x
ტიციან ტაბიძის ლექსი „მეარღნეები და პოეტები“ - ანალიზი
image


ლექსის თავდაპირველი წაკითხვის დროს მკითხველს რამდენიმე ემოცია ერთდროულად ეუფლება. ეს არის სევდა, ტკივილი, ცხოვრების ამაოების შეგრძნება და დანებება. თითქოს პოეტი ცდილობს თავისი განწყობილება, სევდა და ნაღველი, თეთრ დუქანში, მეარღნეების გვერდით გაიქარვოს. ამ ყოველივეს პარალელურად, ძალიან კარგად ჩანს ლირიკული გმირის გრძნობა, რომ ყველაფერი თითქოსდა ამაოა. გათენებას მოაქვს გმირის ბუნებრივი მდგომარეობა - მოურჩენელი ტკივილი უთვისტომობისა და ამას იმდენად განიცდის, რომ მაშინ, როდესაც სამყარო იღვიძებს და განახლებული ძალებით იწყებს ცხოვრებას, პოეტი წერს სტრიქონებს:

„...და ალიონზე თეთრ დუქანთან

სტირის არღანი.


მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში

თავი დავიხრჩო.“

აქ არღნის ხმის აღმნიშვნელი სიტყვა - „სტირის“, არსებულ რეალობას ზუსტად ასახავს. არღანთან ერთად ლირიკული გმირის შინაგანი სამყაროც ტირის. მისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა მტკვარში თავის დახრჩობაა. აღარ შეუძლია სიყვარულის მოთმენა, უსიყვარულოდ ცხოვრება და სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას ფიქრობს.

ამ ლექსში შემთხვევითი არაა რამდენჯერმე ხაზგასმით ნათქვამი სიტყვები - ალიონი და დილა. ეს არ არის დღის ის მონაკვეთი, როდესაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ ყველაფერი ამაოაა. ეს არის ალიონი, საწყისი ნათელის, რომელსაც მოაქვს კიდევ ერთი ახალი ფურცელი ადამიანის ცხოვრებაში. ლირიკული გმირი კი უარს ამბობს ამ ახალ ფურცელზე და უნდა ნათელს სიკვდილით შეეგებოს. ის მზად არის ცივ მტკვარში თავის დახრჩობით ყველაფერი მიატოვოს და წუთისოფლის ამაოებას განეშოროს.

ლექსის შემდგომი სტროფებში თითქოს ჩანს პოეტის დანებება:

„მეტი მოზიდეთ კალმახები

მაშ არაგვიდან,

რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც

ერთხელ ავიტან.

ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი

ლექსი დარჩება,

განა გავხდებით პოეტები

ლექსის ჩარჩებად?...“

ამ მონაკვეთის პირველ ნაწილში ჩანს, რომ გმირი მზადაა კიდევ ერთხელ თქვას უარი სიკვდილზე და კიდევ ერთხელ იქეიფოს. შეიძლება დავინახოთ პოეტის მოსაზრებაც, რომ სიცოცხლე პოეზიის შესაქმნელად ნამდვილად ღირს. თითქოს ჩანს ისიც, რომ კიდევ ერთხელ სურს „ერთ ლამაზ ქალზე“ თავადაც დაწეროს ერთი ლექსი.

ამის შემდეგ უკვე შემოდის უფრო ხალისიანი სტრიქონები ქალაქური სიმღერებიდან:

„- ნინა, ნინა, ჩემო ნინა,

გათხოვება, ხომ არ გინდა

- გათხოვება რომ მინდოდეს,

შენი კითხვა მე რად მინდა?“

ამ მომენტში მკითხველი თითქოს ამოისუნთქავს, თავისუფლდება თავდაპირველი დამთრგუნველი გრძნობებისგან, რომელსაც გმირის თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ბადებს. ამის შემდგომ კი უკვე მოდის ომახიანი სტრიქონები:

„ასე მეარღნე, დაამტვრიე,

დასცხე, გეთაყვა,

აბა რად გიღირს ერთი ძველი

შენ მუხამბაზი!

რამდენი ძველი სიყვარული

ამ მტკვარს თან გაჰყვა,

ზაჰესის სინას რომ გაჰყვება

ეხლაც ჯამბაზი, “

აქ უკვე პოეტი თითქოს ხმას იმაღლებს, მისი ტონი უფრო მებრძოლი ხდება, რაც ერთგვარ კონტრასტს ქმნის ლექსის თავდაპირველ სტრიქონებთან. აქ უკვე მკითხველი კარგად ხედავს გმირს, რომელშიც სიცოცხლის წყურვილი იღვიძებს. მის ტკივილს მეარღნის ნამღერი მუხამბაზები გადაფარავენ და უკვე ჩნდება სურვილი ძველი სიყვარულის მტკვარზე გატანებისა. აშკარად ჩანს მეტამორფოზა, რომელსაც მწერალი განიცდის - საკუთარი სხეულის წყალზე გატანების სურვილი იცვლება ძველი სიყვარულის გატანებით. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ლირიკული გმირი ძველისაგან თავისუფლდება, მის სულში ჩნდება ადგილები ახალი ფურცლებისა და სიყვარულისათვის.

ამ ლექსში ასევე აღსანიშნავია, როგორ სიახლოვეს განიცდის პოეტი მეარღნეებთან:

„ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,

წაიღე სული,

საქართველოში ნეტა ასე

ვინმეს ვუყვარდე!“

ის მეარღნის სიყვარულში დარწმუნებულია, სჯერა და ენდობა მას. ეს ყოველივე თითქოს გამოხატავს იმას, რომ პოეტი ხვდება მეარღნის როლს მისი სიცოცხლისაკენ მობრუნებაში. ეს სულიერი სიახლოვე ლოგიკურიცაა, რადგან მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს, იმდენად, რომ თვითმკვლელობაა ყველაზე ახლო და ერთადერთი გადაწყვეტილება, შენს გვერდით მყოფი ადამიანი, თუნდაც უცნობი, უახლოესი ხდება.

ასევე, ლექსში ყურადღებას იქცევს სტროფები:

„თავის სამარხი ზედ გარტყია

ვერცხლის ქამარი.“

ცნობილია, რომ ძველ თბილისში ერთგვარი ტრადიცია იყო - სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მთელი ცხოვრება აგროვებდნენ ფულს, რათა ეყიდათ ძვირფასი ქამარი, რომ შემდგომში სხვების სამოწყალოდ დასამარხი არ გამხდარიყვნენ. ამ სტრიქონებიდან ჩანს, რომ ლირიკულ გმირს არ აქვს ვერცხლის ქამარი მეარღნისაგან განსხვავებით. სწორედ ამიტომ უჩნდება განცდა, რომ არც არავინ ჰყავს და არც არაფერი აქვს, რომელიც მის დამარხვას უზრუნველყოფს.

ზოგადად უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ლექსში ჩანს ის ხაზი, რომელიც ტიციან ტაბიძის ბევრ ლექსს ახლავს თან. ეს არის სევდიანი განწყობილება, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობისაკენ სწრაფვა. ასე, მაგალითად, მის ლექსში „ანანურთან“ ვხვდებით სტროფს:

„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი

და ახეული მაქვს ლაყუჩები,

შემართულია ფეხზე ჩახმახი

და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა, ალბათ, ათასი

და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური, -

ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი

და თვითმკვლელობის იავნანური.“

ის თვალსაზრისი, რომელიც ჩანს ტიციანის ლექში „მეარღნეები და პოეტები“, რომ მან არ იცის, რა მოელის სიკვდილის შემდგომ, სულ რაღაც ერთი სტრიქონითაა წარმოდგენილი „სეზონის ფალავანში“, სადაც წერს:

„მე ერთი მღვდელიც არ ამიგებს წესს.“

ამ სიტყვებით თითქოს პოეტის გულისტკივილი ჩანს, ერთგვარი შიში, რომ არ გარდაიცვალოს უთვისტომოდ.

ამგვარი ტენდენცია ჩანს ლექსში „მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე“:

„ვიცი, მომელის მაინც ეს ბედი,

და ისიც ვიცი, ჩემზე ახია,

ძვირფასო, არ ვარ, იცოდე, ყბედი,

ან თავის მოკვლა რა ტრაბახია.“

ეს ლექსები თითქოს პოეტის წინასწარმეტყველებაა თავისივე მომავლის შესახებ. ეს სტრიქონები ტიციანმა 1926-1927 წლებში დაწერა და მართლაც, 10-11 წლის შემდეგ, 1937 წელს, ტიციან ტაბიძეს ხვრეტენ.

„გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი

და ახეული მაქვს ლაყუჩები,

შემართულია ფეხზე ჩახმახი

და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.“

ვერ გადაურჩა...



ეკატერინე გურგენიძე

თსუ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, III კურსი


0
1145
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე გურგენიძე
ეკატერინე გურგენიძე
1145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0