x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლაშა იმედაშვილის „სამი მკვლელობა თბილისში“ - კნიაზი მაჩაბელი
image



ივანე მაჩაბელი გიორგი მაჩაბლისა და ნატალია ერევანცოვას ვაჟიშვილია. დაიბადა 1854 წლის 8 თებერვალს, სოფელ თამარაშენში. იგი ცნობილი ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ მწერლობაში. სწორედ მისი და ილია ჭავჭავაძის დამსახურებით ითარგმნება „მეფე ლირი“, აგრეთვე, მის სახელთან არის დაკავშირებული შექსპირის ქართულად თარგმნა. მის მიერ არის თარგმნილი „ჰამლეტი“, „ოტელო“, „მაკბეთი“, „რიჩარდ III“, „იულიუს კეისარი“, „ანტონიო და კლეოპატრა“, „კორიოლანოსი“.ივანე მაჩაბელმა საგრძნობლად გაამდიდრა ქართული თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“. სხვადასხვა ენებიდან თარგმნა პიესები. უდიდესია მისი როლი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაშიც.

ივანე მაჩაბელი 1898 წლის 26 ივნისს მისივე სახლიდან უჩინარდება. დღეს ჩვენთვის უცნობია მისი საფლავის ადგილმდებარეობა და მის დაკარგვასთან დაკავშირებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი.

ზემოთ მოკლედ ვისაუბრეთ ივანე მაჩაბლის ბიოგრაფიის შესახებ, რაც განპირობებულია იმით, რომ ლაშა იმედაშვილის მოცემული ნაწარმოები, „კნიაზი მაჩაბელი“, სწორედ ბიოგრაფიულისა და მწერლური გამონაგონის შერწმას წარმოადგენს. ამ ნაწარმოებში საოცრადაა ეს ორი - რეალური და ირეალური, სამყარო ერთმანეთთან შეთავსებული. ესაა მიზეზი იმისა, რომ ნაწარმოების კითხვისას მკითხველის თვალწინ არ იქმნება „დანაწევრებული“ ტექსტი, რომელშიც მონაკვეთების სახითაა წარმოდგენილი მწერლის ფანტაზიის ნაყოფი და რეალური ცნობები. როგორც ლევან ბრეგაძე, წიგნის „სამი მკვლელობა თბილისში“, წინასიტყვაობაში აღნიშნავს საქმე გვაქვს „დოკუმეტურისა და გამონაგონის გაბედულ და სარისკო შერწყმასთან“, რომელმაც ჩინებული შედეგი გამოიღო.


თავდაპირველად ნაწარმოებში მოქმედება ვანო ჩალაძის ირგვლივ მიმდინარეობს, რომელიც მცირე პროზის ოსტატია. იგი საკმაოდ საღი აზროვნების პერსონაჟია, რომელსაც ადამიანების მიმართ თავისი შეხედულება გააჩნია. თვლის, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, აფასებს პროფესიონალიზმს. მწერალი პირდაპირ გვეუბნება, რომ ვანო ჩალაძე „პროფესიის იმ ადამიანებსაც ეთაყვანებოდა, რომლებიც საკუთარ ხელობას ისე ფლობდნენ, როგორც საკუთარ სხეულს“.

ვანო ჩალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიდის ფსიქოთერაპევტ ედიშერ სეხნიაშვილთან, რომელიც საკმაოდ გამოცდილი ექიმია. ის მაშინვე ხვდება, რით შეიძლება იყოს გამოწვეული მწერლის კრიზისი. ხვდება, რომ ეს ვითარება, ნაწილობრივ, დაკავშირებულია არასტაბილურ ოჯახურ ვითარებასთა. ედიშერის პერსონაჟით ჩანს ადამიანი, რომელმაც იცის, რა უნდა, როგორ უნდა დასახოს მიზნები და შემდგომ, რა გზით უნდა მიაღწიოს მას. თავისივე სქემას ვანოსაც უხსნის და აცნობს მუშაობის შემდგომ მიღებულ შედეგებს. საქმე იმაშია, რომ ედიშერი მასთან მისულ პაციენტებს გენიალური და ცნობილი ადამიანების ცხოვრებით აცხოვრებს სამოცდათორმეტი საათის განმავლობაში, უზრუნველყოფს ყველა საჭირო დეტალს და თავის გუნდთან ერთად ცდილობს რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემო შექმნას.

უნდა აღინიშნოს, რომ ედიშერისა და ვანოს დიალოგში ბევრი საინტერესო მოსაზრება იჩენს თავს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოდაა გააზრებული სიკვდილის თემა. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სიტყვები, რომელსაც ედიშერი ეუბნება ვანოს - სიკვდილი „უღალატოდ გვემსახურება, როგორც სისხლისმიერი ძმა და უსიტყვოდ გვემორჩილება, როგორც ყურმოჭრილი მონა“. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს ადამიანისა და სიკვდილის განუყრელი ურთიერთობა, რომელიც იქამდე გრძელდება, სადამდეც თავად სიკვდილი არ გაწყვეტს მას. ამ საკითხთან დაკავშირებით ავტორი საკმაოდ მსუბუქად საუბრობს და თითქოს მარტივადაც წარმოგვიდგენს სიკვდილს. ეს ძალიან კარგად ჩანს ედიშერის სიტყვებში - „თავისთავად სიკვდილში საშიში არაფერია, სიცოცხლე გაცილებით სახიფათოა, რადგან საკუთარ თავში სიკვდილის საშიშროებასაც მოიცავს“. ამ სიტყვებით ედიშერი ნამდვილად ჭკვიან ადამიანად წარმოდგება, რომელსაც არც თუ ისე იშვიათად აქვს ამ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ნაფიქრი.

აქვე უნდა ითქვას, რომ ედიშერისა და ვანოს დიალოგში ქართული მწერლობის კორიფეების სახელები თითქმის სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ედიშერის პირით ავტორი ძალიან ორიგინალურად და ლაკონიურად გადმოგვცემს ამა თუ იმ მწერლის ბიოგრაფიიდან მნიშნვნელოვან ფაქტებს. სწორედ მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე განისაზღვრება ფასი, რომელიც გენიალური მწერლების ცხოვრებით ცხოვრებისთვისაა საჭირო. თითქოს მწერალი ამ ფასების სიძვირე-სიიაფისა და მწერლების ურთიერთმიმართებაში ატევს თითოეული მწერლის ვრცელ ბიოგრაფიულ ცნობებს.

როდესაც ექიმი ედიშერი ვანოს გააცნობს მუშაობის სტილს და თავის ორეულს - ივანე მაჩაბელს - შეურჩევს, ნაწარმოებში უკვე იწყება ქართველი საზოგადო მოღვაწის ცხოვრების თხრობა. ამ ნაწილში მწერლური გამონაგონისა და დოკუმენტური ფაქტების შერწმაა წარმოდგენილი.

ნაწარმოებში ივანე მაჩაბლის მამის, გიორგი მაჩაბლის სახეც ჩანს და იგი სრულებით შეესაბამება რეალობას. მას დუქნის ეპიზოდში ვხვდებით. ავტორი აქ ამბობს - „სხვას რას უნდა ელოდეს ადამიანი ჯიბეგაფხეკილი თავადისგან“. ეს სიტყვები ნამდვილად შეეფერება იმ რეალობას, რაც გიორგი მაჩაბლის თავზე ტრიალებდა. ის სინამდვილეშიც გამორჩეულად ხელგაშლილი, მოქეიფე პიროვნება იყო, რომლის ცხოვრების წესმა ოჯახის სიღარიბე გამოიწვია და სწორედ ამიტომ იყო, რომ ოჯახის მთელი სიმძიმე შვილებს დააწვათ. ეს მომეტი კარგად აქვს წარმოდგენილი ლაშა იმედაშვილს. ნაწარმოებშიც ოჯახს ისე უჭირს, რომ ივანე მაჩაბელი კერძო გაკვეთილებს ატარებს, რათა არც ისე სასურველი შრომით ფული მოაგროვოს და პეტერბურგში სასწავლებლად გაემგზავროს. კერძო გაკვეთილებს ორბელიანები მოუძებნიან. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ რეალურადაც ორბელიანები დახმარების ხელს უწვდიდნენ ივანე მაჩაბელს. მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის დახმარებით აგრძელებს სწავლას პატარა ივანე თბილისის კლასიკური გიმნაზიის მეორე კლასში.

აქვე შეიძლება ითქვას, ვასიკო მაჩაბლის შესახებ, რომელიც ივანეს ძმაა. ვასიკო მაჩაბელი რეალურად ყოველთვის გვერდით ედგა თავის ძმას და შეიძლება ითქვას, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდა ივანე მის მოსაზრებებსა და შეხედულებებს. ეს ფაქტი ნაწარმოებშიცაა ასახული. განსაკუთრებით სასიამოვნო გრძნობას ტოვებს ის ეპიზოდი, რომელშიც ილია ჭავჭავაძე ივანეს თარგმანს კითხულობს და ბიჭის ნიჭს ხმამაღლაც აღიარებს. ამ დროს სიტყვები - „რას გეუბნებოდი! - გაუხარდა ვასოს“, ზუსტად გამოხატავს ძმისადმი მის დამოკიდებულებას. კარგად ჩანს, როგორ აფასებს ძმის შემოქმედებას, როგორ უხარია და უნდა მისი წარმატება.

უნდა აღინიშნოს ის რეალური ფაქტი, რომლის მიხედვითაც, ვასილ მაჩაბლის სახლში, პეტერბურგში, ხშირად იკრიბებოდნენს ცნობილი ქართველი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები. ეს რეალური ფაქტი ლაშა იმედაშვილსაც აქვს გამოყენებული, როდესაც ვასიკოსთან ილია ჭავჭავაძე მიდის და ივანეს თარგმანს კითხულობს. ნაწარმოების მიხედვით, სწორედ ამ შეხვედრის დროს გადაწყდება, რომ ილიამ და ივანემ ერთად თარგმნონ „მეფე ლირი“.

როდესაც „მეფე ლირის“ თარგმანს ვახსენებთ, აუცილებელია, რომ ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ურთიერთობაზე გავაგრძელოთ საუბარი. ეს ურთიერთობა, როგორც დოკუმენტურად ისე ლაშა იმედაშვილის ნაწარმოებში მოცემული სიუჟეტების მიხედვითაც, საკმაოდ ვრცელი თემაა. როგორც ლია ფერაძე აღნიშნავს - „არ არსებობს ივანე მაჩაბლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოვლენების გაანალიზება ილია ჭავჭავაძისაგან დამოუკიდებლივ“. სწორედ ილია იყო ის ადამიანი, რომელმაც სტუდენტობის დროს შეამჩნია ივანე მაჩაბლის ნიჭი და შემდგომში არაერთხელ დაეხმარა მას ცხოვრების წარმატებით წარმართვაში. მისი დამსახურებით ირჩევენ ივანე მაჩაბელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად, თეატრალურ კომიტეტს ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი ერთად უერთდებიან, აგრეთვე, ილია ნიშნავს ბანკში მოლარედ, შემდგომ დამფასებლად გადაჰყავს და როგორც თანამედროვენი ამბობენ, პირველი შემთხვევისთანავე მის კანდიდატურას ბანკის დირექტორის თანამდებობაზე აყენებს. ნაწარმოების მიხედვით, ბანკის დირექტორის თანამდებობაზე ილია ვასიკოს, ივანეს ძმას, მოიაზრებს. ვასიკო კი ძმას უთმობს ადგილს, მაგრამ ამით ჯერ არაფერი არ წყდება. მხოლოდ გარკვეული დროის შემდგომ, კენჭის ყრით იკავებს ბანკის დირექტორის თანამდებობას და დავით ავალიშვილს სჯობნის. ეს რეალურადაც ასე მოხდა 1883 წელს. ივანეს გული დასწყვეტია, რომ ილია ჭავჭავაძის სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარდა მოვლენები, ვინაიდან დიდ ქართველ მწერალს დავით ავალიშვილის კანდიდატურა უნდოდა ამ ადგილისათვის.

უმნიშვნელოვანესია ილიას დამოკიდებულების წარმოსაჩენად ივანე მაჩაბლის მიმართ ის მომეტი ნაწარმოებიდან, როდესაც ავტორი ილიას მდგომარეობას აღწერს, მას შემდეგ, რაც ივანე მაჩაბელი უგზო-უკვლოდ დაიკარგება. უძლიერეს ეფექტს ატარებს სიტყვები, რომ ილია კაბინეტში იკეტება, ყველას ჰგონია, სტატიებს ასწორებს და ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, „ის კი პაპიროსს აბოლებს და „მეფე ლირს“ კითხულობს. კითხულობს ხარბად, სულმოუთქმენლად, თითქოს პირველად“ ან თუნდაც სიტყვები: „დღესაც ვერ უნახავთ, საკუთარ თავს უტყდება რედაქტორი და თვალებს დაბლა ხრის“. ამ უძლიერესი ემოციის მატარებელი სიტყვებით ლაშა იმედაშვილი ზუსტად ახვედრებს მკითხველს, როგორი ამაღლებული გრძნობით იყო დაკავშირებული ილია ივანე მაჩაბელთან, მიუხედავად მათ შორის არსებული დაპირისპირებისა. ეს არ არის მწერლის გამონაგონი, რეალობაა, რომელზედაც ლია ფერაძეც საოცარ სიტყვებს წერს: „და, როცა 1898 წლის 26 ივნისს ივანე მაჩაბელი კვალ-წმინდად დაეკარგა საქართველოს, მაჩაბელი ილიასათვის აღარ იყო შორეული, ილია გლოვობდა მყინვარის მდუმარებით, ამ გლოვაშიც შეუდარებელი იყო“.

მნიშვნელოვანია, რომ ნაწარმოებიში ეკატერინე გაბაშვილის მოგონებაცაა წარმოდგენილი იმ ნაწილში, როდესაც პატარა, რვა წლის ივანე ეკლესიაში იმოფება და გამოთქმით კითხულობს უზარმაზარ წიგნს. თურმე მის ვინაობას ყველა კითხულობდა და სწორედ აქ ჩნდება ელენე დიასამიძე, ივანეს პაპიდა, რომელმაც გაზარდა მაჩაბელი და რომელიც რევაზს, ეკატერინე გაბაშვილის მამას, ეუბნება ვანოს ვინაობას. როგორც ეკატერინე გაბაშვილი აღნიშნავს - „სიზმარივით ჩამრჩა ეს სანთლის შუქით განათებული მშვენიერი ბავშვის სახე“. მას სწორედ ამ პერიოდიდან ახსოვდა ივანე მაჩაბელი და მის ამ ლამაზ მოგონებას ლაშა იმედაშვილიც საჭირო დროსა და საჭირო ადგილას იყენებს.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ლაშა იმედაშვილმა წარმოადგინა რეალური ფაქტების საოცრად ზუსტი, ლამაზი და მგრძნობიარე ინტერპრეტაცია. მან რეალურ მოვლენებს ძალიან კარგი განვითარება მოუძებნა და შექმნა მთლიანი, დაუნაწევრებელი ნაწარმოები, რომელიც თავის თავში მაინც მოიცავს მწერლურ გამონაგონსა და ბიოგრაფიულ ფაქტებს, თუმცა ეს ყოველივე მკითხველისათვის თვალშისაცემი არაა, ვინაიდან რეალური და გამონაგონი ერთმანეთში ბუნებრივად გადადის. ამიტომაა, რომ არ ირღვევა ნაწარმოების მთლიანი კომპოზიცია.

იმ ნაწილიდან, როდესაც ვანო ჩალაძე უშუალოდ ივანე მაჩაბლის ცხოვრებით იწყებს დღეების გატარებას, ძალიან ლამაზი კომპოზიცია იქმნება. აქ გარკვეულ მონაკვეთებში ერთვება თავად ვანოს მოსაზრებები, მაგრამ ისინი არ ერევიან ივანე მაჩაბლის ცხოვრებასთან დაკავშირებული მოქმედების განვითარებაში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ნაწარმოებში ივანე მაჩაბლის პერსონაჟის დაბადება არ „კლავს“ ვანო ჩალაძის პიროვნებას, ისინი ერთად, ერთმანეთის გვერდით აგრძელებენ არსებობას, რაც ნამდვილად ეფექტურ თხრობას წარმოადგენს.

ლაშა იმედაშვილი თხრობას რამდენიმე ხაზით წარმართავს, მაგრამ ისე, რომ მკითხველს ლაბირინთში გზის გაკვლევა არ უწევს. ხშირად იყენებს ირონიასაც, რომელიც თხრობის მისეულ სტილს ძალიან უხდება. ეს ირონია, გარკვეულწილად, პოსტ-მოდერნისტული მიმდინარეობისათვის დამახასიათებელიცაა.

ავტორი ძალიან კარგად ახერხებს თანამედროვე მკითხველს მიაწოდოს ნაწარმოები, რომელიც სასიამოვნო წასაკითხთან ერთად, უაღრესად დიდი და საჭირო ინფორმაციის მატარებელია.



ეკატერინე გურგენიძე

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი


0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე გურგენიძე
ეკატერინე გურგენიძე
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0