x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოციალური მუშაობა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო
image

საქართველოში არსებული მდგომარებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სოციალური სამუშაოს როლი დაკნინებულია. 2008 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ მოქმედი 135 სოციალური მუშაკიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დასაქმებულია მხოლოდ 30. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით საქართველოში უნდა მუშაობდეს დაახლოებით 2600 სოციალური მუშაკი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ მუშაკთა სასწავლო პროგრამა ჯერჯერობით არ შეიცავს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებს(Georgian Mental Health Policy, 2008).

სოციალური სამუშაო არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, ჯგუფების, საზოგადოების სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას. ეს პროფესია მიზნად ისახავს ისეთი გარემოებების ჩამოყალიბებას, რომელიც ინდივიდებს, ჯგუფებსა და საზოგადოებას პოტენციალის სრული რეალიზაციის საშუალებას მისცემს (საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია. 2013). შესაბამისად, სოციალური სამუშაოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით კი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, რადგან ამ პრობლემის მქონე ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა, სოციალურად ფუნქციონირება, თავიანთი უფლებების ცოდნა და ხელსაყრელ გარემოში არსებობა. ისინი მუდმივად იზოლირებულნი არიან საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, მათ არც კი იციან რისი უფლება აქვთ და როგორ შეუძლიათ თავიანთი შესაძლებლობების გამოყენება. სოციალური სამუშაო კი პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების მონახვით მათ ცხოვრების გაუმჯობესებაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, საქართველოში სოციალურმა სამუშაომ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. თავისი მიზნის შესასრულებლად სოციალურ სამუშაოს ესაჭიროება კვალიფიციური მუშაკი, რომელსაც უნდა ჰქონდეს კონსულტირებისა და ფსიქოლოგიური დიაგნოსტირების ცოდნა და უნარი. სოციალური მუშაკის მნიშვნელობას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადასტურებს 2011 წელს საქართველოში ჩატარებული სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი. მან ცხადყო სოციალური მუშაკის როლის მნიშვნელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა, აივ/შიდსით დაავადებულთა და პალიატიური ზრუნვის სფეროებში(საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, 2011).

ფსიქიკური ჯანმრთელობა დღესდღეობით ძალიან აქტუალური თემაა, რადგან ამ პრობლემების მქონე პირები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფს წარმოადგენენ, რამდენადაც ექვემდებარებიან უფლებების სისტემურ და არაპროპორციულ შეზღუდვას. მოქმედი კანონმდებლობა, გარდა ნებაყოფლობითი სტაციონარული დახმარებისა, ითვალისწინებს პირის იძულებით მოთავსებას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მისი მკურნალობის მიზნით. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ პირი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვის, ის შესაძლოა დაექვემდებაროს იძულებითი მკურნალობას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი პაციენტის, პირის კანონიერი წარმომადგენლისა და ნათესავის თანხმობა. ეს საკითხი სრულად, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად სრულდება. არანებაყოფლობითი სტაციონირებისას პირებს არ აქვთ მკურნალობაზე უარის თქმის უფლება, რამდენადაც კანონი საუბრობს არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებაზე, რომელიც მკურნალობის კომპონენტს ავტომატურად მოიაზრებს. ქმედითუუნაროდ აღიარებულ პირებს შეზღუდული აქვთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. დღეს მოქმედი რეგულაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მიმართ უფლებაშემლახავ მიდგომად უნდა მივიჩნიოთ, რაც საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის არსიდან გამომდინარე აუცილებელია გადაიხედოს (ვიშიანი, 2004).


ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ამ პრობლემების დიაგნოსტირების და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მონახვა, გამოსწორება სოციალური მუშაკის ამოცანაა. სოციალურმა სამუშაომ უნდა უზრუნველყოს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის უფლებისა და თავისუფლების ცოდნა და დაცვა. 2005 წლის საჭიროებების შეფასების კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მდგომარეობა არის მძიმე, რაც გამოიხატება სიღარიბით, სათანადო სამედიცინო მომსახურებისა და სხვა დამხმარე სერვისების ხელმისაწვდომობის არარსებობით, განათლებისა და დასაქმების შეზღუდული ხელმისაწვდომობით (შარაშიძე, 2005). სოციალური სამუშაოსთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის ნებისმიერ რგოლში მთავარია პიროვნების ინტერესების დაცვა (ნებაყოფლობითი სტაციონარული დახმარება), მისი ღირსების პატივისცემა და მაქსიმალურად შესაძლებელ ჰუმანურ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა. სწორედ სოციალური სამუშაო უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანთა მომსახურების მიიღებას ნაკლებად შემზღუდველ გარემოში, რაც შეიძლება მის საცხოვრებელთან ახლოს საზოგადოების უსაფრთხოების გათვალისწინებით. ფსიქიკური აშლილობების მქონე პირს აქვს უფლება მიიღოს მისთვის ადეკვატური რესურსები. სოციალურმა მუშაკმა უნდა უშუამდგომლოს კლიენტს და მის ოჯახს ხელმისაწვდომ (როგორც მატერიალურად, ასევე გეოგრაფიულად) სტრუქტურებთან. რაც უზრუნველყოფს პირის აუცილებლად კვალიფიციურ და რეაბილიტაციაზე, სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე ორიენტირებულ დაწესებულებაში განთავსებას. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სოციალურმა მუშაკმა ყურადღება მიაქციოს რამდენად იღებს ბენეფიციარი სათანადო სამედიცინო მომსახურებას. საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მედიკამენტებით.

ამრიგად, სოციალური სამუშაოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. სოციალურ მუშაკებს დიდი წვლილი შეაქვთ შესაბამისი და მიზანმიმართული მომსახურებით. ფსიქიკური ჯანმრთელობის გარშემო დღესდღეობით არსებული პრობლემების გამოსწორება სწორედ სოციალური სამუშაოს მეშვეობითაა შესაძლებელი. კვალიფიციური და კარგად ორგანიზებული სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის უფლებების დაცვას, საჭირო პირობებით, რესურსებით უზრუნველყოფას, მარგინალიზებული ინდივიდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვასა და მათი ცხოვრების გაუმჯობესებას.


გამოყენებული ლიტერატურა:

გვიშიანი, ლელა. 2014. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა იძულებითი მკურნალობა, როგორც დაშვებული უფლებაშემლახავი პრაქტიკა. ინტერნეტი: https://emc.org.ge/2014/07/20/idzulebiti-mkurnaloba/; ბოლო ნახვა, 8 თებერვალი, 2019.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია. 2011. სოციალური მუშაობის სიტუაციური ანალიზი საქართველო. თბილისი

Georgian Mental Health Policy. 2008. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში. ინტერნეტი: https://hridc.org/admin/editor/uploads/files/fsiqiartulebi/Georgian_Mental_Health_Policy_georgian-_draft.pdf?fbclid=IwAR3n8aeMYv2LWh6h0-2U-GF7umEKkzE2bg3sOMF6S4WMzxb6AR2Ymvcyupg ; ბოლო ნახვა, 11 თებერვალი, 2019

Sharashidze, Manana. 2005. The Situation of People with Mental Health Problems and People with Intellectual Disabilities. Georgian Association for Mental Health


0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0