელმოკლე კლიენტებში ეს მაღაზია ძალიან პოპულარულია, ხოლო ინიციატივის ავტორები კმაყოფილნი არიან, რომ არ უწევთ აბსოლუტურად ვარგისი პროდუქტების გადაყრა (გამახსენდა თბილისის დეზერტირების ბაზარი და მოვაჭრეები, რომლებიც ამჯობინებენ დღის დასასრულს გაფუჭებული და დამჭკნარი ხილ-ბოსტნეულით ნაგვის ურნები აავსონ და ფასი არ დააკლონ გასაყიდ პროდუქტს).


შვედმა მილიარდერმა მსოფლიოს მილიარდი აჩუქა


image


ჰანსორგ უისმა, შვედმა ფილანტროპმა და ბუნების მხურვალე დამცველმა ერთი მილიარდი დოლარი შესწირა პლანეტის ეკოლოგიის დაცვას. თავის სტატიაში "ჩვენ უნდა გადავარჩინოთ პლანეტა, ამიტომ მე გავიღებ ერთ მილიარდს" უისმა ახსნა თავისი შეშფოთება დედამიწის მომავლის მისამართით და გამოთქვა იმედი, რომ მის მიერ გამოყოფილი თანხა დედამიწის ზედაპირის 30%-ს მაინც დაიცავს ეკოლოგიური კატასტროფისაგან.



იდ ბრიტანეთში დაწესებულია ფულადი ჯარიმა პლასტიკური პაკეტების გამოყენებისათვის


image



2015 წლიდან დაწყებული დიდ ბრიტანეთში პლასტიკური პაკეტების გამოყენება ფასიანი გახდა. მაღაზიები ვალდებულნი არიან კლიენტებს თითო პაკეტში 5 პენსი მაინც გადაახდევინონ. ამასთანავე პაკეტების გაყიდვით მიღებული შემოსავალი მაღაზიამ უნდა გადარიცხოს ბუნების დაცვის ფონდში. ამ კანონის ამოქმედებამ უკვე ერთ წელიწადში გამოიღო ნაყოფი: მაგალითად, ბრიტანეთის ზღვის სანაპიროების დასუფთავების სამსახურმა განაცხადა, რომ 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, 37%-ით მოიკლო სანაპიროების პლასტიკური პაკეტებით დანაგვიანების მაჩვენებელმა. ასე რომ, ეკონომიური სანქციები ხშირად ამართლებს. ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ საქართველოშიც აგერ უკვე რამდენიმე თვეა ფასიანი გახდა პლასტიკის (ცელოფნის) პაკეტები და თითქმის ყველა მაღაზიაში მომხმარებლებს ფულს ახდევნებენ მათში, მაგრამ ბრიტანეთისაგან განსხვავებით, არა მგონია მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი ბუნების დაცვას ხმარდებოდეს; სავარაუდოდ, ეს თანხები ისევ მარკეტების მეპატრონეების ჯიბეებში მიდის.


სამთო კურორტი და ამავდროულად ნაგვის გადასამუშავებელი ქარხანა შუა ქალაქში




კოპენჰაგენის ცენტრში მდებარეობს ქარხანა, რომელიც საყოფაცხოვრებო ნაგავს სითბოდ და ელექტრობად გარდაქმნის. ეს არის ყველაზე ეფექტური ნაგვის გადასამუშავებელი ქარხანა მსოფლიოში, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და კვამლის დამჭერი უნიკალური მოწყობილობებით. ასე რომ, ქარხნის მიერ გამოყოფილი მავნე აირების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ქარხანაში ხდება 500 000 ადამიანის და 45 ათასი საწარმოს მიერ დაგროვებული ნაგვის გადამუშავება და ის სითბოთი და ელექტრობით უზრუნველყოფს 150 ათას საოჯახო მეურნეობას. ქარხანაში მოწყობილია უამრავი გასართობი ადგილი, ველოსიპედების გზატკეცილი, თხილამურებით დასაშვები ტრასა და სავარჯიშო დარბაზები ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევართათვის.


დიახ, მართლაც რომ მისაბაძია ამ ადამიანების საქციელი: მათ ნამდვილად უყვართ ბუნება და ზრუნავენ მასზე... და რა გვემართება ჩვენ-ქართველებს?- ულამაზესი ბუნების და მიწა-წყლის პატრონები რომ უმოწყალოდ ვანადგურებთ გარემოს და დიდ საფრთხეს ვუქმნით ეკოლოგიას. კი ბატონო, გასაგებია, რომ მოქეიფე ხალხი ვართ და განსაკუთრებით ბუნების წიაღში დროსტარება გვიზიდავს, მაგრამ დავფიქრებულვართ კი იმაზე, რომ ჩვენს მიერ გადაგდებული ერთი ცელოფნის პაკეტი ერთი სანტიმეტრით გაზრდილი ოზონის ხვრელია, ზღვაში თუ ტყეში დაღუპული კიდევ ერთი ცხოველია, ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირებული ეკოლოგიური კატასტროფებია...ამიტომ იქნებ დროა თვალები გავახილოთ და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ბუნებისა და გარემოს დაცვაზე, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ მას, რათა შემდეგ თავადვე ვისიამოვნოთ მისი გულუხვი საჩუქრებით.


2
74
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
74
  
24 თებერვალი, 12:43
არა მხოლოდ საინტერესო, გასათვალისწინებელი და მისაბაძი ისტორიებია წარმოდგენილი! ვფიქრობ, ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ რა საფრთხის წინაშე ვართ :(
19 თებერვალი, 10:06
ძალიან საინტერესო სტატია მანჩო
0 1 2